Home რუბრიკები ისტორია მიხეილ წერეთელი: ქართველობა გადააგვარეს და დაუკარგეს ეროვნება, შეარჩინეს მხოლოდ მცირეოდენიღა – ხალხობა…

მიხეილ წერეთელი: ქართველობა გადააგვარეს და დაუკარგეს ეროვნება, შეარჩინეს მხოლოდ მცირეოდენიღა – ხალხობა…

2298
მიხეილ წერეთელი

წელს 140 წელი სრულდება მიხეილ (მიხაკო) წერთლის დაბადებიდან. მნიშვნელოვანია მიხაკო წერეთლის, როგორც ღრმა მეცნიერთეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, ბრიუსელის ასირიოლოგიისა და ბერლინის ქართველოლოგიის ცნობილ უნივერსიტეტთა კათედრების ხელმძღვანელის, მემკვიდრეობა და ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებაში გაწეული ღვაწლი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1919 წლებში მიხაკო წერეთელი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უფლებააყრილ საქართველოში მისი სიტყვა მეხივით ჰქუხდა და ეროვნულ ბრძოლას ცეცხლის ენერგიას აძლევდა. განა შეიძლება სხვა რომელიმე ან ვისიმე სიტყვა შეედაროს მის სიტყვას, რომელიც მან ერის წინამძღოლს და ზრახვათა მფლობელ ილიას, ჩვენი წამხდრობისა და სიგიჟის მსხვერპლს, ტფილისში ჩამოსვენებისას რომ უთხრა?!” _ წერს კალისტრატე სალია, პროფესორ მიხაკო წერეთლის 70 წლისადმი მიძღვნილ მილოცვაში (“ბედი ქართლისა”, 1948 . #3).

დღესაც არანაკლებ უფლებააყრილია საქართველო; დღესაც ცდილობენ ავისმოსურნენი, უარი გვათქმევინონ ჩვენს ტრადიციებზე, ფასეულობებზექართული სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების არაკეთილმოსურნენი ჩვენ, ჩაძინებულებსა და გონებადაბინდულებს, ყოველდღიურად გამიზნულად, ნაბიჯნაბიჯ გვაცლიდნენ და გვაცლიანისტორიული მეხსიერების ძაფს”.

 ილიას მემკვიდრეობისა და მის მიერვე დასახული ერის სასიცოცხლოდ აუცილებელი განვითარების გზის თანამემამულეთა ცნობიერებამდე მიტანის სწორუპოვარი მაგალითიამიხაკო წერეთლის სიტყვა წარმოთქმული ილია ჭავჭავაძის ტფილისში ჩამოსვენებისას 1907 წლის 7 სექტემბერს” (“ბედი ქართლისა”, 1952 . მაისი, #12) და ილიას მკვლელობის ნახევარი საუკუნის წლისთავისადმი მიძღვნილი ნაშრომიილიას მკვლელობა” (“ბედი ქართლისა”, 1957., #24-25), რომელიც ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა; “ერი და კაცობრიობაკი მისი პირველი ქართულენოვანი სოციოლოგიური გამოკვლევაა.

თუ რამდენიენერგია ჩაჰკლამიხაკო წერეთელმა ილიას გზის სიწმინდის დაცვაში, ეს ნაშრომი ნათელყოფს. მასში საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე ეპოქაშიც აქტუალურია:

დღესაც ქვეყანას საკუთარი სამართალი და პოლიტიკა არ აქვს, მისი ადგილი სხვა სახელმწიფოსგან ძალით შემოტანილ სამართალსა და პოლიტიკას დაუჭერია;

დღესაც მრავალ ქართველს მხოლოდ გვარიღა შემორჩა ქართული. მათი სული იმდენად დამახინჯებული და დაშორებულია მშობლიურ ნიადაგს, რომ სამშობლოს პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, მეტიც _ ისინი მისთვის აღარც კი არსებობს;

ქართველებისაგან მხოლოდ ხალხი დარჩა, ხალხი, რომელიც აღარ არის ნაწილი ქართველი ერისა, უბრალოსოციალური მასალაა”. ამ მასალის გადამუშავება და ეროვნულ ელემენტებად შექმნა კი ჩვენიდანარჩენი ერისმხენობასა და ენერგიაზეა დამოკიდებული.

მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს მიხაკო წერეთლის წიგნიდანერი და კაცობრიობა”.

