Home რუბრიკები საზოგადოება მემატიანეობა უნებურად

მემატიანეობა უნებურად

კარგი წიგნები მართლაც კარგი კაცებივით ცოტაა

814
ომარ მარგველაშვილი

გენიოსების მემუარები ეპოქის სახეს არ ქმნის!

სტ. ეჟი ლეცი

თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა კარგ კაცს არ შეუძლია კარგი წიგნის დაწერა, როგორც არაკარგმა კაცმა, შეუძლებელია, კარგი წიგნი დაწეროს. კარგ წიგნში კი, უწინარესად, ვგულისხმობ ისეთ მემუარულ წიგნს, რომელიც დროს, ცხოვრებასა და ადამიანებს პირუთვნელად ასახავს, მიუკერძოებელია და მომავალ თაობებს სარკისებრ დაანახვებს თავიანთ წარსულს, სულ სხვა დროის ადამიანებს, რომელთაც შექმნეს ის მომავალი და, თუ არა ისინი, კაცთა მოდგმის თაობათა მარადიული კავშირი საბედისწეროდ დაირღვეოდა.

არც მწერლის, არც ლიტერატორის და, საერთოდ, არც ფილოლოგის, ძველი მშენებლისა და ეკონომისტის, ახლა უკვე მეღვინეობაში “გადახვეწილი” ომარ მარგველაშვილის ახლახან გამოსული მემუარული წიგნის კითხვა რომ დავამთავრე, ჩემდა უნებურად ზემომოყვანილი აბზაცი დამაწერინა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ერთგვარად მოულოდნელიც კი გამოდგა ამ წიგნის (“როცა უკან მოხედვის არ გეშინია!”) ლიტერატურული ხარისხი, რადგან დროდადრო ომარის პუბლიცისტურ, პოლიტიკურად მწვაე წერილებს კი ვკითხულობდი, მაგრამ ლიტერატურაში ჩახედულთ კარგად მოეხსენებათ, რომ წიგნის დაწერა და თანაც ისეთის, რომელიც თავისი ჭრელი დრო-ჟამის უტყუარ საბუთად აღიქმება, სულ სხვა რამ არის, სულ სხვა მახვილ თვალსა და აღვირამოდებულ კალამს მოითხოვს.

ეს წიგნი ფენომენალური მეხსიერებისა და წარმოსახვის წყალობით არის დაწერილი და ერთადერთ მიზნად ისახავს: მკითხველისთვის ცხადი გახადოს “ავადმოსაგონარი” ჟამის მეტ-ნაკლებად ადამიანური სახე.

ომარ მარგველაშვილის წიგნის უმთავრესი ღირსება ის არის, რომ, უწინარესად, მართალი წიგნია, როგორც თავისი დროის, ისე იმ ადამიანების წინაშე, რომელთა გვერდითაც უხდებოდა ავტორს საზოგადოებრივად მღელვარე ცხოვრება. აქ ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ წიგნში ჩამუხტული ეპოქა ძირითადად დანახულია ამ ნაირ-ნაირი ბუნებისა და თვისება-ხასიათის ადამიანების მეოხებით, ხოლო თვითონ ეს ადამიანები _ ამ ეპოქის საშუალებით.

ერთ საგაზეთო წერილში ნამდვილად შეუძლებელია ამ წიგნის, თავისი არსითა და მნიშვნელობით უზარმაზარის, და არა მარტო გვერდების რაოდენობისა და დიდი ფორმატის მიხედვით, შეფასება. ამიტომ მხოლოდ იმაზე მოგვიწევს საუბარი, რაც ამ ფრიად აისბერგული პრინციპით დაწერილი წიგნის წყალზევით მოჩანს.

ავტორი ავსა და ბოროტს სიკეთის საცერში ცრის და მთელი წიგნი ადამიანის სულიერი გამარჯვების იდეით არის გაჟღენთილი.

ნამდვილად სწორია აზრი, რომ ტრაგიკულის გვერდით შეფარული იუმორის, სატირის, ლირიკისა და ეპოქის სინთეზი “ამ წიგნის თვალსაჩინო ნიუანსია და კიდევ უფრო მეტად საკითხავს ხდის, მეტ მიმზიდველობას ანიჭებს” (გურამ ბენაშვილი).

