Home რუბრიკები პოლიტიკა “მოკავშირეები” თავს გვახვევენ იმას, რაც არ ვარგა, არ სურს ამომრჩეველს და მავნებელია...

“მოკავშირეები” თავს გვახვევენ იმას, რაც არ ვარგა, არ სურს ამომრჩეველს და მავნებელია ქვეყნისთვის

როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთის გადაწყვეტილებით საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ ამის პირობა მისცა, პირველი მოსმენისას კანონპროექტი ჩავარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღნიშნული სახით კანონპროექტს ამ მოწვევის პარლამენტში ვეღარ შეიტანდნენ. პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები _ ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ერთხმად გვიმტკიცებდნენ: დასრულებულია განხილვები, კონსტიტუციის წინააღმდეგ ვერ წავალთო. ამას ამბობდა უმრავლესობის უმრავლესობაც და დედაქალაქის მერიც _ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. ჰო, კალაძემ ისიც თქვა, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის არჩევნები 77/73 სისტემით ჩატარდება და 2024 წელს უკვე მთლიანად პროპორციული იქნებაო. ეს ყველაფერი ქართული საზომებით იყო, თორემ ევროპამ და ამერიკამ რომ გაზომეს, გადაწყვიტეს, რომ 2020 წლის არჩევნები, პრაქტიკულად, პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და იმის გამო, რომ ფორმალურად არ დაირღვეს კონსტიტუცია, 30 მაჟორიტარული ოლქი შეგვინარჩუნეს. ეს ისე, თვალის ასახვევად, თორემ, რომ მოენდომებინათ, საქართველოს კონსტიტუციას ზუსტად ისე გადაგვახევდნენ თავზე, როგორც აქამდე გაუკეთებიათ და მომავალშიც არ მოერიდებათ.

გადაწყვეტილია, რომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობამ 120 დეპუტატი პროპორციული სისტემით უნდა აირჩიოს, ხოლო 30 დეპუტატი _ მაჟორიტარული სისტემით. სანამ ამ სისტემის “სიკეთეებზე” გადავალთ, გეტყვით, რომ ოპოზიცია თვითონაც მიხვდა ამ კანონის აბსურდულობას და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე ძველი სისტემა დარჩეს. არა, დასავლელ პარტნიორებს ისინი ვერ გაუბედავენ ზედმეტი სიტყვის თქმას, მაგრამ ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ, ან გიორგი რურუა გამოვიდეს ციხიდან, ან კანონს მხარს არ დაუჭერენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას მეორედ ვეღარ განიხილავს. რურუას გამოშვება კი, სულ ცოტა, თორაძეების ოჯახის დახოცილი წევრების კიდევ ერთხელ დასამარებას ნიშნავს. ჰო, ასეთია უმრავლესობის აზრი. ახლა, რაც შეეხება იმას, რატომ არ ვარგა ეს კანონი ჩვენთვის და რატომ ცდილობს დასავლეთი, თავს მოგვახვიოს ის, რაც არ ვარგა, ის, რაც არ უნდათ პოლიტიკოსებს და არ უნდა ამომრჩეველს. ზუსტად ისეთივე ვითარებაა, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობისას იყო. რეალურად, საპრეზიდენტო მმართველობამ მსოფლიოში მხოლოდ ამერიკაში გაამართლა. პრეზიდენტი უკანა პლანზეა ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში, საფრანგეთის გარდა, თუმცა საფრანგეთშიც პრეზიდენტი დიდწილად პარლამენტზე არის დამოკიდებულ-ჩამოკიდებული.

