Home რუბრიკები პოლიტიკა მთავრობის არაადეკვატურობა და ივანიშვილის პასუხისმგებლობა

მთავრობის არაადეკვატურობა და ივანიშვილის პასუხისმგებლობა

2314
გიორგი ქობულია-მიხეილ ბატიაშვილი-ივანე მაჭავარიანი

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩაფლავების შემდეგ მართვის სადავეები მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა აიღო ხელში. აკი თავადაც თქვა ექსპრემიერმა, _ მიშვებული მქონდა ყველაფერი და დროზე მოვბრუნდი პოლიტიკაში, თორემ შემდეგ მობრუნებასაც აზრი არ ექნებოდაო. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პირობა დადო, ერთი წელი მაცადეთ და თვითონ ნახავთ, სასწაულს მოვახდენო.

ენდო თუ არა ივანიშვილის განცხადებას ამომრჩეველი, დღის ბოლოს უნდა გამოჩნდეს. ძველი გვარდია, ანუ 2012-იანელები ელოდებიან, რომ მათ მივიწყებულ ღვაწლს გაიხსენებენ და კეისარს კეისრისა მიეზღვება, თუმცა ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, რადგან ექვსი წლის განმავლობაში თბილ ადგილებზე მოკალათებული გვამები იოლად არაფერს დათმობენ. რაც მთავარია, მათ მხარეს ფინანსური რესურსია, ის რესურსი, რომელიც სწორედ ამ ექვსი წლის განმავლობაში დააგროვეს და ახლა უშურველად დახარჯავენ, დაგროვებულის გაზრდის შესაძლებლობა რომ შეინარჩუნონ.

ამას გარდა, ივანიშვილს ერთი უზარმაზარი პრობლემა აქვს: იმის მიუხედავად, რომ მან რამდენჯერმე გაიმეორა, ახალი მინისტრთა კაბინეტი ძალიან მომწონს, მამუკა ბახტაძემ კარგი გუნდი შეკრაო, ფაქტია, რომ ჩვენი მთავრობის მინისტრები რეალობას აცდენილები არიან. სხვას რას უნდა დავაბრალოთ ის არაადეკვატური განცხადებები, რომლებსაც ყოველდღიურად აკეთებენ.

განათლების მინისტრით დავიწყოთ. საერთოდ, განათლების სფერო ცალკე და დიდი კრიტიკის თემაა, მაგრამ ახლა ერთ კონკრეტულ გარემოებაზე ვისაუბრებთ. მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, მშობლებთან და სპეციალისტებთან შეხვედრისას არაერთხელ დაისვა საკითხი, რომ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” უნდა დაბრუნდესო. სიმართლე რომ ითქვას, ამას მოითხოვს პრაქტიკულად ყველა პირველკლასელის მშობელი და ლოგიკურიც არის _ “დედა ენა”, რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ, მართლაც ყველასთვის საყვარელი, მისაღები და, რაც მთავარია, ბავშვების სწორად აღზრდაზე მისადაგებულია. ჰოდა, მინისტრს ეს იდეა რომ მოეწონა, ძალიან კარგია, მაგრამ…

ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და მერე გადავწყვეტთ, რამდენად მიზანშეწონილია გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დაბრუნება, რამდენად გასცემს პასუხს ის 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, _ განაცხადა ბატიაშვილმა და, სიმართლე გითხრათ, ამ განცხადების შემდეგ სწორედ გოგებაშვილის “დედა ენაში” ნასწავლის თქმის სურვილი გაგვიჩნდა: “აი თითი”!

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბოლო კვირაში ორი საწარმო გახსნა და ამის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: მიმდინარე პროექტებით კმაყოფილი ვარ, ყველა რეგიონს ასი მილიონი ხმარდება, რაც ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანსო. ასი მილიონი ყურს კარგად ჭრის, თუმცა, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, რეგიონისთვის ასი მილიონი ლარი, პრაქტიკულად, არაფერია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ცქიტიშვილის განცხადება ზედაპირულია და ახლავე აგიხსნით რატომ. ავიღოთ, მაგალითად, სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონი, რომელშიც ცხრა მუნიციპალიტეტია გაერთიანებული _ ფოთი, ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი და მესტია. გამოდის, რომ თითო მუნიციპალიტეტს დაახლოებით 11 მილიონი ერგო და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლების რაოდენობა, საერთო ჯამში, ხუთასს უკაკუნებს, მივხვდებით, რომ დახარჯული თანხები ზღვაში წვეთია. შესაძლოა, თქვათ: რაღა მაინცდამაინც ისეთ რეგიონს მიადექით, ცხრა მუნიციპალიტეტს რომ მოიცავსო?! კი, ბატონო, ქვემო ქართლზე ვთქვათ თავისი შვიდი მუნიციპალიტეტით _ რუსთავი, მარნეული, ბოლსნისი, დმანისი, გარდაბანი, წალკა და თეთრიწყარო. ამ შვიდ მუნიციპალიტეტს 350 სოფელი აქვს და მოსახლეობა ნახევარ მილიონს აჭარბებს. არც ამ რეგიონს ჰყოფნის ასი მილიონი და არც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს, რომელშიც, მართალია, ოთხი მუნიციპალიტეტია (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) გაერთიანებული, მაგრამ საქმე 255 სოფელთან გვაქვს, რომლებსაც ასი მილიონი ვერანაირად ვერ ეყოფა და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს თითო სოფელს ხუთ მილიონს დავპირდით. პრინციპში, ჩვენ კი არ დავპირდით, დაჰპირდნენ. სამართლიანობისთვის იმასაც ვიტყვით, რომ ნათქვამია: “ზღვა კოვზით დაილიაო”, და სულ არარაობას, რაც კეთდება, ესეც კარგია. მთავარია, ასეთიასმილიონიანი აქციებიარ იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება, რეალურად იყოს მიმართული კონკრეტული საჭიროებების გრძელვადიანად გადასაჭრელად და ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში მათ პერმანენტული ხასიათი ჰქონდეთ.

