Home რუბრიკები სპორტი “მისტერ რუსული ჰოკეი”

“მისტერ რუსული ჰოკეი”

3602
“მისტერ რუსული ჰოკეი”

ვალერი ხარლამოვი კაშკაშა ვარსკვლავია საბჭოთა ჰოკეისტების იმ შესანიშნავი თაობისა, რომელმაც 1970-იან წლებში უამრავ ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. საბჭოთა კავშირის იმ ლეგენდარულ ნაკრებში ვალერი ხარლამოვი ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა _ მის გოლებსა და შედეგიან გადაცემებს მოჰქონდა გუნდისთვის წარმატებები და დიდება. სპეციალისტებისა და გულშემატკივრების აზრით, რომლებსაც ხარლამოვი ყინულის მოედანზე უნახავთ, ის უცხოპლანეტელივით თამაშობდა. მისი ფინტები და ვირტუოზული სრიალი, აგრეთვე, ტყორცნები გამარჯვების საწინდარი იყო სსრკ-ის ნაკრებისა და არმიის ცენტრალური სპორტული კლუბისთვის (“ცე-ეს-კა”) ბევრ მატჩში.

ვალერი ხარლამოვი 1948 წლის 14 იანვარს მოსკოვში დაიბადა. მამამისი _ ბორისი ზეინკლად მუშაობდა ქარხანა “კომუნარში”, დედა _ კარმენ ორივე-აბადი, წარმოშობით ბასკი (ბილბაოდან), ხარატი იყო იმ ქარხანაში, რომელშიც მისი მომავალი მეუღლე მუშაობდა.

ვალერი ხარლამოვმა ჰოკეის თამაში ადრეული წლებიდან დაიწყო. მამამისი გატაცებული იყო სპორტის ამ სახეობით და შვილსაც ყველანაირად უწყობდა ხელს ჰოკეისტის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ისინი ვარჯიშებზე ერთად დადიოდნენ, ამასთანავე, მამა ასწავლიდა შვილს ციგურებზე დგომას და ხელში ყვანჭის სწორად დაკავებას.

იმპროვიზებული გაკვეთილები შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოჯახმა გადაწყვიტა, ესპანეთში გადასულიყო. იმ პერიოდში, როცა ხარლამოვების ოჯახი ბილბაოში ცხოვრობდა, ვალერის მთავარი გატაცება ფეხბურთი იყო, თუმცა ჰოკეიში ვარჯიშისგან მიღებული შთაბეჭდილებები არ განელებია. საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ ვალერი ხარლამოვი მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ჰოკეის სკოლაში ჩაეწერა.

ჰოკეის მომავალმა თავდამსხმელმა პირველ წარმატებებს ყმაწვილობისას მიაღწია. მწვრთნელები “ცე-ეს-კას” ხელმძღვანელობას ურჩევდნენ, ხარლამოვი მთავარ გუნდში აეყვანათ, მაგრამ მათ ყმაწვილ ჰოკეისტში განსაკუთრებული ნიჭი ვერ შეამჩნიეს. არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის ხელმძღვანელებმა ხარლამოვს სათანადო ყურადღება მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირში შესანიშნავად გამოსვლის შემდეგ მიაპყრეს. არცთუ მაღალი ვალერი ყინულის მოედანზე აზროვნებითა და თამაშის შესანიშნავად “წაკითხვის” უნარით გამოირჩეოდა.

1968 წელს “ცე-ეს-კას” მწვრთნელმა ნელ-ნელა დაიწყო ხარლამოვის გამოყვანა ძირითად შემადგენლობაში. პირველი შაიბა მან მოსკოვის “კრილია სოვეტოვის” კარში გაიტანა და იმავე წლის (1968 წ.) ოქტომბერში დაიწყო ვლადიმერ პეტროვისა და ბორის მიხაილოვის გვერდით თამაში. სწორედ ამ მომენტიდან გაუმჯობესდა ვალერი ხარლამოვის მაჩვენებლები ელვის სისწრაფით _ მას ბევრი შაიბა გაჰქონდა და ბევრი შედეგიანი გადაცემის ავტორიც იყო.

ხარლამოვი, პეტროვი და მიხაილოვი
ხარლამოვი, პეტროვი და მიხაილოვი

1969 წელს “ცე-ეს-კას” ახალგაზრდული სამეული (აღსანიშნავია, რომ ამ სამეულის შექმნის იდეა ლეგენდარულ მწვრთნელ ანატოლი ტარასოვს ეკუთვნის) საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს. პირველივე თამაშებიდან სამეულმა _ მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვმა _ უმაღლესი კლასი აჩვენა და უმნიშვნელოვანეს რგოლად იქცა სსრკ-ის ნაკრებში. თვითონ ვალერი ხარლამოვი მაღალი შედეგიანობით გამოირჩეოდა. სამეულის დებიუტი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში შედგა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატზე. მიხაილოვმა, პეტროვმა და ხარლამოვმა 21 შაიბა შეაგდეს (მიხაილოვმა _ 9, პეტროვმა _ 6, ხარლამოვმა _ 6), საბჭოთა ნაკრებების წევრებმა კი ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს.

1970 წლის ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრებმა კვლავ დაიკავა პირველი ადგილი. მიხაილოვმა და ხარლამოვმა 7-7 შაიბა შეაგდეს, პეტროვმა _ 5. ტურნირის მთავარი გმირის წოდება კი მოიპოვა მათმა თანაგუნდელმა ალექსანდრე მალცევმა, რომელმაც 10 თამაშში 15 შაიბა შეაგდო.

ხარლამოვი და ესპოზიტო
ხარლამოვი და ესპოზიტო

სულ კი “მისტერ რუსული ჰოკეი” (ასე ეძახოდნენ ხარლამოვს კანადელი და ამერიკელი ჟურნალისტები) მონაწილეობდა 11 მსოფლიო ჩემპიონატსა და 3 ოლიმპიურ თამაშებში. ამ შეჯიბრებებში საბჭოთა კავშირის ნაკრები მე-3 ადგილზე ქვემოთ არ დაშვებულა და მოიპოვა ოქროს მედლების 10 კომპლექტი (8 მსოფლიო ჩემპიონატებში, 2 ოლიმპიადებზე). ვალერი ხარლამოვი საბჭოთა ნაკრების ლიდერი იყო თითოეულ ტურნირზე. მას ჰოკეის ისტორიაში ერთ-ერთ ბრწყინვალე თავდამსხმელად მიიჩნევდნენ.

სამეულმა _ მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვმა _ დაანგრია მითი კანადელი და ამერიკელი პროფესიონალების უძლეველობის შესახებ, როცა საბჭოთა ნაკრებმა “ენ-ჰა-ელ”-ის (NHL-ის) საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ჯერ 1972 წელს (3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება), შემდეგ კი 1976 წელს პირწმინდად გაანადგურა (4 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). ამ თამაშებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში ზემოაღნიშნულ სამეულთან ერთად გამოირჩეოდნენ მეკარე ვლადისლავ ტრეტიაკი, მცველები _ ალექსანდრე გუსევი და ვალერი ვასილიევი, თავდამსხმელები _ ალექსანდრე იაკუშევი და ალექსანდრე მალცევი.

ვალერი ხარლამოვი მეუღლესთან ერთად 1981 წლის 27 აგვისტოს დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

ჰოკეისტის შვილები _ ალექსანდრე და ბეგონიტა დაობლდნენ, მაგრამ მათზე შეფობა დაიკისრეს “ცე-ეს-კას” ჰოკეისტებმა. ალექსანდრე მოგვიანებით, მამის მსგავსად, სახელგანთქმული ჰოკეისტი გახდა, მისი და _ ბეგონიტა კი მხატვრულ ტანვარჯიშში მოღვაწეობდა.

ვალერი ხარლამოვის მიღწევები:

საბჭოთა კავშირის ნაკრებისა (1969-1980) და “ცე-ეს-კას” თავდამსხმელი, სსრკ-ის დამსახურებული ოსტატი, ორგზის ოლიმპიური (1972, 1976 წწ.) და 8-გზის მსოფლიო ჩემპიონი. 1972, 1973 წლებში დასახელებული იყო მსოფლიოს საუკეთესო ჰოკეისტად. არის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here