სააკაშვილმა, სანამ შესაძლებლობა ჰქონდა, უფლებები არ შეიზღუდა, პირიქით _ პრეზიდენტის ძალაუფლება დიქტატორულ რეჟიმამდე აიყვანა, ხოლო შემდეგ, როცა კანონი აღარ აძლევდა უფლებას, კვლავ პრეზიდენტი ყოფილიყო, იგივე უფლებები პრემიერს მოარგო და სწორედ პრემიერის სავარძელში აპირებდა გადაჯდომას, მაგრამ არ დასცალდა. ასე, ცოცხალ-მკვდარი პრეზიდენტის პოსტი შერჩა ახალ ხელისუფლებას და საკონსტიტუციო ჩანაწერების გამო თავდაპირველად ვერაფერი შეცვალა, თუმცა ახლა უფლებები შეუზღუდა და სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც ხალხი აირჩევს. ამის შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტარები აირჩევენ და ის პრაქტიკულად უფუნქციო იქნება, ზუსტად ისე, როგორც გერმანიის, იტალიის, ავსტრიის პრეზიდენტები არიან, ანუ ადამიანები, რომლებსაც ბევრი არ იცნობს და სერიოზული საკითხების გადწყვეტაში არც მონაწილეობენ…

ახლა 77 ოლქი 30-მდე რომ დაიყვანეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მაჟორიტარზე 150 ათასი მოსახლე მოდის, ანუ ერთმა დეპუტატმა უნდა იზრუნოს 150 ათას ადამიანზე. უხეშად რომ დავიანგარიშოთ, კონკრეტულმა დეპუტატმა სხვა რომ არაფერი გააკეთოს და დღეში 40 ადამიანს შეხვდეს (რაც შეუძლებელია), ოლქის მთელ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის 10 წელზე მეტი დასჭირდება. გამოდის, დეპუტატს იმისთვის არ ვირჩევთ, რომ მოსახლეობას შეხვდეს და მათ პრობლემებზე იზრუნოს. ამომრჩეველს პირდაპირ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ არჩეული დეპუტატი მათზე ვერ იზრუნებს, მაგრამ ხმა მაინც უნდა მივცეთ.