გაუგებრობაშია მოხვედრილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ეს კაცი ან მართლა ვერ ხვდება, სად არის და რა თანამდებობა უკავია, ან ვიღაცამ უთხრა, რაც გინდა, ის ილაპარაკე, ფინანსებში ისე ვართ გაჭედილი, მაინც არაფერი გვეშველებაო. გასული კვირის დასაწყისში მაჭავარიანმა ამაყად გამოაცხადა: საქართველოს მოსახლეობა ასეთი მდიდარი, როგორც ახლა არის, არასდროს ყოფილაო. მერე, ალბათ, ვიღაცამ უთხრა: დიდი სისულელე თქვიო და გამოასწორა _ ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნით, ოღონდ 2025 წლამდეო. ანუ, მაჭავარიანმა გათვალა, დათვალა და ამ მოწვევის პარლამენტის (რომლის უფლებამოსილების ვადაც 2 წელიწადში იწურება) დრო რომ არ ეყო, ვერც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დროში ჩაეტია და კიდევ იქით გადაგვიწია დასაქმების პერსპექტივა. ასეთი გაწელვის მიუხედავად, დავითვალეთ და… რბილად რომ ვთქვათ, გვატყუებთ, ბატონო ივანე, და ახლავე აგიხსნით რატომ.

ხელისუფლების დათვლითა და გათვლით, ერთი სამუშაო ადგილის შექმნას საქართველოში დაახლოებით 35 ათასი ლარი სჭირდება; შესაბამისად, ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას _ 17.5 მილიარდი ლარი. გავყოთ ეს რიცხვი შვიდ წელზე (იმ შვიდ წელზე, რომლის განმავლობაშიც უნდა შეიქმნას ეს ადგილები) და გამოდის, რომ ყოველწლიურად საიდანღაც უნდა მოვიტანოთ 2.5 მილიარდი ლარი, რათა შევქმნათ დაპირებულდაანონსებული სამუშაო ადგილი. თანაც, ერთიანად რომ არ მოგვიხდეს სამუშაო ადგილების შექმნა და ეტაპობრივად გადავანაწილოთ, ყოველ წელიწადს დაახლოებით 70 ათასი ადგილია შესაქმნელი და, როგორც აღვნიშნეთ, 2.5 მილიარდი ლარი დასახარჯი. არადა, მაჭავარიანმა, რომელმაც უკვე შეადგინა 2019 წლის ბიუჯეტი და 2020 წლის პრიორიტეტებიც განსაზღვრა, ზუსტად იცის, რომ არც ამ წლის და არც მომავალი წლის ბიუჯეტში თავისუფალი 2.5 მილიარდი ლარი არ არის. კიდევ ერთი გარემოება გვინდა აღვნიშნოთ, რომელსაც თითქმის არ ახსენებს მთავრობა: როგორი იქნება ხელფასი ამ ახალ სამუშაო ადგილებზე (თუ ისინი შეიქმნა, რაშიც, გულახდილად გეტყვით, ეჭვი გვეპარება) და როგორი იქნება სამომხმარებლო ფასები, რომლებზეც ეს ხელფასი იხარჯება?