* მთელი საუკუნის განმავლობაში სცდილობდნენ, შეეწყვიტად ძაფი მეხსიერებისა ჩვენს აწმყოსა და წარსულს შორის, ამით სულიერი ცხოვრება ჩვენი ისეთ პირობებში ჩააყენეს, რომ შეგნება ჩვენი ეროვნული ორგანული ცხოვრებისა, მისი ზრდისა, მისი აწმყო მდგომარეობისა და მომავლის სასურველი მისწრაფებისა შეუძლებელი ჰყვეს, _ და მრავალ ქართველსაც მარტო გვარიღა შემორჩა ქართული…

* ქართველი ინტელიგენტიც კაცია, მასაც აქვს მოთხოვნილება რწმენისა და დიადი იდეალისა, რომელიც უნდა აღიაროს უმაღლეს ჭეშმარიტებად, მთელი თავისი მოქმედება ზედ დაამყნას და უმაღლესი, ადამიანური მიზანი დაისახოს ცხოვრებაში. მისი სული რომ გადამახინჯებულია და დაშორებული სამშობლო ნიადაგს, სამშობლოს პრობლემებსაც ვეღარ აქცევს ყურადღებას, იგი მისთვის აღარც კი არსებობს, _ იგი აღარ არსებობს მისი აზრით აღარც სხვისთვის, აღარც საზოგადოდ, _ და მით უმეტეს იგი ითვისებს ან ისეთ იდეალებს, რომელიც პირდაპირ მავნებელია მისი სამშობლოსათვის, ან და, თუმცა დიადს, მაგრამ ბევრი მხრით შემცდარს ქართველიც მას კრიტიკულად ვერ მოპყრობია… არ განიხილავს იგი ქართული თვალთახედვით ამ თეორიებსა, რადგანაც ქართული ცხოვრებით არას დროს არ უცხოვრია, _ და განა მარტო სოფელში ცხოვრება და გლეხებთან ლაპარაკია ქართული ცხოვრება: იგი სულიერად განცდაა ქართველი ერის მთელი ისტორიისა, მისი სულის კვეთებისა და მის მისწრაფებათა. რასაკვირველია, ასეთი ადამიანი იდეალს შეითვისებს იდეალისათვის, უფრო საკუთარ სულიერ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. უცხოეთში შეთვისებული იდეალიც მას ჭეშმარიტება ჰგონია ყოველი კერძო შემთხვევისათვის, და თუ ქართული წარსული და თანამედროვე ცხოვრება ოდნავ მაინც არ ეთანხმება ამ უცხოეთში შეთვისებულ იდეალს, თამამად და გულწრფელად წამოიძახებს, _ წარსული მეზიზღება და აწმყო მეჯავრებაო!..

* ერი ერთ თვით შემგნებ არსს წარმოადგენს, ერთ სოციალურ შინაარსის მქონე სუპერორგანიზმსა, თავისი სიცოცხლის დამცველს. ამას აქვს თავისი ვნებანი, იდეალები, მისწრაფებანი და სხვა. ამიტომ ერი, როგორც სოციალური არსი, გაცილებით უკეთილშობილესი არსია, ვიდრე ყველა სხვა არსებულნი სოციალურნი არსნი წარსულში და აწმყოში.

* როდესაც ერი ერად ხდება, დიახაც, იგი ცოცხალი არსია, სოციალური ინდივიდუალობაა, მონადაა. განვიმეორებთ: ერი უფრო “ცოცხალია”, ვიდრე სახელმწიფო, ვიდრე ხალხი, საკუთარი წარმოება, საკუთარი ხელოვნება, მეცნიერება, ზნე-ჩვეულება, სამართლის ნორმები, სარწმუნოება, საკუთარი ენა, საკუთარი ეთნიური ტიპიც _ ყოველივე ეს ერს ახასიათებს, როგორც ერთ სოციალურ ინდიუვიდუალობას. მართალია, ზოგ ამ თვისებათაგანი სხვა ერთა თვისებაც არის, მაგალითად, ორ ერს შეიძლება ერთი და იგივე რელიგია ჰქონდეს, ზოგიც დაკარგულია, მაგალითად, საკუთარი სამართალი და პოლიტიკა, რომელთა ადგილიც სხვა სახელმწიფოსგან ძალით შემოტანილ სამართალსა და პოლიტიკას დაუჭერია, ზოგიც ნასესხებია, მაგრამ ყოველთვის საერთოსა და ნასესხებს ადევს ეროვნული ელფერი. დაკარგული კი ან ყოველთვის არსებობს რომელიმე ფორმით, როგორც მაგალითად კონვენციონალური სამართალი, ან ძალით შემოტანილის დათრგუნვა და საკუთარის შემოღების სურვილი ყოველთვის არსებობს ერში.

