ყოველგვარი ორგანულის ნარჩენი ლპება და ყარს. ნაცები და მათი ანასხლეტი ოპოზიცია _ განსაკუთრებით. მომწამვლელი გაზებით სული რომ არ დაგვეხუთოს, უპრიანია, დრო და დრო გავიხსენოთ ის ნათელი სახელები, რომლებიც ჩვენს ისტორიას აცისკროვნებდნენ (და აცისკროვნებენ) თუნდაც გასული XX საუკუნის არცთუ ცალფა წლების განმავლობაში. თორემ დავიციკლეთ სააკაშვილ–ბოკერიას, უგულავა–ბაქრაძის (ამ უხერხემლო არსებისაც კი) და კიდევ მათი “დამტაშებლების” (გოგლა ლეონიძე) მყვირალა, მაგრამ “კონსერვის ქილასავით მოსაწყენ” (ვლადიმერ მაიაკოვსკი) ყიამყრალობაზე…
ძლევის ქედი
ნათელ სახელთაგან ერთ-ერთია ვახტანგ კოტეტიშვილი.
მისი ვაჟის, ცნობილი მეცნიერის, პოეტის, აღმოსავლური ლირიკის უბადლო მთარგმნელის, ფოლკლორისტის და, საერთოდ, მასშტაბური ფიგურის _ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნი “ჩემი წუთისოფელი”, ეს-ესაა გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.
ვახტანგ კოტეტიშვილი რეპრესირებული ქართველი ინტელიგენტების კოჰორტის თვალსაჩინო წარმომადგენელია. თავის დროზე ქართული მუსიკის კლასიკოს დიმიტრი არაყიშვილის მიერ მის ოჯახში მიწვეულ რუს მუსიკოსებს იგი ასე წარუდგა: “_ ძირითადად ფილოლოგი გახლავართ, ცოტა ისტორიკოსი და მოცალეობის ჟამს _ მოქანდაკე”. დიდი ფოლკლორისტიც რომ იყო, ამ ყველასფერთან ერთად, იმ მარგალიტების მაძიებელი, რომლებიც ქართული ზეპირსიტყვიერების, ხალხური მუსიკალური ხელოვნების უმდიდრეს საბადოებში უხვად რომ არის გაბნეული, სიტყვა არ დასცდენია.
აგროვებდა, დრო-ჟამის დანალექისგან შუქდაკარგულ შედევრებს, ბრწყინვალებას უბრუნებდა და ხვეწდა: “ერთი სიტყვაც რომ არ ჩაწერო სწორად, შეიძლება თავდაყირა დადგეს ყველაფერი”.
ერთხელ კავთისხევში რომ წავიდა, თავისი მოწაფეების მიერ ხალხური მთქმელებისგან ჩაწერილი “თავფარავნელი ჭაბუკისა” და “ეჰა, განთიად, აღსდგების” ვარიანტების დასაზუსტებლად, “ნოსტე-გუდალეთის ქედს გახედა და გაიფიქრა: ვინ მადლიანი იგონებდა ამ ტოპონიმებს? ამ მომაღლო სერს “ძლევის ქედი” დაარქვა და წმინდა გიორგის ეკლესიით დააგვირგვინა! ბარაქალა, ქართველო კაცო!” _ წერს ამას ვახუშტი კოტეტიშვილი და იმ შემთხვევაზე განაგრძობს საუბარს, რომელიც მამამისს ამ ერთკაციანი და ორდღიანი ექსპედიციის დროს თავს გადახდა:
“ჩვენ ვახტანგის კუდში დევნა არ გამოგვადგება, ჩემო მკითხველო. არც ისეთი ცხენი გვყავს და, რაღა დაგიმალო, ვერც ჩვენა ვართ ისეთი მხედრები. ვახტანგმა იმ დღეს სიმონის ცხენს დიდი ჯაფა დააკისრა, მაგრამ საკადრისი პატივიც მიაგო, მდელოზე წააბალახა კიდეც და წყაროზეც დაარწყულა. თვითონ ხის ქვეშ მიწვა და დილიდანვე აკვიატებულ ერთ ხალხურ ლექსს იმეორებდა თავისთვის:
“ვერ გაიგეთა, ფშავლებო,
მათურელთ ცხენებმ რა ქნესო?
მათურით დაქცეულებმა
ამოგას ქვიშან ჩაქნესო.
ან მხედრებმ როგორ გაიძლეს,
ან ცხენებმ როგორ შაძლესო?!”
მიწაზე დაჯდომა არ იკადრა?
“ვახტანგს იმდღევანდელი საქმე თითქმის მოთავებული ჰქონდა. კმაყოფილს ცხენი ქევ-ქევით მოჰყავდა. კავთისხევის მისადგომებთან, ყანისპირას ნაჯაფარ გლეხებს სუფრა გაეშალათ და პურსა ჭამდნენ. ვახტანგის დანახვაზე წამოიშალნენ, მიესალმნენ და მათ შორის უფროსმა:
_ ვახტანგ, შენი ჭირიმე, მიწაზე დაჯდომას თუ იკადრებ, გვეცი პატივი და დაგვლოცე.
