Home რუბრიკები ისტორია მედროვეები დააქცევენ ქვეყანას

მედროვეები დააქცევენ ქვეყანას

2893
მედროვეები დააქცევენ ქვეყანას

ასე მიაჩნდა ნიკო ნიკოლაძეს, როდესაც მოჩვენებით პატრიოტობაზე საუბრობდა, ცრუპატრიოტებზე. დიდი მამულიშვილი წუხდა, რომიმ მოძრაობამ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეღირსა ბოლოს, ჩვენში ბლომათ დაბადა ის მავნებელი და საზიზღარი ტიპი, რომელსაცზოგანშოვინისტებსეძახიან, ზოგანვიწრო პატრიოტებს”. მას მტკიცედ სწამდა, რომ შეუძლებელია, კაცმა ერთდროულად შეძლოს თავისი კერძო ინტერესებისთვის მსახურება და მამულისთვის სარგებლობის მოტანა, რადგან ადამიანი ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს _ ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან _ მეორე, ან ერთზე უნდა აიღოს ხელი, ან _ მეორეზე.

სამწუხაროდ, ჩვენს დროშიც მოიპოვეს გავლენა მსგავსმა პატრიოტებმა, ნიკო ნიკოლაძეს თუ დავესესხებით, “მათმა ვიწრო და თვალებდახუჭულმა ტვინმა”… დაორი, სამიც არ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ისეთი კაცი, რომ მამულის ან ხალხის მეტი საზრუნველად და სადარდებლად არა ჰქონდეს რა, რომ საზოგადო საქმის მეტი არაფერი ახსოვდეს, რომ მამულის სიკეთის მეტი არაფერი მადა ჰქონდეს, არას გრძნობდეს”.

სწორედ ამ პრობლემას უტრიალებდა ნიკო ნიკოლაძე, როცა დასვა ეს კითხვები: “რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს სჭირია? რა ხეირი უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას რა ნაირად უნდა ემსახუროს?”

“საკვირველია, რომ მას აქით, რაც საზოგადოებამ აშკარად გამოსთქვა თავისი მხურვალე თანაგრძნობა მამულის ბედზე, ისეთი პირებიც გაპატრიოტდენ _ გაცრუპატრიოტდენ, _ ვინც უწინ პატრიოტობას სისულელედ სთვლიდა, ვინც აშკარად კოსმოპოლიტობდა, ვინც მე, მაგალითად, სულელად იმიტომ მთვლიდა, რომ პატრიოტია, მაშ, რასაკვირველია, სულელი იქნებაო! დახეთ ბედის ჩარხის ტრიალს! ეგევე პირები დღეს იმდენათ გაცრუპატრიოტდენ, რომ ათიათასჯერ გადამაჭარბეს პატრიოტობაში!.. ადვილათაც შესაძლებელი იყო ჩემი გადაჭარბება: კრივი ჩემი ქვეყნის ბედნიერებად არაოდეს არ მიმაჩნია, უმეცრებას ჩემს დღეში არ ჩავთვლიდი ჩვენის ხალხის იდეალად, არასოდეს არ ვიფიქრებდი და არ ვიტყოდი, ნეტავი იმ დროს მოვესწრო, რომ ჩვენს ქვეყანას ფარნავაზ მეფის დროინდელი წესები მიეღოს მეთქი. მაშასადამე, ახლა ყოველ ჩვენს ცრუპატრიოტს, ამგვარი ხეპრული აზრების ცრუ-მომხრეს, ადვილად შეუძლია სთქვას ჩემზე, რომ მამული არ მყვარებია და მისი კეთილდღეობა არ მწამებია,… მაგრამ ეს ყოველიფერი გაკვრით არის აქ თქმული. იქნება ეს ჩვენიცრუპატრიოტებიმარტო ფარისევლობით არ იქცეოდენ, იქნება სასწაულებრივი მათი უცები გაცრუპატრიოტება მარტო ანგარიშით არ იყოს მომხდარი, იქნება ზოგიერთს მათგანში მაინც მამულის მსახურების გულწრფელი სურვილი მოქმედებდეს. ამის გამო თავი დავანებოთ მათი საქციელის დაცინვას, მათს პიროვანს მხარეს, და მათი საქმე ისევ გულდამჯდარათ, გულგრილად, მეცნიერულად გავარჩიოთ.

