Home რუბრიკები საზოგადოება მოთმინებითა შენითა…

მოთმინებითა შენითა…

მოთმინებითა შენითა...

მეოთხედი საუკუნეა, საადვოკატო საქმიანობაში ვარ და ასეთი გახშირებული განქორწინებები არ მახსოვს; არც ის მახსოვს, ოჯახურ ძალადობაზე ამდენი სისხლის სამართლის საქმეები განეხილოთ სასამართლოში.

ამ ყველაფერს ერთი ფესვი აქვს _ მოუთმენლობა, ხოლო მთესველი ამ მოუთმენლობისა არის დღეს გაბატონებული ქრისტესთან მებრძოლი ლიბერალური პოლიტიკა. სწორედ ლიბერალურ პოლიტიკას სურს, ღმერთს დაუპირისპიროს ადამიანი; ქმარს დაუპირისპიროს ცოლი და მშობელს _ შვილი.

სწორედ ლიბერალურმა პოლიტიკამ დაგვაკარგვინა ქართველებს ერთი უძვირფასესი ქრისტიანული სათნოება _ მოთმინება და ამით დაგვაკარგვინა სამოთხის კარის გასაღები, რა თქმა უნდა, თუ დროზე არ მოვეგებით გონს.

ერთ-ერთ ქადაგებაში საქართველოს პატრიარქი აღნიშნავდა: “მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგანო”.

ჰოდა, როცა ჩვენს ოჯახებში არ იქნება მოთმინება, აღარც მშვიდობა იქნება, აღარც სიხარული და აღარც სიყვარული.

თუ სახელმწიფოს უჯრედია ოჯახი, ბუნებრივია, ძლიერი სახელმწიფოს საწინდარიც ძლიერ ოჯახთა სიმრავლეშია, ხოლო ოჯახის სიძლიერე შეუძლებელია მოთმინების, სათნოების გარეშე.

პლატონს რომ დავესესხოთ: “ყველა სიბრძნის სათავე მოთმინებაა”. იგი იმედოვნების ხელოვნებაა და ის კეთილმოქმედებაცაა, რომელიც სიყვარულით იწყება და გვეხმარება ყველა უკეთურობისა და უბედურების დიდსულოვნად გადატანაში”.

აქვე უნდა ითქვას, რომ მოთმინება ძალა და სათნოება მაშინაა, როცა ის აქტიურია, გაცნობიერებულია და სიკეთის მსახურებაშია.

ზოგადად, მოთმინება არც სიკეთეა და არც სიბრიყვე, მთავარია ფასეულება, რომელსაც ის ემსახურება. მაგალითად, ადამიანი თუ კარიერის გამო, შიშის გამო ან ანგარების გამო ითმენს მოუთმენელს, ეს სულმოკლეობა და სილაჩრეა, მაგრამ ოჯახის გამო არ უნდა მოითმინო?

ლიბერალებმა თავისუფლების დოქტრინით ინდივიდი დაუპირისპირეს სოციალურ ფასეულობებს, მათი მსოფლმხედველობით ოჯახი თავისთავად არ არის იმ დონის ფასეულობა, რომ მისი გადარჩენა-განმტკიცებისთვის ოჯახის წევრმა დაითმინოს თუნდაც მცირე უსიამოვნება, მაგალითად, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაშიც ცოლს შეუძლია დარეკოს სამართალდამცავ ორგანოში და ქმარს უსათუოდ დაიჭერენ ფსიქოლოგიური ძალადობის მოტივით.

ამით ლიბერალები ორ კურდღელს იჭერენ: ჯერ ერთი, ოჯახი ინგრევა და მეორეც, კაცი თანდათან გადადის მეორეხარისხოვან მდგომარეობაში. ამის გაგრძელებაა მამაკაცთა უმუშევრობის მატება და მათი ფსიქოლოგიურ-მორალური შევიწროება საზღვარგარეთ გადახვეწილი ქალბატონების ხარჯზე ყოფნით.

მოთმინებითა შენითა...

რა შეიძლება ვურჩიო განსაცდელში მყოფ თანამოძმეებს?

მოდი, ეფრემ ასურის სიტყვებს მოვიშველიებ: “მოთმინების მქონენი თავისუფლდებიან მრავალი მწუხარებისაგან… ვინც იპოვა გზა ხანგრძლივი მოთმინებისა და უბოროტებისა, მან იპოვა ცხოვრების გზა. ღარიბი და უბადრუკია ის, რომელმაც ვერ შეიძინა მოთმინება, ის ქარისაგან ირყევა, როგორც ლერწამი, ვერ იტანს წყენას, ავლენს სულმოკლეობას მწუხარებაში…”

წმინდა ტიხონი იმასაც ამბობს, რომ: “მოთმინებით მსუბუქდება, ხოლო მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება”.

მაგრამ ნამდვილი ქრისტიანული მოთმინება გულისხმობს არა პასიურად შეგუებას არსებულ სირთულეებთან, არამედ მშვიდად, გაცნობიერებულად მოთმენას, იმედოვნებასა და მოქმედებას.

ურწმუნოსგან განსხვავებით, ქრისტიანმა იცის, რისთვის ითმენს, მისი მთავარი მიზანი ხომ განღმრთობაა. ურწმუნოს სირთულეები აბოროტებს, მორწმუნე კი სულის საკურნებლად მიიჩნევს განსაცდელს;

ურწმუნო გასაჭირთან ერთად ცოდვებსაც ითმენს, მორწმუნე კი ვერ ითმენს და ვერ ეგუება ცოდვით ტკბობას;

როცა სიკეთეს ვაკეთებთ და ვითმენთ, ამით ღმერთს ვემსახურებით.

“იმიტომ, რომ ადამიანმა გაწყენინა, ამის გამო ხომ არ უნდა აწყენინო ღმერთს? წყენაზე წყენით უპასუხო, ეს ნიშნავს ღმერთის დავიწყებას და უარყოფას” _ ესეც ეფრემ ასურის სიტყვებია, ხოლო იოანე ოქროპირი შეგვახსენებს: “გადაიტანო შეურაცხოფა _ ღმერთის თვისებაა, ხოლო დემონურია თვისება მოუთმენლობისა და შურისძიებისა”.

ბოლოს რამდენიმე რჩევას მივცემ იმ მეგობრებს, რომლებსაც მოუთმენლობის სინდრომი სჭირთ და ეს აწუხებთ:

1.უპირველეს ყოვლისა, უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება სიძნელეებისადმი და ნებისმიერ პრობლემას შეხედოთ, როგორც სასიკეთო გამოწვევას, გამოცდას, სულის ზრდის საშუალებას…

ღმერთს სურს, რომ სირთულეების გადალახვით გაწვრთნას, გააძლიეროს ჩვენი ხასიათი და ამით მოგვამზადოს ბედნიერებისა და განღმრთობისთვის;

2.უნდა გამოვიმუშაოთ სიხარულისა და მადლიერების უნარი. ჩვენ უამრავ სიკეთეს ვერ ვამჩნევთ და მიგვაჩნია უმნიშვნელოდ, ეს კი უმადურობაა ღვთისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებისგანაც ასე უხვად ვიღებთ ამ სიკეთეებს, ზრუნვას, სითბოს, სიყვარულს…

სიხარულისა და მადლიერების უნარის გამომუშავებით გაგვიადვილდება მოთმინება, ხოლო მათ გარეშე სირთულე გაგვაბოროტებს და გაგვაუბედურებს.

3.მოთმინებისას გამოიჩინე გონიერება და სიბრძნე; გააცნობიერე და გაარჩიე, რა არის ღვთისა და რა _ ბოროტისა, სად გაჩუმდე და სად იმოქმედო…

გააანალიზე სიტუაცია. ამ დროს გონება ერთვება და ემოცია განზე გადის.

4.დაუსვი საკუთარ თავს კითხვები და ეცადე, უპასუხო ხმამაღლა ან წერილობით:

_ ჩემი მოუთმენლობა ხელს მიშლის თუ აუმჯობესებს ჩემს ყოფას?

_ ხომ არ ვქმნი “ბუზისგან სპილოს”? და რა სარგებელია ამაში?

_ რა აზრი აქვს ასეთ ქცევას და რისთვის ვაკეთებ ამას?

_ იქნებ არასწორად გავიგე ეს სიტუაცია? სხვაგვარად როგორ შეიძლება შევხედო ამ სიტუაციას?

_ კიდევ როგორ შეიძლება განვმარტო ეს მოვლენა ან ამ ადამიანის ზრახვები?

_ მაქვს თუ არა უნარი, გავაკონტროლო სიტუაცია და რა შემიძლია შევცვალო?

_ რას გავაკეთებ მომავალში?

(გასათვალისწინებელია, რომ მოთმინება პასიურობას არ გულისხმობს, მაგრამ ყოველთვის დაუყოვნებელი მოქმედებაც არ არის საჭირო. შეიძლება საჭირო იყოს მოცდა, რაღაცის გადაწყვეტა, დაკვირვება და ა.შ., მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინება გულისხმობს პროაქტიურობას, მათ შორის _ ლოცვასაც).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოთმინება შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი.

დადებითი მოთმინება გაცნობიერებულია. ამ დროს არის მოლოდინი იმედის დაკარგვის გარეშე, არის შეუპოვარი და მლოცვარე მიზანსწრაფვა.

უარყოფითია მოთმინება, როდესაც სახეზეა პასიურობა, უიმედობა, გაბოროტება, დამცირება…

სიბრძნე მოთმინებისა მდგომარეობს ბალანსში სიმამაცესა და მოთმინებას შორის მაღალ ფასეულობებსა და განღმრთობაზე ორიენტაციით, რადგან მოთმინება რწმენის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო მოთმინების ყველაზე ნათელი მაგალითი თავად მაცხოვარია, რომელმაც დაითმინა ჯვარცმა ჩვენთვის და კვლავაც ითმენს ჩვენს ცოდვებს გამოსწორების მოლოდინით.

ამ წერილს დავასრულებ ცნობილი ამერიკელი თეოლოგისა და პუბლიცისტის _ კარლ პაულ რეინხოლდ ნიბურის სიტყვებით: “ღმერთო, მომეც გონება და სულის სიმშვიდე, რათა მივიღო, რისი შეცვლაც არ შემიძლია, მომეც სიმამაცე, რათა შევცვალო, რისი შეცვლაც შემიძლია და მომეც სიბრძნე, რათა გავარჩიო პირველი მეორისგან”.

ბესიკ კაიშაური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here