წიგნში 140-ზე მეტი ამბავი, ჩანახატი და ნოველაა, რომელთაც ერთი მთავარი გმირი _ თვითონ ავტორი აერთიანებს და ლოგიკურად ქმნის ერთ მთლიან ნაწარმოებს, რომელსაც, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, თუ დოკუმენტურ რომანს ვუწოდებთ. უნდა გამოვტყდე, პერსონაჟთა თვლაც დავიწყე, მაგრამ, როგორც იტყვიან, სათვალავი ამერია. აქ ძალიან ბევრ XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის პირველი ოცწლეულის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს შეხვდებით, თანაც ისე ფერხორციანად, თითქოს ხელის ჩამორთმევას გიპირებენ.

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ამ ადამიანების გარდა წიგნში პირუთვნელად, იქნებ რამდენადმე მიკერძოებულადაც (ისიც ფრთხილად) შეფასებულია ასარკული დროის ყველა პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა, რომლის შეფასებაშიც ჩვენი პოლიტიკურად მოწამლული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ალბათ, არა მარტო არ დაეთანხმება ავტორს, არამედ ჩვეულებისამებრ, სამშობლოს ღალატს დასწამებს და “დუელშიც გამოიწვევს”. მაგრამ ომარი ხომ ცხოვრების დარჯაკში გამოვლილი ის კაცია, რომელსაც არც უკან მოხედვის და არც წინ გახედვის არ ეშინია, რამეთუ უკმეხთან და კადნიერთან უკმეხი და კადნიერია, ხოლო კეთილმოსურნესთან და კეთილშობილთან _ კეთილგონიერი და კეთილშობილი.

ავტორი ასევე დაუნდობელია ადამიანების შეფასებისას (“ერთ სუფრაზე ორჯერ ნაცემი მინისტრი”, “ჩაუშესკუს კოსტიუმი”, “უხეირო ხუმრობა”, “ბუტია გივი გუმბარიძე”, “შევარდნაძის საბედისწერო შეცდომა”, “ენვერ კაპბას მონანიება”, “მე, მთვარე და ღამეული ქალი”, “ნიაზ დიასამიძე და გრანტიკა”, “ედუარდ სტრელცოვი”). როგორც უკვე ვთქვი, წიგნში უამრავი სხვადასხვაგვარი ადამიანია გამოყვანილი, ვინც კი ავტორს ცხოვრების ოღროჩოღრო გზაზე შეხვედრია (აქ არიან თენგიზ სიგუაც, თენგიზ კიტოვანიც, ჯაბა იოსელიანიც, ედუარდ შევარდნაძეც, ზურაბ პატარიძეც, არიელ შარონიც, ვიქტორ ადლეიბაც, საკავშირო მინისტრები და სხვა მრავალი).

განა სავსებით მართალი არ არის ავტორი, როცა მოქალაქეობრივი გაბედულებით წერს: “საზოგადოებაში ზვიად გამსახურდიას პიროვნების ირგვლივ დავა და კამათი დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, ძალზე ტრაგიკულად დამთავრდა ამ ადამიანის მოღვაწეობა და ცხოვრება. ჩემი აზრით, ამაში არა მარტო შინაურსა და გარეშეს მიუძღვის ბრალი, არამედ ექსპრეზიდენტის პიროვნულ თვისებებსაც, ცოლის, ცოლის დისა და უახლოესი გარემოცვის აღვირახსნილ თავნებობასაც…”

ასევე ავტორის მოქალაქეობრივი პრინციპულობის ნიმუშად მოვიყვან ჰალსტუხჭამია ცრუ ეროვნულნიღაბაფარებულ სამშობლოს გამჩანაგებელსა და უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლის ბოროტად და სისასტიკით მომსწრაფებელს, დამთხვეულ სააკაშვილს, რომელსაც დღემდე პასუხი არ უგია ხელისუფლების უნიათობისა და უპასუხისმგებლობის გამო.

“1965 წელს გაზაფხულზე ჯერ აღმოსავლეთ ბერლინში ჩავედით, _ წერს ომარ მარგველაშვილი, _ რაც იქ ვიხილეთ, მართლაც საშინელება იყო: არა მარტო რკინიგზის სადგურის მახლობლად, არამედ მთელ ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი იყო ხელუხლებელი ომის დროს დაბომბილი, დანგრეული და გაპარტახებული, ჩაშავებულჩაჟამებული შენობები, როგორც იმის უტყვი გაფრთხილება, რა შეიძლება მოხდეს, როცა ქვეყნის ლიდერს უსაშველო ამბიციები გაუჩნდება და თავისი ხალხის მომავალს სასწორზე შეაგდებს.

