Home ახალი ამბები საქართველო მეორედ მოსვლა

მეორედ მოსვლა

ამერიკის ისტორიაში ასეთი რამ იშვიათობაა. ერთადერთი შემთხვევა აღინიშნა მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ერთი და იგივე პიროვნება ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად, ოღონდ არა ზედიზედ, არამედ გარკვეული შუალედით.  გროვერ კლივლენდი აშშ-ის 22-ე პრეზიდენტი იყო, რომელიც მეორე ვადით აღარ აირჩიეს, მაგრამ ახალ (24-ე) საპრეზიდენტო არჩევნებში  ისევ  მონაწილეობდა და გაიმარჯვა. აგერ, ოცდამეერთე საუკუნეში ეს შემთხვევა განმეორდა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც მეორე ვადით აღარ აირჩიეს, 47-ე საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღო მონაწილეობა და, ჰოი, საოცრებავ, გაიმარჯვა კიდეც. სხვათა შორის, აშშ-ის კონსტიტუცია ერთსა და იმავე პიროვნებას პრეზიდენტად სამჯერ არჩევის უფლებას არც ერთ შემთხვევაში არ აძლევს, არც ზედიზედ და არც ვადაგამოშვებით. 2028 წლის არჩევნებში ტრამპი მეორე ვადით ვეღარ იყრის კენჭს, რადგან იგი, მართალია, არა ზედიზედ, მაგრამ ორჯერ უკვე იქნება ამ პოსტზე ნამყოფი. ეს, რაც შეეხება აშშ-ის კონსტიტუციასა და ისტორიას. ახლა კი –  მოკლედ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ტრამპის მეორედ მოსვლა…

მეორედ მოსვლა მთლად უსაფუძვლოდ (მექანიკურად) არ მიხსენებია. მაცხოვრის პირველად მოსვლის დღიდან, როცა იგი განკაცდა, ჯვარს ეცვა და მკვდრეთით აღდგა, სულ არის მოლოდინი მეორედ მოსვლისა. ახალი აღთქმის ბოლო წიგნი გამოცხადება წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყველისა იოანესი” (აპოკალიფსისი) ქრისტიანული ლიტერატურისა და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. ამ ნაწარმოებში, რომელიც ღრმა საიდუმლოებებს შეიცავს და მთლიანად სიმბოლოებზეა აგებული – შვიდი ეკლესია, შვიდი ბეჭედი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, ოთხი მხედარი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, სამი ექვსიანი, ბაბილონი – დიდი მეძავი, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი და სხვა, აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. მეორედ მოსვლაში საუბარია იმაზე, რომ უფალი კვლავ მოვა ამქვეყნად და განსჯის მას, თუმცა საიდუმლოდ არის დატოვებული,  როდის მოხდება ეს. აქ დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. მეორედ მოსვლა დროსთან, პერიოდთან, თარიღთან კი არ არის დაკავშირებული, იგი ადამიანის (კაცობრიობის) ზნეობრივ მდგომარეობას უკავშირდება. ადამიანი საბოლოოდ თუ განუდგება ღმერთსაც და საკუთარ თავსაც, ანუ დაკარგავს სახესაც და შინაარსსაც (ღმერთმა რომ სახედ და ხატად თავისად შეჰქმნა), საბოლოოდ დაიცლება სინდისისგან და უარყოფს ზნეობას, მოვა ღვთის რისხვა. ეს არის მეორედ მოსვლის მთელი ფილოსოფია.

