ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი ამბობდა: „აშშ–ში ისეთი ადამიანები ატარებენ ძვირფას ჰალსტუხებს, რომლებსაც ბაწარი უფრო მოუხდებოდათ”. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიდნენ და ქმნიან ცხოვრების დასაგმობ წესს, შემდეგ კი გაუთავებლად ეწევიან ამ უვარგისი ცხოვრების წესის რეკლამას. დიდი ძალა აქვს რეკლამას – იგი სიცრუეს სიმართლედ წარმოაჩენს…
მე იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც „ამერიკის ხმასა” და „თავისუფლებას” უსმენდა და იქიდან მოსმენილი ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებად მიაჩნდა, რადგან ერთპარტიულობა, მარქსისტული იდეოლოგიის მკაცრი ჩარჩო და საბჭოთა ცენზურა დასავლურ თავისუფლებას აწყურებდა. ჩვენ საიდანღაც მუდმივად ჩაგვჩიჩინებდნენ: დასავლეთი თავისუფალი სამყაროა, აშშ კი – თავისუფალი სამყაროს ფლაგმანი. ჩემს ახალგაზრდობაში ისიც კი გაგვიგია, რომ ამერიკულ გზებზე ასფალტს კი არა, კაუჩუკის საფარს აგებდნენ და ისედაც კომფორტული კადილაკები, შევროლეები და კრაისლერები განსაკუთრებულად რბილად დასრიალებდნენ იმ უცნაურ მაგისტრალებზე, რომლებიც მხოლოდ ამერიკისთვის იყო დამახასიათებელი. მოგვიანებით, ამ ქვეყანაში ჩასულს, იმდენჯერ მწარედ გამეღიმება, რამდენჯერაც ჩვენი ავტომობილი მწარედ ჩაარტყამს ნიუ-იორკის ქუჩების ორმოებში.
მითები მაინც მითებად რჩება:
ამერიკა შესაძლებლობათა ქვეყანაა!
ამერიკას, ადამიანები კი არა, ინსტიტუტები მართავენ!
ამერიკა დემოკრატიისა და თავისუფლების მწვერვალია! – დღე და ღამ გვიკიჟინებენ „იუსაიდის”, „ნედისა” და სხვა ამერიკული თაღლითური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ტელეარხებიდან.
თავის დროზე თეთრი სახლიდან უსამართლოდ გაძევებული, მაგრამ რაღაც მანქანებით ისევ მობრუნებული ტრამპი კი კონგრესში გამართულ შეხვედრაზე გასაოცარ ფაქტებს ასმენინებს მსოფლიოს: „ჩემი ადმინისტრაცია ყოველდღიურად იბრძვის იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს. ჩვენ მოვედით ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად”. აშშ, დღემდე თავისუფლების მექად რომ გვესახება, თურმე თვითონ ყოფილა გასათავისუფლებელი. ვისგან? რისგან? „ექვსი თვის განმავლობაში ასამდე განკარგულებას მოვაწერე ხელი და განვახორციელე ოთხასამდე აღმასრულებელი ქმედება (რეკორდი), რათა აღვადგინო საღი აზრი”, – ეს ტრამპის სიტყვებია. „აღვადგინო საღი აზრი” იმას ნიშნავს, რომ აქამდე აშშ-ში საღი აზრით არ ხელმძღვანელობდნენ. „ადამიანებმა მე ამ სამუშაოს შესასრულებლად მიმიწვიეს”, – აცხადებს ტრამპი. ეს ნათქვამი კი იმას ნიშნავს, რომ საღი აზრის უქონლობა მხოლოდ ტრამპის აღმოჩენა არ არის, ეს ფაქტი ხალხისთვისაც ნათელი ყოფილა.
ტრამპმა საშინაო პრობლემებზე გაცილებით მეტი ისაუბრა, ვიდრე საგარეო საკითხებზე. ესეც ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ აშშ-ს შიგნით მეტი წინააღმდეგობა აქვს, ვიდრე გარეთ, თუმცა ვიცით, რა მასშტაბის პრობლემები აქვს მას დაგროვილი საერთაშორისო ურთიერთობებში.
„ჩვენ მოვიცილეთ გასამხედროებული მთავრობა, სადაც მოქმედ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა, სასტიკად ედევნა პოლიტიკური ოპონენტი, ვთქვათ ისეთი, როგორიც მე ვარ. მე ავკრძალე სამთავრობო ცენზურა და ამერიკაში სიტყვის თავისუფლება დავაბრუნე. ის დაბრუნდა”, – განაცხადა ტრამპმა აშშ-ის ერთ–ერთი უმაღლესი ტრიბუნიდან.
დამაფიქრებელი ნათქვამია. თუკი აშშ-ში აქამდე პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიდნენ და სიტყვის თავისუფლებაც წართმეული ჰქონდათ, რანაირად იყო იგი თავისუფლებისა და დემოკრატიის მექა?! ან ასე ხელის ერთი აქნევით შესაძლებელია თავისუფლების დაბრუნება ქვეყანაში, რომელსაც იგი დიდი ხნის დაკარგული ჰქონდა?!
ახლა ტრამპის ეს ნათქვამიც ვნახოთ: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ხართ თქვენ – ბუღალტერი, იურისტი თუ ავიადისპეტჩერი, უნდა გაწინაურებდნენ არა რასობრივი ან სქესობრივი კუთვნილების მიხედვით, არამედ პროფესიონალიზმისა და გამოცდილების შესაბამისად”.
როგორც ვხედავთ, საქმე თანდათან რთულდება. ტრამპი აღიარებს, რომ პროფესიონალიზმზე მაღლა ამერიკაში რასობრივი და სქესობრივი კუთვნილება დგას, რაც ამ ქვეყანაში მძიმე ეროვნულ, სოციალურ და კულტურულ მდგომარეობაზე მეტყველებს.
ტრამპი განაგრძობს: „ჩვენ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლებიდან უკვე ამოვიღეთ რასობრივი თეორიის საწამლავი. მე, აგრეთვე, ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ აშშ–ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკაა ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – ქალი და მამაკაცი. მე ავკრძალე მამაკაცების მონაწილეობა ქალთა სპორტში”.
ყველაფრიდან ჩანს, რომ ტრამპს კიდევ ბევრი აქვს სათქმელი: „რაც მე აღვწერე მხოლოდ მცირე ნაწილია საღი აზრის რევოლუციისა, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოს მოედო. საღი აზრი საერთო საკითხად იქცა და აქედან უკან არასოდეს დავბრუნდებით”. საღი აზრის რევოლუცია ძალიან კარგად ხვდება ყურს, მაგრამ ეს ნათქვამი ხომ იმასაც ნიშნავს, რომ აშშ-ში საღი აზრი თურმე მხოლოდ ახლა იღვიძებს?!
აშშ-ში არსებულ მწვავე პრობლემებს ტრამპი ახლა განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს: „მე შევქმენი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს… მოისმინეთ, ზოგიერთი შემაშფოთებელი ხარჯის შესახებ, რომელიც უკვე გამოვლინდა:
* 45 მილიონი დოლარი ბირმაში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისთვის;
* 40 მილიონი დოლარი მოუქნელი მიგრანტების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის;
* 8 მილიონი დოლარი ლგბტ პირების დაწინაურებისთვის აფრიკულ ქვეყანა ლესოტოში;
* 60 მილიონი დოლარი ცენტრალურ ამერიკაში აბორიგენი მოსახლეობის უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის;
* 8 მილიონი დოლარი თაგვების ტრანსგენდერად ჩამოყალიბების ექსპერიმენტისთვის;
* 32 მილიონი დოლარი მოლდოვაში მემარცხენე რადიკალური პროპაგანდისტული ოპერაციისთვის;
* 20 მილიონი დოლარი ახლო აღმოსავლეთში არაბული სატელევიზიო პროგრამისთვის -„სეზამის ქუჩა”;
* 1, 9 მილიარდი (მ ი ლ ი ა რ დ ი – ვ.კ.) დოლარი ახალშექმნილი კომიტეტისთვის, რომელიც მუშაობს სახლების დეკარბონიზაციის საკითხზე;
* 3,5 მილიონი დოლარი თევზის რესურსის მონიტორინგისთვის;
* 1,5 მილიონი დოლარი ლიბერიაში ამომრჩეველთა ნდობის მოსაპოვებლად;
* 14 მილიონი დოლარი მალიში სოციალური ერთიანობისთვის;
* 59 მილიონი დოლარი არალეგალური ემიგრანტებისთვის სასტუმრო ნომრების დასაქირავებლად ნიუ–იორკში;
* 250 000 დოლარი ადგილობრივი ვეგანური ინოვაციებისთვის კლიმატის სფეროში ზამბიაში;
* 42 მილიონი დოლარი უგანდაში სოციალური და ყოფა–ცხოვრებითი ცვლილებებისთვის;
* 14 მილიონი დოლარი სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად სერბეთში;
* 47 მილიონი სწავლების შედეგების გასაუმჯობესებლად აზიაში;
* 101 მილიონი DEI-ს კონტრაქტისთვის განათლების სამინისტროში;
ჩვენი ადმინისტრაციის მიერ მთელი ეს თაღლითობა (არის გაცილებით უარესებიც) გაშიფრულია, მხილებულია. ილონ მასკის მეთაურობით აღმოჩენილია ასობით მილიარდი დოლარის თაღლითობა”.
