“ლექსი რაღად გინდოდა,
უბედურო ხარატო?
არ იცოდი, პოეტებს
ქვეყნად ყველა ღალატობს”.
გოგლა
მინი–არაკი: ქუჩაში მხიარულად მოაბიჯებს ხანდაზმული კაცი,
ბედნიერებას ასხივებს.
_ იშოვე პერანგი?
_ ვიშოვე.
_ მაჩვენე.
_ არ მაქვს.
შიშველი კაცი შიშველ მიწაზე ბედნიერებააო: არც ვინმეს ვალი მართებს, არც ვინმესგან ვალის დაბრუნებას ელოდება. იმ კაცს, იმ დღეს რედაქციაში რომ შემოვიდა, ბედნიერების არაფერი ეტყობოდა, არცრა _ დაღვრემილობის.
რადგან ალიკაპივით ყურიდანყურამდე ამოდებული კოვიდსაწინააღმდეგო პირბადე თუ ნიღაბი სახეს სრულად უფარავდა.
მარჩიელობას ხომ არ დაიწყებ?!
მით უფრო, რომ სამშაბათი “გაზეთის დღეა”, რედაქციის თანამშრომლების ყურადღება მორიგი ნომრის დახვეწისკენაა მიმართული სრულად. და მკითხველს სტუმართმოყვარულად ვერ დახვდები.
ერთი სული გვაქვს, მალე წავიდეს…
ეს ამბავი გასულ სამშაბათს მოხდა, 2021 წლის ნოემბრის ორს. როცა დრო კატასტროფულად ლიმიტირებულია და მკითხველთან სალონური საუბრისთვის არავის სცალია.
ეტყობოდა, რომ დამსახურებული პიროვნება იყო, და ქალაქის ამ გარეუბნისკენ (სადაც “საქართველო და მსოფლიო” დამქირავებლის სტატუსით არის ჩასახლებული) ფორსირებულ მარშს არ მოაწყობდა.
უწინ აქვე, ხელის გაწვდენაზე რკინიგზის სადგური იყო _ “დიდუბე”. და თბილისის ვაგზლის ბაქანზე ჩამოსულთა დასახვედრად შეკრებილ მოქალაქეებს ადგილობრივი დიქტორი ოპერატიულად აცნობებდა, რომ მეზობელი სადგურიდან გამოვიდა მატარებელი თბილისი-სოხუმი და მალე ჩამოდგება ამა და ამ ბაქანთანო…
მატარებელი “თბილისი-სოხუმი”, დიდი ხანია, არ არსებობს, რედაქციაში მოსული კაცი კი რეალობაა და ჩვენი მოცდენის პერსპექტივა უეჭველია. ცალყბად მოვიპატიჟებთ და დავინტერესდებით:
_ რა მოგვიტანეთ?
_ ლექსები აქტუალურ თემებზე.
_ ლექსებს არ ვბეჭდავთ, ჩვენი პროფილი არ არის, _ ამოვისუნთქავთ.
მაშინ წაიკითხეთო მაინც, საქაღალდედან თაბახის ორ ფურცელს ამოაფრიალებს, მაგიდაზე დადებს და სასწრაფოდ გაგვეცლება. ეტყობა, ჩვენზე უფრო მას ეჩქარება.
მაგიდა კი არის ჩემი, მაშასადამე, იმ წამიდან იმ ლექსების პატრონობა პირადად მევალება. სასწრაფოდ გადავიკითხავ და, ჰოი, საკვირველებავ: ლექსები-ქამელეონები შემრჩა ხელში!
მიმიკრიის იშვიათი ნიმუშები, რომლის მსგავსი პრაქტიკაში არ შემხვედრია!
ერთი თვალი თქვენც გადაავლეთ, გეთაყვა!
დავარქვათ მონდომებით გამოყვანილი ასოებით ამ ნაწერს ლექსები და სახელდახელოდ განვიხილოთ ეს იშვიათი მოვლენა ქართულ პოეზიაში.
ეს სტრიქონები იმითაა განსაკუთრებული ღირებულების, რომ შეიძლება მათი გამოყენება ხელისუფლების გულის მოსაგებადაც და აქტიური ოპოზიციონერის სახელის მოსაპოვებლადაც.
აი, ორიოდ მაგალითი ამის დასამტკიცებლად, როცა ავტორს შესაძლებლობა მიეცემა, სიტუაციიდან გამომდინარე, წარმატებული კარის პოეტი გახდეს “ოცნებისა” და ნაცების ციხის კარზეც, იმის, ვინც უმრავლესობაში მოვა.
“ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები”, _ მეხსიერებაში ამოტივტივდება 1905 წლის რევოლუციური სიმღერის ტექსტი.
შუშაბანდები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისთვის ვერ მიგვიდგამს და ახლა საპყრობილის რკინის კარიც მადარდეთ!
ჰყავს იმ კაცს, პატიმარს, “მყვარებელი”, იმეორებს რეზო გაბრიაძე ნემენცების უბნის ტოპლამაზმანის _ მარგალიტა ამყოლაძის _ იმერული კილოკავისთვის დამახასიათებელ ერთ სიტყვას. მე რეზოს ნათქვამს გავიმეორებ და… ასე იქმნება ხალხური “ნეოლოგიზმები”.
ერთ-ერთ საბჭოთა ფილმში (“ქორწილი მალინოვკაში?”) სამოქალაქო ომის ცვალებადი პერიპეტიებით შეწუხებული სოფლის თავკაცი ერთთავად შარაგზასაა მიშტერებული: გამოჩნდებიან თეთრები _ ორთავიანი არწივის დროშას გამოფენს, წითლებს კი ჩაქუჩისა და ნამგალის სიმბოლოთი გამდიდრებული ალისფერი დროშით შეეგებება.
სოფლსაბჭოს თავზე საჭიროებისამებრ ერთს რომ აღმართავს, მეორეს სარდაფში შეინახავს.
თქვენ იცინეთ და ამ მეთოდით თავი არაერთხელ დაუხსნია თეთრი ტერორისგანაც და წითლისგანაც.
უმართლებდა.
გახარიასი, ჩვენი ყოფილი პრემიერის, არ იყოს, “შეხედეთ, შეხედეთ” (ყური დამიგდეთო) და შეგახედებთ.
მაგალითებს ლექსების ამ თაიგულიდან ამოგიკრებთ.
ავტორი წერს _ სააკაშვილი პრეზიდენტი თუ გახდება:
“მას მხარს დაუჭერს აქ ლომჯარია,
გვარამია და თან გაბუნია,
გრიგოლია და თან ბოკერია;
ოკუპანტი კი აქ რუსეთია”.
ნაცების თვალით წაკითხული ეს სტროფი ოპტიმისტური წინასწარმეტყველებაა, “ოცნება” კი ცინიკურ დამოკიდებულებად, ნაცების დაცინვად და გათახსირებად აღიქვამს. თანაც სააკაშვილის მხარდამჭერების გვარების ჩამოთვლა სპეცსამსახურებისთვის მიწოდებული მაკომპრომენტირებელი მასალაა. არაოპერატიული.
დასმენა.
ერთი მხრივ, საწყალი კაცის გულწრფელი მხარდაჭერის დემონსტრაციაა (რაც შეუძლია, სულ ეგაა), პარალელურად _ დაცინვა და გაბითურება:
“ოკუპანტს ვთხლიშო დანა–ჩანგალი,
კოვზი, თეფში და რკინის შანდალი”.
გავაცოცხლეთ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
ელენე ხოშტარიას ჰილარი კლინტონის დონემდე აღზევება ამერიკანიზებული მკითხველის ორიენტაციის მისაბაძი მაჩვენებელია, მედასავლეთეთათვის გულის მოგების პრიმიტიული საშუალება:
“არავინ არ თქვას: ეს ხუშტურია,
რომ იგი (ხოშტარია და არა კლინტონი)
არის კედლის თხუპნია”.
პოეტური ნიჭის გამობრწყინების მწვერვალი მაინც სიმღერის “დარია თუ ავდარია, მიშა მაგარიას” ავტორისეული ვარიაციაა:
“არის დარი თუ არის ავდარი,
მან იცის, რისთვის, რაც სწორი არი,
ხალხისთვის უნდა მას ბევრი ლარი”.
მტყუნის!..
მართალია, ჩვენი მკითხველი უსახელო ავტორის პოეტური ძიებანი ბელადისადმი (სააკაშვილისადმი) მიძღვნილ პანეგირიკიზმის ზღვაზე წვეთის გავლენის ეფექტს არ სცილდება, მაგრამ ორიგინალურია, გაბედული.
მეც ვიორიგინალე და ერთ სტროფზე წამცდა ხელი:
აქ _ ლომჯარია,
იქ _ ჯარი ლომის _
ფაფარაშლილთა
კრება ველური.
დილა–საღამოს გაქათმებული
ყივილი მამლის,
ანუ ყვერულის.
არმაზ სანებლიძე