Home რუბრიკები პოლიტიკა მიშას დანიშვნით უკრაინელი ხალხი პურს არა, მაგრამ სანახაობას აუცილებლად მიიღებს

მიშას დანიშვნით უკრაინელი ხალხი პურს არა, მაგრამ სანახაობას აუცილებლად მიიღებს

2544
მიშას დანიშვნით უკრაინელი ხალხი პურს არა, მაგრამ სანახაობას აუცილებლად მიიღებს

როცა ყველასთვის მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტად ვლადიმერ ზელენსკი აირჩიეს, ქართულმა ოპოზიციამ მაშინვე ტაში შემოჰკრა, _ აქაოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრინულ პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდება და თავის სიტყვას იტყვისო. არადა, ზელენსკიმ არჩევიდან დაახლოებით ერთ კვირაში განაცხადა: “სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური გეგმები არ არსებობს. გეგმა იყო ძალიან მარტივი, ადამიანური: მე ვუთხარი პრესას, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს უკანონოდ და სწორედ ამიტომ დავუბრუნე. ეს არის და ეს. სააკაშვილმა მადლობის ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის მწერდა WhatsAppზეც, მაგრამ რატომ მიხდის მადლობას? მე ჩემი საქმე გავაკეთე, შევასრულე ჩემი დაპირება. ძალიან ცოტა დაპირებებს გავცემ, მაგრამ მინდა, ყველა შევასრულო…”

ახლა კი ირკვევა, რომ სააკაშვილი შედის ზელენსკის გეგმებში. უფრო სწორად, შედის პიროვნება, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობარი ქვეყნის ექსპრეზიდენტია, თანაც როგორი ექსპრეზიდენტი _ ძებნილი, სასჯელმისჯილი, რომლის გისოსებს მიღმა ხილვა მთელი ერის ოცნებადაა ქცეული… ამ კაცს ზელენსკი ვიცეპრემიერის პოსტს სთავაზობს.

მოდი, რიგითობით მივყვეთ. იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, _ უკრაინულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი მაქვსო, მისი სიტყვები ზელენსკის არ ესმოდა. ის არ აპირებდა მიშას დასაქმებას და ამის თაობაზე მინიშნებაც კი არ გაუკეთებია. სააკაშვილი მისთვის იყო რიგითი ადამიანი, რომელსაც სურდა პოლიტიკური თანამდებობა, დაახლოებით ისევე, როგორც რამდენიმე ათასს უკრაინაში, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და პანდემიის გავრცელების პირობებში უკრაინაში სააკაშვილის ვიცეპრემიერობაზე ალაპარაკდნენ. ამას წინ უძღვოდა იმ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც კვლევებს საქართველოში ატარებს. ეს ორგანიზაცია ამერიკელთა მიერ დაფინანსებული და ხელდასხმულია. მისი სჯერა ამერიკას და არა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელშიც კვლევა ტარდება. საქართველოს დარად, წლებია, უკრაინაში დასავლური არასამთავრობოები ატარებენ კვლევებს და ჯერჯერობით ვერც იქ მოინახა ადამიანი, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის წევრების მიერ იქნებოდა გამოკითხული. გამოკითხვის შედეგები, უბრალოდ, იდება, შემდეგ მიდის მსჯელობა და განხილვა. ჰოდა, ამ კვლევებით “დადასტურდა”, რომ თურმე სრულიად უკრაინას თანამდებობაზე სწორედ სააკაშვილის ხილვა სურს. ჰოდა, აგორდა ბედის ბორბალი და თან ისე მძლავრად, რომ უკრაინის რადა სააკაშვილის ვიცეპრემიერობას კენჭს უყრის. ჯერჯერობით ზელენსკის კომენტარი რ გაუკეთებია, ეჭვი გვაქვს, საკუთარ სიტყვებს გაახსენებენ და არ უნდა კამერების წინ გაშავება. და მაინც, რატომ გახდა უკრაინის პრეზიდენტისთვის თავის დროზე მიუღებელი პირი, საქართველოში ძებნილი და სასჯელმისჯილი სააკაშვილი, უცებ სასურველი?

რეალობა არის ის, რომ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, “გამოუცდელიზელენსკი არ წამოეგო დასავლეთის წამაქეზებელ ანკესს და კონფლიქტის ზონაში ომი არ გაუმართა რუსეთს. შემდეგ თქვა: ახლა ომის კი არა, მოლაპარაკებების დროაო, და მზადყოფნა გამოთქვა, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო, მაგრამ, ნურას უკაცრავად _ ეს დასავლეთს ზუსტად ისევე არ აძლევს ხელს, როგორც საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი პირების შეხვედრა.

ძალიან დიდი შანსია, რომ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს შემთხვევაში, მხარეებმა მშვიდად მოილაპარაკონ ყველა კონფლიქტურ საკითხზე თუ სადავო თემის მოგვარებაზე და დასავლეთი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. მერე გამოვა, რომ უკრაინა და საქართველო აღარ დაიწყებენ მუდმივ რეჟიმში ნატოს კარის მტვრევას, აღარ გამოეკიდებიან და ჩამოეკიდებიან დასავლურ გრანტებს, აღარ იქნებიან ძია სემის ვასალები.

