როგორც იქნა, დადგა ის დღე, როდესაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკანასკნელად ჩაჯდა პრეზიდენტის ვერტმფრენში და წავიდა… შესაბამისად, დადგა ის დღეც, როდესაც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიკავა. არის ამ ამბავში რამე მნიშვნელოვანი და რევოლუციური თუ ეს ერთი გვარის მეორე გვარით ჩანაცვლებაა და მეტი არაფერი? ამ შეკითხვაზე პასუხი, პირველ რიგში, დონალდ ტრამპის იმ სიტყვაშია საძებნი, რომელიც მან ინაუგურაციაზე წარმოთქვა…
“ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მას კვლავ პატივისცემით მოეპყრობიან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიქნებით ყველა ერის შურის ობიექტი და აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბოროტად გამოგვიყენოს. ტრამპის ადმინისტრაციის ყოველ დღეს ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე. ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება”, – ამ სიტყვებით დაიწყო დონალდ ტრამპმა საინაუგურაციო გამოსვლა. პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის აყვავებასა და ოქროს ხანას რომ ჰპირდებოდეს ხალხს, სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ამ საკითხს განსხვავებული რაკურსიდანაც უნდა შევხედოთ. დააკვირდით, რამდენი უარყოფითი კონტექსტია ამ ნათქვამში: ”ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მას კვლავ პატივისცემით მოეპყრობიან მთელ მსოფლიოში”. ეს ხომ აღიარებაა იმისა, რომ დღეს აშშ არც აყვავებული ქვეყანა არ არის და, რაც მთავარია, მსოფლიოში პატივისცემაც დაკარგული აქვს. ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი აქამდე სხვა რამეს გვეუბნებოდა, რაც, მართალია, ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ამ ქვეყნის ყალბი დიდებით შეცდენილებიც ხომ ბევრი იყო?! კიდევ ერთი საკითხი: პრეზიდენტი ტრამპი, პირველ რიგში, აშშ-ის ოქროს ხანაზე საუბრობს და არა მსოფლიო უსაფრთხოებაზე. ტრამპს ამის გამო ვერ ვუსაყვედურებთ, მაგრამ ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რომ მას არც დაუსახავს მიზნად საერთაშორისო ურთიერთობების გაჯანსაღება, რომლის იმედსაც ბევრ სახელმწიფოში გამოთქვამდნენ. სხვათა შორის, ამ ვითარებას სწორად ჩაავლო ხელი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა: ”თანამედროვე მსოფლიო, ამერიკის ოქროს საუკუნით კი არა, კაცობრიობის ბედით არის დაინტერესებული”.
ტრამპმა რეგიონული ომების დამთავრებასა და მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებაზეც ისაუბრა, მაგრამ ამ მიმართულებით რევოლუციური არაფერი უთქვამს, პრიორიტეტული კი მისთვის აშშ-ის გაძლიერებაა: ”დღეს ჩვენი მთავრობა ნდობის კრიზისის წინაშე დგას. მრავალი წლის განმავლობაში რადიკალურმა და კორუფცირებულმა ისტებლიშმენტმა მოიპოვა ძალაუფლება და სიმდიდრე ჩვენი მოქალაქეებისგან, მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების საყრდენები სრულად დანგრეული იყო. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და ამავე დროს ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ; ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს, დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი – საკუთარი ხალხი”.
”უსაზღვრო დაფინანსების” ნაკადი, რომელიც აშშ-დან მსოფლიოში მიედინება, არც ამ ქვეყნის სასიკეთოდ არის მიმართული და არც იმ ქვეყნებისა, რომლებშიაც იგი მიემართება. ეს არის უკიდეგანო კორუფციის წყარო, რომლითაც ეს უზარმაზარი სახელმწიფო არის დაავადებული. ჩემი ღრმა რწმენით, ამ მძიმე სენისგან მისი განკურნება უკვე შეუძლებელია, რადგან ეს მხოლოდ დაავადება არ არის, ეს სისტემაა. აშშ სახელმწიფო კი არ არის, თავიდან ბოლომდე კორუფციაა, იმპერიალიზმის უკანასკნელი სტადიაა, სასიკვდილო აგონიაა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი და დაწყებულ თემას დავუბრუნდეთ: ტრამპის ეს განცხადება ხომ აღიარებაა, ნამდვილი, გულწრფელი აღიარება შექმნილი ვითარებისა?! პრეზიდენტი აქ არ ჩერდება: ”ჩემი არჩევა არის ყველა ამ საშინელი ღალატის მთლიანად შეცვლის და ხალხისთვის რწმენის, სიმდიდრის, დემოკრატიისა და თავისუფლების დაბრუნების მანდატი”.
