დონეცკი, ვოლნოვახა და მარიუპოლი ის ქალაქებია, რომლებიც ქართულმა დელეგაციამ დიდი სამამულო ომის მე-80 წლისთავზე მოინახულა.
რა ვითარებაა უკვე რუსეთის შემადგენლობაში არსებულ ქალაქებში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისათვის”თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება.
_ ბატონო მიხეილ, ჩვენთვის ცნობილია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებოდით. რომელი ქალაქები მოინახულეთ, რა მისია გქონდათ, როგორი ვითარება დაგხვდათ იქ და რა განწყობა აქვს ხალხს?
_ თქვენი მედიასაშუალება პირველი იქნება, რომელიც ექსკლუზიურად გაავრცელებს ამ ინფორმაციას. დიახ, 2025 წლის 13-15 მაისს ბატონი პაატა აბულაძე და თქვენი მონა-მორჩილი ვეწვიეთ აღმოსავლეთ უკრაინას, კერძოდ, დონეცკს, ვოლნოვახასა და მარიუპოლს. ვიზიტი მიეძღვნა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავს.
უკრაინაში შექმნილი ვითარება კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ უნდა მოეხერხებინა უკრაინის ხელისუფლებებს, დასავლეთის დავალებით დაენგრია საკუთარი ქვეყანა, დაეკარგა ჯერ ყირიმი, მოგვიანებით _ ის ოთხი რეგიონი, რომლებიც რუსეთს უკვე აღიარებული აქვს და ერთპროცენტიანი ალბათობაც კი არ არსებობს, რომ ეს აღიარება უკან გაიწვიოს.
ჩვენი ვიზიტი დაიწყო ,,საურ-მოგილის” მონახულებით, რომელიც სამამულო ომის ერთ-ერთი თვალსაჩინო მემორიალური კომპლექსია. ის აღადგინეს, რადგან დონბასში მიმდინარე ბრძოლებისას მთლიანად დაზიანდა. ,,საურ-მოგილა” დღეს ორი ისტორიული მოვლენის მემორიალურ კომპლექსად იქცა _ დიდი სამამულო ომისა და 2014-2021 წლების ბრძოლების.
ჩვენი ვიზიტი მიეძღვნა გამარჯვების მე-80 წლისთავს. მოვინახულეთ ის ადგილები, რომელთა მშვიდობიანი მოსახლეობა 1941-1943 წლებში ფაშისტებმა მხეცურად გაანადგურეს. ,,ბაბიი იარის” შემდეგ ეს არის ყველაზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ადგილი…
_ რას ამბობენ პრეზიდენტ ზელენსკიზე, მოსწონთ მისი გადაწყვეტილებები?
_ ხალხმა დაისვენა. მიუხედავად უდიდესი განსაცდელისა, ხალხს იმედი დაუბრუნდა. გასაგებია, ზელენსკიზე რასაც იტყვიან… მთავარია, მშვიდობაა და აღარ უწევთ სარდაფებში დამალვა.
ძალიან ბევრი სულისშემძვრელი ტრაგიკული ისტორია მოვისმინეთ, მაგრამ აშკარად იგრძნობა მომავლის იმედი და სიხარული, რომ დაბრუნდნენ რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ემოციები, რომლებსაც ადგილობრივები გამოხატავდნენ, როცა შეიტყობდნენ, საქართველოდან რომ ვიყავით; დიდი სიყვარულით იხსენებდნენ ერთად ყოფნის პერიოდს.
ტრაგედია, რომელიც განვითარდა უკრაინაში, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის დესტაბილიზაცია დასავლეთმა მოახდინა. ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას ხშირად ვავლებდით პარალელს საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შორის. 1992 წელი _ აფხაზეთი, 2008 _ სამაჩაბლო; დღესაც კი საქართველო დაზღვეული არ არის მორიგი კონფლიქტისგან. სწორედ ამიტომ შეიქმნა ახალი პლატფორმა ,,თავისუფალი ტრიბუნა”. დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რათა ხელისუფლებას მივცეთ მანდატი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად. მსოფლიო იცვლება და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. სწორედ დასავლეთის წნეხისა და ლიბერალური ფაშიზმის აღზევების შედეგია ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
ამ სისხლისღვრის შეჩერება ზელენსკის ჯერ კიდევ 2 წლის წინათ შეეძლო, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ დასავლეთმა გადაწყვიტა, ბოლო უკრაინელამდე ეომა რუსეთის წინააღმდეგ და ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება. და რა შედეგი გამოიღო? ომში მყოფ უკრაინას ყველაფერზე უთხრეს უარი _ არა ნატო, არა ევროკავშირი, მხოლოდ ფული და საზარბაზნე ხორცად უკრაინელი ხალხი. უკრაინაში ყველას მობეზრდა ომი, მაგრამ ზელენსკის ხელისუფლება პირადი ინტერესების მძევლად იქცა. ხომ ნათელია, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია?..
ჩვენ ვსაუბრობდით იმ ისტორიულ მეხსიერებასა და გამოცდილებაზე, თუ როგორ გახდა უკრაინა ,,ანტირუსეთი”, რასაც ქართველებსაც გვიპირებდნენ…
კაცობრიობამ თითქოს დაამარცხა ფაშიზმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიბერალიზმის ქურქში გახვეული ის კვლავ უტევს მსოფლიოს. ისტორია მეორდება _ 1812 წელი, 1941-45 წლები და დღევანდელი დღე _ ეს არის კოლექტიური დასავლეთის სახე. ის ყველაფერს აკეთებს, რათა სხვისი ხელით, მათ შორის _ ქართველების ხელითაც, იომოს რუსეთის წინააღმდეგ.
1989 წელს უკრაინა გერმანიას უტოლდებოდა ეკონომიკური პოტენციალით _ მძიმე ინდუსტრიით, მეტალურგიით, თვითმფრინავთმშენებლობით, სოფლის მეურნეობითა და კიდევ უამრავი რამით. ერთ დროს აყვავებული 52-მილიონიანი ქვეყანა თითქმის განახევრდა და დღეს დასავლეთის ფინანსებზეა დამოკიდებული. იომებს უკრაინა _ ექნება ფინანსები, არ იომებს _ საბოლოოდ ჩამოიშლება.
ჩვენმა ვიზიტმა უკრაინაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ეს უკვე საკმარისი აღარ არის. საჭიროა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან. სწორედ ახლა ხალხმა უნდა აიღოს ინიციატივა და მოუწოდოს ხელისუფალს, ჩავიდეს მოსკოვში, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ხელმოწერების კამპანია, რომელიც, იმედია, შედეგს გამოიღებს.
თუ უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია არ გახდება მაგალითი მსოფლიოს ხალხებისთვის, არ გაკეთდება შესაბამისი დასკვნები, მაშინ ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს განვითარებული პროცესები.
მეტი დაფიქრება გვმართებს, რადგან რუბიკონი გადალახული არ არის და ჯერ კიდევ შეიძლება აღმოვჩნდეთ შეუქცევად პროცესში.
რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, ვუსურვებ მშვიდობას და ამ საშინელი ომის დასრულებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და საღი აზრი გაიმარჯვებს.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი