ოცდამეოთხე გამოშვება
“ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ, უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც”.
მათე
ოცდათხუთმეტი წელიწადია, რაც ქართული პოლიტიკა ჩიხშია შესული. 1985 წლიდან, როდესაც გორბაჩოვის პირით ამერიკელებმა საბჭოთა კავშირში “გარდაქმნა” გამოაცხადეს, ხოლო მოკავშირე რესპუბლიკებში თავიანთი “მეხუთე კოლონა” (ე.წ. დისიდენტები) ააყეფეს, ყარს საქართველო. ცხოვრების წესად გვექცა მიტინგი, აქცია, პროტესტი, გაფიცვა, შიმშილობა, კარვების გაშლა, კარების აჭედვა, ათასგვარი დაჯგუფების თარეში, ეთნოკონფლიქტი, სამოქალაქო ომი, ომები ავტონომიურ წარმონაქმნებში და, რაც მთავარია, გააფთრებული, სასტიკი, სისხლიანი, დაუნდობელი, სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც ბოლო არ უჩანს.
ესაა ოცდათხუთმეტწლიანი მონაკვეთი ჩვენი ისტორიისა, რომელშიც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც არ აქვს, ვინაიდან ნებისმიერი მკვდარი თუ მოკლული, თუკი პოლიტიკასთან მისი თუნდაც ირიბად დაკავშირება შესაძლებელია, ჯერ კიდევ გვამის გაცივებამდე იქცევა მძაფრი და ყოვლად უსინდისო პოლიტიკური სპეკულაციის ობიექტად, ანუ იმ საჯილდაო ქვად, რომელსაც ყველა თავის მხარეს ექაჩება და საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენებას ცდილობს…
გარდაიცვალა ტელეოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენლებმა სცემეს ე.წ. თბილისი პრაიდის ღონისძიების გამართვის საწინააღმდეგოდ რომ გამოვიდნენ. დავიწყოთ იმით, რომ გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავა ოპერატორი იყო და კამერით ხელში იღებდა იმას, რაც ხდებოდა. დავანებოთ თავი იმას, რომ ჟურნალისტებსა და კინოდოკუმენტალისტებს, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტებისა და ომების სხვა და სხვა ეპიზოდებს იღებენ, ათასგვარი საერთაშორისო ნორმები და კონვენციები იცავს. ამ ადამიანებს, პირველ რიგში, იცავს დაუწერელი კანონი, ე.წ. ომის წარმოების ეთიკა, რომლის მიხედვითაც მათ თავს არ ესხმიან და საშუალებას აძლევენ, რომ პროცესები, რომელიც თუნდაც ომის სახით მიმდინარეობს და ისტორიულ ფაქტებს წარმოადგენს, ფირზე აღბეჭდონ და მომავალ თაობებს შემოუნახონ.
5 ივლისს რუსთაველის პროსპექტზე რა ხდებოდა ისეთი, რომ ოპერატორს თავს დაესხნენ და შეუბრალებლად სცემეს? ჟურნალისტებზე გაბრაზება შეიძლება მათი ტენდენციურობითა და არაობიექტურობით ავხსნათ, მაგრამ ამით ვერ გავამართლებთ. ოპერატორებზე თავდასხმა რით იყო გამოწვეული? ოპერატორი ხომ არ არის მოლაპარაკე ჟურნალისტი. იგი იმას იღებს, რაც ხდება. ერთადერთი ტენდენციურობა, რაც მან შეიძლება გამოიჩინოს, არის ის, რომ რომელიღაც ეპიზოდზე თვალი დახუჭოს და არ გადაიღოს, მაგრამ რასაც იღებს, მასში ვერაფერს ვერ გააყალბებს. ამიტომ მათზე ამგვარი რისხვის გადმოფრქვევა აუხსნელია.
ამ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი უზარმაზარ ტკივილსა და ემოციას იწვევს საქართველოში, რაც სრულიად ბუნებრივია, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური სპექტრი ლექსო ლაშქარავას ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იყენებს.