თუ გახსოვთ, ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ რომ ითქვა, პუტინისა და გახარიას შეხვედრა მზადდებაო, რა დღეში ჩავარდა დასავლეთი? ისიც გემახსოვრებათ, დავოსის ფორუმის დიდი ტრიბუნიდან გახარიას რომ გააკრიტიკებინეს რუსეთის პრეზიდენტი. ჩვენი პრემიერი იყო ერთადერთი, ვინც ის გააკრიტიკა, დანარჩენები მშვიდად ხვდებოდნენ ვლადიმერ პუტინს, მეგობრულად მხარზე ხელსაც უტყაპუნებდნენ და სამომავლო გეგმებსაც ერთად სახავდნენ. ჩვენი და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა კი სწორედ ამ კრიტიკის შემდეგ ჩაიშალა.

ანალოგიური კარუსელი დატრიალდა უკრაინაშიც. როგორც კი ზელენსკი მიხვდა, რომ მისი ქვეყნის მშვიდობის გასაღები მეზობელ სახელმწიფოშია და, როგორც კი თქვა, მზად ვარ, პუტინს შევხვდეო, მაშინვე ამოქმედდა მანქანა და ჯიუტ ზელენსკის მინისტრთა კაბინეტში სააკაშვილს უსვამენ. მიშას ფაქტორი რუსეთზე როგორ იმოქმედებს, კარგად მოგეხსენებათ. საკმარისი იქნება ამერიკელების ხელის ერთი აქნევა, რომ სააკაშვილმა ომიც კი გამოუცხადოს რუსეთს, მის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინოს და მოლაპარაკებების მცირე პერსპექტივაც კი დაასამაროს. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილს, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, უკრაინის მთავრობაში ტენიან, თორემ რა ჩიტიც დაიჭირა პეტრო პოროშენკომ გუბერნატორად მისი დანიშვნით, ერთად ვნახეთ. ზელენსკის აშკარად არ უნდა, იმავე ნაღმზე აფეთქდეს, რომელზეც მისი წინამორბედი, მაგრამ სხვა გზას არ უტოვებენ და ახლა ერთადერთ იმედად რჩება რადა, რომელმაც, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს სააკაშვილის დანიშვნას, თუმცა…

“რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა. მაგრამ სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცეპრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც, ჩემთვის მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმით თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა”, _ ეს გიორგი გახარიამ განაცხადა.

მართლა ვერ გეტყვით, რატომ არის ჩვენი პრემიერისთვის მიუღებლი “საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის” თმით თრევა, მაგრამ მან ისიც თქვა, _ თუ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობას დაიკავებს, ჩვენს ელჩს, სულ ცოტა, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთო. აი, ჩვენ კი გვგონია, რომ, თუ უკრაინის რადა მიშას დანიშვნას მხარს დაუჭერს, გახარია ვერაფერს გააწყობს და იცით, რატომ? დასავლეთი არ დაანებებს. ზუსტად ისე არ დაანებებს, როგორც დღეს არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება არ დაანება და გახარიას, კალაძის, კობახიძის, თალაკვაძისა და სხვა ლიდერთა თავდაჯერებული განცხადებები, კოდექსი არ შეიცვლებაო, ერთ კვირაში ელჩების ხელით ისე მარტივად ამოაყირავა, თქვენი მოწონებული. ჰოდა, იმავე ელჩების ხელით ჩვენს პრემიერს აუცილებლად დაუხშობენ საინფორმაციო ღრუს და ქართული მხარე ამ მიმართულებით შეშფოთება-აღშფოთების ძახილს ვერ გასცდება.

ერთი შეხედვით, ევროპასა და ამერიკას მარტივად შეუძლიათ საქართველოსა და უკრაინას თავი დაანებონ და რუსეთზე იერიში თვითონვე მიიტანონ, თვითონ აკრიტიკონ, ჩაუყონ დათვს თავი ხახაში, მაგრამ არა. მაშინ რუსეთთან ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მათი პროდუქციისთვის მიუწვდომელი გახდეს. ასეთ შემთხვევაში კი ისინი მილიარდებს იზარალებენ და რატომ, როცა მარტივად შეიძლება, რამდენიმე მილიონი მიუგდო საქართველოსა და უკრაინას და ისინი აყეფო?! ჰო, სწორედ რომ აყეფო, რადგან, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის პირველი პირების ხმა რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. რომ გითხრათ, ამას ქართული ან უკრაინული მხარე ვერ ხვდება-მეთქი, არ იქნება მართალი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ზესახელმწიფოების ომში პაიკები არიან, მაგრამ თითქოს სხვა გზა არ ჩანს, თითქოს სხვა პერსპექტივა არ არის და ამის მიზეზიც მარტივია _ კურსის შეცვლა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლებებმა 30 წელი ქვეყანა არასწორი მიმართულებით ატარეს და თავიანთ მოსახლეობას, უბრალოდ, ატყუებდნენ. ეს კი პოლიტიკური განაჩენია.

დასასრულ _ არავინ იცის, რას გადაწყვეტს უკრაინის რადა, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის დანიშვნა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობას მინიმუმამდე კი არ დაიყვანს, უბრალოდ, გააქრობს. მიშა აუცილებლად იქნება სატელევიზიო შოუების გმირი და ზელენსკი აუცილებლად მიხვდება, რომ პრეზიდენტობამდე რამდენი მასხარის (სხვათა შორის, მათ შორის მიშაც იყო) როლიც შეუსრულებია, ზღვაში წვეთი იქნება იმ ტაკიმასხარაობასთან შედარებით, რომელსაც სააკაშვილი დადგამს.

პურის რა გითხრათ, მაგრამ მიშას დანიშვნით უკრაინელი ხალხი სანახაობას აუცილებლად იხილავს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here