აქ საჭიროდ ვსთვლი, ხეირიანად განვმარტო ის ჩემი სიტყვა, რომლითაც ამგვარ კაცებს ვხატავ, ცრუპატრიოტებსრომ ვარქმევ იმათ, ამ სიტყვით, იმას კი არ ვფიქრობ, ვითომც მამული მართლა ფეხებზე ეკიდოთ, ან მარტო ფარისევლურად ეძახდენ თავის თავს პატრიოტათ. არა, მხოლოდ ის მაქვს მხედველობაში, რომ მათი მამულის სიყვარული შემცდარი და შემაცდენელი სიყვარულია, რომ უსაფუძვლო და უაზროა, მათი მოსაზრება, მათი გრძნობის საფუძველი, რომ ეს სიყვარული ხანდახან მტრობაზე უარესი გამოდის. “ჩვენი მამული გვიყვარდესო”, _ აი, რით ამპარტავნობს დღეს ჩვენებური კაცი. ეს სწორედ იმას ჰგავს, ამპარტავნობა იმით რომ დავიწყო, – წმინდა ჰაერი მიყვარს, ან პური, ან წყალი მეთქი.

ვის არ უყვარს თავისი მამული? სად მოიძებნება იმისთანა ქმნილება, რომელსაც დაბადებიდგანვე თანდაყოლილი არ ჰქონდეს ამისთანა გრძნობა? კაცს კი არა, პირუტყვსაც კი აძლევს ბუნება იმ ადგილის სიყვარულს, საცა დაბადებულა, გაზრდილა და გათამამებულა ეს პირუტყვი. აიყვანეთ ძაღლი, თუნდ ხურჯინში ჩასვით, თავი მოუკარით, თვალი აუხვიეთ და ისე მოაშორეთ მის სოფელს, გადაატარეთ ცხრა მთა, _ ნახავთ, რომ რამდენსამე დღეს იქით ის თავის სოფელს მოძებნის, თუნდა ახალ ადგილს უმჯობესი სასმელ-საჭმელი და მოვლა დახვდეს. _ მისთვის ეს სოფელი მამულია. სხვაგან ის წუწუნობს, იტანჯება, და ხშირად კიდეც კვდება იმ ავადმყოფობით, რომელსაც ყველა ხალხის ენაზე ჩინებული სახელი აქვს _ “მამულის სევდა”. მართლაც, იმისთანა კაცის შეხვედრა, რომელსაც მამულის სიყვარული არ მოეძებნებოდეს გულში, სწორეთ იმნაირადვე იშვიათია, როგორც კუზიანის ან ცალ-თვალა კაცის დაბადება. ბუნებამ მარტო ათასში ერთჯერ იცის ხოლმე ამ ნაირი ნაკლის გამოჩენა.

მედროვეები დააქცევენ ქვეყანას

რომელი კაცია ისეთი, რომ მამული არ უყვარდეს? ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კაცს ამ სიყვარულის გაგება თვითონაც არა აქვს, მაშასადამე, ადვილად შეიძლება, სხვებმა სრულიად ვერ შენიშნონ მას ეს გრძნობა. მაგრამ აიყვანეთ ეს კაცი და თავის მამულს მოაშორეთ, მაშინ ნახავთ, ყვარებია მას მამული, თუ არა! ან მეორე მაგალითს გირჩევთ: სრულიად უსწავლელი კაცი გამოიყვანეთ მიყრუებული სოფლიდგან, ისეთი, რომ არც პატრიოტობა რაა გაეგონოს, არც მამულის-სიყვარული წიგნებში ამოეკითხოს, და ამისთანა კაცის წინ მისი სამშობლო უგინოს ვინმე გარეშე პირმა, ან მისი ხალხის ძაგება დაუწყოს, ნახავთ, მაშინ, რა ნაირი ვნებით აენთება მას პირისახე, როგორ გაწითლდება და გამწარდება, რა ნაირად დაიწყებს თავისი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ან გამოსარჩლებას!