ამ სამწუხარო ჭეშმარიტების ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის დაუფიქრებელი ნაბიჯი 2008 წლის 8 აგვისტოს, რომელმაც უამრავი ნგრევა, მსხვერპლი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, უზარმაზარი ზარალი, ეკოლოგიური კატასტროფა, ქვეყნის ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, ინვესტორების დაფრთხობა-გაქცევა, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის დაცემა, ხალხში შიშისა და უიმედობის გაჩენა გამოიწვია და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველომ ტერიტორიის მეხუთედი დაკარგა”.

ომარ მარგველაშვილი

ავტორს ხშირად უწევს სამსახურებრივი მივლინებებით (ის ხან ამ და ხან იმ ტრესტის მმართველია, ხან ამ თუ იმ მინისტრის მოადგილე) მოგზაურობა ურალსიქითა რუსეთის ოლქებსა და ქალაქებში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის აკადემიაში სწავლისას უამრავი დახურული და მკაცრად გასაიდუმლოებული ქალაქი და მიწისქვეშა გიგანტი საწარმო მოინახულა. სწორედ აქ გაიცნო მან არაერთი ტიტულოვანი ქართველი მეცნიერი, ზესაიდუმლო გრიფით მომუშავე, რომლებიც მთელი ცხოვრება ატომურ, ბირთვულ, სარაკეტო ტექნიკის შექმნაზე მუშაობდნენ _ აკადემიკოსები: ალექსანდრე ნადირაძე, ვახტანგ ვაჩნაძე, გალაკტიონ ალფაიძე, ნიკოლოზ ესაკია, რამდენიმე გზის ლენინური და სახელმწიფო პრემიების ლაურეატები, საბჭოთა კავშირის არაერთგზის გმირები. ისინი პიროვნულად არ ჩანდნენ, მკაცრად იყვნენ გასაიდუმლოებულნი, მაგრამ თავიანთი დიდი ნიჭიერებით ქვეყანას აძლიერებდნენ. უთუოდ მოსაწონია, რომ ავტორი ამ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველ მეცნიერთ დიდი სითბოთი და სიყვარულით გვაცნობს. არადა, საქართველოში არც ერთს თითქმის დღემდე წესიერად არ იცნობენ.

მოგეხსენებათ, ეპოქის ბეჯით მემატიანედ წარმოდგენილი ავტორი არც დროდადრო გაჩენილ ერთგვარად დრამატულ თუ სახალისო ამბებს უვლის გვერდს (ბევრს საკუთარი თვალით ნახულს, ზოგსაც სხვათაგან გაგონილს), რადგან ეს ამბებიც ხომ ცხოვრების ნაწილია, ურომლისოდაც მარტო ცალმხრივად პირქუში ხანა შეგვრჩებოდა ხელთ, რაც დაგვზაფრავდა და სუნთქვას შეგვიკრავდა.

* * *

…მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია. ვაკეში, ტრამვაის ბოლო გაჩერებასთან ორი “ბუდკაა”: ერთი ნესტორასია, მეორე _ იპოლიტესი. ჩამოსასხმელი ლუდით, არყითა და შავი ხიზილალით (დიახ, შავი მარცვლოვანი, ნატურალური ხიზილალით) ვაჭრობენ. ხიზილალას ხის კასრებიდან თეთრი ქათქათა ხის კოვზებით იღებენ და ბარაქიანად უსვამენ შავ პურზე. მავთულზე ჩამოკონწიალებულ დოშს იმდენი ქონი გასდის, რომ ქვეშ კონსერვის ქილები უდგათ და კარგა მოზრდილი ჩაკურატებული კატები სვლეპენ.

ნესტორასა და იპოლიტეს ყოველდღიური სტუმარია გალაკტიონი, რომელსაც ვერის ბაზარში ნაყიდი ერთი კონა ბოლოკი მოაქვს, იქვე ონკანის წყალში “გაახანხალებს” და ტრაპეზს იწყებს. სკოლიდან მომავალი ბავშვები ცნობენ და გარს ეხვევიან.