სიკვდილის გარემოება ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, მით უმეტეს, რომ უკვე გამოჩნდა სიკვდილის წინა დღის კადრები, სადაც ლექსო ლაშქარავა ქალაქში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება. არის მაღაზიაში შესვლისა და რაღაცის შეძენის კადრებიც. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სამსახურშიც ყოფილა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მას სასიკვდილო მდგომარეობა არ ჰქონდა. ამ დროს, ფაქტია, რომ ადამიანი გარდაიცვალა. შეიძლება, სიკვდილის მიზეზი იყო ტრავმა, რომელიც 5 ივლისს ცემის დროს მიიღო, მაგრამ ამას დადგენა სჭირდება. ისიც ხომ არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილი სხვა რამეს გამოეწვია. ამასაც დადგენა სჭირდება. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში? ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. ამ საკითხში შეუძლებელია მეორე აზრი არსებობდეს, რადგან განსხვავებული აზრისთვის აქ ადგილი არ რჩება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ფაქტია, რომ სწორედ ოპოზიცია და ჟურნალისტთა ის ნაწილი, რომელიც ე.წ. თბილისი პრაიდის პროპაგანდისტად გვევლინებოდა, გაერთიანდა და, ყოველგვარი საექსპერტო დასკვნის გაკეთებამდე, ელვის სისწრაფით გაჩნდა ჯერ კანცელარიასთან, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან, სადაც მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოითხოვეს. რა დგას ამის უკან _ სამართლიანობისკენ სწრაფვა თუ ანარქიის დამკვიდრების მცდელობა და ამ ფონზე პოლიტიკური მიზნის მიღწევის სურვილი?
პოლიტიკური მიზანი კი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ამ საქმეში სააკაშვილი ლიდერობის დათმობას არ აპირებს. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ სიკვდილს ამ ერთი კონკრეტული ადამიანისა (მიუხედავად იმისა, რამ გამოიწვია იგი) ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იყენებენ.
ეს საძრახი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ქართულ პოლიტიკაში, დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა. ასეთი დამოკიდებულება ადამიანისა და მისი სიცოცხლის მიმართ 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, დღემდე გრძელდება. როგორც კი სისხლი დაიღვრება და მსხვერპლი გაჩნდება, ქართველ პოლიტიკოსებში იმძლავრებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მტაცებლური ინსტინქტი, რაც იმავე წამს ავიწყებთ სისხლსაც, მსხვერპლსაც, გლოვასაც, პატივის მიგებასაც და იწყება მსხვერპლით სპეკულაციის ანუ მკვდრებით ვაჭრობის საზიზღარი პროცესი, რომელსაც ხანდახან მართლაც მოუყვანია ხელისუფლებაში პოლიტიკური ავანტიურისტები, მაგრამ არასოდეს მოუტანია თუნდაც მისხალი სიკეთე ქართველი ხალხისთვის. ამ პროცესს ხალხისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს, მაგრამ ვიღას ახსოვს ხალხი, ხალხს თვითონ არ ახსოვს საკუთარი თავი. ხალხი არასოდეს არ არის ხალხის მხარეს, იგი სულ ვიღაცის მხარეს არის: ხან ზვიადის, ხან ედუარდის, ხან მიშას, ხან ბიძინას მხარეს, მაგრამ ამით თვითონ არა ეშველა რა. ქვეყანაში ხან სამოქალაქო ომი გვაქვს, ხან _ ეთნიკური, ხან _ სახელმწიფო გადატრიალება, ხან _ ფერადი რევოლუცია. ყოველივე ამას კი ტერიტორიების დაკარგვა, ხალხის გაღატაკება, ეკონომიკის ნგრევა, სულიერების მოშლა, მოსახლეობის განახევრება და გაუთავებელი კრიზისები მოაქვს.