რეკორდსმენად შეგვიძლია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი _ გიორგი ქობულია მოვნათლოთ. როგორც იქნა, მან საქართველოსთვის მოიცალა და მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზედიზედ რამდენიმე დღე გაატარა ჩვენს ქვეყანაში. ეს უკვე მიღწევაა. მინისტრი რომ გახდა, სრულიად საქართველო ეძებდა და ვერ პოულობდა. თურმე პირადი საქმეების მოსაგვარებლად ყოფილა წასული და სამინისტრო ზუსტად ისე იყო მიშვებული თავისუფალ ცურვაში, როგორც ახლა ეროვნული ვალუტაა. ჰოდა, ქობულიამ გვამცნო: ლარს სერიოზული არაფერი სჭირსო და…

“ლარის გაუფასურება ფსიქოლოგიური სტრესის შედეგია და, როგორც კი ეს სტრესი შენელდება, ეროვნული ვალუტა შესაბამის ნიშნულს დაუბრუნდება. უკვე დაწყებულია ეს პროცესი და ნახავთ არჩევნების დასრულების შემდეგ… თუ ჩვენი პროგრამა შევასრულეთ, მაშინ ლარი შეიძლება ზედმეტადაც გაძლიერდეს”. ზუსტად ეს სიტყვები თქვა ქობულიამ და უნებურად გიორგი გაჩეჩილაძე გამახსენდა, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნიდან იკითხა: ლარი დოლარს რომ გაუსწრებს, თუ ხართ მზად, ჭარბი ლარი ხმარებიდან ამოიღოთო? გარდა ამისა, ცოტა ადრე ფინანსთა მინისტრმა მაჭავარიანმა ბრძანა: ლარის გაუფასურება სპეკულაციის შედეგი იყოო. ეს უფრო ახლოა სინამდვილესთან და ქობულიამ რა გვითხრა: მავანნი, ვისაც ლარით სპეკულაციაზე მიუწვდება ხელი, ისინი იყვნენ სტრესში? ბატონო ქობულია, სტრესის რა გითხრათ და, იმას თუ გვეტყვით, რას აპირებს საიმისოდ მთავრობა, რომსტრესშიაღარ ჩავვარდეთ (გასაქცევად არ გაიხადოთ საქმე) და მერედასტრესილებმალარით რომ აღარ ისპეკულანტოთ?

ქობულიამ, აგრეთვე, გვითხრა: მერე რა, ამ გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, სამაგიეროდ, ტანსაცმელზე დაიკლოო. ნაციონალების პერიოდში იყო ფრთიანი ფრაზა: “ასფალტი ვჭამოთ?!” და, ბატონო გიორგი, ტანსაცმელი ჭამოს ხალხმა? რას ჰქვია, ფსიქოლოგიური სტრესის შედეგი?! იმას რით აგვიხსნით, რომ, როგორც კი ხელისუფლებამ მოინდომა, არც სტრესს შეუშლია ხელი და არც სხვა ფაქტორებს, ისე ამოსდეს ლაგამი გაქცეულგაჭენებულ ლარს?! ახლა არ თქვათ, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, სტრესი რომ მოხსნოდა მოსახლეობასო. პირიქით, პიკი ახლაა და, წესით, ლარის პიკიც ახლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, დაიჭირეთ, გააჩერეთ და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ლარის თამაში მაღალჩინოსნების მოწყობილჩაწყობილი სპექტაკლი იყო და ამ თამაშთამაშში ვიღაცამ დიდძალი ფული იშოვა.

ჰოდა, ამას ვამბობთ, ბატონო ბიძინა, ერთ წელიწადში რომ აპირებთ ყველაფრის დალაგებას და პირობას დებთ, გამოვასწორებ მინუსებსო, ამ არაადეკვატურ განცხადებებს და მათ ავტორებს თუ ადევნებთ თვალს ან თუ გეუბნებათ ვინმე, რომ, რასაც თქვენი მინისტრთა კაბინეტის წევრები საუბრობენ, მოწყვეტილია რეალობას?! სიმართლე გითხრათ, ძალიან გვეეჭვება, ვინმემ ამ სიმართლის თქმა გაგიბედოთ და დარწმუნებულები ვართ, ზუსტად ისევე გიხატავენ ლამაზ ფერებში ყველაფერს, როგორც არჩევნების პირველ ტურში დაგიხატეს და, სანამ ფაქტის წინაშე არ დადექით, მანამდე გჯეროდათ, რომ ლიბერალების მიერ თავსმოხვეული საშინაო და საგარეო პოლიტიკა არჩევნებს მოგაგებინებდათ. ბატონო ბიძინა, გატყუებენ, ისევ გატყუებენ და, თუ ამ ტყუილებს აჰყვებით, გამოვა, რომ მოსახლეობას უკვე ისინი კი არა, თქვენ მოატყუებთ, რადგან სიტუაციის გამოსწორების პირობა სწორედ თქვენ დადეთ და ხალხი უკვე მეორედ გენდოთ. დაპირებების ერთხელ არშესრულება შეიძლება ხალხმა შემთხვევითობას მიაწეროს, მაგრამ პირობის მეორედ შეუსრულებლობას უკვე ან სრულ არაკომპეტენტურობაში, ან შეგნებულად მოტყუებაში ჩაგითვლის. იმედია, ეს ყველაფერი კარგად გაქვთ გაცნობიერებული.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here