_ სკოლიდან მოდიხართ? _ ეკითხება გალაკტიონი, _ რა კარგი ბიჭები ხართ! თუ არ დამეწვევით, წადით სახლებში და გაკვეთილები მოამზადეთ.

პატარები მეცხრე ცაზე არიან, დიდი პოეტი რომ ნახეს და გაესაუბრნენ…

* * *

…განა შეიძლება, თვალზე ცრემლი არ მოგადგეს, როცა ჭეშმარიტად დიდ მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ ევგენი ხარაძეს რომ ახსენებ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დიდი განუკითხაობის ჟამს აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძის 90 წლის იუბილის აღმნიშვნელ სუფრაზე ამ წიგნის ავტორის გვერდით რომ ისურვა დაჯდომა. დიდხანს არ გაჩერდა. ჭამითაც ცოტა მიირთვა… უნდა წავიდეო, თქვა. უეცრად ჯიბიდან ძველი პარკი ამოაცურა და მთხოვა: “უმორჩილესად გთხოვთ, ბატონო ომარ, საჭმელები ჩამიწყვეთო…” კაცი, რომელსაც ცა ხელისგულზე ედო, დედამიწისგან განწირული იყო.

* * *

…ერთხელ ნიკოლოზ მეორესთვის რომ მოუხსენებიათ, ჩაქვში შესაძლებელია ჩაის გაშენებაო, მცირე ფიქრის შემდეგ მოხსენებითი ბარათისთვის ასეთი რამ წაუწერია: “როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩაი კოლონიურ შრომას მოითხოვს. მე კი არ მსურს, რომ ისეთი მშვენიერი ერი, როგორიც ქართველები არიან, გადაგვარდესო”.

* * *

საგულისხმოა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მერი შერვაშიძისთვის რომ შეუვლია თვალი, გაოცებულს აღმოხდენია:

_ Княжна, грещно бытъ такой красивой.

* * *

…საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელ გრაფ ოლდენბერგს ერთ-ერთ წვეულებაზე თვალი მოუკრავს ქართველი თავადის _ ტარიელ დადიანის კალმით ნახატი მეუღლის აგრაფინა ჯაფარიძისთვის და თავადისთვის იმის ცოლთან ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ მილიონი ოქროს თუმნიანი შეუთავაზებია. თავადს ცდუნებისთვის ვერ გაუძლია, შემდგომში აგრაფინა გრაფის მეუღლე გახდა, მან საყვარელ ცოლს თბილისში მდიდრული სასახლე აუშენა.…

* * *

…როგორც მე, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ “დათა თუთაშხიას” ავტორის მეუღლე, უმშვენიერესი მარინა მხეიძე თავის თანატოლთაგან განთლებით, გარეგნობით, ვაჟკაცობითა და ოჯახიშვილობით გამორჩეულ რობიკო ჯომარჯიძეს ჭაბუა ამირეჯიბის გადასახლებიდან დაბრუნებამდე უზომოდ ჰყვარებია და შეთავაზებულ ცოლობაზე უარის გამო მამის რევოლვერით მოუკლავს თავი.

* * *

…წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟია ფაშისტებთან ნამსახური გენერალი შალვა მაღლაკელიძე, რომელსაც ომის შემდგომ საბჭოთა უშიშროების მიერ ბერლინიდან ჯერ მოსკოვში მოტყუებით ჩამოყვანილს და შემდგომ თბილისში ჩამოსულს რამდენჯერმე შეხვედრია ავტორი. მაღლაკელიძის ცნობით, 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება ნოე რამიშვილის დამსახურება ყოფილა და არა ჟორდანიასი, რომელსაც ქართველთმოძულე რუსი ცოლი ჰყოლია… ის აზრი, თითქოს ნოე ჟორდანიას ეკუთვნოდეს სიტყვები: “ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო…” სინამდვილეში პოეტისა და მხატვარ-კარიკატურისტ სიმონ ბერეჟიანისა იყო და ჟორდანიას საფლავზე ლევილში ეს წარწერა არასდროს ყოფილა.

* * *

…ამ წიგნიდან ისიც შევიტყვე, რომ ტიციან ტაბიძეს თურმე არ მოსწონდა თავისი ნამდვილი სახელი ტიტე და მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას სწორედ შალვა მაღლაკელიძეს მოუნათლავს “ტიციანად”. მაღლაკელიძესვე იშველიებს ავტორი, როცა წერს, რომ შამილი თითქოს გრიგოლ ორბელიანს კი არ დაეტყვევებინოს, სინამდვილეში რუსეთის მეფის გენერალ ივანიკა კვინიტაძეს შეუპყრია. აქვე იმასაც ვიგებთ, რომ თვითონ მაღლაკელიძე ახლოს ყოფილა გერინგთან და შემდგომ ერთი ხანობა ადენაურის მრჩეველიც ყოფილა.

* * *

…ერთხელ ცნობილ სიმონიკა სხირტლაძეს ომარისთვის ასეთი რამ უამბნია: ზამთარია. ბარდნის. მთელი ღამის ნაქეიფარნი მოვუყვებით რუსთაველს, თეთრი ქურქით მოდის ულამაზესი ნატო ვაჩნაძე, მოდის და მოაქვს ქვეყანა! რომ მოგვიახლოვდა, უცებ ტყავის პალტო გავიძრე და ფეხქვეშ გავუფინე და მუხლი მოვიყარე. არ შეჩერებულა, შედგა ფეხი ჩემს პალტოზე, ოდნავ შეყოვნდა… გაგვიღიმა თავისი შეუდარებელი ღიმილით, თავი დაგვიკრა და გზა განაგრძო.

* * *

…დღემდე ანეკდოტად დადიოდა, რომ მავანი ქართველი ლენინგრადში დისერტაციას იცავდა და ერთ-ერთ ლენინგრადელ კომისიის წევრს უკითხავს: _ რატომ თბილისში არ იცავთ?

ქართველს მიუგია:

_ როცა ბლოკადის დროს ლენინგრადს ვიცავდი, რატომ მაშინ არ მკითხეთ, რატომ ვიცავდი ლენინგრადს?!

ეს მაშინდელი ბოლნისის რაიკომის პირველი მდივანი შოთა გუტიძე ყოფილა.

* * *

…სპორტის სასახლეს ჩვენი წიგნის ავტორიც აშენებდა. პროექტის ავტორი წარმოსადეგი ლადო მესხიშვილია. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე აქვე იღებს ფილმ “ფრესკას”. ლადომ ვესტიბიულში საგანგებო გადასაღები მოედანი დაუმონტაჟა. ასე აშენდა სპორტის სასახლესთან ერთად კიდევ ერთი ქართული ოჯახი.

* * *

…მაგრამ ქორწინების სასახლესთან ერთად ვერ აშენდა მეორე ქართული ოჯახი, თუმცა ხანუმა თვითონ ნანული შევარდნაძე იყო. საგარეჯოში თანაშეზრდილ მედიკო მეზვრიშვილს ქორწინების სასახლის პროექტის ავტორს, ცნობილ არქიტექტორს _ ვიქტორ (ბუცა) ჯორბენაძეს ურიგებდა, მაგრამ თვითონ ქალბატონ ნანულის “დანიშნული” შუამავალი ომარ მარგველაშვილიც ვერაფერს გახდა. ბუცას თურმე ცნობილ სერგო ფარაჯანოვთან ერთად სოდომურ ცოდვაში ედგა ფეხი: “ჟენის დურაკ, ზატო სეკრეტარ რაიკომა, ტო!” _ ხალისობდა თურმე ფარაჯანოვი ბუცაზე.

* * *

…სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში პირველად და უკანასკნელად გაეროს ერთ-ერთი პირველი გასვლითი კონფერენცია სწორედ თბილისის ქორწინების სასახლეში გამართულა და ბრწყინვალედ ჩატარებულა. საორგიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ომარ მარგველაშვილი ყოფილა.

* * *

…ბარემ აქვე ვიტყვი იმასაც, რომ გაეროში ხულიგნური გამოსვლისათვის დამთხვეული ხრუშჩოვი 10 ათასი ამერიკული დოლარით დაუჯარიმებიათ (ხრუშჩოვის თარჯიმანს, ვიქტორ სუხადროვს უთქვამს ომარისთვის).