ხალხი ახლაც ყველაზე სულელური მოტივით გაიყო, ზოგი ე.წ. თბილისი პრაიდის მხარეს აღმოჩნდა, ზოგიც _ მათი მოწინააღმდეგეების. დღეს ამ ნიშნით არამხოლოდ ხალხი და პოლიტიკური წრეები, არამედ ხელისუფლებაც გაყოფილია და ეკლესიაც. გაიჟღინთა ქვეყანა სიძულვილითა და მტრობით. მიუხედავად ამისა, საზოგადოება ორ ნაწილად გაიხლიჩაო, ვერ იტყვი იმიტომ, რომ ოთხი-ხუთი ათასი ადამიანი დგას პრაიდის მხარეს. ვინ არის, ეს ოთხი-ხუთი ათასი ადამიანი, მთელი ქვეყანა რომ აიკლო და დანარჩენ საქართველოს მოსვენებას არ აძლევს? ესაა სააკაშვილის სექტა, დამახინჯებული სულისა და ცნობიერების მქონე ადამიანები, რომლებიც ფულსა და თანამდებობებს არიან დახარბებულნი და ამ ორი კერპის სიყვარულით ყველაფერზე მიდიან. რაც უნდა მოხდეს, რა მასშტაბის განგაშიც უნდა გამოცხადდეს, ოთხი-ხუთი ათასი ადამიანის ფარგლებშია მათი რესურსი. ამ ზღვარს ვერასოდეს სცდებიან. რამდენიც უნდა იძახონ, _ აუუუ, რამდენი ვართ? _ ხუთი ათას ადამიანზე მეტი არასოდეს არ მოუგროვებიათ, რადგან ამაზე მეტი ამომრჩეველი არ ჰყავთ. 0, 1 – 0, 2 პროცენტის ფარგლებშია მათი ამომრჩევლების რაოდენობა.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, ეს ჟურნალისტების აქცია იყოო, მაგრამ ეს ჟურნალისტები, ეს ტელეარხები და მათი დამფუძნებლები თავიდან ბოლომდე “ნაციონალური მოძრაობაა.” “იმედიც” კი, ივანიშვილს თავისი რომ ჰგონია, მამალი “ნაცებითაა” სავსე. ივანიშვილს “პოსტივიმაც” კი უგანა. ასეც იყო მოსალოდნელი. თუკი ნახეს და იყნოსეს, რომ ტახტი შეერყა, ესენი ივანიშვილს დაინდობენ?
“იმედი” “ტვ პირველს” გაასწრებს, “საზოგადოებრივი მაუწყებელი” “ფორმულას” და “კავკასიას” ჩამოიტოვებს და, პრაქტიკულად, მთელი ქართული ტელეჟურნალისტიკა სააკაშვილის ფეხქვეშ გაწვება, ვინაიდან ასეთი იქნება მიმართულება, რომელიც აშშ-დან წამოვა. არ არის გამორიცხული, რომ მოვლენათა განვითარებამ სწორედ ამგვარი სახე მიიღოს. აშშ-ის ელჩის ყოვლად არადიპლომატიური და ხაზგასმით უცერემონიო ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში ასეთი დასკვნისკენ გვიბიძგებს. ასეთ შემთხვევაში დღეს ნულამდე დაცემული სააკაშვილის რეიტინგი გაიზრდება, ხოლო ქართველი ხალხი, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ წავა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ჩანს თუ არა რამე საიმედო და ხელჩასაჭიდი, რომ ქვეყანას ასეთი უბედურება არ დაატყდება თავს? ძნელია რამე კონკრეტული ფაქტის დასახელება, თუმცა, ერთი სხივი მაინც გაკრთა საქართველოს მოღრუბლულ ცაზე. 12 ივლისს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი იყო გამოთქმული: “ჩვენ ვნახეთ, რომ სცადეს პიროვნების ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ”.
მე უკვე ვთქვი, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ახალი მოვლენა არ არის. აქ, მართალია, პოლიტიკოსები გაუთავებლად გაჰყვირიან ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ჩვენს უახლეს ისტორიაში მათთვის ადამიანები პაიკებს წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ ვიღაცამ რაღაცას შესწიროს. სამწუხაროდ, ადამიანთა მიმართ ასეთი დამოკიდებულება კი არ იკლებს, შემაშფოთებლად იზრდება. პრემიერმინისტრი აცხადებს: “მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი”.
აბსოლუტურად სწორი პოზიციაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო, მიუხედავად იმისა, ამ ბოროტებას მოჰყვა თუ არა სიკვდილი. სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ასე სასტიკად სცემეს ოპერატორი, რომელიც მის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა ამოძრავებდათ მათ, ან არსებობს თუ არა რამე ვერსია ამასთან დაკავშირებით? პრემიერმინისტრმა პასუხი ამ შეკითხვასაც გასცა: “მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. კონკრეტული სახელიც და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული შეთქმულების უკან დგას. ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.”
