Home რუბრიკები პოლიტიკა მემარჯვენე ტერორისტები მითია თუ რეალობა?

მემარჯვენე ტერორისტები მითია თუ რეალობა?

853
მემარჯვენე ტერორისტები მითია თუ რეალობა?

რედაქციისგან: ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ გერმანიასა და საფრანგეთში თითქმის ერთდროულად ამხილეს ტერორისტები. ორივეგანნაციონალისტი მემარჯვენეები. წინამდებარე წერილში ჩვენი ავტორი შეეცადა გაეანალიზებინა, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს:

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ორ წამყვან სახელმწიფოში, გერმანიასა და საფრანგეთში, სამართალდამცავებმა რადიკალი მემარჯვენეების შეთქმულება გახსნეს და მათ მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტები აღკვეთეს. საინტერესოა, რა დგას ამის უკან _ რეალური საფრთხე თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

ისტორია, რომელმაც გერმანია შეაშფოთა, გასული წლის აპრილში დაიწყო, როდესაც პოლიციამ ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურე (შემდგომ კი მასთან დაახლოებული ორი პირი) დააკავა. გამოძიების ცნობით, ის ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა. სკანდალის მასშტაბი მას შემდეგ გაიზარდა, რაც თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა მიმართვა და მომხდარში ბუნდესვერის სარდლობა დაადანაშაულა. მისი აზრით, ეჭვმიტანილის რადიკალური ნაციონალისტური შეხედულებები მეთაურებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. განსაკუთრებული რეზონანსი “ცდფ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა. ფონ დერ ლაიენმა თქვა: “არმიას სამხედრო მოსამსახურეების მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და ყველა დონეზე სუსტი მეთაურები გვხვდება”. ამან სამხედროების მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ბევრმა მათგანმა ჩათვალა, რომ მინისტრი პასუხისმგებლობას თავს არიდებს.

გასულ კვირას გერმანულმა “ფოკუსმა” გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის, სპეცრაზმელების ჯგუფი, რომელიც რამდენიმე პოლიტიკოსის ლიკვიდაციას გეგმავდა. “დეილი მეილის” ცნობით, ამ ჯგუფში რადიკალური შეხედულებების მქონე 200-მდე სამხედრო შედიოდა, ხოლო გამოძიებას ხელს უშლიდა სამხედრო კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, რომელიც შეთქმულების მონაწილეებს პოლიციის მოქმედების შესახებ აფრთხილებდა.

აღსანიშნავია, რომ საშიში რადიკალების გამოვლენა ბუნდესვერის რიგებში არა პოლიციას, არამედ სწორედ სამხედრო კონტრდაზვერვას ევალება. მაგალითად, ამ საქმის ფარგლებში მთავარი ეჭვმიტანილის დაპატიმრების პერიოდში, კონტრდაზვერვა სწავლობდა 230 ეპიზოდს, რომელთა დიდი ნაწილი სამხედროების მიერ ნაცისტური ეპოქის სიმბოლოების გამოყენებას ეხებოდა. 2016-ში კონტრდაზვერვამ 149 საეჭვო შემთხვევა შეისწავლა, აქედან მსვლელობა 56 საქმეს მიეცა, შეიარაღებული ძალებიდან კი 19 სამხედრო დაითხოვეს.

გასული წლის აპრილში გამოძიება აცხადებდა, რომ ეჭვმიტანილი აპირებდა, გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი მოეკლა. მედია, აგრეთვე, წერდა ერთ-ერთი ანტიფაშისტური ჯგუფის განადგურების, ფრანკფურტში როტშილდის საფლავის ქვის აფეთქების, საპატიმროდან ცნობილი მემარჯვენე რადიკალის ურსულა ჰაფერბეკის გათავისუფლების გეგმებზე (ეს უკანასკნელი ცნობილია იმით, რომ ჰოლოკოსტს უარყოფს). ბოლო პუბლიკაციებში საუბარი მემარცხენეთა ლიდერის _ დიტმარ ბარჩისა და “მწვანეთა” ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლის _ კლაუდია როტის მკვლელობის მომზადებაზეც დაიწყო. ყველა ამ პოლიტიკოსს აერთიანებს ის, რომ ახლო წარსულში მონაწილეობდნენ ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის ფორმირებაში, რომელიც რადიკალ მემარჯვენეებს ძალიან არ მოსწონთ.