* * *

…ერთ-ერთი სახალისო მოგონება ცხონებულ ბორის წიფურიასთან არის დაკავშირებული. ეს ამბავი თუ “ნოველა” “არაჩვეულებრივ გამოფენად” არის სახელდებული. ზაფხულის ერთ პაპანაქება დღეს მაღალი წრის ქართველ მანდილოსნებს ფსონი გაუმართავთ. ბორიასთან დაურეკავთ, სუფრა გავაწყვეთ და შენთან ერთად ერთი ლამაზი საღამო გვინდა გავატაროთო. სულ პარტიული ელიტა ყოფილა: ბელა მაყაშვილი, ლია ლომიძე, თამილა მაჭავარიანი, ნელი გურგენიძე, მადონა მგელაძე, ლამარა გაგუა, ვიოლა ჯაფარიძე, ცისანა ჩიხლაძე, დალი ბოჯგუა. მშვენიერ სუფრას, ერთ-ერთი ქალბატონის ოჯახში რომ გაეწყოთ, ჩიტის რძეც არ აკლდა! დრო აღარ დაგვიკარგავს და შემოვუსხედით მაგიდას. თამადად ამირჩიეს _ ყვება ბორისი, _ სულ თაფლად ვიღვრებოდი… და უეცრად ჩანგალი არ დამივარდა?! დავიხარე, ხელი ვაფათურე, მაგრამ ვერ მივაგენი, კიდევ უფრო დავიხარე და მაგიდის ქვეშ აღმოვჩნდი. ჩანგალი კი ვიპოვე, მაგრამ… მიმოვიხედე და თვალთ დამიბნელდა… ჩანს, “გრადუსში” მყოფ ქალებს ჩემზე არანაკლებ სცხელოდათ და, რაკი თავისუფალ გარემოში იგრძნეს თავი, “სიფხიზლე” დაკარგეს, კაბის კალთები წამოიხადეს და საზოგადოდ დაფარული ყველა “სიმშვენიერე” გამოაჩინეს.

რა გინდა, სულო და გულო! თეთრად ქათქათებს მზედაუკრავი სავსე ბარძაყები, ნაირნაირი ფერისა და ფორმის ფუშფუშებიანი ბიკინები! “რა დროს ჩანგალია, შე ოხერო! გაახილე თვალი, ვინ იცის, კიდევ როდის ეღირსები ასეთი “არაჩვეულებრივი გამოფენის” ხილვას?!” ვარ თივაში გატრუნული თაგვივით.

უცებ მომისაკლისეს:

_ ბორი, სად ხარ?

_ ჩანგალი დამივარდა და ვეძებ.

ვიღაც რაღაცას მიხვდა:

_ მე შენ გიჩვენებ ჩანგალს! ახლავე ამოეთრიე და შენს სკამზე დაეგდე, შე ოხერო! _ ატყდა ერთი გნიასი. ვინ ზარბაზნის ლულებივით ჩემკენ მოშვერილი თეთრი ქათქათა მუხლები სასწრაფოდ შეატყუპა, ვინ კაბის კალთების დაბლა ქაჩვას შეუდგა, ვინ წამოხტა სკამიდან, ვინ წვეტიან ქუსლებს მირტყამს და მირაჟივით გაქრა რამდენიმე წამის წინ ეს გადაშლილი “არაჩვეულებრივი ფერადოვნება…”

_ გულახდილად მითხარი, უსაწმერთულოდ იყო ვინმე? _ ვკითხე.

_ კი, იყო, მაგრამ ვერ გაგიმხელ… _ მიპასუხა.

მას შემდეგ, სადაც კი შემხვდებოდა, ვეკითხებოდი: _ ბორის, ჰაეროვანმა მანდილოსნებმა აღარ დაგპატიჟეს-მეთქი? ფართოდ გაიღიმებდა და შესძახებდა: _ რაც მინახავს, ვეღარ ვნახავო.

* * *

…ავტორს თავს არ არიდებს არც ერთგვარად საჩოთირო ამბებს. ერთ-ერთ ნოველა-ამბავში (“ქალური სათნოების მაგალითი”) მოთხრობილია, მოსკოვში რუს “მანდილოსნებთან დროსტარების მიზნით, როგორ იძენდა მოსკოვში იმპორტულ “დამცავ” საშუალებებს _ პრეზერვატივებს (ბითუმად) და ისეთ ადგილას ინახავდა თბილისში, თავის ბინაში, რომ ცოლი შემთხვევით არ წასწყდომოდა… ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას ამგვარად “შეიარაღებული” წასულა “ლარისა ივანოვნასთან” პაემანზე, მაგრამ იმ ერთხელ წასვლისას უმტყუნია “პრევენციის” უცხოურ საშუალებებს, განა ერთს, ყველას ერთად!