ახლა დავსვათ შეკითხვა: ადამიანი (კაცობრიობა) რომელი მიმართულებით ვითარდება – ჭეშმარიტების, ზნეობის, სიკეთის, სიყვარულის თუ სიცრუის, გარყვნილების, ბოროტებისა და სიძულვილის მიმართულებით? ძნელი სათქმელია! რატომ არის ძნელი სათქმელი? იმიტომ, რომ ზნეობის მიმართულებით განვითარების დამადასტურებელი საბუთებიც მოიძებნება, მაგრამ არც საწინააღმდეგო საბუთების მოძიებაა ძნელი. სიკეთისა და სიყვარულის გზაზე სიარულს ქადაგებდა რელიგია და მიჰყვებოდნენ ადამიანები ამ გზას; სიბრძნისა და შემეცნების აუცილებლობას ქადაგებდა ფილოსოფია და იზიარებდნენ ადამიანები ამ რჩევანსაც; მშვენიერებასა და ჰარმონიას უმღეროდა ხელოვნება და საკუთარ თავზე მაღლდებოდნენ ადამიანები ამ გზითაც, მაგრამ პარალელურად იყო ბოროტება და ავაზაკობა, იყო ღალატი და მრუშობა, იყო ცოდვა და ძალმომრეობა. ათასწლეულების განმავლობაში ებრძოდა ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება, მაგრამ ზნეობის თვალსაზრისით უკეთესობისკენ ვერ წავიდა კაცობრიობა. პირიქით, პირიქით… მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში იხარჯება და ამ მიმართულებით სულ უფრო დახვეწილ ტექნოლოგიებს ქმნის; სახელმწიფოები ერთმანეთზე ძალადობენ, ჯაშუშობენ, სამხედრო ბლოკებს აყალიბებენ და აფართოებენ, შეიარაღება კოსმოსში გააქვთ და იქიდან ებრძვიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ამ საქმესაც ჰყავს მტყუან-მართალი და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა სამართლიანი არ იქნება, მაგრამ, ზემოდან თუ დავხედავთ, საზოგადო სურათი შემზარავი და თავზარდამცემია. რას სჩადი, საით მიდიხარ, საკუთარი თავისთვის რა განაჩენი გამოგაქვს, ადამიანო? – ეს რომ გვკითხოს ღმერთმა (გვკითხავს უთუოდ, როდესაც მოვა!), რა პასუხი გავცეთ – მე კარგი ვიყავი, სხვები იყვნენ ცუდებიო? ეს ხომ სწორედ იმის დასტური იქნება, რომ, ერთმანეთს არაფრით ვჯობივართ კი არა, ერთმანეთზე უარესები ვართ. ამგვარ არასახარბიელო ზოგადობაში რომ განგვიხილოს, ამის საბაბს კი ვაძლევთ არსთაგამრიგეს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ღმერთს ჩვენი არც ინდივიდუალური გამოხშირვა და მტყუან-მართლის სათითაოდ გარკვევა გაუჭირდება, ამიტომ, საბოლოო ჯამში, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა დროს სად იდგა, რა აკეთა და რას ემსახურა. ამ თვალითა და ამ კუთხით თუ შევხედავთ დღევანდელ მსოფლიოს, სრული კატეგორიულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულმა არჩევნებმა მეორედ მოსვლა და უფლის რისხვა საბოლოოდ თუ არ აგვარიდა, გადაავადა მაინც, რაც დაფიქრებისა და დაკვირვების დროსა და საშუალებას აძლევს ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად დგას და რას აკეთებს.

– მე ომის გასაჩაღებლად არ მოვსულვარ, ომის დასამთავრებლად მოვედი! – ეს იყო ტრამპის პირველი და მთავარი განცხადება, მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. ვის წინააღმდეგ იყო ეს ნათქვამი? რა თქმა უნდა, ომის გამჩაღებლების, ანუ იმ ძალის წინააღმდეგ,რომელმაც გაუთავებელი ომები საკუთარი გამდიდრებისა და გავლენის გაფართოების წყაროდ აქცია (გლობალური ომის პარტია), რითაც დედამიწა ჯოჯოხეთს დაამსგავსა. ტრამპის ამ ნათქვამის გამო ვგრძნობ, მესმის და ვხედავ კიდეც, როგორ იხრჩობიან ბრაზისა და ბოღმისგან ისინი, ვინც უკვე მიხვდა მისი მეორედ მოსვლის მნიშვნელობას, პირველ რიგში, იქ, აშშ-ში, სადაც გლობალური ომის პარტიას ტახტი უდგას და საიდანაც კოლოსალური თანხები მიემართება უკრაინასა თუ ახლო აღმოსავლეთში ომის კერების გასაღვივებლად და გლობალურ ომში გადასაზრდელად. ახლა ამერიკის გარეთ მოქმედი ძალებიც ვნახოთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის შინაგანი ძალისხმევა დასჭირდებოდა ვადაგასულ ზელენსკის, ეს სიტყვები რომ ამოსვლოდა პირიდან: „ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში. მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას”.

აშშ-ში მოვიდა პრეზიდენტი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში ომს ინაუგურაციამდე დავამთავრებო. მას შეუძლია ამის გაკეთება. პუტინთან მოლაპარაკება უკრაინის კრიზისის დაძლევის შესახებ, ფაშისტ ზელენსკისთვის კი შეიარაღებისა და დაფინანსების შეწყვეტა მყისიერად დაამთავრებს ომს. ასე რომ, უკრაინელი ხალხის დაუძინებელი მტერი ზელენსკი ამაოდ ელოდება ტრამპის მხარდაჭერას, მას ერთადერთი პერსპექტივა რჩება – ჯერ მიწიერი, შემდეგ კი ზეციური სასამართლოს წინაშე წარსდგომა.

