რუბრიკის სტუმარია გურჯაანის მკვიდრი მერაბ ზურაბაშვილი, რომელიც ცდილობს, შეკრიბოს თანამოაზრეები _ ადამიანები, რომელთათვისაც სამშობლო უპირველესია, და ამისთვის ძალიხსმევას არ იშურებს.
_ “ქართული ოცნების” იმედი არ მქონია და არც მექნება არასოდეს. შესაბამისად, იმედიც არ გამცრუებია იმის გამო, რომ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა. ამ ხელისუფლების იმედი საღად მოაზროვნე ადამიანს არ ექნებოდა, რადგან წარმოების წესი, რომელზეც ადამიანისა და ქვეყნის ცხოვრებაა აგებული, გაქრა, აღარ არსებობს. 1990-იანი წლების შემდეგ დამკვიდრდა საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას დიდ გასაჭირში აგდებს. უმცირესობა კარგად ცხოვრობს, მაგრამ ქვეყანა უმცირესობისგან არ შედგება.
ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს გაუცრუა იმედი “ქართულმა ოცნებამ” და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ისინი ან ეს სისტემა (აღარც კი ვიცი, როგორ ვთქვა) არ გადავარდება. ასე საქართველო დიდხანს ვერ გაძლებს.
დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გველაპარაკებიან, მაგრამ დამოკიდებულები და თავისუფლებაწართმეულები ვართ. ეს არის ფაქტი.
_ რა არის ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ყოფნის მიზეზი?
_ ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს მსოფლიოში დასავლეთი და ამერიკა ახორციელებს. დიდ ქვეყნებს მსოფლიოზე ბატონობა სურთ და ჩვენ, პატარა ქვეყნები, მათ იდეას ვეწირებით. ადვილად ვექცევით დიდი ქვეყნების გავლენის ქვეშ, რადგან მათ მიერ ხელდასმული ადამიანები მართავენ საქართველოს. სამწუხაროა, რომ, ყველა სიკეთესთან ერთად, პლაცდარმადაც გვიყენებენ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას: ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს და დირექტივებს იძულებით ასრულებსო, მაგრამ არ მგონია, ასე იყოს. მათ სურვილიც არ აქვთ, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან. როდესაც ეს ხელისუფლება მოდიოდა ქვეყნის სათავეში, ბევრი ამბობდა, რომ ივანიშვილი არ დაემორჩილებოდა სხვა ქვეყნის ბრძანებას, მაგრამ ამის არ მჯეროდა.
_ ხალხი “მესამე ძალას” ელოდება…
_ “მესამე ძალაში”, ალბათ, ოპოზიციას გულისხმობენ, თორემ ამ ქვეყანაში, დიდი ხანია, ხელისუფლებაც და ფსევდოოპოზიციაც სინამდვილეში ერთი ძალაა და კარგი იქნება, თუ “მეორე ძალის” მოსვლაზე ვიოცნებებთ.
ზვიად გამსახურდია არ დაემორჩილა უცხო ძალებს და, როგორც დაასრულა მმართველობა, ვიცით. არ დაემორჩილო იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელისუფლებაში მოგიყვანა, წარმოუდგენელია. ან ხელისუფლებაში არ უნდა მოხვიდე, ან უნდა დაემორჩილო. დიდ კაცსა პატარა კაცთან როდის გასვლია მართალიო, _ ნათქვამია.
1990-იანი წლებიდან ხალხს ყველა მთავრობამ იმედი გაუცრუა, რადგან ისინი უცხო ქვეყნის მხარდაჭერით მოვიდნენ და აკეთებდნენ იმას, რასაც უბრძანებდნენ. ქვეყანა ჯართის ფასად გაიყიდა _ დაიშალა საწარმოები, ქარხნები, ფაბრიკები, გავპარტახდით და ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელშიც აქედან გატანილ ნივთებსა და ტანსაცმელს ვყიდდით, აშენდა. დღეს ჩვენ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქციით ვცხოვრობთ, თურქეთის იმედზე ვართ. ჩვენი დაშლილი ქარხნები იქ ააშენეს და ახლა სამუშაოს იქ ეძებენ ქართველები. უფსკრულში ვართ. ხალხი “მესამე ძალას” ელოდება, ის აუცილებლად გამოჩნდება და საქართველოს სააქაოსკენ მოაბრუნებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ვითარება უფრო დამძიმდება…
_ ამაზე მეტად რაღა უნდა დამძიმდეს? ყველა სფეროში პრობლემაა, მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია _ სოციალური და ეკონომიკური ფონი უმძიმესია…
_ დამძიმდება, უარეს დღეში ჩავცვივდებით. უკუსვლა გრძელდება, რაც კატასტროფამდე მიგვიყვანს, ეს უკუსვლა ხალხს გონზე მოიყვანს და ქვეყნის გადარჩენაზე ზრუნვას დავიწყებთ. უნდა ვივაჟკაცოთ, უნდა მოვძებნოთ ადამიანი, რომელიც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე იფიქრებს, მოვძებნოთ და მხარში ამოვუდგეთ. უბედურება კარს მომდგარია, გვყავს მთავრობა, რომელიც წინააღმდეგობას არ გაუწევს უცხოტომელებს ხალხის გადასარჩენად. არავის სურს, ზვიად გამსახურდიას ბედი ეწიოს.