* ვერავითარი კლასთა ბრძოლა ვერა შლის ეროვნულ ერთობასა. ყოველი კლასთა ბრძოლა მხოლოდ ამ ერთიანობის შიგნით არსებულ წინააღმდეგობათა მტერია, მსურველია იმავე სოციალურ ერთეულში სხვანაირი მოწესრიგებისა და არა თვით სოციალური ორგანიმის დარღვევისა, მაშინ, როდესაც ეროვნული მოძრაობის სურვილია ერთი ერის მეორისაგან გამოყოფისა, ვინაიდან მეორე პირველის სოციალური ინდივიდუალობის გაქრობას სცდილობს თავისი სახელმწიფოს ორგანოთა შემწეობითა.

ქართველი ერის ერთი ნაწილი დღეს გაოსმალების გზაზე ადგია, ჟამთა ვითარებაში ეს ნაწილი ძალით ჩამოაჭრეს ქართულ ეროვნულ ორგანიზმსა. ქართველს არ სურდა, ნებით მოსცილებოდა თავის საზოგადოებას. საუკუნეობით იბრძოდნენ გმირები, მაგრამ დღეს ხალხიღა დარჩენილა ამ ქართველთაგან. იგინი აღარ არიან ნაწილი ქართველი ერისა. ზოგი ისევ საქართველოს ტერიტორიაზედ დარჩენილა, ზოგიც გადასახლებულა ოსმალეთის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ აქ დარჩენილიც და გადასახლებულიც სოციალური მასალაა ქართველი ერისა. ბევრს გაღვიძებაც ეტყობა: თხოულობენ ქართულ სკოლებს, შეუნახავთ ქართული ენა, რომლის განვითარებასაც თხოლულობენ. შერჩენიათ კიდევ ტიპი ქართული და მრავალი ზნე-ჩვეულება, ქართველი ერიც ცდილობს, დაიბრუნოს თავისი დაკარგული ნაწილი და როდესაც ერთ ნაწილს მაინც დავიბრუნებთ, გავხდით ისევ ჩვენი ერის ნაწილად, მაშინ იმ ნაწილთ დაბრუნებაც ადვილი იქნება, სადაც ენაც კი დავიწყებიათ და მცირე მოგონებებიღა დარჩენილა ქართველობისა, მაშინ კვლავ აღსდგება საქართველო, ისევ გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული ერთობა, ერთობა კულტურისა, მაშინ ვიხილავთ აჭარელ, სამცხელ, ტაოს მწერალთა და ხელოვანთა, იქაურ ქართველ გმირთა, რომელთაც ქართული ეროვნება ისევე ექმნებათ მჯდარი გულში, როგორც გურულსა ან კახელსა, მხოლოდ ამ შემთვევაში იქმნებიან ისინი ნაწილნი ქართველი ერისა, ეხლა კი მხოლოდ ხალხის ნაწილნი არიან, უბრალო სოციალური მასალა. ამ მასალის გადამუშავება და ეროვნულ ელემენტებად შექმნა თვით ჩვენი დანარჩენიერი ერის მხენობისაგან და ენერგიისგან არის დამოკიდებული.

თვით სული ცალკე რომელიმე ერის ადამიანისა ეროვნულ სოციალურ ატმოსფეროშია განვითარებული.

* ფრიად იტანჯება მთელი ნაწილი ერისა სხვა ეროვნულ ორგანიზმში მოყოლილი…

აქ საკვირველიც არაფერია. ბუნებრივი ნაწილი ერისა მიისწრაფის თავისი ბუნებრვი ორაგანიზმისკენ და შეურყეველი, შეუჩერებელია ასეთი მოძრაობა. ეს სისხლისა და საზოგადოებრივობის ნათესაობაა და მსგავსად ქიმიურ ელემენტთა ნათესაობისა, ეს ნათესაობაც საშინელ ლტოლვილებას წარმოადგენს მსგავსისას მსგავსისადმი.

ასეთია სიცოცხლე ერისა, მაგრამ მიუხედავად ერის ასეთი სიცხოველისა, ერთა ისტორიაში მაინც ვამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომ გადაგვარება ეროვნული სოცალური ორგანიზმისა არ არის შეუძლებელი მოვლენა და განსაზღვრულ აუტანელ ცუდ პირობებში ერს, როგორც დაჩაგრულს, ისე თავისუფალს, გადაგვარების ნიშნები გამოაჩნდება ხოლმე. აგრეთვე ზოგი ხალხი უცხო დიდ სახელმწიფოში მოყოლოლი, არა დაპყრობით, არამედ გადასახლებით ისეთ პირობებში ასრულებს თავის სოციალურ ფუნქციას, რომ სახელმწიფოს საშინელი მექნიზმი პირდაპირ მტვრად აქცევს ხოლმე შიგ მოყოლილ ეროვნულ ელემენტებს. პირველი მოვლენის მაგალითი ბევრია, მაგალითად, საქართველო. მეორეს მაგალითი კი შეერთებული შტატებია, სადაც უცხო ელემენტები მალე ითქვიფება ანგლოსაქსონელების სოციალურ მორევში.

