Home რუბრიკები ისტორია მე ვიცი და ჩემმა სინდისმაო

მე ვიცი და ჩემმა სინდისმაო

არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში

1346
აკაკი წერეთელი

ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთიდროებაპირველი ევროპული ტიპის გაზეთი იყო, რომელიც 1866 წლის 4 მარტს გიორგი წერეთლის რედაქტორობით გამოვიდა. “დროებამგანაგრძოსაქართველოს მოამბისსაუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად და უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სხვა პრობლემებს.

ამ გაზეთმა ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები _ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, პეტრე მელიქიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ანტონ ფურცელაძე და სხვები.

70-იან წლებშიდროებისფურცლებზე აკაკი წერეთლმა დაამკვიდრა რუბრიკაცხელცხელი ამბები”, სადაც იმდროინდელი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების მანკიერ მხარეებს ამხელდა. მკითხველს ვთავაზობთ 1872 წელს დიდი მწერლის მიერდროებისერთერთ ნომერში გამოქვეყნებულ ორ პატარა იგავს, რომლებიც ზუსტად ესადაგება დღევანდელობასაც.

დღეს ქართულ პოლიტიკას ორი ვექტორი აქვს _ “ქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობა”, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ვაისა და უის შორის არჩევანის გაკეთების წინაშე დაგვაყენა. “ნაციონალურმა მოძრაობამხალხის მხარდაჭერა დიდი ხანია დაკარგა, მაგრამ არცქართული ოცნებააღმოჩნდა იმედისა და მოლოდინის გამამართლებელი; ასპარეზზე არც სხვა, არსებითად ახალი ალტერნატივა ჩანს, რომელიც ნდობას იმსახურებს და რომელსაც შეუძლია ხალხის მასობრივი მობილიზება და იმ გზაზე დადგომა, რომელიც პოზიტიური ცვლილებების დაწყების წინაპირობად იქცევა. ასეთია რეალობა.

დღევანდელი მოცემულობით, მეტად სავარაუდოა, რომ არჩევნების შედეგად, არსებული ძირითადი პოლიტიკური ძალებიდან ერთერთი გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას, ანდა ორივე თანაბრად გადაინაწილებს თანამდებობებს. ამასობაში, იმედია, ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მკვეთრად დაუპირისპირდება არსებულ პოლიტიკურ პრაქტიკას და ექნება მწყობრი, მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკური კურსი.

ვინ იქნებიან ისინი?

რა მიმართულების მქონენი?

საკითხავი აი ეს არის.

ჩვენი მიზანია, თვალი მივადევნოთ მიმდინარე პროცესებს და ხალხს მივაწოდოთ სიმართლე, ახალი აზრი და სიტყვა. ამასთანავე, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა პირუთვნელი იყვნენ მანკიერებათა მხილებაში ჩვენი სახელოვანი წინაპრები, რომლებიც მხოლოდ სიმართლითა და სამშობლოს ღრმა სიყვარულით ხელმძღვანელობდნენ.

მოვუსმინოთ აკაკის:

წინდა და ქუდი

ერთხელ წინდასა და ქუდს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ. წინდამ შეჰყვირა ქუდს:

_ ვის უბედავ მაგას! არ იცი, ვინა ვარ?

_ ვინც უნდა ბრძანდებოდეთ, მაინც მძულხართ და მეზიზღებით, რადგანაც ცოტა ვერ გიდის კარგი სუნიო! _ უპასუხა ქუდმა. მაშინ ბრაზ-მორეულმა წინდამ უთხრა ქუდს:

_ შენ თუ კარგი ვინმე იყო, ჩემსავით გაუყრელათ თან ეხლები ჩვენს პატრონს; მე არც დღე და არც ღამე არ მიშორებს! შენ არა თუ ღამე, დღეც ნახევარჯერ თავიდამ გიშორებს! ამას გარდა, ესეც არ იყოს, ისიც კმარა, რომ მე კვირაში, თუ არ ორჯერ, ერთხელ მაინც დამბანს და შენ კი შენს დღეში ერთხელაც არ გარეცხილხარ!

_ არც რეცხა მინდა და არც ფეხით თქერაო! – მიუგო ქუდმა.

ვაჭრებო! გირჩევთ ამისთანა წინდები რამდენიც შეიძლოთ, იმდენი დაამზადეთ გასაყიდათ; გაუყიდველი, იმედია, არ დაგირჩებათ ჩვენში, მაგრამ ქუდის კი რა მოგახსენოთ! ვგონებ, ბევრი ვერ ნახოთ მისი მუშტარი.

P.S. ეჰ, მგონი, არც ახლა გვყავს ქუდის ბევრი მუშტარი. კაციწინდები კი, იცოცხლე, ბევრნი არიან! მეტიც, ჩვენ კაციპლასტილინიც გვყავს (თანაც პრეზიდენტი იყო), ხოლო კაცვაზელინებსა და კაცწურბელებს ვინ დათვლის

უპაშპორტო სინიდისი

ამ მოკლე ხანში გავარდა ჩვენში ხმა, ვითომც სინიდისი, რომელიც კარგა ხანია, რაც (ეს სამოც წელიწადზე მეტია) ჩვენის ქვეყნიდამ ყაჩაღათ გავარდნილია, ჩუმათ შემოპარულიყოს ჩვენში და ბაღის ბოლოს იმალებოდეს. ხალხი აღძრა ამ უცხო სტუმრის ამბავმა და ყველამ, დიდმა და პატარამ, გასწია ბაღისაკენ მის სანახავათ. შესასვლელ კარებთან რომ ბაღის მცველი იდგა, მივიდა იმასთან ერთი სამხედროთაგანი და ჰკითხა:

_ ჰეი შენ, მებაღევ! სინიდისი ხომ არ გინახავს ბაღში?