“რაო? მიწაზე დაჯდომას თუ იკადრებო? ამათ ვინმე კოხტაპრუწაში ხომ არ ვეშლები?!” _ გაბრაზდა ვახტანგი. ჩამოხტა, აღვირი ჯეელ ბიჭს გადაუგდო, ცხენი ხეზე მიაბიო და გლეხებთან მისალმების შემდეგ მიწაზე ფეხი მოირთხა. “ჩინურით” სავსე თიხის ჯამი მიაწოდეს. ვახტანგმა მიწა მოფხოჭნა, ჯამში ჩაყარა, _ ქართულ მიწას გაუმარჯოსო, _ თქვა და დაცალა.
_ ერიჰა, მგონი რაღაცა გაწყენინეთ? უნდა გვაპატიო, შენი ჭირიმე. შენდენი ზრდილობა საიდან გვექნება გაუნათლებელ ხალხსა.
ვახტანგს გაეღიმა: _ შე დალოცვილო, რო აგიჩემებია: “თუ იკადრებ, თუ იკადრებო” _ არ იცი, ვის რა უნდა უთხრა?! რა, დღეს პირველათა მნახე? არ იცი, რისი მკადრებელი ვარ და რის _ არა? მიწაზე ეგ როგორა თქვი გუთნისდედად დაბერებულმა კაცმა?! _ ვახტანგმა კიდევ ერთხელ გაუღიმა შერიგების ნიშნად და ნოტიო ბეჭებზე ხელი მოუთათუნა.
“ნიხუას ბიჭი”
ვახტანგი ამათ ყველას იცნობდა თავ-თავიანთი ზედმეტი სახელებითა. აქ იყვნენ “მაჯლაჯუნა” და იმისი ბიჭი “დაღლარა”, “წოპრონა” და “კიტრანა”, “ტაშკუილა” და “ძირნაყარა” და კიდევ “ნიხუასბიჭი”. თვითონ “ნიხუა” ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ სოფელს მისი ზედმეტი სახელი დასაკარგავად არ ემეტებოდა და ამიტომ მის ვაჟს “ნიხუასბიჭი” ერქვა, თუმც ბიჭობის ასაკიდან კარგა ხნის გამოსული იყო. საქმე ის გახლდათ, რომ მამამისი, რომლის ნამდვილი სახელი აღარავის ახსოვდა, რუსის ჯარში იყო ნამსახურევი ხელმწიფის დროსა. როგორც ეტყობა, სალდათობისას “მაგარი” რუსული ჰქონდა ნასწავლი, სულ ყველაფერზე “ნი ხუა, ნი ხუა” გაუდიოდა. ხალხსაც ფიქრი აღარ დასჭირვებია, რა შევარქვათო. იძახის და ერქვასო, გადაწყვიტა სოფელმა. ასე გაჩნდა ტოპონიმები: “ნიხუასუბანი”, “ნიხუეთი”, “სანიხუე” და სხვა მრავალი. იმის შვილს კი მამის სახელის უკვდავსაყოფად “ნიხუასბიჭი” შეარქვეს.
ვახტანგმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა. მაგრამ აქ კიდევ ორი ასაკოვანი, დარბაისელი გლეხი ერია, რომლებსაც ის აქამდე რატომღაც არ შეხვედროდა.
ერთ ჯამს მეორე მოჰყვა, იმას _ მესამე და მეოთხე. “ზამთარიაო” _ დააგუგუნეს და ხეს ფოთლები შეუტოკეს. გლეხურად მღეროდნენ, ხაოიან-ხორკლიანად, ისე კი არა, სცენაზე რომ აკაკუნებენ ხოლმე ოპერის ხმებითა. ვახტანგი თან ბანს აძლევდა, თან ყოველ ნიუანსს იმახსოვრებდა, რომ ჩასულიყო და დიმიტრი არაყიშვილს ტრაბახით წახუმრებოდა: _ კაცო, ვერ გამიგია, შენი და შენი განყოფილების საქმეც მე უნდა ვაკეთო? აი, მისმინე, საკავთისხეოდან რა საინტერესო ვარიანტი ჩამოგიტანე. მარო ჩაიხითხითებდა და ეტყოდა: _ ეგ ვარიანტი, ჩემო ვახტანგ, შენ რომ აკვანში ირწეოდი, მე მაშინა მაქვს მოსმენილიო.
სირცხვილით ფული როგორღა გამოგართვათ?!