განცხადება დამაფიქრებელია. სააკაშვილის პროვოკატორობა ცნობილია, ამიტომ ხელაღებით გამორიცხვა იმ ვერსიისა, რომ შესაძლებელია აქ მიზანმიმართულ ბინძურ პროვოკაციასთან გვქონდეს საქმე, სწორი არ იქნება. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ სხვა შეკითხვა ჩნდება: კი მაგრამ, ამ სააკაშვილსა და მის ხროვას მთელი ცხრა წლის განმავლობაში თქვენ თვითონ (მთელი ხელისუფლება) არ მოათრევთ ზურგით? თუკი ხვდებით, თუკი იცით, რომ ისინი რევანშისტები, პროვოკატორები და ბინძური ადამიანები არიან, რომ ისინი შეთქმულებას ამზადებენ, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ, რატომ არ მოქმედებთ ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში ღირსების მქონე და სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს?!
ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს: “გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის იმ ვერსიაზე, როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები ღონისძიებაზე და მაინცდამაინც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე რატომ გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა? ეს არის ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლებელია პროვოკატორების უკან იდგეს სწორედ რევანშისტული რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არც არავის ამ ქვეყანაში არ დავიწყებია, რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როცა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხდებოდა ტერორისტული აქტების დაგეგმვაც კი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.”
ეს სერიოზული განცხადებაა. რთული არ არის იმის წარმოდგენა, რომ სააკაშვილმა ხალხში თავისი ზონდერბრიგადა შეაგზავნა, რომლის წევრებმაც მიზანმიმართულად იმუშავეს ჟურნალისტების ცემაზე, ვინაიდან იციან, რომ დასავლეთი ყველაზე მეტად სწორედ ამგვარ ფაქტებზე რეაგირებს. პრემიერმინისტრის შეფასებები საკმაოდ მკაცრი იყო, მაგრამ ობიექტურობის ჩარჩოებს არ სცდებოდა: “რაც შეეხება აქციას, ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და, მაშასადამე, ანტიეროვნული. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ აგრესიული გამომსვლელები პოლიციის მიერ პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ ამას ვიმეორებ.”
ეს მართლაც კულმინაციური წერტილი იყო მთელი იმ სიბინძურისა, რაც საქართველოში ტრიალებს. მოითხოვო დაპატიმრება ოთხმოცდაათს მიტანებული პატრიარქისა, რომელიც მწყემსთმთავარისა და ერის სულიერი მამის უმძიმეს ტვირთს ორმოცდამეოთხე წელიწადია უდრტვინველად ატარებს, არა მხოლოდ მკრეხელობა, არამედ უმძიმესი დანაშაულიცაა, რომელიც იურიდიულად უნდა ისჯებოდეს.
მაინც ვინ არიან ეს ე.წ. დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც ასე “გმირულად”, ასე “თავგანწირულად” და ასეთი “სისპეტაკით” ემსახურებიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უმაღლეს იდეალებს? პრემიერმინისტრი ამ შემთხვევაშიც ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს: “ჩვენ მივესალმებით დამოუკიდებელი მედიის არსებობას, მაგრამ, მოდი, თავს ნუ მოვიტყუვებთ და ვთქვათ პირდაპირ, ოპოზიციური ტელევიზიები “მთავარი”, “ტვ პირველი”, “ფორმულა” იმართებიან სააკაშვილის მიერ და არსებობენ მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და რევანშისტული რადიკალური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგი აბსოლუტურად იდენტურია. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა.”