ამ გვარი სიყვარული ყველას აქვს, ვისაც კი სული პირში უდგია, სწორედ ისე, როგორც დედისა ან დის სიყვარული ყოველ ხორც-შესხმულ ადამიანს დაბადებიდგანვე გამოყვება. მაშასადამე, არც დიდი ვაჟკაცობაა, არც სატრაბახო რამ არის, იმით ვიქადოდეთ – “მამული მიყვარსო!” ამის თქმა მარტო ჩვენს საკუთარ რეგვენობას გამოააშკარავებს და მარტო დაანახებს ყველას, რომ ერთობ დაბლა ვმდგარვართ გონების განვითარებით, თუ ამ გვარი უბრალო ბუნებითი გრძნობა იშვიათს ან განვითარებულ გმირობად ჩაგვითვლია, რომელი გონიერი კაცი დაიწყებს ქადილს, რომ დედა ჩემს პატივს ვსცემო, კარგათ ვასმევ და კარგად ვაჭმევო, მის ხეირიანად რჩენას ვცდილობო, მისი კეთილდრეობისთვის ვშრომობო? ხომ არავინ? ხეირიან და გონიერ საზოგადოებაში სწორედ ამნაირათვე საუკადრისო იქნებოდა ქადილი, რომ მამულს ვემსახურებიო.

თუმცა საერთო და საყოველთაო მოვალეობაა ეს მამულის მსახურება, ჩვენში ის ჯერ იმდენად როდია გავრცელებული, რომ ყველამ კარგად იცოდეს, რაში მდგომარეობს ეს მოვალეობა ან ყველას ესმოდეს, თუ რაგვარად უფრო ადვილი და გამოსადეგია მისი ასრულება.

მართლაც, რაში მდგომარეობს ეს მსახურება? რაში მდგომარეობს ის საზოგადო სიკეთე, რომელიც ჩვენს მამულს სჭირია? რა ხეირი უნდა მოუტანოს მამულს მისმა შვილმა, ის მას რა ნაირად უნდა ემსახუროს?

სხვადასხვა პირს სულ სხვადასხვა ნაირად ესმის ეს კითხვა, სულ სხვადასხვა ნაირად ეხატება თავში ეს სიკეთე. ჩვენს ქვეყანაში იმისთანა პირიც მოიძებნება, რომელსაც იქნება ეგონოს, რომ საქართველოს სიკეთე მაშინ ექნებაო დაფუძნებული, როცა ყოველი ქართველი, ყოველი კაცი, საქართველოს ნიადაგზე მცხოვრები, მართლმადიდებელი სარწმუნოების იქნებაო. შესაძლებელია, რომ იმგვარი მოაზრენიც მოვნახოთ ჩვენში, რომელთა აზრით საქართველოს სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა ქართველმა ან საქართველოში დასახლებულმა პირმა წერა-კითხვა და თვლა იცოდესო. სხვებს, უფრო მომეტებულ რიცხვს ის აზრი სწამს, კარგი მაშინ იქნებაო, როცა ქართული ენა ყველას ჩინებულად ეცოდინებაო. ყველას შეხედულებას აქ არ მოვიყვან, რამდენი კაცია, იმდენი შეხედულებაც არის ჩვენში. საქმე ისაა, _ რომელი ამ შეხედულებათაგანი სწორეა, და რომელი _ შემცდარი. მკითხველი ადვილად დამეთანხმება, რომ ათასი ამისთანა შეხედულება რომ ჩამოვთვალო, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული, ყველა ერთიანად ცალმხრივი იქნება. ვინ იტყვის, მაგალითად, რომ წერა-კითხვის და თვლის ცოდნა კარგი ან სასარგებლო არ იყოს? მაგრამ საკმაოა, განა, მარტო წერა-კითხვის ცოდნა კაცის ბედნიერებისთვის? რამდენი იმისთანა კაცი გვინახავს, რომ წერა-კითხვა კი არა, ისტორიაცა და გეოგრაფიაც ცოდნოდეს, მაგრამ მაინც უძლური ან უბედური დარჩენილიყოს? ასე ითქმის ქართული ენის ცოდნაზედაც. იყო დრო, როცა მთელი საქართველო მარტო ქართულ ენას ხმარობდა, მარტო ქართული იცოდა, და კარგადაც იცოდა; როცა შკოლებში კი არა, სასამართლოებშიაც ხმარობდენ ამ ჩვენს ენას, მაგრამ ნუ თუ იმ ბედნიერ დროში არაფერი ჰკლებია ჩვენს ქვეყანას და ხალხს? ნუ თუ მარტო ქართული ენის ცოდნამ გააბედნიერა საქართველო, და ნუ თუ ჩვენი მამულის დაცემის მიზეზი მარტო ის იყო, რომ ჩვენმა წინაპრებმა ქართული ენა დაივიწყეს? რასაკვირველია, დედაენა ძვირფასი რამ არის: ის ისეთი მძლავრი კავშირია, რომელიც საზოგადოებრივ ძალას შეადგენს და ხალხს ერთი მიზნისკენ წინ წაწევას უადვილებს. მაგრამ, როგორც კავშირი, როგორც ძალა, ის მარტო საშუალებას შეადგენს, და არა მიზანს, მაშასადამე, საქმე ის უნდა იყოს, თუ თვითონ ეს მიზანი რაში უნდა მდგომარეობდეს?

