Home ახალი ამბები საქართველო მედლის მეორე მხარე

მედლის მეორე მხარე

თითქმის ერთი თვეა, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. წამყვანი საინფორმაციო საშუალებების მიერ მოვლენების გაშუქებისას იმდენი დეზინფორმაცია მიეწოდება მაყურებელსა თუ მკითხველს, რომ მხოლოდ ძალიან დაკვირვებული, ობიექტური და მიუკერძოებელი ადამიანი თუ შეძლებს მოვლენების გაანალიზებასა და სწორი დასკვნების გაკეთებას.

მაინც რა ხდება? უწინარესად, აღვნიშნავ, რომ უკრაინის კონფლიქტი ერთი რიგითი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი რგოლია მოვლენების იმ ჯაჭვში, რომლის განხორციელებასაც ანგლოსაქსი იმპერიალისტები ასწლეულების განმავლობაში აწარმოებენ რუსეთის უკიდეგანო სივრცისა და იქ არსებული სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რომ დიდი სამამულო ომის დამთავრებისთანავე (რომელიც ასევე რუსი ერის გასანადგურებლად იყო მათ მიერ ინსპირირებული) კოლექტიურმა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა საბჭოთა კავშირის დასაშლელად. მათ არც არასოდეს დაუმალავთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო ჰეგემონის გზაზე მათთვის მთავარი წინააღმდეგობა არის მართლმადიდებელი სამყარო. მეოცე საუკუნის დასასრულიდან მათ უკვე შეძლეს რამდენიმე სისხლიანი ავანტიურის მოწყობა: იუგოსლავიის სააღდგომო დაბომბვა და დაშლა, საქართველორუსეთის ავანტიურისტული, პროვოკაციული ომი, ომი სირიაში და ბოლოს უკრაინის მოვლენები, რომლებიც თავისი მნიშვნელობით გაცილებით აღემატება აღნიშნულთ. სლავური ეთნოსის დაპირისპირება და მართლმადიდებელი სამყაროს გახლეჩვა ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანისთვის დიდი ტრაგედიაა, ამიტომ ემოციებს აყოლილი მოქმედება ჩვენთვის დაუშვებელია.

მე სხვაზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხის პრობლემები გავიზიარო და თანაგრძნობა გამოვუცხადო. გავიხსენოთ რუსეთის პრეზიდენტის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ნათქვამი ძირითადი მოთხოვნები: უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მინსკის შეთანხმებების შესრულება, რომელიც გახდებოდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი; ნატოს ეგიდით შემოსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ქვეყნიდან გატანა და უკრაინის დენაციფიკაცია.

უკრაინაში ბანდერასა და პეტლიურას ეროვნულ გმირებად გამოცხადება. მათი მხარდამჭერების მიერ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში სვასტიკური სამკლაურებითა და შეძახილებით მარშირება სხვა არაფერია თუ არა ფაშიზმის აღორძინება. ფაშიზმი ფაშიზმია, არ აქვს მნიშვნელობა იტალიური იქნება იგი, ქართული, რუსული, უკრაინული თუ გერმანული. მსოფლიოს საზოგადოებრიობამ ერთმნიშვნელოვნად თქვა მასზე უარი, იგი მიუღებელია ნებისმიერი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანისთვის, აკრძალულია ყველა საერთაშორისო ნორმით და ჩანასახშივე უნდა იქნეს ლიკვიდირებული, რომელ ქვეყანაშიც უნდა იჩინოს თავი. დღეს ვისაც უკრაინელი ხალხის დახმარება გულწრფელად სურს, დროა, გააცნობიეროს ეს ანბანური ჭეშმარიტება, თავი დაანებოს ურაპატრიოტულ, ავანტიურისტულ მოწოდებებს უკრაინის დახმარების შესახებ (რომელიც თავისი შინაარსითაც და ფორმითაც ფაშისტური ელემენტების წაქეზებაა) და დაეხმაროს უკრაინელ ხალხს ფაშიზმისაგან გაწმენდაში. სწორედ ამას გულისხმობს რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა დენაციფიკაციის შესახებ.

მინდა, ჩვენი, უკრაინის “მეგობრებისა” და “სტრატეგიულ პარტნიორების” რამდენიმე ქმედებაზე გავამახვილო ყურადღება, რომლებიდანაც კარგად ჩანს მათი სახე და მიზნები.

 * ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დონბასსა და ლუგანსკში შეენარჩუნებინათ ცხელი წერტილები (ოფიციალური მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი); გაავსეს უკრაინა იარაღით, რუსეთის საზღვრების გასწვრივ განალაგეს დიდძალი შეიარაღება, გაშალეს საინფორმაციო კამპანია რუსეთის უპირობო აგრესიის თაობაზე. დეკლარირებულად დემოკრატიული გარდაქმნების ფონზე ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ მოფაშისტო სუბიექტების ხელისუფლებაში მოსვლას და ხალხს უახლოეს პერიოდში უკრაინის ნატოს ქოლგის ქვეშ დაცულ ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფ სახელმწიფოოაზისად ქცევას ჰპირდებოდნენ. როდესაც თავიანთი ქცევით ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, რუსეთის ფედერაცია იძულებული შეიქნა, წარმოქმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ ჩაეტარებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. დასავლეთში მყისვე დაივიწყეს დაპირებები და მტკიცე უარი განუცხადეს უკრაინის როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრებაზე. სამაგიეროდ, გულმოდგინედ ასრულებენ პირობას იარაღითა და საბრძოლო მასალებით მომარაგების შესახებ.

დავსვათ კითხვა _ ვისი მეგობარი და კეთილისმსურველია კოლექტიური დასავლეთი, რომელმაც ჩაითრია რა ძმათამკვლელ ომში სლავურ ფესვებზე აღმოცენებული ორი მოძმე მართლმადიდებელი ერი, ერთს იარაღით ამარაგებს, ხოლო მეორეს (რომელსაც ძირითად მტრად განიხილავს) სანქციებს უწესებს ეკონომიკური განადგურების მიზნით?

* რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციების რაოდენობამ უკვე 5500-ს გადააჭარბა. ეს მოსალოდნელი იყო და ამაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია. პირიქით _ სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში იგი შეიძლება დიდი ეკონომიკური ნახტომის წინაპირობაც გახდეს. მართალი გითხრათ, დასავლეთის ცივილიზებულობასა და საოცნებო დემოკრატიაზე მაღალი წარმოდგენა არასდროს მქონია, მაგრამ სანქციების თანმდევმა პარალელურმა მოვლენებმა ნამდვილად არასასიამოვნოდ გამაოცა. დასავლეთში ყოველთვის აქსიომად იყო მიჩნეული, რომ სპორტი, მედიცინა და ხელოვნება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან. მაშინ რას ნიშნავს, რომ რუსეთის სპორტულ დელეგაციებს არ უშვებენ არც ერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებაზე, ხოლო, თუ უშვებენ, სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის გარეშე? რუსეთში შექმნილ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ცნობს ჯანმო. ჩაიკოვსკის ნაწარმოებების შესრულება იკრძალება ევროპის საკონცერტო დარბაზებში. უფრო მეტიც, “ცივილიზებულ” დასავლეთში, სადაც უკვე ადამიანის სქესის მიხედვით მოხსენიება დისკრიმინაციად ითვლება, ისმის მოწოდებები, რომ არამარტო რუსეთის მოქალაქეებს ჩამოერთვას ყოველგვარი უფლებები და თითქმის კანონგარეშე გამოცხადდნენ, არამედ სხვა ქვეყანაში მცხოვრები და იმ ქვეყნის მოქალაქე ეროვნებით რუსებთანაც კი ყოველგვარი კომუნიკაცია გაწყვიტეს და მაქსიმალურ დისკომფორტს უქმნიან. მე დემოკრატიაზე განსხვავებული ხედვა მაქვს და მის მტრად ვერ გამოვდგები. მინდა, ვკითხო ჩვენს ძალიან დემოკრატებს: 21- საუკუნეში ადამიანის ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია როგორი და რომელი დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება? სად გაქრა პიროვნების თავისუფლება და ადამიანის უფლებები, თუ რუსი ეროვნების ადამიანს ადამიანად არ თვლით?

უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რა სახელიც უნდა ჰქონდეს მას, ორ ერთმორწმუნე, ახლო ნათესავ ერს შორის მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომია. საქართველოსა და ქართველების უპირველესი საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს ის, რომ, ფაქტობრივად, დეტალურად და, რაც მთავარია, ობიექტურად გააანალიზონ, თუ რა წინმსწრებმა მოვლენებმა შექმნეს საომარი მოქმედების დაწყების პირობა.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ისტორიულად საქართველო ყოველთვის იყო ორიენტირებული მართლმადიდებელი სამყაროს ცენტრზე. ამ ცენტრის სიმყარე დიდწილად განაპირობებდა საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს მართლმადიდებელი სამყაროს ბურჯი მოსკოვია და კარგად დავფიქრდეთ, სანამ მისი მისამართით მუქარასა და ლანძღვას წარმოვთქვამთ.

დიდია საშიშროება, მართლმადიდებელი სამყაროს გათიშვა-დასუსტების მოსურნეებმა ყოველმხრივ სცადონ, საქართველოში რუსეთისთვის მეორე ცხელი წერტილი შექმნან. ამისათვის მათ საკმაო რესურსი აქვთ “ნაციონალური მოძრაობის”, მისი სატელიტებისა და საინფორმაციო საშუალებების მიერ დეზინფორმირებული რიგითი მოქალაქეების სახით. აღნიშნულ საფრთხეზე ამ გაზეთის ფურცლებიდან ხელისუფლებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პრევენციული ზომების გატარებისკენ მოუწოდა ბატონმა გულბაათ რცხილაძემ. იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ გაფრთხილებას გაითვალისწინებს.

როგორც ვიცი, მოკლე ხანში საქართველოში დაგეგმილია ნატოს წვრთნების ჩატარება. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას, რადგან, დიდი ალბათობით, ჩვენთვის იგი საბედისწერო იქნება.

აქვე, ალბათ, დროა, ჭაბუას მოწოდება გავიხსენოთ: “ჭკუით, ქართველებო!”

ტარიელ სუხიაშვილი

1 COMMENT

  1. ამერიკა უნდა განადგურდეს! ნაცმოძრაობა როგორც ქვეყნის მოღალატე პარტია უნდა აიკძალოს! სააკაშვილი და მათი ხროვა ციხეში უნდა იჯდნენ სამშობლოს გაყიდვისა და ქართული მიწების გასხვისებისათვის; დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიონ პარლამენტიდან ვინც დღს ომის პროპაგანდას ეწევიან. პარლამენტართა რაოდენობა უნდა შემცირდეს შვიდ კაცამდე! უარი უნდა ეთქვას პარტიუილ სახელმწიფო მმართველობას!
    სასწრაფოდ შესაცვლელია კონსტიტუცია რომელსაც არაფერი აქვს საერთო 1918წლის კონსტიტუციასთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here