2020 წელს, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის, ,,3+3”ფორმატის, შესახებ განაცხადა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ნაწილმა უმალვე აიტაცა ეს იდეა და საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ ფორმატში გაერთიანებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამაოდ. მიზეზად ბევრი რამ სახელდებოდა, ერთ–ერთი იყო ის, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ამიტომ სალაპარაკოდ არ დავსხდებითო.
ბევრის აზრით, ,,3+3” ფორმატი არ შედგებოდა. და, მართლაც, დღეს ვხედავთ, რომ ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.
უწერია თუ არა ,,3+3” ფორმატს განხორციელება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:
_ საინტერესოდ და, ამასთანავე, სახიფათოდ ვითარდება მოვლენები ჩვენს სამეზობლოში; საინტერესოდ იმიტომ, რომ გლობალური ცვლილებების პროცესში კავკასია კვლავ მოხვდა ანგლოსაქსებისა და კოლექტიური დასავლეთის სამიზნეში, ისევე, როგორც თავის დროზე უკრაინა, და შედეგსაც ვხდავთ სამწუხაროსა და უკრაინისთვის დამანგრეველს. დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის დამარცხებაზე ბრძოლის ველზე და უკრაინაში განცდილი კრახის შემდეგ, რაც უკვე ფაქტია, ახალ პოლიგონს ეძებს. სურთ, ააფეთქონ სამხრეთი კავკასია და ამით გამოიწვიონ ჩრდილოეთ კავკასიის დესტაბილიზაცია, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდეს თუნდაც ლოკალური ბრძოლები.
_ ,,3+3” ფორმატი, რომელსაც ბევრი პოლიტოლოგი სკეპტიკურად უყურებდა, დღეს ეჭვქვეშ დადგა. ჩემმა ერთ–ერთმა რესპონდენტმა თავის დროზე განაცხადა, რომ ეს ფორმატი ვერ შედგებოდა და, სამწუხაროდ, მისი სიტყვები მართლდება…
_ ,,3+3” ფორმატი, დიდი ხანია, პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და ექსპერტების განხილვის საგანია. თქვენ ბრძანეთ, რომ ერთ-ერთმა რესპონდენტმა იწინასწარმეტყველა ამ ორგანიზაციის კრახი. დღეს ,,3+3” ფორმატში შემავალ სახელმწიფოთა შორის უმწვავასი დაპირისპირებაა, მაგრამ ამ ფორმატის არსებობა და მის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვა, ჩემი აზრით, კვლავ პრიორიტეტულია.
,,3+3” ფორმატში საქართველოს გაერთიანების აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და ახლაც ვარ. რატომ? _ ერთი უბრალო მიზეზის გამო. ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი ორგანიზაცია, რომელშიც დასავლეთის გარეშე, თუნდაც 4 ქვეყანასთან ერთად დავიწყებდით დიალოგს და შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს აკრძალული აქვს ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან. სწორედ ამ ,,საფარქვეშ” გვექნებოდა საშუალება პირისპირ დიალოგისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გადაიზრდებოდა სრულმასშტაბიან ქართულ-რუსულ ურთიერთობაში და შევძლებდით იმ მოჯადოებული წრის გარღვევას, რომელშიც, 33 წელია, ვიმყოფებით. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ხელმოწერების კამპანია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მოწოდებით, რომელიც ამა წლის 7 მაისს გაცხადდა სასტუმრო ,,ამბასადორში”, სადაც თქვენც იმყოფებოდით და ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან. 78 000 ელექტრონული ხელმოწერა აღირიცხა, დაახლოებით ამდენივე არის ბლანკებზე, მოუხედავად იმ ხელის შეშლისა, რომელსაც გამუდმებით ვაწყდებით…
,,3+3” ფორმატს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ახლაც აქვს ადეკვატურად მოაზროვნე ქართველების მხრიდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს იყო და არის ამ მოცემულობაში რუსეთთან დიალოგის შანსი. ნახეთ, როგორი გაშმაგებით ებრძვის დასავლეთი საქართველოს ნებისმიერ მცდელობას, ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთნ. ცრუ დაპირებებმა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ჩაილურის წყალი დალია და ეს დიდი ბლეფი გამოაშკარავდა. ნატო საერთოდ აღარ გვახსენებს, ევროკავშირის წარმომადგენლები ტალახს გვესვრიან და შედეგი… შესრულდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის, 2021 წლის 15 დეკემბრის ულტიმატუმის პირველი პუნქტი _ ,,საქართველო და უკრაინა ნატოს გარეთ”. ახლა მეორე პუქტია დღის წედრიგში _ ,,აღმოსავლეთი ევროპა ნატოს ინფრასტრუქტურის გარეშე, 1997 წლის მდგომარეობით”…
_ რა ბედი ელის ,,3+3” ფორმატს, მასში შემავალი ქვეყნები მოაგვარებენ ურთიერთობებს?
_ პროგნოზი უმადური საქმეაო, _ ნათქვამია, მაგრამ მაინც გავბედავ და ჩემს აზრს მოგასხენებთ: ,,3+3” ფორმატი, ასე თუ ისე, შენარჩუნდება და არა იმიტომ, რომ დასავლეთი მოხიბლული იყო ამ გაერთიანებით, არამედ იმიტომ, რომ დარჩეს კიდევ ერთი ფორმატი დიალოგისთვის. საქართველოს ხელისუფლებას ვერ დავუკარგავ იმას, რომ მოცემულ ვითარებაში აღმოვჩნდით პოლიტიკურად მომგებიან პოზიციაზე და სწორედ ახლა გვაქვს შანსი, გაბედულად გადავდგათ ნაბიჯი რუსეთის მიმართულებით. რუსეთმა ,,ჩრდილოეთი-სამხრეთი” დერეფანში მონაწილეობა შემოგვთავაზა. ეს კიდევ ერთი სიგნალია მოლაპარაკებების დასაწყებად. არ დავაგვიანოთ, არ დავკარგოთ ის პატარა ფორა, რომელიც მოვიპოვეთ და უფრო მეტიც _ იქნებ მოვახერხოთ, ჩვენს მეზობლებს შევთავაზოთ ჩვენი შუამავლობა. ახლა რაც ხდება, ყველასთვის თანაბრად საშიშია და კეკლუცობის დრო აღარ გვაქვს.
დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი