მუქარა _ ეს სიტყვა მსოფლიო პოლიტიკაში ბოლო ხანს ყველაზე ხშირად ისმის. ევროპის ქვეყნები, ბრიტანეთი და ამერიკა რუსეთს სხვადასხვა სანქციებით ემუქრებიან და არ მალავენ, რომ უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკას არნახულად დააზარალებენ. სხვათა შორის, დასავლელი ლიდერები პრაქტიკულად ყოველდღე იმეორებენ, თუ კონფლიქტი დაიწყება, რუსეთი მარტო აღმოჩნდება მსოფლიოს წინაშეო, მაგრამ…
ამერიკასა და ევროპას სურს, ყველას დაავიწყოს, რომ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ), რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრებული და, ეკონომიკური ურთიერთობის გარდა, ეს ორგანიზაცია ერთმანეთის დახმარებას სამხედრო ძალითაც ითვალისწინებს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ, მომხდარი არეულობების ფონზე, ყაზახეთში რუსეთმა სამშვიდობო ჯარი შეიყვანა და ვერავინ გააპროტესტა _ ეს ქვეყნებს შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ჰოდა, უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ამ ქვეყნებს უფლება ექნებათ რუსეთს როგორც ცოცხალი სამხედრო ძალით, ისე სამხედრო ტექნიკით დაეხმარონ. აღარაფერს ვამბობთ ჩინეთზე, ქვეყანაზე, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და, როგორ გგონიათ, ვის მხარეს დაიჭერს ასეთ შემთხვევაში ჩინეთი?!
დასავლეთმა განვითარებადი ქვეყნები აიძულა, რეზოლუციები მიეღოთ და რუსეთის ქმედებები დაეგმოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დასაგმობი არც არაფერია. უბრალოდ, დასავლეთს სურს, შექმნას ფონი, რომ ერთ მხარეს დგას მთელი მსოფლიო, მეორე მხარეს კი _ მხოლოდ რუსეთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. განვითარებად ქვეყნებს (ამ სტატუსს თუ მოვიცილებთ, ეგებ მართლა გვეშველოს) შორის მოხვდა საქართველოც. ჩვენი ხელისუფლება აიძულეს, რეზოლუცია მიეღო. ცალკე ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, ცალკე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მოწოდების შემდეგ, შემუშავებული იქნა რეზოლუცია, რომელიც რეალურად მოზომილი გამოვიდა. რეზოლუციაში არაფერის ისეთი, რაზეც რუსულ მხარეს შეუძლია მოგვედავოს _ ქართული მხარის რიტორიკა არ არის ისეთი, რომ ჩრდილოელი მეზობლის გაბრაზების საფუძველი გახდეს. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციას რეზოლუციის ტექსტი არ მოეწონა, დასავლეთმა წუნი ვერ უპოვა, ვერ მოგვედავა, ვერ მოგვიწოდა, იმაზე მკაცრები იყავით, ვიდრე თვითონ უკრაინააო. როგორ გგონიათ, რა მოხდა ამის შემდეგ? ოპოზიციამ ცალკე რეზოლუცია შეიმუშავა და, რაც მთავარია, “ევროპულმა საქართველომ” რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ერთგვარი პერფორმანსი გამართა, რომლის დროსაც შენობა ლურჯ და ყვითელ, ანუ უკრაინის დროშის ფერებში განათდა. აქციას ორგანიზატორი პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია იყო, კაცმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ წამოაგოს პროვოკაციაზე მეზობელი სახელმწიფო და შემდეგ როგორ გაიშვიროს ხელი მმართველი გუნდისკენ, აქაოდა, მე არაფერ შუაში ვარო.
“ევროპული საქართველოს” ქმედებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპროტესტო ნოტის გამოგზავნა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ქმედება დაგმეს, ნოტაში ისიც აღნიშნეს, რომ პერფორმანსისას შენობაში შუქი გამოირთო. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ აქცია და შუქის გამორთვა ერთმანეთს შემთხვევით დამთხვეოდა. თუ ეს მართლაც მოხდა, ხელისუფლება ვალდებულია, გამოძიება დაიწყოს და პირი, რომელმაც ელექტროენერგია გათიშა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამშობლოს ინტერესების ღალატის მუხლით. დიახ, ღალატია, როცა ცდილობ, მეზობელი სახელმწიფო ისე გააღიზიანო, იარაღის გამოყენებაზე იფიქროს. ოპოზიციის ინტერესი სწორედ ეს არის _ იკადრონ ყველაფერი და ნებისმიერ ფასად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ახლა ოპოზიციისთვის ომი საუკეთესო გამოსავალია, რადგან ყველაფერს სწორედ ხელისუფლებას დააბრალებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ომს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მსხვერპლი, ოპოზიცია სათავისოდ გამოიყენებს, დაზარალებული ხალხის გრძნობებზე ითამაშებს, როგორც 2008 წელს, მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნებს სხვა შემთხვევაში ვერ დანიშნავს, ამის იურიდიული საფუძველი, უბრალოდ, არ არსებობს, არჩევნები, რომელიც ჩატარდა, დასავლეთმაც კი სცნო, როგორც კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. სამწუხაროდ, კიდევ გვიწევს იმის გამეორება, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებს ლოიალურად ეპყრობა და მათ მიუტევებს