საკითხავია, ნაქურდალ-ნაყაჩაღარი ფინანსებით შექმნილ ტელევიზიებში დასაქმებული მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტები სიტყვისა და გამოხატვის უფლებებს იცავენ ასე გაშმაგებით თუ იმ სოლიდურ წილებს, რომლებიც ნაყაჩაღარი თანხებიდან ხელფასებისა და ჰონორარების სახით ერიცხებათ? გასაგებია, მათი მუცლისგვრემა საიდანაც მოდის, მაგრამ განა ხალხმა ხელისუფლებას არ უნდა ჰკითხოს, რატომ არ აღკვეთს ნაქურდალი და ნაყაჩაღარი თანხებით გაპარპაშებული ტელეარხების საქმიანობას, რატომ არ შეაჩერებს ამ ძალადობასა და დაუფარავ დანაშაულს? პრეპრემიერმინისტრს, სამწუხაროდ, ამაზე არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, მან თქვა ისეთი რამ, რაც ამ ხელისუფლებისა და მთავრობის არც ერთი სხვა წევრისგან არ მოგვისმენია და, დარწმუნებული ვარ, ვერც მომავალში მოვისმენთ: “კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, თუ რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული ე.წ. აღლუმის ჩატარებისა. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია? მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელიც შესაძლებელია მოწოდებული იყოს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, არსებობს სხვა ლოკაციები, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს. მანამდე, სამი დღის განმავლობაში, ვიდრე ისინი ამ ადგილებში იკრიბებოდნენ, მათ მიმართ არავითარი შეფერხება და აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა, მაგრამ მოსახლეობის ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად, პროპაგანდისტულად, მარშის ფორმით აღლუმის ჩატარებისა, ამას ყველა უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და, ჩვენ, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ. ჩვენ ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს და ისე არ იქნება, როგორც ადრე იყო, როცა უმცირესობა წყვეტდა უმრავლესობის ბედს.”
ეს რევოლუციური განცხადებაა. ეს ბრძოლის გამოცხადებაა იმ ძალების მიმართ, რომლებსაც, სახარების ენით თუ ვიტყვით, “სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც”.
ეს ნათქვამი მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით, რევოლუციურია, მე, პირადად, არ გამკვირვებია. ჯერ კიდევ შვიდი წლის წინათ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იყო, იგი დაჟინებით ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციაში ჩაეწერათ ოჯახის დეფინიცია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელი იყო, მაგრამ მან ამას მიაღწია და ქართველი ხალხი სწორედ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა უმადლოდეს, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არსებობს, რომელიც ქვეყანას და ქართველ ერს ოჯახის სიწმინდის ხელყოფისგან იცავს. დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლის მაშინ თანამდებობა მისი ამ პოზიციის გამო დაატოვებინეს. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი მაინც ეს იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილმა შესანიშნავად იცის, რა ვერაგ ძალას უპირისპირდება ამ რევოლუციური განცხადებით, მაგრამ იგი ამაზე წავიდა. რა უნდა ვიფიქროთ, რატომ გადადგა მან პირადად მისთვის ასე სახიფათო და სარისკო ნაბიჯი? სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, მან ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ერის ღირსების შესანარჩუნებლად გადადგა, იმ მოძალადეთა შესაჩერებლად გადადგა, რომლებიც სულში ხელებს გვიფათურებენ და ჩვენი გადაკეთება განუზრახავთ, თავიანთ თარგზე ჩვენი მოჭრა და იმ გზაზე შეყენება გადაუწყვეტიათ, რომ ჩვენ ჩვენ აღარ ვიყოთ.
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი სიტყვებით დასავლეთის ბოროტ ძალებს ისევე გააწნა სილა, როგორც თავის დროზე კონსტანტინე გამსახურდიამ, როდესაც მათ ასე მიმართა: “თქვენ ეგოისტები ხართ. თქვენ ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი., ჩვენ აღარ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ… თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი ან ჰანსი გვერქვას.” უდიდესი შინაგანი ძალა სჭირდებოდა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს ის საქციელია, რომელიც თავის გაწირვას უტოლდება.
ეს მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია სატანასთან გამკლავება, რომ სწორი ძალისხმევისა და გონიერი წინამძღოლის ვითარებაში მკვდრებით მოვაჭრენი უკან დაიხევენ და იმ სოროებში შეძვრებიან, საიდანაც ცხვირის გამოყოფას მანამდე ვეღარ გაბედავენ, ვიდრე ქართული ნერვი ფეთქავს, ქართული სული არ ჩაფერფლილა და ისტორიის ღერძი ისე არ გამრუდებულა, წარსულს მთლიანად მოვწყდეთ.
ვალერი კვარაცხელია