მედროვეები დააქცევენ ქვეყანას

რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის განმავლობაში მტრის დაწინაურებამ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო, რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა. რაკი ჩვენ რწმუნება დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრედ ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერს, მას აქით ჩვენ მოვტყდით და წავხდით. მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმარწმუნების დაკარგვამწაგვახდინა. აღარ გვწამდა ჩვენი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. აი, მარტო მაშინ გაგვიჯდა ტვინში ის პანიკა, ის ახალი, უცნობი ძალის შიში, რომელიც ხშირად მილიონებისგან შემდგარ ხალხს ათას კაცს უმორჩილებს. ამის მაგალითს ჩვენ დღესაც ვხედავთ ინდოეთში ორასი მილიონი ინდოეთლები მორჩილებაში ყავს ოცი ათას ინგლისელებს. აი, ბატონო ჩემო ცრუპატრიოტო, რამ დაჩაგრა, რამ დასცა და უკან დასწია ჩვენი ქვეყანა. უკან დასწიაო, რომ ვსთქვი, სწორი სიტყვა არ მიხმარია. დამიჯერეთ, დღევანდელი საქართველო ათასჯერ უფრო წინ წაწეულა იმ საქართველოზე, რომელიც მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, ან მეთვრამეტე საუკუნეში ისე მამაცურად თავს იჩენდა. ხალხიც მომეტებულია დღეს შიგ, სწავლაც დღეს უფრო დაწინაურებულია, სიმდიდრეც უფრო გავრცელებულია, _ ერთი სიტყვით, ყველაფრით უფრო მძლავრია დღეს ჩვენი ხალხი, ვინემ უწინ იყო. საუბედუროდ, მაშინ ჩვენი მეზობლებიც ჩვენსავით განვითარებული და განათლებული იყვნენ, და არა ჩვენზე უმეტესად. დღეს ყველა მეზობლები, და მთელი უცხოეთი, ათი-ათასჯერ, ან ასი ათასჯერ უფრო დაწინაურდენ უწინდელზე, ჩვენ კი მარტო ათასჯერ უფრო გავმაგრდით. აი, ეს გარემოება შეადგენს ჩვენს უბედურებას, თორემ ჩვენი მეზობლები რომ ჩვენზე უფრო არ დაწინაურებულიყვენ, დღესაც ისე ადვილად შეგვეძლებოდა მათი მორევა და მათ შუა მარჯვედ გამოჯგიმვა, როგორც უწინ გვჩვევოდა.