არც ისრაელის პრემიერმინისტრ ნეანიაჰუსთვის იქნებოდა ადვილი ამ სიტყვების წარმოთქმა: ”თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში ნიშნავს ახალ საწყისს ამერიკისთვის. ეს არის ისრაელისა და ამერიკის დიადი კავშირისადმი მიჯაჭვულობის მძლავრი დადასტურებაც. ეს უდიდესი გამარჯვებაა!” არ იქნებოდა ადვილი იმიტომ, რომ ტრამპის მიერ სერიოზული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ომი იქაც დასრულდება. ომის დასრულებას კი ომის დროს დაშვებულ შეცდომათა და ჩადენილ დანაშაულთა გამო პასუხისგება მოსდევს. შესაძლებელია, ისრაელისა და ამერიკის ურთიერთობები ძველებური დარჩეს, მაგრამ, განტევების ვაცის ძებნა რომ დაიწყება, უდავოა.  ვის შეაჩეჩებენ ამ როლს, ძნელი გამოსაცნობი არ არის, ამიტომაც გაუჭირდებოდა ბატონ ნეთანიაჰუს ამ მილოცვის ტექსტზე მუშაობა.

გლობალური ომის პარტიის ქართველი გველის წიწილებისთვის კი… ”ო, რა უცებ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!” ყველაფერს წარმოიდგენდნენ, მაგრამ ლიბერალური ცის ასე ერთბაშად ჩამოქცევას ვერა. არადა, რა სისულელეები უყრანტალიათ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს. თუნდაც ეს ერთი ამონარიდი რად ღირს სააკაშვილისა და გვარამიას სატელევიზიო დიალოგიდან.

მიხეილ სააკაშვილი: – ”ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ამერიკაში…”

ნიკა გვარამია: – ”ერთი წამით, ახლა ძალიან მაინტერესებს, ბატონო მიშა, აქ, ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი, ასე გამოდის. ეს იმიტომ, რომ რუსული გავლენის ტიპები რუსული ფულით, რუსული დეზინფორმაციის ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ, არ უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო ამერიკის პრეზიდენტი? ოთხი წლის განმავლობაში ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი!”

დააჭირეთ, ბიჭო, ენას კბილი. რა იცი, რა ხდება, იქნებ მობრუნდეს ის ტრამპი და სად მიდიხართ მერე?! მაგრამ არ არიან ესენი ენაზე კბილის დამჭერნი იმიტომ, რომ ის ორი ღვთაებრივი ნიშანი აკლიათ, ზემოთ რომ ვსაუბრობდით – ზნეობა და გონება. ამგვარი ადამიანები მუდმივად ძალადობენ სხვებზე, რადგან გარყვნილი ბუნება აქვთ. ესენი ექაჩებიან საზოგადოებას უგულობისკენ, ბოროტებისკენ, დაცემისკენ. ესენი ემსახურებიან ომის გამჩაღებლებს, ახლა ცუდი დრო რომ დაუდგათ.

აშშ-ში მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც ომის დამთავრებას, ნატოს დაშლას, ლგბტ იდეოლოგიის დასამარებას და ძლიერი, მაგრამ ტრადიციული ღირებულებებისკენ ორიენტირებული ამერიკის აღორძინებას ჰპირდება ხალხს. შეძლებს თუ არა, ეს სხვა საკითხია. მე რომ მკითხოთ, სისტემური კრიზისიდან ამერიკული იმპერიალიზმის გამოყვანას ახლა ტრამპი კი არა მამაზეციერიც ვეღარ შეძლებს, მაგრამ ხომ მოინდომებს დაპირების შესრულებას? ჰოდა, სანამ ტრამპი ამერიკაში ცხოვრების წესის შეცვლით იქნება დაკავებული, ზელენსკის, ნეთანიაჰუსა და სააკაშვილ-გვარამიების პოლიტიკა დაიმარხება და გლობალური ომის პარტიის მეცადინეობა კიდევ ერთი მსოფლიო ომის გასაჩაღებლად, მთლიანად თუ არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული პერიოდით გადავადდება. შემდეგ რამე სხვა საშველი გამოჩნდება და ივლის კაცობრიობა ასე, სანამ მაცხოვრის მეორედ მოსვლის აუცილებლობის ჟამი დაჰკრავს. თუკი აუცილებლად ისე უნდა მოხდეს, როგორც წერია, იქნება ის შვიდი ეკლესიაც, შვიდი ბეჭედიც, შვიდი საყვირიც, ღვთის მძვინვარების შვიდი თასიც, ოთხი მხედარიც, არმაგედონიც და… ფინალის აღწერა, ალბათ, არაა აუცილებელი.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here