ახლა გეკითხებით: სახელმწიფო, რომელშიც ასეთი ამბები ტრიალებს, შეიძლება დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრად მიგვაჩნდეს? თუმცა ეს ხომ ყველაფერი არ არის. ტრამპმა ამის გარდა ისეთი ამბები გამოფინა სააშკარაოზე, რომ ძნელია დაჯერება. „ეს მხოლოდ დასაწყისია, – აცხადებს ტრამპი, – ფედერალურმა სახელმწიფო ორგანიზაციამ, კონტროლის პალატამ ქვეყნისთვის ყოველწლიურად მიყენებული 500 მილიარდი დოლარის ზარალი აღმოაჩინა. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს შოკისმომგვრელი ფაქტები თაღლითობისა ხანდაზმული ადამიანების სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. გინდათ – დაიჯერეთ, გინდათ – ნუ დაიჯერებთ, მაგრამ მონაცემთა სამთავრობო ბაზაში აღრიცხულია:
* 100-დან 109 წლამდე ასაკის 4,7 მილიონი ადამიანი;
* ამავე სიაში 3,6 მილიონი ადამიანია 110-დან 119 წლამდე;
* 3,4 მილიონი ადამიანია, რომელთა ასაკი 120-დან 129 წლამდე მერყეობს;
* 3,9 მილიონი ადამიანია, რომელთა ასაკი 130-დან 139 წლამდეა;
* 3,5 მილიონი ადამიანი კი 140-დან 149 წლამდეა;
* 1,3 მილიონი ადამიანი 150-დან 159 წლამდეა;
* 130 ათასი ადამიანი კი 160 წლზე მეტი ხნისაა.
ჩვენ გაცილებით ჯანმრთელი საზოგადოება გვყავს, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა“.
თუმცა არც ეს არის ყველაფერი, – განაგრძობს პრეზიდენტი:
“* 1039 ადამიანი გვყავს 220-დან 229 წლამდე ასაკის;
* ერთი ადამიანის ასაკი კი, რომელიც ამ სიაში ირიცხება, არც მეტი, არც ნაკლები, 360 წელიწადია. ეს ადამიანი 100 წლით უფროსი გამოდის ჩვენს სახელმწიფოზე.
ჩვენ მალე დავადგენთ, სად მიდის ეს თანხები. ეს ძალიან საინტერესო იქნება”.
ასე აღმოაჩინეს აშშ-ში ბიბლიური მათუსალების ქვეყანა (ეს სახელი მრავლობით ფორმაში არ გამოიყენებოდა, რადგან ბიბლიის მიხედვით ერთი მათუსალა არსებობდა, რომელიც ნოეს ბაბუა იყო და 969 წელიწადს იცოცხლა). ტრამპის მონათხრობის მიხედვით კი ირკვევა, რომ აშშ-ში ათასობით მათუსალა ჰყოლიათ, რადგან, რაც მეტი იქნება მათი რაოდენობა, მით მეტი იქნება თანხა, რომელიც კორუფციულად მიედინება და მიედინება სხვადასხვა დონის მაღალჩინოსანთა ჯიბეებში.
იმ ადამიანებს, რომლებიც ამგვარ სიბინძურეში არიან ჩართულნი, შესაძლებელია, ძვირფასი ჰალსტუხები უბრალო ბაწრებით შეუცვალონ (მარკ ტვენის შეგონების შესაბამისად), მაგრამ ეს საკითხის სხვა ასპექტია, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ სხვა შეკითხვა უფრო უნდა გვაწუხებდეს: აშშ არ აღმოჩნდა ის სახელმწიფო (ის იდეალი), როგორადაც ათეულობით წლების განმავლობაში გვესახებოდა. აქ მხოლოდ კორუციაზე არ არის საუბარი. ეს არის ფასადური დემოკრატიის იმპერია, რომლის მიღმაც ძალმომრეობა, უსამართლობა და უზნეობა იმალება. იმალებოდა, მაგრამ ვეღარ იმალება. ფსალმუნებში ტყუილად როდია ჩაწერილი: „არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს”.
ასე დაგვემსხვრა ამერიკული მითი. ახლა საკითხავია, რამდენ ხანში შევძლებთ მითის მითისგან განთავისუფლებას, რადგან დამსხვრეული მითის ადგილზე ახალი მითი აღმოცენდება ხოლმე – მითის მითი.
ვალერი კვარაცხელია