Home რუბრიკები ეკონომიკა მევახშური საბანკო სისტემა, როგორც მოსახლეობის გაღატაკების მთავარი ფაქტორი

მევახშური საბანკო სისტემა, როგორც მოსახლეობის გაღატაკების მთავარი ფაქტორი

2013
პაატა ბაირახტარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ეს ფინანსთა მინისტრმა 12 აპრილს განაცხადა ტექნოპარკში, სადაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას. დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიის მიერ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის მაღალი რისკია. ამასთანავე, ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც საფინანსო სექტორშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა”, _ აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. არის თუ არა დღეს არსებული საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი და მთავარი ფაქტორი მოსახლეობის გაღტაკებისა; ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საბანკო სექტორში არსებულ ხარვეზებზე და როგორია საკანონმდებლო ბაზა _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრნენ ფინანსისტი გიორგი ჩახაია, ეკონომისტები _ პაატა ბაირახტარი და გიორგი კეპულაძე.

ბიზნესმენს, რომელიც მიდის სესხის ასაღებად, ბანკი აღიქვამს არა როგორც კლიენტს, არამედ, როგორც კონკურენტს

პაატა ბაირახტარი, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის (აფბა) ვიცეპრეზიდენტი:

_ კონკრეტული ნივთები, რომლებზეც ბანკები გასცემენ სამომხმარებლო სესხებს ან განვადებებს, ჩვენთან წარმოებული, პრაქტიკულად, არც ერთი არ არის. ამით რეალურად ბანკები აკრედიტებენ სხვა ქვეყნის ეკონომიკას და გაედინება თანხები ქვეყნიდან, მოგებული რჩება მხოლოდ ბანკები, რომლებიც კოლოსალურ პროცენტებში გასცემენ სესხებს.

_ ბიზნესმენები ამბობენ, რომ, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, საკმაოდ რთულია ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაფართოება

_ ცოტა კომიკური სიტუაცია იქმნება _ ბიზნესმენს, რომელიც მიდის სესხის ასაღებად, ბანკი აღიქვამს არა როგორც კლიენტს, არამედ, როგორც კონკურენტს. დღეს ქვეყანაში ოცამდე კომერციული ბანკი ოპერირებს, თუმცა რეალურად ორი-სამი ბანკია დომინანტი და ისინი ფლობენ კრედიტორების აქტებს და ისინი აკრედიტებენ, პრაქტიკულად, ყველა მსურველს. თუ ვნახავთ ბიზნესსესხებზე დაწესებულ პროცენტებს, მივხვდებით, რომ ახალი ბიზნესის დაწყება ამ პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მით უმეტეს, ბანკებსაც აქვთ არაპროფილური აქტივები და ისინი სერიოზული კონკურენტები არიან იმ ბიზნესების, რომლებიც მომავალში უნდა დააფინანსონ.

_ სესხზე სარგებლის განაკვეთის სიდიდე ნებისმიერ ქვეყანაში აქტუალური საკითხია. როდესაც ამბობენ, მაღალი საპროცენტო განაკვეთი ქვეყანაში არსებული მაღალი რისკებიდან გამომდინარე არსებობსო, არის თუ არა ეს საბანკო სექტორის მხრიდან თავის მართლების მცდელობა და რა რისკებზეა საუბარი?!

_ როდესაც კომერციული ბანკების ან ეროვნული ბანკის წარმომადგენლები საუბრობენ, პროცენტები დაწესებული აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ რისკებია მაღალი, როგორც წესი, ჩვენ ვედრებით ვეროპის ქვეყნებს. თუ რისკი მაღალია, საპროცენტო განაკვეთიც მაღლი უნდა იყოს _ ეს აქსიომაა, მაგრამ რისკები რაში გამოიხატება? შევხედოთ ე.წ. გაფუჭებული პორტფელების რაოდენობას, რომელშიც იგულისხმება ვადაგადაცილებული სესხები. მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მონაცემები არაფრით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებისას და ხშირად მათზე უკეთესიც გვაქვს. თქმა იმისა, რომ ჩვენთან რისკები უფრო მაღალია და ამიტომ არის საპროცენტო განაკვეთი მაღალი, ეს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და თავის მართლების მცდელობა.

_ მოსახლეობის უმრავლესობა სასესხო ვალდებულებებში ჩაეფლო, არის თუ არა მოსახლეობის გაღატაკების მთავარი ფაქტორი ბანკები?!

_ არ შეიძლება ბანკებმა, შემოსავლის დასაბუთების გარეშე, გასცენ სესხები! ეს არის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელსაც მაინცდამაინც არ ითვალისწინებენ კომერციული ბანკები. რატომ? ბანკებს ურჩევნიათ, გასცენ სესხი შემოსავლების დასაბუთების გარეშე უზრუნველყოფით და სანაცვლოდ მიიღონ უძრავი ან სხვა ქონება. შემდგომ კი, თუ მსესხებელი თანხას ვერ გადაიხდის, სესხი უზრუნველყოფილი აქვთ უძრავი ქონებით და უსინდისოდ ეპატრონებიან მას. თუ შევხედავთ მონაცემებს, წლიდან წლამდე იმატებს ბანკების მიერ ხელში ჩაგდებული უძრავი ქონება, როგორც რაოდენობრივად ისე ფინანსურად.

გიორგი კეპულაძე
გიორგი კეპულაძე

სახელმწიფოში, სადაც შარშან მხოლოდ 20-მდე ფასიანი ქაღალდი გამოუშვეს, ფასიანი ქაღალდების ბირჟა ვერ იქნება

გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაციასაზოგადოება და ბანკებისგამგეობის თავმჯდომარე:

_ ხელისუფლების ხელშია ყველა ბერკეტი. ბანკებთან შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მოსახლეობას, ბიზნესს, მაგრამ, როცა ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, მან უნდა იმოქმედოს და არ უნდა გამოდიოდეს ეკონომიკური მიმომხილველის როლში. სესხი ბევრ ადამიანს რომ აქვს, ეს ავტომატურად არ უნდა ჩაითვალოს ცუდ სიტუაციად ქვეყანაში, მაგრამ მეორე საკითხია, რა მიზნით იღებენ სესხს ადამიანები და შეუძლიათ თუ არა მათ ფინანსური ვალდებულებების შესრულება. ამისთვის კი საჭიროა, პირველ რიგში, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.

_ გარდა კომერციული ბანკებისა, დამატებითი ფინანსური რესურსების მოპოვების რა წყაროები არსებობს?!

_ საქართველოში ფინანსური რესურსების მოპოვების ერთადერთი წყარო კომერციული ბანკია, სამწუხაროდ, სხვა წყარო არ არსებობს. კარგია, თუ განვითარდება საფონდო და ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც დიდი კომპანიებისთვის იქნება ერთგვარი ალტერნატივა, რომ პირველადი კაპიტალი მოიძიონ დამატებითი დაფინანსების კუთხით ნაკლებ პროცენტში, ვიდრე კომერციულ ბანკებში, მაგრამ ეს დამოკიდებულია სახელმწიფოს ეკონომიკაზე. სახელმწიფოში, სადაც შარშან მხოლოდ 20-მდე ფასიანი ქაღალდი გამოუშვეს, ფასიანი ქაღალდების ბირჟა ვერ იქნება.

2012 წლიდან ფისკალური პოლიტიკის ნაწილში “ქართული ოცნების” მთავრობამ აირჩია, რომ, საგარეო ვალის გაზრდის ნაცვლად, გაეზარდა შიგა ვალი. 2012-დან 2018-წლამდე 2,5 მილიარდით არის მომატებული შიგა ვალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან ისესხებს ხოლმე თანხებს, როდესაც ყიდის ფასიან ქაღალდებს და სახაზინო ობლიგაციებს, რომელიც არის პროცენტიანი ვალი. აუცილებელია საერთაშორისო დონორების მოძიება, ხოლო ფისკალური პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

გიორგი ჩახაია
გიორგი ჩახაია

დღეს მომრავლებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდი მოცულობის ლომბარდებია

გიორგი ჩახაია, ფინანსისტი:

_ დღეს მომრავლებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდი მოცულობის ლომბარდებია, რომლებიც მაღალ პროცენტსა და ფულის გაცემაზე ისე არიან ორიენტირებულნი, რომ კლიენტების შემოსავლებს არც კი ამოწმებენ, არიან თუ არა ისინი გადახდისუნარიანი, შემოსავლის რა რეალური წყარო აქვთ და ა.შ. გამოდის, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს უამრავი ვალდებულება, კიდევ უმატებენ ვალდებულებას, რაც ადამიანების გაღარიბების მთავარი გამომწვევი მიზეზია. ვფიქრობ, სწრაფი სესხი საერთოდ უნდა აიკრძალოს _ ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ ფაქტია, რომ სწრაფი სესხი საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი ფაქტორია.

_ გამოსავალი რა არის?

_ საბანკო სექტორში არსებული უკონტროლობა რომ მოწესრიგდეს, ამას სჭირდება სახელმწიფოს ნება. ფინანსთა მინისტრის განცხადება უფრო პოპულისტურია, რადგან მეორე დღეს, ფაქტობრივად, გადათქვა. მთავრობის წევრის, მინისტრის განცხადება, წესით, მთავრობის ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს. მიკროსაფინანსოებმა, ლომბარდებმა, სწრაფმა სესხებმა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა გააღატაკეს. რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ მაღალ საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იპოთეკურ, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებს, ამ საკითხზე პრეტენზია არ მაქვს _ როგორც ევროპაშია 2% ან 3 %, ისე ჩვენს ქვეყანაში ვერ იქნება, რადგან, თუ თვითონ ბანკი 4-5%-ში იზიდავს თანხებს, ნაკლებ პროცენტში როგორ გასცემს?!

მოამზადა სოფო კაკაჩიამ

ცნობისთვის:

* საქართველოში 16 კომერციული ბანკი მოქმედებს. 2017 წელს ყველაზე მაღალი მოგება _ 372 მლნ ლარი _ “საქართველოს ბანკმამიიღო; შემდეგ მოდისთიბისი ბანკი” 296 მლნიანი მოგებით; მესამე ადგილზეალიბერთი ბანკი” 52.4 მლნით; ხოლო მეოთხეზე _ “ბანკი ქართუ” 36.8 მლნ ლარით.

* 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2017 წლის 15 იანვარს შევიდა და გარკვეული შეზღუდვები დაუწესა საფინანსო სექტორს. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთის საშუალებით სესხის პროცენტის ზედა ჭერის დაწესება. პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში გაცემული სესხის წლიური ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-. რეგულაციების შემდეგ სწრაფი სესხის უმეტესმა კომპანიებმა თვიურ 5.4%-ში განაგრძეს მუშაობა, ეს კი მათი უმრავლესობის დახურვის მიზეზი შეიქნა.

* “საქსტატისმიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასით განისაზღვრა. მათი უმრავლესობა (დაახლოებით 99,6 პროცენტი) ფიზიკური პირია. გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებულია 875 ორგანიზაცია. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2017 წლის ბოლოს 23,8 მლნ ლარი შეადგინა.

საქსტატისმონაცემების მიხედვით, ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2017 წლის ბოლოს 16,9 მლნ ლარი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here