ბრალდებების სიმძიმისა და მედიაში აგორებული კამპანიის მიუხედავად, სამივე პირი, რომლებიც 2017-ში დააკავეს, ამჟამად საპატიმროში არ იმყოფებიან, რადგან გასული წლის ნოემბერში სასამართლომ ჩათვალა, რომ ამისთვის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება 200 რადიკალ სამხედროს, ამ ეტაპზე პოლიციას ამის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია _ გერმანია შფოთავს იმის გამო, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება, და ამის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ გერმანული საზოგადოება, მძიმე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უაღრესად მგრძნობიარეა შეიარაღებულ ძალებში ნეონაცისტებისა და სხვა რადიკალების ინფილტრაციის მიმართ. ასეთ დროს მთლიანობაში გაწონასწორებული, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება შეიძლება ემოციებს აჰყვეს.

გერმანიაში რადიკალური მემარჯვენეობის რენესანსია _ პოლიტიკური გაერთიანება “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ მარგინალურ დაჯგუფებად თვლიდნენ, წარმატებას წარმატებაზე აღწევს და სულ უფრო მეტ ხმას იღებს. დღეს ის წარმოდგენილია როგორც ბუნდესტაგში, ისე უკლებლივ ყველა ადგილობრივ პარლამენტში. იზრდება ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების პოპულარობაც _ მას შემდეგ, რაც ჰემნიცში მიგრანტმა გერმანიის მოქალაქე მოკლა, მათ ხალხმრავალი აქციები გამართეს და აჩვენეს, რომ ქუჩაში ასობით და ათასობით ახალგაზრდის გამოყვანა შეუძლიათ. ამასთანავე, მცირდება გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების რეიტინგი; ბავარიასა და ჰესენში, როგორც ქრისტიანულდემოკრატიულმა კავშირმა, ისე სოციალდემოკრატიულმა პარტიამ ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს. ამის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კენჭს აღარ იყრის. ეს კი ნიშნავს, რომ მერკელი მალე კანცლერის პოსტს დატოვებს. გამორიცხული არაა, ახლო მომავალში ბუნდესტაგის რიგგარეშე არჩევნებიც დაინიშნოს.

რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, რომელიც მაისში გაიმართება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ის შეიძლება ევროსკეპტიკოსების ტრიუმფით დასრულდეს. მათი მოწინააღმდეგეები განსაკუთრებულ იმედებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე ამყარებენ, რომელიც ბელგიის ყოფილ პრემიერ გი ვერჰოფსტადთან თანამშრომლობით, ევროპარლამენტში ახალი ლიბერალური ფრაქციის შექმნას აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენი მანდატის მოპოვებას მოახერხებენ მისი პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები _ მაკრონს ბოლო დროს რეიტინგის სერიოზული პრობლემები შეექმნა.

6 ნოემბერს ფრანგმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ დააკავეს ულტრამემარჯვენე წრეებთან დაახლოებული 6 ადამიანი, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმას გეგმავდნენ. “ფრანს 2”-ის ცნობით, ორი მათგანი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ხოლო ოთხმა ბრალი აღიარა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, თავდასხმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების მეასე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს უნდა მომხდარიყო; შეთქმულები კერამიკული დანის გამოყენებას აპირებდნენ.

ამ ინციდენტს ისეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორს “ფოკუსის” პუბლიკაციას ტერორისტ სამხედროებზე, თუმცა ის მაინც საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. საქმე ისაა, რომ ინფორმაცია ორივე შემთხვევაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებულ შტატებში 22 ოქტომბერს ლიბერალური გლობალიზაციის ცოცხალი სიმბოლოს, ჯორჯ სოროსის, სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, ხოლო 27 სექტემბერს პიტსბურგის ერთ-ერთი სინაგოგაში 46 წლის მამაკაცი შევარდა და 11 ადამიანი მოკლა. დაკითხვაზე მან თქვა, რომ ანტისემიტია და ებრძვის შეთქმულებას ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ამ საზარელმა შემთხვევამ მსოფლიოში მემარჯვენე რადიკალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გააძლიერა და სწორედ ამ ფონზე გავრცელდა ცნობები გერმანელ და ფრანგ ექსტრემისტებზე.