ესე იგი, რაო? თურმე ხალხისთვის რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება წაურთმევიათ, რითაც დიდი ღალატი ჩაუდენიათ. სად ხდებოდა ეს ყველაფერი? – აშშ-ში, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების მექად ჰყავდათ წარმოდგენილი და აღიარებული. ტრამპი კი სულ უფრო შედის როლში: ”ამ მომენტიდან აშშ–ის დაცემის ეპოქა დასრულდა. ჩვენი თავისუფლებები და ჩვენი ქვეყნის დიდებული ბედი აღარ იქნება დასამარებული.
”დიდებული ბედი” კარგია, მაგრამ დღეს როგორია აშშ? როგორც ტრამპი ამბობს (აღიარებს) – დაცემული და დასამარებული. ამაზე მძიმე შეფასება ძნელი წარმოსადგენია: ”ძალებმა, რომლებსაც სურდათ, შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, ჩემთვის სიცოცხლის წართმევა სცადეს. სულ რამდენიმე თვის წინათ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა. მე ღმერთმა გადამარჩინა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო”, – განაცხადა ტრამპმა.
ესეც აღიარებაა, რადგან ის ძალები, რომლებმაც პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს ტერორი მოუწყვეს, ქვეყნის გარედან არ იმართებოდნენ, ისინი შიგნით მოქმედ ბოროტ ძალებს წარმოადგენდნენ და განასახიერებდნენ. ვინ არიან ეს ძალები? მათ უკვე ჰქვიათ სახელები: გლობალური ომის პარტია, დიფ სტეიტი, საღრმისეული სახელმწიფო და ა.შ. ამაშია აშშ-ის სისტემური კრიზისი და დაუძლეველი წინააღმდეგობები, რომლებიც მეტასტაზებივით მოსდებია ამ უზარმაზარ და ჯერ კიდევ უძლიერეს სახელმწიფოს.
ტრამპს იმედი აქვს, რომ ყველაფერ ამას მოერევა. ”დღეს ხელს მოვაწერ მნიშვნელოვან ბრძანებებს, ამ ქმედებებით დავიწყებთ ამერიკის აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას”, – აცხადებს იგი, რაც, დაპირების პარალელურად იმის აღიარებაცაა, რომ ამერიკა აღსადგენია, რადგან მას არ მართავდა საღი აზრი (რომლის სახელითაც რევოლუცია მხოლოდ ახლა უნდა დაიწყოს).
პრეზიდენტ ტრმპს არ დავიწყებია ასეთი გარემოებაც: ”წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების უკანონო და არაკონსტიტუციური შეზღუდვების შემდეგ მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას სამთავრობო ცენზურის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად და ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დასაბრუნებლად. სახელმწიფოს უზარმაზარი ძალაუფლება აღარასდროს იქნება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ იმის განმეორებას, რაც მე კარგად ვიცი. ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენ აღვადგენთ სამართლიან, თანასწორ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ჩვენ დავაბრუნებთ კანონსა და წესრიგს ჩვენს ქალაქებში”.
რაო, სამთავრობო ცენზურის შეჩერება, სიტყვის თავისუფლების დაბრუნება და პოლიტიკური ოპონენტების დევნაო? სად? აშშ-ში? დაუჯერებელია! აკი საბჭოთა კავშირშიო? (წარსულში), აკი საქართველოშიო? (აწმყოში). ახლა კი, ეს რა გვესმის? თურმე, აშშ-ში (წარსულშიც, აწმყოშიც და, ალბათ, მომავალშიც)? თანაც ვისგან გვესმის – აშშ-ის პრეზიდენტისგან, არა უბრალო, არამედ ორჯერ (45-ე და 47-ე) პრეზიდენტისგან. იმასაც შეგახსენებთ, რომ ტრამპმა 2016 წელს, როდესაც იგი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად, ჟურნალისტებს (არა საერთოდ, არამედ იმ კონკრეტულ ეპოქაში აშშ-ში მოქმედ ჟურნალისტებს) ხალხის მტრები უწოდა. მისტიკით გაჯერებული და შიშისმომგვრელი მისი ეს ნათქვამი რა ზუსტად დააჯდა შორეულ 1937-ში საბჭოთა კავშირში გავრცელებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ტერმინს – ”ხალხის მტრები”.
არა, არა, აშშ-ში ისეთი საოცრებები გველოდება, ჯერ რომ ვერც წარმოვიდგენთ. საოცრებაა, აბა, რა არის ტრამპის ეს ნათქვამი: ”ამ კვირას მე ასევე დავასრულებ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც ფერებს არ განასხვავებს და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. დღეიდან აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი”.
– ჰომოფობი ტრამპი, ჰომოფობი ტრამპი! – ასეთი ფორმით მინდა გამოვაჯავრო, ოღონდ ტრამპი კი არა, ყველა ის ნაგავი, ვინც ამ საზიზღარი ტერმინით (ჰომოფობი) იმ ადამიანებზე ძალადობდნენ, რომლებიც ბედავდნენ, ეთქვათ, რომ ეს ე.წ. ლგბტ პროპაგანდა გარყვნილება და ამორალიზმია. როგორც მოძალადე დაახლის მსხვერპლს ტყვიას, ისე დაახლიდნენ ამ სიტყვას და მორჩა, განაჩენი გამოტანილი იყო. ახლა რატომ არ გაჰკივით: ჰომოფობი ტრამპი, ჰომოფობი ტრამპი! გეშინიათ? არა უშავს, ”შიში შეიქმს სიყვარულსა!” ტრამპმა კი, რა თქმა უნდა, აქაც აღიარა, რომ აშშ ამ საკითხში აქამდე, ცუდად კი არა, ძალიან ცუდად იქცეოდა.
ტრამპი, როგორც უკვე ვთქვი, ომების თემასაც შეეხო და თეორიულად ყველაფერი სწორად თქვა: ”ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ, და, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი, ეს არის ის, რაც მე მინდა ვიყო, მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი”.
აშშ და მშვიდობისმყოფელი ძნელი შესათავსებელია ერთმანეთთან, ვინაიდან ამ სახელმწიფოსთვის ომი იგივეა, რაც ჟანგბადი ცოცხალი ორგანიზმისთვის. ტრამპი თუ იმას შეძლებს, რომ აშშ-ისთვის მშვიდობის ფაქტორს ის მნიშვნელობა მიანიჭოს, რომელიც აქამდე ომის ფაქტორს ენიჭებოდა. აფერუმ მის კაცობას, მაგრამ საინაუგურაციო სიტყვაში, სადაც მან ეს სიტყვები წარმოსთქვა, ზუსტად ერთი წუთით ადრე, ვიდრე ამას იტყოდა, ასეთი წინადადებაც თქვა: ”ჩვენ კვლავ შევქმნით ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალებს, რაც კი მსოფლიოს უნახავს”.
თავად განსაჯეთ, ეს ორი ნათქვამი ავსებს თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, მაგრამ იმისი გაცნობიერება მაინც მოგვიწევს, რომ ტრამპმა აქაც აღიარა, ომებში არასწორად შევდიოდითო. ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვაში წინაპრებზე საუბრისას ერთი უზუსტობაც დაუშვა: ”მათ მოიგეს ორი მსოფლიო ომი, დაამარცხეს ფაშიზმი და კომუნიზმი”.
ამერიკელებმა საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კომუნიზმი მართლაც დაამარცხეს. რაც შეეხება ფაშიზმს, მათ იგი კი არ დაამარცხეს, შექმნეს, დააფინანსეს, შეაიარაღეს და საბჭოთა კავშირზე დაგეშეს. ფაშიზმი, ამერიკელებმა კი არა, საბჭოთა ხალხმა დაამარცხა სტალინის ხელმძღვანელობით. ტრამპის წინაპრები კი ბოლოს, ომის დასასრულს, იძულებულნი შეიქნენ, სტალინის მოკავშირეებად ქცეულიყვნენ. ეს არის ისტორიული სიმართლე, მაგრამ ტრამპს არ შეუძლია ამ სიმართლის აღიარება. როგორც ვნახეთ, საინაუგურაციო სიტყვაში მან ბევრი ისეთი რამ აღიარა, რასაც ვერც წარმოვიდგენდით, მაგრამ ამგვარ აღიარებამდე ჯერ არ მისულა. ტრამპი შეეცადა, რომ აშშ-ის მომავალი ლამაზ ფერებში დაეხატა: ”ჩვენ განვაგრძობთ სვლას ვარსკვლავებისკენ, გავგზავნით ამერიკელ ასტრონავტებს ვარსკვლავებიანი დროშის აღსამართავად პლანეტა მარსზე”.
დიდებულია ეს კოსმოსური ხილვები. მარსზე თუ ვერ წავლენ, შუძლიათ ჰოლივუდში გადაიღონ ”უნიკალური”კადრები იმისა, თუ როგორ დაადგამენ ფეხს მარსზე ამერიკელი ასტრონავტები, ისევე, როგორც მთვარეზე ”წასული” ადამიანების – ნილ არმსტრონგისა და ბას ოლდრინის კადრები გადაიღეს შორეულ 1969-ში, თუმცა ერთი პრობლემა აქაც იჩენს თავს – ჰოლივუდი დაეწვათ. მარსზე წასვლაზე ადვილი მაინც ჰოლივუდის აღდგენაა, ალბათ, ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რამეს მოახერხებენ – ან მართლა წავლენ წითელ პლანეტაზე, ან ჰოლივუდს აღადგენენ და კიდევ ერთი ორმოცდაათი წლით კაცობრიობის მოსატყუებელი კადრების გადაღებას მოახერხებენ.
რაც შეეხება ომს უკრაინაში, ტრამპმა ვერც არჩევიდან და ვერც ინაუგურაციიდან 24 საათში მისი შეჩერება ვერ შეძლო. ინაუგურაციის დღეს ერთმა ავყია ჟურნალისტმა ტრამპს ასეთი შეკითხვა დაუსვა: ომის შეჩერებას ერთ დღეში რომ გვპირდებოდი, რატომ ვერ მოახერხე? ტრამპმა მშვიდად უპასუხა, – ჯერ მხოლოდ შუადღეა, ნახევარი დღე კიდევ მრჩება პირობის შესასრულებლადო. ამ ნათქვამს, როგორც იუმორს, არა უშავს, მაგრამ, როცა წარმოიდგენ, რამდენი ადამიანი იხოცება ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, იგი უადგილოდ გამოიყურება; მით უფრო, როდესაც ნათქვამი გაქვს, რომ კონფლიქტი უკრაინაში არის აშშ-ის მოქმედი ლიდერის, ჯო ბაიდენის, ფიასკო: ”ეს არის ბაიდენის ფიასკო, რომელიც არ მოხდებოდა, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყოლოდა, ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც იცის, რას აკეთებს”.
ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში შესულმა ტრამპმა უცნაური განცხადება გააკეთა: ”იგი (პუტინი – ვ.კ.) უნდა წამოვიდეს გარიგებაზე. მე ვფიქრობ, რომ ის ანგრევს რუსეთს, როდესაც გარიგებაზე არ მოდის. რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება”.
არის ამ განცხადებაში რაღაც ამერიკულად ქედმაღლური. პუტინის განცხადება, რომელიც ინაუგურაციის დღეს გაკეთდა, რბილი, ადამიანური და კულტურული იყო: ”ჩვენ ვხედავთ ტრამპისა და მისი გუნდის სურვილს არა ჩვენი ბრალით შეწყვეტილი კონტაქტების აღდგენისა. აგრეთვე, გვესმის მისი განცხადებები მესამე მსოფლიო ომის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ასეთ განწყობას და ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს კანონიერ ძალაუფლებაში შესვლას. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგს და თანაბარ დონეზე თანამშრომლობას აშშ-ის ნებისმიერ ადმინისტრაციასთან”.
შეადარეთ ერთმანეთს ეს ორი განცხადება და მიხვდებით განსხვავებას რუსულ და ამერიკულ მენტალიტეტსა და მიდგომებში. არა მგონია, რომ ტრამპის ქედმაღლურ დამოკიდებულებას ობიექტური საფუძველი ჰქონდეს; რაც მთავარია, არა მგონია, ამგვარი დამოკიდებულება პრობლემების გადაჭრისკენ იყოს მიმართული. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად (ცუდად) იქნება. 2028 წლისთვის ვლადიმერ პუტინს აშშ-ის ექვსი პრეზიდეტი ეყოლება გამოცვლილი – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი. პუტინი კვლავ რუსეთის პრეზიდენტი იქნება და აშშ-ის უკვე მეშვიდე პრეზიდენტთან ექნება ისეთი დიალოგი, როგორსაც ეს ქვეყანა დაიმსახურებს. ასე რომ, ტრამპი პუტინისთვის ერთ-ერთი (რიგით მეექვსე) პრეზიდენტია, რომელთანაც ურთიერთობა უწევს. იმედია, რომ ოდესმე აშშ-საც ეყოლება ასე თუ ისე გონიერი პრეზიდენტი, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას. იქნებ სწორედ ტრამპი აღმოჩნდეს ის, ვისაც ამერიკელებთან ერთად მსოფლიო ელოდება. ტრამპის მიმართ აქ სრულიად ბუნებრივად ჩნდება სახარებისეული შეკითხვა: ”შენ ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?”
ვალერი კვარაცხელია