ცოლს თურმე მიუგნია ერთად შეფუთული პრეზერვატივებისთვის და სულ სათითაოდ დაუხვრეტია ნემსით… მერე ისევ სამალავში მიუბრუნებია და შერცხვა კაცი! მაგრამ ცოლს სათნო იუმორად ჩაუთვალა.

რაც შეეხება წიგნის ენას, ჩინებულია (რაც ჩანს, ავტორთან ერთად, რედაქტორის, ქალბატონ ბელა ლოლაძის დიდი ნაამაგარიც არის!).

* * *

ცალკე უნდა აღინიშნოს წიგნისთვის დართული “ცხოვრებას ადევნებული ფიქრები”. აქ ავტორი უკვე თავისებური ქართველი ლაროშფუკოა, რომლის მაქსიმებმაც რამდენიმე საუკუნეს გაუძლო. ავტორს ბევრი საყურადღებო აზრი აქვს სხარტად მოვარგებული, რომელთაც თუნდაც დიდად გამოცდილი კაცი როგორც სხვა ადამიანებზე, ისე თავის თავზე დაუკვირვებლად ვერ შექმნის. ეს აზროვნების ურთულესი რამ არის. აი, რამდენიმე მათგანი: “შენი ფასი იცოდე, მაგრამ ნურც სხვისას დაივიწყებ”; “არ იტრაბახო, როდესაც ფეხზე მყარად დგახარ _ სულ გეშინოდეს, რომ არ დაეცე”; “პატარა ადამიანები უფრო ხშირად ამაყნი და ამპარტავანნი არიან”; “დიდი ფულის პატრონს ფსიქიკა ხშირად ღალატობს”; “კეთილშობილი და კეთილგონიერი ადამიანი არავის დამამცირებელს არ ეტყვის, თუნდაც ის ამას იმსახურებდეს”; “უმადურობა დიდი ცოდვაა”; “მიტევება მხოლოდ ძლიერი პიროვნების ბუნებაა”; “ქალი ბრწყინავს…კარგი ქმრის ხელში”; “ბედნიერი ქალი ლამაზია”; “სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველები ელემენტარულ ეროვნულ პასუხისმგებლობას ვართ მოკლებული…”; “ეროვნული თვითშეგნების მქონე ახალგაზრდობა სანთლით საძებარია”; “მე ჩემი შვილებისთვის მეხამრიდი ვარ”; “შური ადამიანს აავადებს და აბერებს”.

* * *

ღმერთი, რჯული, სულ არ ვაპირებდი ამ წიგნზე ესოდენ ვრცელ საუბარს. თავში კი ვთქვი და ბოლოშიც უნდა გავიმეორო, რომ, მართალი გითხრათ, არაპროფესიონალი კალმის კაცისგან, თუმცა ნამდვილი ინტელიგენტისგან, როგორიც ომარ მარგველაშვილია, მაინცდამაინც არ ველოდი, თუ კალამს ასე მარჯვედ იმორჩილებდა და არც ლიტერატურული გემოვნება ღალატობდა. მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ, ჩემდა გასაკვირად, მოვტყუვდი. წიგნის სახელწოდებაროცა უკან მოხედვისა არ გეშინია”, წაუკითხავად ანდა თუნდაც თვალის ერთი გადავლებით, ცოტა არ იყოს, იქნებ ავტორს ტრაბახადაც ჩაუთვალო, მაგრამ თურმე, როგორც ადამიანის შესაცნობად რამდენიმე ფუთი მარილის შეჭმაა საჭირო, წიგნის შეცნობასაც გულდადებით რამდენიმეფუთი დროისჩამოფქვა სჭირვებია.

მე ეს დრო გულდადებით ჩამოვფქვი და ამიტომაც შემექმნა ასეთი მაღალი, ოღონდ მიუკერძოებელი აზრი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უკეთესად და ამომწურავად ხვალინდელი თუ ზეგინდელი მკითხველი იტყვის.

ყველა ურწმუნო თომას კი ვურჩევ, ჩემდა გასამტყუნებლად რამდენიმე საღამო გაატაროს ამ ცხოვრების უტყუარ წიგნ-მატიანესთან ერთად.

გურამ გოგიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here