Home რუბრიკები პოლიტიკა მიშას კლონი _ “ნუ მიეყრდნობით!”

მიშას კლონი _ “ნუ მიეყრდნობით!”

კახა კალაძე

10 წლის წინათ, 7 ნოემბრის დილას, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოშიმშილეებიდან, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის, ცრემლმდენი აირის, რეზინის ტყვიების, ხელკეტებისა და აკუსტიკური იარაღის გამოყენებით დასრულდებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიების შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქე დაზარალდა, მათ შორის, ბევრი ცნობილი პიროვნება და მაშინ საბოლოოდ გაემიჯნენ ისინი ხელისუფლებაში ვარდებით მოსულ ძალას, თუმცა 7 ნოემბერი წყალგამყოფი არ აღმოჩნდა ამჟამად “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის _ კახა კალაძისთვის და 2008 წელს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში იგი სააკაშვილის მხარდამჭერთა რიგებში დადგა.

მიხეილ სააკაშვილი: კახიზე მინდა, შეგახსენოთ, სადღაც რადიოში მოვისმინე ამას წინათ, გული გამისკდა, ამ არჩევნებში ხომ არ აპირებდა, მაგრამ ასაკი არ აქვს, აპირებს ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატადმე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ვყოფილვიყავი კახი კალაძის კონკურენტიერთი რაღაცაა, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, გამოვსულვიყავი ფეხბურთელი და ბოლოს გამოვედი პრეზიდენტი. ამ კაცმა მოახერხა, გამოსულიყო ერთერთი ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი ცხოვრებაში და ახლა შეიძლება გახდეს პრეზიდენტიც. ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა ჩემ მიმართ…”

სააკაშვილმა კალაძეზე ასე მაშინ ისაუბრა, როდესაც თბილისის მომავალი მერი თვალებში შესციცინებდა და მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში გაკეთებულ საქმეებზე აღტაცებით საუბრობდა. “მადლობა კომპლიმენტისთვის. საპრეზიდენტო გეგმები ცოტა შორეულია, საერთოდ, ბოლოდროინდელი სიტუაციების გამო, ჩემი პოლიტიკაში წასვლა ცოტა ეჭვქვეშ დადგა… ძაან ბევრი წარმატებები იყო და კიდევ ბევრს გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ… დარწმუნებული ვარ, ბევრს არ სიამოვნებს ახლა, იგივე ოპოზიციის მხარდამჭერს, რომ ეს ხალხი აქ არი და ბატონ მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს, შეიძლება ვეზიზღებით კიდეც”…

ასე ჟღურტულებდნენ ერთ დროს ერთ სტუდიაში მიხეილ სააკაშვილი და კახა კალაძე და ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრა უკვე მომხდარი იყო.

პოლიტიკური ამნეზიის მქონეთა საყურადღებოდ: 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევისა და “იმედში” შეჭრის შემდეგ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch-ი აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ “ჭარბი” ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group-ი საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის თაობაზე აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს დაინიშნა. სწორედნაციონალური მოძრაობისშავ ლაქად წოდებული 7 ნოემბრის შემდეგ მოევლინა კალაძე საზოგადოებას სააკაშვილის მხარდამჭერთა რიგებში(!).

თბილისი უნდა გიყვარდეს, თბილისი უნდა გტკიოდეს, ეს არ არის მარტო სადღეგრძელოს თემა, ეს არის თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის შემადგენელი ნაწილი. თუ როგორც სხეულის ნაწილს, ისე ვერ გრძნობ თბილისს, ესე იგი, არ ხარ თბილისელი _ ესაა ჩემთვის შეფასების კრიტერიუმი. თბილისის სიყვარული, თბილისზე ამაგია თბილისელობის საზომი”. საინტერესოა, ამ სიტყვების ავტორ კალაძეს, როდესაც მისი ფავორიტი სააკაშვილის რეჟიმი 7 ნოემბერს ხალხს ქუჩაში სატიკად არბევდა, მაშინ არ სტკიოდა და არ უყვარდა თბილისი?! არც ის თანამოქალაქეები სტკიოდა, რომლებსაც ცხვირპირი დაუმტვრიეს რუსთაველის გამზირზე?! ან იქნებ გაპოლიტიკოსების შემდეგ მძაფრდება თბილისის სიყვარული?!

ჰოდა, ეს ერთ დროს მიშაზე აღტაცებით “მოტიტინე” “სამტრედიელი ბიჭუნა” (ასე უწოდა საკუთარ თავს იმავე ეთერში კახა კალაძემ) დღეს თვითონაც სააკაშვილის პიარტექნოლოგიებს იყენებს. კერძოდ, ადგილობრივი არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მან მეტროპოლიტენით იმგზავრა, შემდეგ ავტობუსით ისარგებლა. სააკაშვილიც მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ეს მაშინ იმიტომ მუშაობდა ამომრჩეველზე, რომ ახალი ხილი იყო ქართულ პოლიტიკაში, თუმცა “ხალხთან ახლოს” ყოფნას სააკაშვილისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ თავისი მმართველობა დიქტატორულ რეჟიმად ექცია. ასე რომ, ნუ გაჰყვებით მთლად მიშას გზას, ნუ გახდებით მისი კლონი, ის არც ისეთი წარმატებული პოლიტიკოსი იყო, როგორც თქვენ გგონიათ.

ზიგმუნდ ფროიდი რომ გავაცოცხლოთ და თბილისის ახალარჩეული მერის ქცევა, საუბარი, პიარ-ტექნოლოგიები გავაანალიზებინოთ, გვეტყოდა, რომ კალაძის ქვეცნობიერი ისევ მიშას ხიბლშია… ფროიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნიცშესთან მოპაექრე ბრძენი კაცი, როგორც ქუცნაშვილი იტყოდა, ხომ ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ერთხელ თუ კრიტიკული თვალით შეხედავს კალაძის იაფფასიან პიარსვლებს, მიხვდება, რომ კალაძის სახით, მისი ერთ-ერთი დასაყრდენი სააკაშვილის კლონია ქართულ პოლიტიკაში. ასეთი ადამიანების დაყრდნობა კი სარისკოა. ჰოდა, მთლად ბოლომდეც “ნუ მიეყრდნობით”, ბატონო ბიძინა, თქვენც ისევე არ დაგახურდავოთ გაპოლიტიკოსებულმა ფეხბურთელმა, როგორც მისი ფავორიტი სააკაშვილი დაახურდავა.

გიორგი დოლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here