ნუთუ შესაძლებელია სხვის ჯობნა, თუ კი ჩვენ ამ სხვას არ გავიცნობთ? ნუთუ მარტო ის დაგვაწინაურებს, თუ ჩინეთის კედლით შემოვსაზღვრეთ ჩვენი ქვეყანა? თუ კი სხვის მწერლობას არ შევისწავლით, სხვის მეცნიერებას არ შევიძენთ, სხვის გამოცდილებას არ დავიმკვიდრებთ, ნუთუ მარტო ძველი ჩვენი ენის გაზეპირებით, ძველი ხელნაწერების ტრიალით, ძველი ჩვეულების გახსენებით შეგვეძლება იმ ძალის მოპოვება, რომელიც სხვებთან გაგვასწორებს და სხვის პატივს შეგვძენს? ნუთუ მარტო ქართული ენის შემწეობით შეგვეძლება ჩვენ _ ან შეეძლება ჩვენს ახალგაზრდობას _ ის მეცნიერება შეიძინოს მოკლე დროში, რომელიც სხვებს მთელი საუკუნოების განმავლობაში მოუგროვებიათ? ნუთუ პატრიოტულ გრძნობას ახშობს ან სდევნის სხვისი ენის შესწავლა, სხვისი ცხოვრების გაცნობა? ნუ-თუ ვაშინგტონი ნაკლები ან უხეირო პატრიოტი იყო იმით, რომ ფრანგული ენა იცოდა, ან ინგლისის კარგი და ავი ჩინებულად შესწავლილი ჰქონდა? ნუთუ ბატ. ილ. ჭავჭავაძეს ქართული გული არ უძგერის და ნამდვილი ქართული გრძნობა არ აღელვებს, რაკი მარტო რუსული წიგნებით გამოზრდილია, რაკი რუსეთში შეუძენია მთელი თავისი ცოდნა, და რუსულ სასწავლებლებში გაუტარებია მთელი თავისი ახალგაზრდობა? კაცი იყოს, თორემ, სადაც უნდა ისწავლოს, კაცად მაინც დარჩება და გრძნობა მაინც არ დაეკარგება. მარტო უსუსურები ხდებიან და ფუჭდებიან სხვის გავლენის ქვეშ, და უსუსურებს გინდ სიკვდილამდი ძიძად გაუხდე, გინდ ნიადაგ ჭკუას ასწავლიდე, ხეირის მოტანა მაინც თავის დღეში არ შეეძლება.

რასაკვირველია, ჩინებული საქმე იქნებოდა, ჩვენ რომ ახლა საშუალება გვქონდეს, მთელი ევროპის მეცნიერება გადავცეთ ჩვენს ხალხს ან ჩვენ ახალგაზრდობას ქართულ ენაზე, ქართულ სასწავლებელში. მშვენიერი რამ იქნებოდა ეს, და მთელი ჩვენი შეძლება ან ღონე იმას უნდა მივმართოთ, რომ ოდესმე დაარსდეს ჩვენში ამ გვარი ნეტარი მდგომარეობა, მაგრამ დღეს, როცა ამის საშუალება არა გვაქვს, და როცა აუცილებლად საჭიროა, რომ უწინდელს გონებითს სიბრმავეში არ დავტოვოთ ჩვენი საზოგადოება, ბრმაც კი უნდა მიხვდეს, რომ ყოველი საშუალება, რომელიც ამ საზოგადოებას გონებას განუვითარებს და გააძლიერებს, რომელიც მას გულში იმედს ჩაუნერგავს ან მხარში ძალას მისცემს, სასარგებლო იქნება ჩვენის ხალხისათვის…

მაცხოვარმა ბრძანა, _ როცა ჰკითხეს, რომელს ტაძარში უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთთან უფრო ადვილად მიაწიოსო, _ “ოღონდ ლოცვა გულწრფელი ან მხურვალე იყოს, და სადაც უნდა ითქვას, ყოველთგნის ზეცას ავაო: ტაძარშიაც რომ არ იყოს კაცი, თუნდ მინდორში ლოცულობდეს წრფელის გულით, ღმერთი მის ლოცვას მაინც შეისმენსო”. ჩვენს მდგომარეობას მეტის-მეტად შეეფერება ეს მცნება…

დიდი უბედურებაა ჩვენის ქვეყნისთვის ეს ნაკლულევანება. ჩვენის ყმაწვილების უმეტესი ნაწილი თითქო მარტო წაბაძვით მოქმედებს… თითოეული მათგანი ბურჟუაზიულად ცხოვრობს. მას თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი კერძო სარგებლობა, და ამ საქმეს, ამ სარგებლობას უნდება უმეტესი ნაწილი მათის დროისა, უმჯობესი ძალა მათის გონებისა და ვნების. ზოგი თავის კერძო სამსახურს მიწოლია, და უფროსების თვალში შეჩერებას უნდება, ზოგი ვენახს უვლის და დილიდგან საღამომდი იმაზე დარდობს, ვაი, თუ სეტყვამ ვაზი წამიხდინოსო, ზოგი მარტო იმაზე ზრუნავს, _ მომავალი კენჭის ყრის დროს გამაშავებენ, თუ გამათეთრებენო, ზოგი მის ზრუნვაშია, გაკვეთილებს ვიშოვნი, თუ არა, ჯამაგირს მომიმატებენ, თუ არაო. ორი, სამიც არ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ისეთი კაცი, რომ მამულის ან ხალხის მეტი საზრუნველად და სადარდებლად არა ჰქონდეს რა, რომ საზოგადო საქმის მეტი არაფერი ახსოვდეს, რომ მამულის სიკეთის მეტი არაფერი მადა ჰქონდეს, არას გრძნობდეს.

გვყავს ჩვენ ამისთანა მოქმედი? თქვენ თვითონ მიეცით პასუხი ამ უბრალო კითხვას. ნეტავი თქვენ, თუ შეგხვედრიათ სადმე, ჩვენში, ამგვარი გმირი. მე კი გული მიკვდება, რომ ამნაირი კაცის ლანდსაც ვერ ვპოულობ ჩვენს ქვეყანაში. მათ მაგიერ ვხედავ, რომ ჩვენი მოქმედი პირნი გულმოდგინედ ყველაზე უფრო თავის კერძო ბედნიერებას ემსახურებიან, მამულზე კი მარტო მაშინ მოიფიქრებენ, როცა საკუთარ საქმეებს მოილევენ, ყველა თავის კერძო მადას დააკმაყოფილებს და ჩინებულ სადილს შემდეგ, მშვენიერად მორთულ დარბაზში განცხრომას მიეცემა. მაშინ, სამასლაათოდ, ხან ქალების შნოზე ჩამოაგდებენ მუსაიფს, ხან მამულის უბედურებაზე. რასაკვირველია, ამგვარ კაცებს ნამდვილი მეცადინეობა მარტო იმაზე აქვთ მიქცეული, რომ მამულის აჩქარებულმა მოძრაობამ მათი კერძო კეთილდღეობა არ შეარყიოს.

ნათქვამია, კაცს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროსო, და ეს სიტყვა მტკიცე ჭეშმარიტებაა. ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო ინტერესებს და მამულის სარგებლობას, ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს. ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან მეორე, ან ერთისაგან უნდა აიღოს ხელი, ან მეორისაგან.

დავუბრუნდეთ, ისევ, წეღანდელ ჩვენს საგანს, და ისევ იმაზე ვიფიქროთ, თუ რამ დასცა ჩვენი ხალხი, ან რა სჭირია მას დღეს, გასაძლიერებლად? ჩვენის ხალხის დასუსტების ერთი მიზეზი წეღან მოვიყვანე. მეორე მიზეზიც იყო, აგრეთვე მეტისმეტად შესანიშნავი, და ეს მიზეზი ახლა უნდა გამოვიკვლიოთ, მიტომ რომ მის თავიდან მოშორებას უნდა ცდილობდეს ჩვენი ქვეყნის ყოველი ერთგული შვილი. ეს მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უცხოეთლების შემოსევის გარდა, ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ  და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა.

ხალხი მაშინ არის ძლიერი და ბედნიერი, როცა მთელი მისი ძალა თანამედროვე მეცნიერების იარაღით არის აღჭურვილი, ეს ხომ ერთი და მეორეც ის, როცა მთელი ეს მისი ძალა, თანამედროვე მეცნიერების იარაღით აჭღურვილი, მის სასარგებლოდ იხმარება და მოქმედებს”.

ნიკო ნიკოლაძე,

1880 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here