საინტერესოა, რომ იმავე დღეებში შვედურმა “აფტონბლადეტმა” გამოაქვეყნა წერილი ულოფ პალმეს მკვლელობის ახალ ვერსიაზე, რომლის თანახმად პრემიერმინისტრი 1986-ში მემარჯვენე რადიკალებისა და სამხრეთაფრიკული სპეცსამსახურების შეთქმულებას შეეწირა. ამ უკანასკნელთა დაინტერესება იმით აიხსნება, რომ პალმე 1975-82 წლებში სოცინტერნში სამხრეთ აფრიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და აპარტეიდის პოლიტიკას უპირისპირდებოდა. მისი მკვლელობა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საიდუმლოდ რჩება, თუმცა, ალბათ, მაინც საგულისხმოა, რომ ავტორიტეტულმა შვედურმა გამოცემამ რადიკალი მემარჯვენეები მთავარ სამიზნედ სწორედ იმ პერიოდში აქცია, როდესაც ევროპული მედია წერდა ტერორისტებზე საფრანგეთსა და გერმანიაში.

მათი ოპონენტები ცდილობენ, ნებისმიერი ფაქტი თუ ვერსია მაქსიმალურად გამოიყენონ და ტერორისტების იმიჯი შეუქმნან, მაგრამ ეს, ცხადია, არ გამორიცხავს იმას, რომ საფრთხე მართლაც არსებობს და ტერაქტებისთვის სულ უფრო მეტი ექსტრემისტი ემზადება. დაახლოებით 50 წლის წინათ გლობალურ კრიზისს, რომელიც არა იმდენად ეკონომიკურ, რამდენადაც პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ხასიათს ატარებდა, მემარცხენე ტერორისტების მკვეთრი გააქტიურება მოჰყვა. დღევანდელმა კრიზისმა ავანსცენაზე, რადიკალი ისლამისტების გარდა, შეიძლება ულტრამემარჯვენე ტერორისტები გამოიყვანოს.

ბაადერ-მაინჰოფის ჯგუფის ტერორისტულმა საქმიანობამ 1970-იანი წლების დასაწყისში გერმანული საზოგადოება დააფრთხო. ბევრი ახალგაზრდა, რომლებსაც მარქსისტული იდეები იტაცებდა და გამუდმებით იმეორებდა “სისტემა უნდა დაინგრეს”, მას შემდეგ, რაც რადიკალური მემარცხენეობის “სახე” ბაადერ-მაინჰოფის ჯგუფი გახდა, თითქოს შეჩერდა, დაფიქრდა და შემდგომ ნაკლებად რევოლუციური პოზიცია დაიკავა. დღეს ძველი პოლიტიკის და მსოფლმხედველობის მთავარ მოწინააღმდეგეებად არა მემარცხენეები, არამედ მემარჯვენეები გვევლინებიან. მათი რადიკალური ნაწილი აქტიურად უპირისპირდება გლობალურ ლიბერალურ პროექტს და სავსებით შესაძლებელია, ოპონენტებმა, ბაადერმაინჰოფის ეპიზოდში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, სცადონ მათი იდეების დაკავშირება სისხლიან ტერორისტულ აქტებთან, დაახლოებით ისე, როგორც ეს გასულ კვირას გერმანელი სამხედროების მიმართ გაკეთდა. პოლიციას არავინ დაუკავებია და არც ერთი ახალი ეჭვმიტანილი არ დაუსახელებია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნახევარი გერმანია მთელი კვირის განმავლობაში ულტრამემარჯვენე სამხედროების შეთქმულებაზე ლაპარაკობდა. ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია, თუ ამ საუბრების ფონზე თუნდაც ერთი ფატალური ინციდენტი მოხდება. ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ შემდგომი სვლა ამ მიმართულებით ევროპას კარგს არაფერს მოუტანს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here