ორმა გერმანელმა მოზარდმა სათამაშო თოფებით მაშინ ესროლა ტაილანდის მეფე მახა ვაჩირალონგკორნს, როცა იგი ველოსიპედით სეირნობდა ბავარიის ქალაქ ერდინგში, _ იუწყება “რია–ნოვოსტი”. ინციდენტი 10 ივნისს მოხდა. ბავშვები მონარქს ბუჩქებში ჩაუსაფრდნენ და რამდენიმე პლასტიკური ბურთულა ზურგში მოარტყეს.
მეფის დაცვამ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც “ტყვიები” შეისწავლა და დაადგინა, რომ მოზარდებმა მონარქს ესროლეს სათამაშო იარაღიდან, რომლის ტარებას განსაკუთრებული ნებართვა არ სჭირდება.
მეფეს ბავშვების ანცობის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს. მიუხედავად ამისა, საქმეს ადგილობრივი პროკურატურა მაინც იძიებს. მან უნდა განსაზღვროს, დაისჯება თუ არა “თავდამსხმელთაგან” ერთი მოზარდი, რომელსაც 14 წელი უკვე შეუსრულდა. მეორე ბიჭი ერთი წლით უმცროსია.
ცოტა ხნით ადრე ინტერნეტქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც გადაღებულია მიუნხენის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ქალის “ტოპიკში” გამოწყობილი მოსეირნე მეფე ტაილანდისა.