სიმღერა რომ ჩაათავეს, ვახტანგმა ჯამი მოითხოვა და დაიწყო:
_ ერთმა კავთისხეველმა კაი კაცმა, ნიკო ცხვედაძემ, ჩვენი უნივერსიტეტის შენობა რომ ააგო შემოწირულობებითა და ვაივაგლახით შეგროვილი ფულით, კავთისხეველ მეურმეებს გაურიგდა თურმე, მშენებლობისთვის კირი სასხორიდან უნდა გვიზიდოთო. კარგიო, დაჰყაბულდნენ მეურმეები. უზიდნიათ და უზიდნიათ. ერთი-ორჯერ კი გადაუხდია ნიკოს ფული, მაგრამ ბოლოს სახსრები შემოჰკლებია და მეურმეების ვალი დასდებია. ვერ უხდის და ვერა. ადგა და შენობის საზეიმო გახსნაზე დაჰპატიჟა თურმე. შეხედეს მეურმეებმა ამ ულამაზეს სასახლეს, მოისმინეს ცნობილი ხალხის აღფრთოვანებული სიტყვები _ “განათლების ტაძარიო”, “ერის სიამაყეო”, “ხვალინდელი დღის აკვანიო” და რა აღარა. ასჩუყებიათ გული კავთისხეველ მეურმეებს, მისულან ნიკო ცხვედაძესთან და ღიმილით უთქვამთ:
_ ნიკოჯან, შენ ისეთი დიდი და საშვილიშვილო საქმე გიქნია, სირცხვილით ფული როგორღა გამოგართვათ?! იცოდე, ჩვენთან ალალი ხარ. თურმე მთელ ქართველ ხალხს შეუტანია თავისი წვლილი ამის აშენებაში, ჩვენ რა, ვიღაც გადამთიელები ხომ არა ვართ?! იქნებ ჩვენს შვილებს ან შვილიშვილებსაც ეღირსოთ აქ სწავლა?! _ ეს უთქვამთ, დამშვიდობებიან თურმე ბატონ ნიკო ცხვედაძეს და ნება-ნება გამოჰყოლიან ძეგვ-ნიჩბისის გზას თავ-თავიანთი ურმებით და “ნიშა” და “ლომა” ხარებითა.
_ მოდით, ხალხო, ვისაც საქართველოსთვის უანგაროდ უმსახურია, კავთისხეველი მეურმეების თამადობით, ყველას გაუმარჯოს! _ თქვა ვახტანგმა, ჯამი დაცალა და ალავერდს “მაჯლაჯუნასთან” გადავიდა.
ვახტანგმა უცებ შენიშნა, რომ გლეხები რაღაც უხერხულად იშმუშნებიან, ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავენ: მიდი, ბიჭო, შენ უთხარო.
_ რა იყო, რას ინაზებით, რატო არა სვამთ? _ შეეკითხა დაბნეული ვახტანგი. ბოლოს ისევ “მაჯლაჯუნამ” გაბედა:
_ ვახტანგ ბატონო, შენ, ალბათ, არ იცოდი, აი, აქ რო სხედან ძია თედო და ძია გიორგი, ესენიც ის მეურმეები გახლავან, ვისი სადღეგრძელოც შენა ბრძანე, მააშ!
_ რაო? _ წამოფრინდა ვახტანგი ზეზე, ეცა თედოს და გიორგის, კაცურად ჩამოართვა ხელი და მხარზე ემთხვია, _ მაიტათ, დამისხით, კიდევ უნდა დავლიო ამათი სადღეგრძელო! _ თქვა ვახტანგმა და პირჯვარი გადაისახა: _ დიდება შენდა ღმერთო, ამბად გაგონილი ესე რომ ამიცხადე!
მინაწერი: “კავთისხეველი მეურმეების” სადღეგრდელო ჩვენს ოჯახს მემკვიდრეობით შემორჩა. ახლა არც ვახტანგ კოტეტიშვილია ცოცხალი და აღარც ის მადლიანი მეურმეები, მაგრამ, სადაც მე ვარ თამადა (ღვთის წყალობით, ეს არცთუ ისე იშვიათად ხდება), უამსადღეგრძელოდ სუფრას ვერ დავამთავრებ.
მოდით, ხალხნო და ჯამაათნო, დღეს სამხვეჭელოდ ქცეულ საქართველოში ვისაც უანგაროდ უკეთებია ეროვნული საქმე, ყველას გაუმარჯოს კავთისხეველი მეურმეების თამადობით. ამინ!” _ ასრულებს ამბავს ვახუშტი კოტეტიშვილი.
P.S. ახლა სად არიან იმ კავთისხეველი მეურმეების შთამომავლები? დაიკარგნენ. ისევე ხომ არა, როგორც სამამულო საქმის უანგაროდ კეთების ტრადიცია? ცრულიბერალური დოგმებით შევიბორკეთ დღეს ხელ–ფეხი და ჩვენს გონებას გლობალური დეჰუმანიზაციის უღელი დავადგით.
სხვის ხოშზე მორგებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
“საწყალი სამშობლო! რამდენი გიჟის იძულებითი დედობა დააკისრა განგებამ”, _ ეს მაქსიმა ვახუშტი კოტეტიშვილისეულია.
ა.ს.