Home რუბრიკები ისტორია მეგობრობა გზად და ხიდად

მეგობრობა გზად და ხიდად

იური ტინიანოვი: მე გავუგე თბილისს _ ეს არის ერთ-ერთი უშესანიშნავესი ქალაქთაგანი

3617
იური ტინიანოვი

ტიციან ტაბიძის ოჯახში წლების განმავლობაში თავს იყრიდნენ პოეზიის ქურუმები. ტიციანისა და მისი მეუღლის, ნინო მაყაშვილის, მეგობრები იყვნენ ანდრეი ბელი, ესენინი, ბალმონტი, ზაბოლოცკი, პასტერნაკი, ფადეევინინო მაყაშვილმატაბიძემ, ამ საოცარმა ქალმა, სიყვარულით აღსავსე ბარათებს, მათთან გატარებულ ყოველ წუთს დავიწყების ბურუსი არ მიაკარა და ერთ საინტერესო წიგნად შეკრაგთავაზობთ ამონარიდს წიგნიდანტიციანი და მისი მეგობრები”.

“1933 წელს თბილისში იური ტინიანოვი ჩამოვიდა. დამამახსოვრდა ქართველ მწერლებთან ერთად ტინიანოვის მოგზაურობა წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მოსანახულებლად. დავათვალიერეთ მუზეუმი და პარკი, შემდეგ თელავში გავემგზავრეთ. ქალაქში დიდი ბაზრობა იყო გამართული. შემდეგ ყველამ სახინკლეში შევუხვიეთ. რატომღაც ჩანგლები მოიტანეს, იური ნიკოლოზის ძემ ხინკალს ჩანგალი ჩაარჭო, წვენი დაიქცა, ყველამ გაიცინა და ტინიანოვს სიცილ-სიცილით ხინკლის ჭამა ასწავლეს.

…ტინიანოვთან ერთად შუამთაც მოვიარეთ, ვნახეთ იქაური დაბურული ტყეები. ამის მერე ტიციანის მშობლიურ სოფელში გავემგზავრეთ.

…მალე ტინიანოვი ლენინგრადში დაბრუნდა. ტიციანმა შემდეგი წერილი მისწერა:

“10 დეკემბერი, 1933 წელი.

თბილისი.

ძვირფასო იური ნიკოლოზის ძევ!

ნიკოლოზ ტიხონოვი და ოლგა ფორში მოგითხრობთ თბილისში გატარებულ ერთ თვეზე. მე და ბორის პასტერნაკს განსაკუთრებით გვწყდებოდა გული, რომ თქვენ ჩვენ გვერდით არ იმყოფებოდით.

ბედმა გაგვიღიმა, რომ თქვენ ადრე ჩამოხვედით და მოხერხდა, მშვიდად გვესაუბრა და დავმეგობრებულიყავით, ჩვენ კი თქვენი შეყვარებაც მოვასწარით.

ჩემი მეგობრები მოუთმენლად ელიან, რომ სიტყვას არ გატეხთ და ზაფხულში ჩვენთან ჩამოხვალთ, ალბათ, ზაფხულს პასტერნაკიც საქართველოში გაატარებს.

რუს მწერალთა დელეგაციის ჩამოსვლით ერთი კარგი საქმე მოგვარდა. ამას, ალბათ, მოგიყვებიან, მაგრამ თქვენი წინადადებაპოეტის ბიბლიოთეკაშიქართველი რომანტიკოსების დასტამბვის თაობაზე, აქ, ჩვენთან, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება (იგულისხმება მოგვიანებით, სახელდობრ, 1940 წელს “საბჭოთა მწერლის” მიერ “პოეტის ბიბლიოთეკის” სერიით გამოცემული წიგნი “ქართველი რომანტიკოსები. ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი, ვ. ორბელიანი”. რუსი პოეტების თარგმანითა და ნ. ტიხონოვისა და ნ. ტინიანოვის რედაქციით).

თქვენ ბევრი რამ გაკავშირებთ საქართველოსთან, მაგრამ ეს წამოწყება ჩვენ უფრო მეტად გვავალდებულებს, გულითად მეგობარს მადლობა ვუთხრათ.

გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ და გაგვახაროთ წერილით.

გკოცნით და გეხვევით.

თქვენი ტიციანი”.

მალე პასუხი მივიღეთ:

“ლენინგრადი, 17.11.34.

ძვირფასო ტიციან!

მოხარული ვარ, რომ ნინო ალექსანდრეს ასულთან ერთად მალე გვესტუმრებით. მოუთმენლად მოგელით. თქვენ მიერ გამოგზავნილი ქაღალდი უკვე გამომცემლობას გადავეცი და “პოეტის ბიბლიოთეკაში” ყველა სიხარულით გაეცნო მას და ქართველი რომანტიკოსების ღირსეულად გამოცემისთვის ყველაფერს იღონებენ…

უღრმესი მადლობა, რომ ანთოლოგიის გამოცემის კომიტეტის წევრად ამირჩიეთ. თქვენ კარგად იცით, თუ როგორ მაინტერესებს და მიყვარს ქართული პოეზია.

გულითადი სალამი ნინო ალექსანდრეს ასულს. ჩემი მეუღლე და შვილი თქვენ დაუსწრებლად გიცნობენ და ძალზე მოხარული იქნებიან თქვენი ნახვისა. პასტერნაკებს თავს მდაბლად ვუხრი, ხომ არ ჩამოვლენ თქვენთან ერთად?

გეხვევით, ჩემო მეგობარო!

თქვენი ..

P.S. თვის ბოლოს, 27-ში ან 28-ში ოთხი დღით ქალაქიდან გასვლა მომიწევს, როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ამან ჩვენს გეგმას ხელი არ შეუშალოს”.

რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ ტინიანოვს სსრკ მწერლების პირველ ყრილობაზე შევხვდით. ტინიანოვი, ტიციანი, ბაბელი მაშინ მალე დამეგობრდნენ და დროს ყოველთვის ერთად ატარებდნენ. იური ნიკოლოზის ძე თბილისს იხსენებდა, განსაკუთრებით ლოლა შენგელაიას, რომლითაც იგი მოხიბლული იყო და კიდევ ერთხელ თბილისში ჩამოსვლას იფიცებოდა.

ყრილობის შემდეგ ჩვენ მისგან კიდევ ერთი წერილი მივიღეთ.

“დეტსკოე სელო. 28. 12. 34.

ძვირფასო ტიციან!

დაიჯერებთ _ მხოლოდ ავადმყოფობას შეეძლო შეეშალა ჩემთვის ხელი, რომ თქვენ მშვენიერ წერილზე მაშინვე არ მეპასუხა. თქვენ მიერ გამოგზავნილი სადღეგრძელო ისეთი კარგი და ცოცხალია, რომ მას ჩემს ყველაზე დიდ შენაძენადაც კი ვთვლი უკანასკნელი წლების მანძილზე. დეტსკოე სელოში ვისვენებ, ყოველდღე ვსეირნობ, ვუსაქმურობ. ეს ადგილი ძალიან მომწონს. უფრო დიდხანსაც დავყოფდი აქ, მაგრამ უნდა დავბრუნდე.

საბა ორბელიანი მივიღე, როგორც კი გამოვჯანსაღდები, ჩავუჯდები. ჩემი მხურვალე მეგობრული სალამი გადაეცით ნინო ალექსანდრეს ასულს, ელენე მიხეილის ასულს, სერგო დავითის ძეს და ნატოს. ყრილობაზე მის გამოსვლას (კულუარებში) ვერასოდეს დავივიწყებ.

გილოცავთ ასე უეცრად კარზე მომდგარ ახალ წელს და გეხვევით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო.

თქვენი ი. ტინიანოვი”.

ტინიანოვთან ძალზე თბილი, მეგობრული შეხვედრები ლენინგრადში ჩვენი ყოფნის დროსაც გრძელდებოდა _ იქნებოდა ეს ქართული პოეზიის საღამოები, თუ უბრალო თავყრილობა.

…როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ბრიგადის წევრმა, ტინიანოვმა ბევრი რამ გააკეთა, რათა ქართული ლიტერატურა რუსი მკითხველისთვის გაეცნო.

მან რუსულად თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა”…

1937 წლის 21 მარტს ლენინგრადში, ერთ-ერთ საღამოზე ტინიანოვმა ილაპარაკა ტიციანსა და მის პოეზიასთან დამოკიდებულებაზე:

“როცა მე ტიციანს ვუსმენდი, მისი ლექსები მესმოდა (სამწუხაროდ, მისი ენა არ ვიცი), თითქოს ხელოვნების ჭეშმარიტ სათავეებთან ვიდექი, მე მისი მესმოდა.

ტიციანი თბილისში ვნახე და ვერასოდეს დავივიწყებ ამ შეხვედრას, მივხვდი, როგორ იბადება მისი ლექსი, მისი ბრწყინვალე პოეზია, რომელიც ჩვენ საქართველოსთან გვაახლოებს და საქართველოს _ ჩვენთან.

მე გავუგე თბილისს _ ეს არის ერთერთი უშესანიშნავესი ქალაქთაგანი, იგი მთლიანად ისტორიითაა სავსე. თბილისზე აღამაჰმადხანის შავი ნაბდის ლანდი ჯერ კიდევ მოჩანს, ეს საჭურისი დასავლეთელ დამპყრობლებზე ნაკლებ როდი ოცნებობდა ქვეყნების დაპყრობაზე, თბილისის მთაზე კი გრიბოედოვის საფლავია, რომელიც თბილისს და საქართველოს ღვიძლივით უყვართ.

…და თუ დღეს სულხან-საბა ორბელიანი _ საქართველოს ბრწყინვალე პროზაიკოსი, და შესანიშნავი ქართველი რომანტიკოსი პოეტები რუსულ ხელოვნებაში შემოდიან და საბჭოთა მკითხველების ბაგეებით მათი სახელები წარმოითქმება, როგორც საკუთარი პოეტების სახელები, ამაში ტიციანს ვეებერთელა დამსახურება მიუძღვის და მე მას, როგორც პოეტს, როგორც ბრწყინვალე ადამიანს, მეგობარს, ჩვენს მეგობარს, ისე მივესალმები”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here