Home რუბრიკები საზოგადოება მისი უდიდებულესობა მუშათა კლასი

მისი უდიდებულესობა მუშათა კლასი

2615
მუშათა კლასი

მუშა, ქვეყნის დოვლათის შემქმნელი, ჩვენს მედიას (უპირველესად _ ელექტრონულს) მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა უბედურება დატრიალდება მის თავს: ან გადმოვარდება ვინმე მშენებარე კორპუსიდან, ან აფეთქდება მეთანი მაღაროში, ან აქციას გამართავენ ხელფასის მომატების მოთხოვნით. მაყურებელიც ასეთ სიუჟეტებს ეტანება. პარადოქსია, ადამიანები ბედნიერ ცხოვრებაზე ოცნებობენ და ტრაგიკული ამბების მოსმენით ერთობიანმიგვაჩვიეს?! არადა, იყო დრო, როცამოამბისყოველდღიურ გამოშვებაში მადლობას ვეუბნებოდით კეთილსინდისიერი შრომით გამორჩეულებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. “მადლობაერქვა ამ რუბრიკას, რომლითაც ერთხელ ახალგაზრდა სპეციალისტი ბიძინა ივანიშვილი გაიცნო საქართველომ. არც მეტი, არც ნაკლები. ასეთია ცხოვრება, რომლის დასაწყისში დგახარ და რომელიც სიურპრიზებით გრძელდება.

აქ, თბილისის ერთ ტრადიციულ უბანში, სამი კორპუსი შენდება.

ახედავ და დაინახავ, რომ სადღაც იქ, “სულ მაღლა და ზემოთ”, სადაც მთავრდება ამწე კოშკურის ისრის სამოქმედო არეალი, ამ აგვისტოში თბილისს შემოჩვეულ ღრუბლებს მიბჯენია მრავალსართულიანობის საფინალო კონტურები.

ქვემოთ, ხევში კი ბურღაობს ექსკავატორი ამ შენობის ტყუპისცალის საძირკველის გათხრაზე. სამი ნულოვანი სართულისთვის მიწისქვეშა სივრცის შესაქმნელადო, _ გამისწორებენ აქაურები, რომლებმაც პატივი დამდეს და “უცხო პირი” დაცულ ტერიტორიაზე მიმიპატიჟეს.

წლების განმავლობაში აქ ანტისანიტარიის ისეთი გეენა ტრიალებდა, რომ პარიზის ისტორიული  კლოაკა რივიერად მოგეჩვენებოდათ: ბარაკის ტიპის ნაგებობები, მოშლილი საკანალიზაციო ქსელის დამსკდარი მილები, ფეკალიებით სავსე ჭები, რომლებიდანაც ყროლი მასა გადმოედინებოდა. და ასეთ გარემოში ცხოვრობდნენ ადამიანები XXI საუკუნეში. დედაქალაქის პრესტიჟული უბნის კიდეში.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ ათეულობით აქ მცხოვრები ოჯახი, კანცელარიული შტამპი რომ ვიხმარო, “გაიუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს”.

უფასოდ!

კორპუსებს 21-კაციანი ბრიგადა აშენებს, ინჟინრებთან და მენეჯერებთან ერთად. შეკრული კოლექტივია _ ვეტერანებისა და ახალგაზრდა კადრების გონივრული შენადნობი.

ჯერ უფროს თაობას წარმოგიდგენთ.

თამაზ ასანიძე
თამაზ ასანიძე

თამაზ ასანიძე, ცნობილი მეტრომშენებელი, სამშენებლო კომპანიის მთავარი ინჟინერი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, 400 მეტრომშენებელთან ერთად, რუსეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან მაშინ საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურ კოლაფსში აღმოჩნდა და ეს მაღალკვალიფიციური არმია დაუსაქმებელი დარჩა, პერსპექტივით _ ნული.

მეტრო ვის ახსოვდა…

მაშინ იყო, რომ ქართველი მეტრომშენებლები რუსეთში მიიწვია მოსკოვის “მეტრომშენის” ხელმძღვანელმა იური კოშელევმა, რომელიც კარგად იცნობდა და დიდად აფასებდა ამ დარგის ჩვენ მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, მეგობრობდა თბილმეტრომშენის უფროსთან ბიძინა სონღულაშვილთან.

იური კოშელევმა გამოსტაცა უმუშევრობის ბაყბაყდევს ქართველი მეტრომშენებლები და მოსკოვში დაასაქმა.

_ თავდაპირველად მეტრო “ჩკალოვსკაიას” უბნის უფროსად გამამწესეს, _ იხსენებს ბატონი თამაზი, _ ურთულესი სამუშაოები შევასრულეთ. მოგვიწონეს და მანეჟის მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე გადაგვიყვანეს: კრემლის კომუნიკაციების დახლართული ქსელის აბლაბუდაში იუველირული სიზუსტით გვირაბი უნდა გაგვეყვანა. ჩვენამდე არც ერთმა ორგანიზაციამ ხელი არ მოჰკიდა. ვერ დაიკისრეს პასუხისმგებლობა.

ჩვენებმა შეძლეს. სახელი გაუვარდათ. ურთულეს ობიექტებზე იწვევდნენ, იყო ეს ეკატერინბურგში თუ იმავე მოსკოვში მეტროს მშენებლობაზე. ასანიძემ აქ კომპლექსის უფროსად კარგა ხანს იმუშავა.

ხოლო მას შემდეგ, რაც კომპანია “ინგეოკომმა” ტენდერი მოიგო, ქართველები ბოსფორის სრუტის ქვეშ ოთხკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე დასაქმდნენ. იცოდეთ: ამ უნიკალური პროექტის განხორციელების ავანგარდში ქართველები იდგნენ, ქართველი სუპერსპეციალისტები, თამაზ ასანიძის ხელმძღვანელობით.

ცრუქაქუცა მიხეილ სააკაშვილი თბილისიდან ლონდონში გასაყვანი გზის მოლანდებებით რომ ერთობოდა, ჩვენი თანამემამულეები საუკუნის ამ პროექტს რეალურად განახორციელებდნენ.

25 წელიწადი მუშაობდა თამაზ ასანიძე საქართველოს ფარგლებს გარეთ. 2017-ში დაბრუნდა სამშობლოში, მშენებლად.

* * *

ბატონი ოთარ ჭითანავა, სამშენებლო კომპანიის მენეჯერი, უწინდელი სლენგით _ “პრორაბი”, 70 წლისა ხდება. აქედან 50 წელიწადი მშენებლობაზე მუშაობს. ამ დროის განმავლობაში ორჯერ შეიცვალა სახელმწიფო წყობილება. მორიდებით ვთხოვ, საკუთარი გადასახედიდან შეაფასოს ერთიცა და მეორეც.

_ უწინ ხალხს ისე არ უჭირდა, როგორც დღეს, _ ბრძანებს ბატონი ოთარი, _ სამუშაო საძებნი არავის ჰქონდა და ბევრი სიკეთეც იყო: ბინებს უფასოდ გვირიგებდნენ, მუშათა კლასს აფასებდნენ სახელმწიფო ჯილდოებით, ათასნაირი შეღავათითა და წახალისებით. რაც მთავარია, იყო ურთიერთპატივისცემა, სინდის-ნამუსი, ვიცოდით უფროს-უმცროსობა, ქალისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება ნორმა იყო.

დღეს, სამწუხაროდ, ადამიანი საზოგადოებისთვის გაწეული შრომით არ ფასდება, მოქალაქეზე ზრუნვა აღარ არის ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა.

ადამიანმაც დაკარგა მოვალეობის გრძნობა. ჩემს შორეულ ახალგაზრდობაში ათმეთაურად რომ დამნიშნეს, სანამ დავალებულ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანდი, არ მოვეშვებოდი. მიუხედავად იმისა, რომ საღამოობით პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი და დაღლილ-დაქანცულს ლექციაზე შეიძლება ჩამეყვინთა კიდეც, ვასწრებდი სწავლასაც და შრომასაც. გამონაკლისი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ.

დღეს შრომის ორგანიზებაზე, მით უფრო, მეცნიერულ ორგანიზებაზე, არა მგონია, ფიქრობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში. ისევ “ძველების თაობა” ვცდილობთ ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების მოხმობით სამუშაო პროცესის რაციონალურ კალაპოტში ჩაყენებას.

50 წლის განმავლობაში აშენებული აქვს, ლტოლვილების კოტეჯების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვა ნაგებობათა ჩათვლით, 200-მდე ობიექტი. სად?

თბილისის ყველა რაიონში, შემდეგ _ ქურთაში, სკრაში, სხვაგან და სხვაგან, მოკლედ, ყველგან, სადაც საჭირო იყო.

პაატა ოკუჯავა
პაატა ოკუჯავა

პაატა ოკუჯავას მშენებელთა ბრიგადა ახალგაზრდულია: დურგლები, მეარმატურეები, მებეტონეები, ელშემდუღებლები. როგორც წესი, კვალიფიციური მუშები. ჩემისთანას, მაგალითად, შავ მუშადაც არ მიიღებენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თავს ვერ გავართმევ, მიუხედავად იმისა, რომ ბებერი ხარის რქებიცა ხნავენ. მეორეც იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი შავ სამუშაოს, მშენებლობას თუ დასჭირდა, არ ერიდება, გააკეთებს.