_ თქვენ როგორ ცხოვრობთ, რით ირჩენთ თავს? რა ვითარებაა თქვენ გარშემო?
_ უმძიმესი სოციალური ფონია რაიონში, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის ფასმა მოიმატა, მაინც ვერ წამოდგა ხალხი ფეხზე. ცხოვრება გართულდა და საკმარისი არ არის ის, რაც გლეხს აქვს, თანაც არავინ იცის, წელს რა ფასი ექნება ყურძენს.
გვახსოვს, როგორ ჩეხავდა კახელი გლეხი ვაზს. წელს ატამი გავჩეხე, რადგან შარშან მოსავალი ბაღშივე დავტოვე _ ფასი არ ჰქონდა, შრომაც არ მიღირდა. წელს ვაპირებ, ისევ ვენახი გავაშენო. ვნახოთ, რა იქნება. გზები ვითომ გაიხსნა რუსეთისკენ, სავაჭროს ვგულისხმობ, მაგრამ გლეხს არ აქვს საშუალება, გაიტანოს საზღვრებს გარეთ ღვინო. ქართული ღვინის გატანა, მხოლოდ დიდ ფირმებს შეუძლიათ.
ამბობენ, მილიარდი ჩადესო სოფლის მეურნეობაში, მაგრამ აქაურ გლეხებს არაფერი გვინახავს, გურჯაანში ერთ ადამიანსაც ვერ შევხვდი, რომელიც “სოფლის მეურნეობის პროგრამით” დაფინანსდა.
_ “ქართული ოცნების” არც საგარეო პოლიტიკა მოგწონთ?
_ ქვეყნის გაერთიანების პროგრამას ვერ ვხედავ, ხელისუფლება სხვის სურვილებს ითვალისწინებს, როგორც ყოველთვის. ნატოში შესვლა გადაწყვიტეს, მაგრამ რას მოგვიტანს ნატო? ჩვენ ხომ უკვე ვნახეთ, 2008 წლის აგვისტოში ნატომ რაც გაგვიკეთა?! ხალხს აბრიყვებენ. ჩვენ ხომ ვიცით, რისთვის აძახებინებენ “ნატო-ნატოს” ჩვენს მთავრობას. დასავლეთს სურს, პლაცდარმად გვაქციოს. “სტრატეგიოულ მეგობრებს” ჩვენი ტერიოტორიების დაბრუნების სურვილი რომ ჰქონდეთ, დიდი ხნის წინათ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ადრე ერები პრობლემას ძალისმიერი მეთოდებით აგვარებდნენ, მაგრამ მას შედეგ, რაც გამოჩნდნენ კომუნისტები, ერთობით მოახერხეს ქვეყნების გაერთიანება. როდესაც ჰიტლერმა ომი დაიწყო, იმედი ჰქონდა, მრავალეროვან საბჭოთა კავშირს ადვილად მოერეოდა, დაშლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ეროვნულმა პოლიტიკამ საბჭოთა ქვეყნები ერთმანეთის მხარდამხარ დააყენა და ომიც მოაგებინა.
სტალინი ყოველთვის ამბობდა, _ ბურჟუაზიული ერები ერთმანეთს არ ენდობიან, ერთმანეთს უპირისპირდებიანო. სოციალისტური ქვეყნები კი მეგობრობდნენ. ჩვენ მოვესწარით იმ დროს და ვიცით, რომ ეროვნულ და ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა. 1990-იანი წლების მერე ბურჟუაზიისკენ წავედით, ამით მტერმა ისარგებდა და გაჩნდა კონფლიქტებიც და პრობლემებიც.