ახლა პროპორციული სიით გასულებზე ვთქვათ. მათ არანაირი ვალდებულება არ ექნებათ ამომრჩევლის წინაშე. ვიღაც იტყვის, _ როგორ არ ექნებათო და მარტივ შეკითხვას დავუსვამთ: გრძნობთ, რომ ვალდებულებააღებული დეპუტატები თქვენზე ზრუნავენ? ეს ყველაფერი კეთდება მარტივი მიზეზის გამო _ რვა წლის მმართველობის შემდეგ ყველა .. განვითარებად ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა ხალხს ახალი იმედი გაუჩნდეს და ახალ წრეზე ახალ სახეებს გაჰყვეს, თორემ ერთი და იგივე ხელისუფლება თუ შენარჩუნდება, ჯერ ისინი მოვლენ აზრზე და შიშს დაკარგავენ (როგორცოცნებასდაემართა, მაგრამ ბოლოს მაინც შეაშინეს) და მეორეც _ ერთმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, იმდენი გამოცდილება შეიძინოს, რომ ქვეყანას მართლა რამე უშველოს, ფულის ჭამა მობეზრდეს და თანხები საჭიროებისამებრ მიმართოს, მერე ხომ აღარ იქნება ერი გამათხოვრებული და მართვაც გაძნელდება?! ახლა იკითხავთ: პროპორციული სიით არჩეული პარლამენტი ამ ყველაფერთან რა შუაშიაო და შუაში კი არა, თავშია, ბატონებო. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დიდი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ახლა კი არა, მომავალშიც დიდი იქნება კოალიციური მთავრობის შექმნის შანსი, ანუ ვერც ერთი ძალა ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რომ მთავრობა მარტომ დააკომპლექტოს. ევროპაში, შესაძლოა, ამან გაამართლოს (ხშირად არც იქ ამართლებს და მაგალითებიც ბევრია), მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოში, მაგალითად, პრემიერი იყოსოცნებისწევრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი _ ნაციონალი, თავდაცვის მინისტრი _ “ევროპული საქართველოდანდა შს მინისტრი _ ლეიბორისტი?! ხომ წარმოუდგენელია, რომ ამ შემადგენლობამ ერთ ხმაში იმუშაოს და საბოტაჟი არ მოუწყოს ცალკე ქვეყანას და ცალკე ხალხს?! კოალიციური მთავრობა შეაქმნევინეს მოლდოვასაც მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან მმართველი პარტიის თავმჯდომარე გააქციეს (სხვათა შორის, მილიარდერი) და ამ კოალიციურმა მთავრობამ ერთ თვეს ძლივს იარსება, შემდეგ იყო ისევ “პერევაროტი” და ისევ ახალი არჩევნები, მერე ისევ და… ასე იქნება დაუსრულებლად, რადგან, ჩვენი არ იყოს, მოლდოვაც “განვითარებადი” ქვეყნების რიგშია ჩაწერილი, არ აქვს უფლება, საკუთარი პროდუქცია იმ მასშტაბით აწარმოოს, რომ საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე გახდეს, ამიტომ ევროპა-ამერიკის მიერ გადმოგდებული ნარჩენებით ზუსტად ისე იკვებება, როგორც ჩვენ. მხოლოდ მოლდოვაზე არ არის საუბარი, კოალიციური მთავრობის გამო დაიშალა ისრაელის საკანონმდებლო ორგანო, იტალიის პარლამენტი (არაერთხელ), საბერძნეთის ხელისუფლება ჩამოიშალა რამდენიმეჯერ და ამ ყველაფერმა ელადელებს ძალიან დაარტყა და ახლა ევროპა-ამერიკის იმხელა ვალი აქვთ, სულ ცოტა, საუკუნე მხოლოდ ვალების გასტუმრებას დასჭირდება, მეორე საუკუნე _ წელში გამართვას. და ასე ივლის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურის მქონე ერი მოჯადოებულ წრეზე. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც საბერძნეთის ეკონომიკა ისე მოძლიერდა, რომ ევროპაში სერიოზული როლის თამაში დაიწყო. დიდმა ქვეყნებმა საბერძნეთს ეს, რა თქმა უნდა, არ აპატიეს და თავში საუკუნოვანი ვალდებულება ჩაარტყეს.

საზოგადოდ, საუკუნოვანი კულტურის მქონე ერების წინააღმდეგ ბრძოლა ახალი არ არის და ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველო “მოკავშირეებს” მოჯადოებულ წრეზე დაჰყავთ. საკმარისია, ამ წრიდან გასვლისა და განვითარების შანსი გაჩნდეს, რომ დასავლეთი უცერემონიოდ ერევა ყველაფერში და ძალიან მარტივად აგებინებს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ. ჰოდა, სწორედ ძალაუფლების დაკარგვის შიშის ნაყოფია ის უბედურება, რაც გვჭირს. რეალურად, ყველამ იცის, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოსთვის დამღუპველია, მაგრამ მაინც აქეთ მივყავართ. ჰო, რაც მთავარია, 120/30 სისტემაზე გადასვლა უნდა “გაპრავდეს” და ამიტომ საჯარო განხილვები იქნება. აკრძალვების გამო შეკრება ვერ მოხერხდება და ასე 50-100 კაცს პირდაპირ ეთერში ჩართავენ და მოუყვებიან, რა სიკეთეს მოიტანს ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანებს ოპოზიცია და ხელისუფლება შეარჩევს და საინტერესოა, რატომ არის 100 შერჩეული ადამიანის გადასაწყვეტი, რას ფიქრობს დანარჩენი 3 თუ 4 მილიონი კაცი. ჰო, 3 თუ 4 მილიონი, რადგან რეალურად ისიც არავინ იცის, რამდენი ვცხოვრობთ დღეს საქართველოში, რამდენი _ საზღვარგარეთ და, საზოგადოდ, რამდენი ვართ და რანი ვართ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here