ჩვენ აქ არ შევუდგებით გადაგვარების მიზეზთა გამოკვლევას. ეს სულ სხვა საგანია. ვიტყვით მხოლოდ, რაში გამოიხატება ეს გადაგვარება: როდესაც ეროვნული ორგანიზმის ზრდა დამთავრებულია, როგორც არა ვსთქვით, მას აქვს ყველა სოცილური ორგანო თავის ფუნქციათა აღსასრულებლად: ეკონომიკური, არტისტული, სარწმუნოებისა და მეცნიერებისა, ზნეობრივი, იურიდიული, პოლიტიკური. რაც უფრო რთულია და სპეციალური ორგანო, მით უფრო მგრძნობიარეა იგი. ეკონომიკური ორგანო ყველაზე უფრო საზოგადო და მარტივია, მაგარი და მტკიცე. პოლიტიკური კი _ ყველაზე უფრო სპეციალური, რთული და მგრძნობიარე. უმეტეს შემთხვევაში ერის გადაგვარება იწყება ამ რთულ და მგრძნობიარე ორგანოს ატროფიიდან და თავდება ეკონომიკურ ორგანოთა გაქრობით. შემდეგ თვით ხალხი და ტერიტორია ჰქრება, ეს ორი უპირველესი ელემენტი ეროვნულ-სოციალური ორგანიზმისა, მისი მასალა და საფუძველი. საქართველომ, მაგალითად, ჯერ პოლიტიკური ორგანო დაჰკარგა, შემდეგ კი თანდათან მიდის მისი სოციალური ორგანიზმის დაცემა. დაიშალა მისი იურიდიული ორგანიზმი, პოლიტიკური ორგანიზმის დაშლის შემდეგ, დაეცა ეკლესია და განიძარცვა სიმდიდრისაგან, დაეცნენ ზნე-ჩვეულებანი, მწერლობა, ენა, გაღარიბდა მთელი ერი ეკონომიკურად. თითქმის მთელი მესამედი მისი ტერიტორიისა ოსმალებმა წაიღეს და ზედ დარჩენილი ქართველობა გადააგვარეს და დაუკარგეს ეროვნება, შეარჩინეს მხოლოდ მცირეოდენიღა _ ხალხობა. დანარჩენი ორი მესამედი ტერიტორიისა თანდათან ეხლა გვეცლება ხელიდან. ხალხი დაბნევის გზაზედ არის დამდგარი, ენაც ირყვნება და საზოგადოების მაღალ კლასებს თითქმის ავიწყდება იგი. ამაში იხატება საქართველოს გადაგვარება, ქართველი ერი ებრძვის, მართალია, გადაგვარებას, მაგრამ ვინ იცის, მიაღწევს თუ არა დაშლილი ეროვნული ორგანიზმის აღდგენას _ იმდენი ხელის შემშლელი პირობა ახვევია გარს. თუ სძლია ამ პირობათა, მისი ეროვნული ორგანიზმი ხელახლავე აღსდგება; თუ ძლეულ იქნა, მისი ეროვნული ორგანიზმი გაქრება, ტერიტორია – საფუძველი საზოგადოებისა, დაიკარგება, ხალხი გაიბნევა მთელ დედამიწაზედ და გახდება მხოლოდ სოციალურ მასალად _ ქართველ ხალხად…

* ერი _ ეს არის ერთი სოციალური სუპერორგანიზმი, ანუ ჰიპერორგანიზმი, შემდგარი ერთგვარ, ანუ მრავალგვარ ეთნიკურ და სოციალურ მასალათაგან, რომელსაც შეუძლია ჟამთა ვითარებაში შექმნას ერთი გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება თავის შემადგენელ ერთეულთა. ერთი საზოგადოება ყველა თავისი ორგანოებითა, ენითა, სარწმუნოებითა, მეცნიერებითა, ზნეობითა, ხელოვნებითა, სამართლითა და პოლიტიკითა _ საზოგადოება განსაკუთრებული ისტორიითა, ტიპითა და თვით შეგნებითა, სრულის ინდივიდუალობითა.

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here