იმას, რასაც რიგით ადამიანებს არ აპატიებს. მე ან თქვენ ანალოგიური აქცია რომ გაგვემართა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, ხელისუფლება აუცილებლად დაგვსჯიდა, აუცილებლად ჩაერეოდნენ საქმეში სამართალდამცავები, მაგრამ ასე არ მოხდა ბოკერიას შემთხვევაში, რადგან ბოკერიას დაპატიმრება მაშინვე მოინათლებოდა პოლიტიკურ დევნად და დასავლეთი ყველაფერს მარტივად “გააპრავებდა”. სწორედ დასავლეთის იმედით მოქმედებენ კანონის დარღვევით ოპოზიციის ლიდერები და საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. არ გაგიკვირდეთ, მომავალ კვირას ბოკერია და მისი გუნდი რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “მოლოტოვის კოქტეილებით” შეიარაღებულნი რომ მივიდნენ და ისეთი ცეცხლი დაანთონ, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელი იქნება. ოპოზიცია მიხვდა, რომ რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, არ აღიზიანებს რუსეთს და ამის საფუძველზე ომის დაწყება წარმოუდგენელია. ომი და სისხლისღვრა _ ეს არის ის, რაც ოპოზიციას დღეს სჭირდება და ეს იცის ხელისუფლებამაც, ოღონდ არ იმჩნევს, არ სჯის, არ აქტიურობს. ბეწვის ხიდზე გადის საქართველო და ვაი, რომ ამ ხიდის დაწვას ხან ოპოზიცია ცდილობს, ხან _ დასავლეთი. ევროპა–ამერიკისთვის სულერთია, სად დაიწყება შეიარაღებული კონფლიქტი, იარაღსა და ვადაგასული ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ყველგან შეიძლება, თუმცა უკრაინა უკეთესი ვარიანტია, რადგან ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა, საქართველო კი… 2008-ში საქართველოს წყლით დატვირთული ერთი გემი ეყო.
საზოგადოდ, უკრაინაში ვითარება ისე დაძაბული არ არის, როგორც ამას დასავლეთი ხატავს და ხაზავს. აგერ, ჯო ბაიდენმა დააანონსა, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრებაო და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციაზე მინიშნებაც კი არ გაკეთებულა. ვითარების უფრო დამძიმების მიზნით, კიევში აშშ-ის საელჩომ, რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინაში ვითარება უპროგნოზოა და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. იმავე განცხადებაში აღნიშნულია ის შესაძლო გზები, რომლითაც უკრაინის სახმელეთო საზღვრის დატოვებაა შესაძლებელი და ჩამოთვლილია რეგულაციები, რომლებიც უკრაინის მეზობელ ქვეყნებში _ პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში _ მოქმედებს. იმის მიუხედავად, რომ უკრაინიდან საქართველოშიც მარტივია ჩამოსვლა ზღვით თუ ჰაერით, საქართველო განცხადებაში ნახსენები არაა. იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენს ქვეყანას კონფლიქტის მონაწილე ერთ–ერთ მხარედ განიხილავს დასავლეთი?! ხვალ და ზეგ რუსეთსა და უკრაინას შორის არაფერი არ უნდა შეიცვალოს. ეს იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან არ ჩანს კონკრეტული ქმედებები, რმლებიც გვაფიქრებინებს, რომ ომის დაწყება მართლაც რეალურია, მაგრამ არსებობს პროვოკაციების საფრთხე, საფრთხე იმისა, რომ თუნდაც საზღვარზე ვიღაცამ გაისროლოს… გაისროლოს ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე თბილისში, კინოს სახლთან გაისროლეს და შემდეგ არავინ იცოდა, ვინ ისროლა და რისთვის, სამაგიეროდ, სამოქალაქო ომი დაიწყო და ქართველებმა ერთმანეთი დავხოცეთ. პროვოკაციის მოწყობის სპეციალისტები ოპოზიციაში ბევრი გვყავს და ხელისუფლებამ კანონი ყველას მიმართ უნდა გამოიყენოს _ არავის უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააღიზიანოს ქვეყანა, რომელსაც ახლა ლამის მთელი მსოფლიო ემუქრება და ისე არ გამოვიდეს, დასავლეთმა ქათამივით წაგვაკლას დაძაბულ სიტუაციას. ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად, პრაქტიკულად, მკვდარია და უახლოეს მომავალში პერსპექტივა არ აქვს, მზად არის, ყველას და ყველაფრის სანაცვლოდ, ვა-ბანკზე წავიდეს და საკუთარ ამბიციას არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტიც შესწიროს. ცუდი ის არის, რომ ოპოზიციის ლიდერებისადმი კანონიერი მიდგომა ევროპა-ამერიკის მხრიდან პოლიტიკურ დევნად ფასდება და ამიტომ ოპოზიცია არაფერს თაკილობს. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აქციების გამართვას სხვა პარტიებიც აპირებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება იმაზე მეტად მიიპყრონ, ვიდრე ეს ბოკერიას გუნდმა მოახერხა. “ევროპული საქართველოს” ქმედებას საპროტესტო ნოტა მოჰყვა და, სულ ცოტა, ამის განმეორებას შეეცდებიან სხვა პარტიები. მეზობელი სახელმწიფოს მოთმინების ფიალას ყოველდღიურად წვეთწვეთობით ავსებენ და ამას მხოლოდ ერთი მიზნისთვის აკეთებენ _ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, ჩვენი, თქვენი სიცოცხლის ფასადაც კი.
ბესო ბარბაქაძე