ამ კითხვამ ძალიან გააკვირვა მებაღე, რადგანც პირველათ გაეგონა ამგვარი კითხვა და მართლაც, მკითხველო, შენც მოგეხსენება, რომ ამგვარი მოთხოვნილება ჩვენში ძვირათ სადმე ყოფილა.

_ რა არის სინიდისიო? _ უცბათ ჰკითხა მებაღემ.

_ რაი და კაცია ჯინჯილებიანიო!

_ მაშ, მე მაგისთანა არავინ შემინიშნავს და ერთი ვიღაც კი დაიარებაო, მობძანდით და თვითონ ნახეთ, თუ ის არისო! _ მიუგო მებაღემ.

მეორე მივიდა და ჰკითხა ისევ იმ მებაღეს იმავ სინიდისის ამბავი, მაგრამ ნიშნოულობა კი სხვა გვარი უთხრა:

_ ტომრებით ფული მოუტანია, მდიდარი ვინმე თურმეაო და ოც-და-ცამეტ კოპეიკათ ისესხებს ფულებსაო!

მესამემ უთხრა, რომ ძალიან მაშენიკურ აზრებს თურმე სწერსო!

მეოთხემ, რომელიც მსწავლულთაგანი იყო, უთხრა, რომ იმ სინიდისს უთუოდ ცალ ხელში არაყიანი ბოთლი ეჭირება და მეორეში ცარიელი სტაქანიო. მეხუთემ, ქალთაგანმა, ასე წარმოუდგინა სინიდისი, რომ ძალიან ალერსიანი და ლამაზი ბიჭია, თვალებს მშვენიერათ ნაბამს და ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ ცხელ-ცხელ კოცნას ისვრისო.

ერთის სიტყვით, ვინც კი მივიდა იმ საწყალ მებაღესთან, ყველამ სულ სხვა და სხვა ნაირათ ანიშნა სინიდისზედ. ასე, რომ ბოლოს მებაღემაც იფიქრა: სწორეთ ჯარი შემომპარვია, რაღაც სინიდისს რომ ეძახიან, მისიო, ვაი თუ ბაღში ხეები დამიმტვრიონო, ყვავილები გამიფუჭონო! დაავლო კეტს ხელი და გაიქცა ისიც იმ სინიდისის გადასარეკათ.

მაძებარი ხალხი მივიდა, ნახეს სინიდისი, მაგრამ, როგორც ისინი წარმოიდგენდნენ, მისთანა როდი იყო; არა, ერთი საწყალი შიმშილისაგან გამხდარი და წმინდა ძონძებში გამოხვეული კაცი იყო. მოუვიდათ გული და ერთხმად უკივლეს საწყალს სინიდისს, იფრინეს წინ, დაუშინეს ზოგმა ქვა, ზოგმა ტალახი, ზოგმა კეტი და ზოგმა რა… ერთის სიტყვით, სიკვდილი მოუნდომეს, მაგრამ გაქცეულმა სინიდისმა, როგორც იქნა, გაასწრო, მირბოდა რკინის გზამდი, ჩაჯდა ვაგონში და გამოსწია ქალაქისკენ და, თუ სურამის აღმართზედ არ დაამტვრიეს, თფილისს ესტუმრება და, აბა, თქვენ იცით, როგორც მიიღებთ…

დაიბეჭდა გაზეთდროებაში”, 1872 წელს, #34

 ხელმოწერით აკაკი

P.S. ვინ იცის, ჩააღწია თუ არა სინდისმა დედაქალაქამდე, მაგრამ, თუ ჩააღწია, იქნებ ისევ გასაქცევად შეექნა საქმე?!

ფაქტი ის არის, რომ დღესაც მის გარეშე ვცდილობთ ქვეყნის აშენებას, ამოვიყვანთ ერთ კედელს და ხუხულასავით ჩამოგვეშლება, რადგან მთავარი აკლია _ დუღაბი, რომელიც მის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს. ასეთ დუღაბს კი სული და გული, სინდისი ქმნის. “ყაჩაღად გავარდნილი სინდისიკი, როგორც ჩანს, ჯერაც არ გამოჩენილა. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ელოდებიან მის მოსვლას, მაგრამ, თუ არ გამოჩნდა, მერე კარგა ხანს ვერ ვეღირსებით მის ნახვასო.

არჩევნები რაღა შუაშია? _ იკითხავს, ალბათ, გულუბრყვილო მკითხველი. რაღა რა შუაშია?!

ორივე პრეზიდენტობის კანდიდატი სინდისს ეფიცება და ებოდიშება ხალხს: ოღონდ ახლა მხარი დამიჭირე და მერე მე ვიცი და ჩემმა სინდისმაო.

ჰოდა, ვართ ასე _ ზოგი ნაცების, ზოგიოცნებისსინდისის იმედზე. მართალია, “ოცნებამბევრჯერ გაუცრუა ხალხს იმედი, მაგრამ მისი სინდისი უფრო სუფთა გვგონია და ამიტომ ველოდებით ასე იმედიანად. ღმერთმა ნუ ქნას, ისევყაჩაღად არ გავარდესდა დაგვტოვოს ბედის ანაბარა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here