_ როგორ ცხოვრობდით კომუნისტების მმართველობის პერიოდში?
_ სკოლის დასრულების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე, ავტომექანიკის ფაკულტეტზე, საღამოს დასწრებულზე, ამიტომ მუშაობა დავიწყე თბილისში, ქარხანა “ელექტროავტომატში”. ამ ხნის კაცი ვარ და დღემდე მახსოვს პირველი ხელფასის მიღების სიხარული. ხელფასი იმხელა მქონდა, მთელ თვეს ჩემი ფულით ვცხოვრობდი. ვიგრძენი დამოუკიდებლობა, საკუთარ თავს უზრუნველვყოფდი. მას შემდეგ მჯეროდა, რომ, რაც უფრო მეტს ვიშრომებდი, უკეთესი ცხოვრება მექნებოდა და მქონდა კიდეც, ყოველი დღე იმედიანად თენდებოდა. ამაზე როცა ვფიქრობ, უფრო მეტად მეცოდება ის ახალგაზრდები, რომლებსაც ეს არ განუცდიათ, რომლებიც სამსახურს ეძებენ და ვერ შოულობენ. უჭირთ ახალგაზრდებს, ოჯახები ჰყავთ და ვერ არჩენენ. ოჯახი ქვეყნის უჯრედია, როცა ოჯახი ირყევა მთელი ქვეყანა ირყევა, რასაც ნათლად ვხედავთ კიდეც.
სტალინის ეკონომიკური პოლიტიკა ხალხის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული, მშრომელი ხალხის. დიდი სამამულო ომის შემდეგ განსაკუთრებით დაიწყეს ზრუნვა ხალხზე _ ყოველ წელიწადს იაფდებოდა პროდუქტი, ცხოვრება უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს გრძელდებოდა ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლამდე. მის მიერ გადადგმულმა საწინააღმდეგო ნაბიჯებმა ნეგატიური გავლენა იქონია საზოგადოებაზე _ ხალხმა მოპარვა დაიწყო, შრომა აღარ უნდოდა მუშას. იმხანად ყველა ამბობდა: ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანა დაიშლებაო და დაიშალა კიდეც. მოპარვამ ეკონომიკური საფუძველი შეურყია ქვეყანას, მაგრამ ნიკიტას მმართველობის პერიოდი დღევანდელ ჩვენს ყოფას მაინც სჯობდა _ ყველა დასაქმებული იყო, არავის უჭირდა.
_ საპრეზიდენტო არჩევნებს ველოდებით, როგორ პრეზიდენტს ისურვებდით?
_ მინდა ისეთი პრეზიდენტი, ქვეყანას რომ გამოადგება. ამ პრეზიდენტს რომ ვუყურებ, მეცინება. რეზო ამაშუკელმა იმდენი რამ უწოდა, მრცხვენია მარგველაშვილის მაგივრად. ის ბუტაფორიაა და ასეთი პრეზიდენტი ნამდვილად აღარ გვჭირდება. არ არის საჭირო, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა ბუტაფორიული პრეზიდენტი არჩინოს. ვოცნებობ, პუტინისნაირი კაცი გვყავდეს პრეზიდენტად.
_ გამოვა ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაში?
_ გამოვა, თუ ლიდერს დაინახავს; თუკი ნახავს, რომ ქვეყნის ერთგული ადამიანი გამოჩნდა. პოლიტიკოსებმა ბევრჯერ მოატყუეს საზოგადოება, დღეს მათ ხალხი აღარ ენდობა. დღეს “უსახლკარო ფიქრები დაწანწალებენ” და აუცილებლად მოხდება კონსოლიდაცია, ბევრი ჭკვიანი ადამიანია ამ ქვეყანაში, მათ იციან სიმართლე და ამ სიმართლის მოსმენა სხვისგანაც სურთ. ხალხს სამართლიანობა სურს, მესაკუთრეებისა და მონოპოლისტების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო არავის უნდა. მშრომელი ხალხის ექსპლუატაციით ირჩენენ თავს, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. გაუსაძლისია ჩვენი ყოფა ამ გაუმაძღარი ხელისუფლების ხელში. ამხელა პარლამენტს ვინახავთ და მშრომელი კაცის დაცვაზე არავინ ფიქრობს, ჰომოსექსუალებს იცავენ და ხალხის სატკივარი გულთან არ მიაქვთ. საზოგადოება გაუცხოვდა მთავრობის მიმართ, რაც დაპირისპირებაში გადაიზრდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ფიქრობენ ამაზე.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი