Home რუბრიკები საზოგადოება მეორე მცდელობა

მეორე მცდელობა

გია ჭუბაბრიას ფილმის “რწმენის აღორძინება _ წამი სასწორისაი” გამო

1293
გია ჭუბაბრია

ფილმი, რომლის სახელწოდებაარწმენის აღორძინება _ წამი სასწორისაი”, როგორც კინომცოდნეები აღნიშნავენ, ბოლო პერიოდის ქართული დოკუმენტური კინოს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომლის მსგავსი ჩვენს უახლეს ისტორიაში არ შექმნილა.

ჯერ ორიოდ სიტყვა ბატონ გია ჭუბაბრიას შესახებ. შემდეგ იმ საინფორმაციო მიზეზსაც გავშიფრავ, რომელიც ამ პუბლიკაციის საბაბი გახდა.

ცინცხალ ამბავს გაცნობებთ: ეს-ესაა ბატონი გიას გიორგი ბაგრატიონის გამომცემლობიდან მიუტანეს მის მიერ შედგენილი “კინემატოგრაფიისა და ვიდეოხელოვნების ხუთენოვანი (ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე) ენციკლოპედიური ლექსიკონი”. 700-გვერდიანი ნაშრომის შესავალში ავტორი მადლობას მოახსენებს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ამ ენციკლოპედიური ლექსიკონის შედგენაში ეხმარებოდნენ, და განსაკუთრებული სითბოთი მიმართავს კოლეგებსა და მასწავლებლებს ყოფილი კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტიდან, რომლებმაც კინოხელოვნების დაუფლების გზაზე უწინამძღვრეს:

“საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ჩემო ძვირფასო და საყვარელო მასწავლებლებო, პროფესორებო და კინოს ოსტატებო, მადლიერებით გიძღვნით ამ მცირე ენციკლოპედიას…

ღმერთი გფარავდეთ!

ზეციური სუფევა მათ, ვინც ჩვენ შორის აღარ არის!

პატივისცემით, პროფესორი, რომელმაც ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა 1962 წელს

გია ჭუბაბრია”.

ფეხით აქვს მოვლილი რუსეთის თვალუწვდენელი სივრცე _ ჰორიზონტამდე და იმის იქითაც, სადაც ღვთისგან მივიწყებული კოლიმაა, განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დამნაშავეთა გადასახლების ადგილი, რეჟიმების ეპოქებში _ ცარისტული რუსეთის თუ საბჭთოთა რუსეთის დროს.

_ რუსეთი რთული ქვეყანაა, _ ამბობს ბატონი გია, მაგრამ რუსეთზე მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. დიდი კულტურის ქვეყანაა, აგრესიულიცაა, არაფრის დამთმობი. მთელ მსოფლიოში ერიდებიან. ჩვენი კარის მეზობელი და უძლიერესი სახელმწიფოა. ამის გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია, მაგრამ არა ჩვენი ინტერესის დათმობის ხარჯზე.

არც ამერიკას უნდა ვკრათ ხელი. კარგი, დადებითი, მოწინავე, რაც ორივე ამ ქვეყანას გააჩნია, წამოვიღოთ და გამოვიყენოთ.

რუსი ხალხივით თბილი და უბრალო ურთიერთობაში იშვიათობაა. მთელი ციმბირი, კოლიმა შემოვიარე და სიკეთისა და სიყვარულის მეტი იქიდან სხვა არაფერი ჩამომიტანია.

ახლა _ საბაბის შესახებ.

კინორეჟისორი გია ჭუბაბრია ქართული დოკუმენტური კინოს კლასიკოსად არის აღიარებული. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნების ქურუმის საპატიო წოდებები, საქართველოს სახელმწიფო პრემია, მის მიერ გადაღებულმა ფილმებმა, როგორებიცაა “თეთრი თორღვაი”, “ქართველები ნიდერლანდებში”, “ორაგულის ბედი”, “ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში”, “გზა თავისუფლებისკენ” და სხვ., დემონსტრაციისთანავე მოიპოვა კინოსაზოგადოებისა და მაყურებელთა მოწონება და აღიარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. მათი უმეტესობა აღინიშნა სპეციალური პრემიებით, მათ შორის, საქართველოს კინოაკადემიის პრემიით “ნატო”.

ბატონი გიას ფილმის  “რწმენის აღორძინება _ ჟამი სასწორისაი”  უპირველეს ღირსებად მიჩნეულია ქართული მართლმადიდებლობის მნიშვნელობის გამოკვეთა ეროვნული იდენტურობის, სულიერების, ენის შენარჩუნების, ქვეყნის ერთიანობის აღდგენა-განმტკიცების უაქტუალურეს საქმეში. უნიკალური ტოლერანტობაც აქედან მოდის. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ქართული დოკუმენტური კინოს ისტორიაში პირველად სწორედ გია ჭუბაბრიამ შეძლო ჩვენი ისტორიის ამ მხარის დამაჯერებლად და მაღალმხატვრულად წარმოჩენა, განსაკუთრებით იმ ეროვნული მუხტისა, რომელიც საკაცობრიო ჟღერადობას იძენს მსოფლიოში არსებული სულიერების დეფიციტის პირობებში და მისი აღდგენის თვალსაზრისით.

ეს დაადასტურა ფილმის “რწმენის აღორძინებამ _ წამი სასწორისაი” პრემიერამ, რომელიც თავის დროზე გაიმართა გერმანიაში. მაშინ ფილმი ხუთმა ქვეყანამ შეიძინა.

კინოკრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს ამ ნაწარმოების პროფესიულ დონეს, რომლითაც ავტორმა შეძლო სულიერების გადმოტანა კინოს ენაზე, დაახასიათეს იგი, როგორც უნიკალური მოვლენა, რომელშიც ადამიანების, ღვთისგან მოვლენილი გონიერი არსებების, მთავარ ამოცანად დასახულია კაცობრიობის ბედნიერებისთვის ბრძოლა და მოღვაწეობა.

მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ის გზავნილი, რომლითაც 1998 წლის იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და დიდმა კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ, “ქართულმა ფილმმა”, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” სარედაქციო კოლეგიასთან ერთად, წარადგინეს გია ჭუბაბრიას ფილმი “რწმენის აღორძინება _ წამი სასწორისაი” რუსთაველის სახელმწიფო პრემიაზე.

მოხდა ისე, რომ მაშინ პრემია სხვა კანდიდატს მიანიჭეს, ღირსეულ კინოხელოვანს, მაგრამ მოქმედი დებულების აშკარა დარღვევით.

საქართველოა, ბატონო!

ახლა მეორე მცდელობაა.

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი განახლებული ჟიურის შემადგენლობას ეძლევა შანსი, გამოასწოროს წინამორბედთა შეცდომა.

დაველოდოთ…

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here