ძირითადად რაიონებიდან ჩამოსულებით არის დაკომპლექტებული ბრიგადა, ერთიორიც თბილისელია.

_ კარგი ბიჭები მყავს, _ ამბობს პაატა, _ ოჯახივით ვართ, ერთი ორგანიზმივით: ალექსი ფარსადანიშვილი, დავით არზუმანიანი, ტარიელ გადაბაძე, გენადი აგაპკინი, გიორგი ღუღუნიშვილი, მერაბ ხვედელიძე, თამაზ ცინდელიანი.

_ ინტერნაციონალი!

_ ასე გამოდის.

პაატა მარტვილელია, სოფელ დიდი ჭყონიდან. 2006 წლიდან მშენებლობაზე მუშაობს _ თვითნასწავლი მშენებელია, მაგრამ ისეთი გამოცდილი, ზოგ დიპლომიანს რომ შეშურდება. ბრიგადის წევრების უმეტესობა მარტვილიდანაა, კახეთიდანაც მყავსო, _ დამიზუსტებს. მეზობელი სენაკიდანაც: როლანდ გუგუნავა, გიორგი ხოფერია, გიორგი ნაჭყებია (აქ წამით შევწყვეტ ჩამოთვლას და მივმართავ ჩემს ძველ მეგობარს, კოლეგასა და ამაგდარ ადამიანს _ გიორგი ნაჭყებიას, რომელიც ახლახან 90 წლისა გახდა; აი, შენი სეხნიაც გამოჩნდა ახალ თაობაში. სახელთან ერთად, საქმენიც გამეორდება, ჩემო ჟორა ბატონო!), ირაკლი პერანიძე, ბეჟან არევაძე, ქირია, გერხელია

_ ხელფასების პრობლემა?

_ ვერგებით ხელფასს. ახლახან წაგვიმატეს. იქით-იქით კიდევ იქნებაო.

ამასობაში (ჩემი თხოვნით) შეგროვდა ბრიგადა მესამე სართულზე ასასვლელ კიბესთან, ნაწილობრივ. ყველა ვერ მოცდა სამუშაოს. შეგროვდნენ და ძალიან ჰგავდა ახალგაზრდების ეს კრებული მსოფლიო პირველობაზე გამარჯვებული სპორტსმენების გუნდს, რომელმაც ფინალური შეხვედრა -ეს-ესაა მოიგო და სამახსოვრო ფოტოს იღებს.

არ იყო ოქროსფერი წვიმის ამოფრქვევა, არ ჟღერდა საზეიმო მელოდიის დიდებული აკორდები, არ ჰქუხდა და გრიალებდა ეგზალტირებული მაყურებლებით სავსე ტრიბუნები. მხოლოდ სახუმარო რეპლიკებს ისროდნენ ასეთ ფოტოსესიებს მიუჩვეველი ბიჭები, რომლებსაც მაინცდამაინც არ სჯეროდათ, რომ გაზეთში დაიბეჭდებოდა მათი ჯგუფური ფოტო.

არ სჯეროდათ, რადგან ჟურნალისტებს დღემდე არ აუტალახებიათ ლამის მუზეუმის პარკეტივით მოვლილი აქაური ბეტონის იატაკები, სადაც, სიგარეტის ნამწვავს კი არა, ზაფხულის ხვატით დამჭკნარ-გაყვითლებულ ფოთოლსაც ვერ იპოვი.

ამ ოთხშაბათს, დილით გაზეთების დასტას რომ მოგიტანთ (კი გამიჭირდება თქვენამდე ამოღწევა _ თვეში ორი სართული აგყავთ), მაშინ ხომ დაიჯერებთ! მოგიტანთ და ძველი ტრადიციისამებრ გეტყვით: გმადლობთ, ბიჭებო!

არმაზ სანებლიძე

P.S. ნუ იკითხავთ, კერძოდ რომელ მშენებლობას ეხება ეს ნაუცბათევი ჩანახატი, ვერ გიპასუხებთ, რადგან საკმარისია, სადმე გამოჩნდეს დადებითი პუბლიკაცია, სახელდებითი კონკრეტიკით, რომ საგადასახადო სამსახური უმალვე რეკლამად ჩათვლის და მერე, მიდი და იხადე გადასახადი შემოსავლიდან, რომელიც არ მიგიღია, რადგან არავის არ მოუცია.

ან რატომ უნდა მოეცა?

სამაგიეროდ, ვინც გინდა და რამდენიც გინდა, ლანძღე, სანამ არ მოგწყინდება, უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს.

სიტყვის თავისუფლება დღეს ასე ესმით.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here