Home რუბრიკები საზოგადოება მეამბოხე ბიზნესმენი კვლავაც ფორმაშია

მეამბოხე ბიზნესმენი კვლავაც ფორმაშია

2841
გოგი თოფაძე

გოგი თოფაძე ცნობილი ქართველიწითელი დირექტორებისკოჰორტიდან ერთერთი უპირველესია, რომელიც არასოდეს არ გამხდარა ოლიგარქი.

თუმცა ამის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა.
ცდუნებაც.
იყო და რჩება ჭეშმარიტ ბიზნესმენად და საზოგადო მოღვაწედ. ქველმოქმედად აგრეთვე და, რაღა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთგულ მოქალაქედ.
იქნებ თქვენ იცნობთ სხვა დიდ ბიზნესმენს საქართველოში, რომელიც თავის მეგობრებსა და თანამშრომლებს მასავით უანგაროდ ეხმარება?
მე _ არა.

ჰოდა, თეთრ ფურცელზე დასაფიქსირებლად მუჯლუგუნებით მოიწევს უცნობილესი სენტენცია _ ჯანსაღი სხეულისა და ჯანსაღი სულის ერთობლიობის შესახებ, მაგრამ არ ღირს, მგონი, ასეთი შაბლონით გოგი თოფაძესთან საუბრის დამძიმება, რომელსაც მის ტრადიციულ ოფისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დავიწყებთ და რომელიც არ უნდა იყოს მსუბუქი და მარტივი.

ბატონმა გოგი თოფაძემ ლუდის წარმოებიდან დაიწყო ბიზნესსაქმიანობა. იმ დროს (ნულოვან წლებში), როცა მავანი და მავანი კონტრაფაქტული ალკოჰოლით წამლავდა წარმავალი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს და ცოდვიანი ზემოგების მიღებით მდიდრდებოდა, თოფაძის ქარხნის პროდუქცია ხარისხის მაჩვენებელს არა თუ ინარჩუნებდა, აუმჯობესებდა კიდეც.

განსაკუთრებული პიროვნებაა.

თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ მისი საქმიანობის სტილი ბიზნესასპარეზზე ახლოს დგას პოსტმოდერნისტული სიახლის პრინციპთან, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კულტურას ახასიათებდა და დღესაც ახასიათებს, მწვავე შეკითხვების პროვოცირებას იწვევს და მოითხოვს უკომპრომისო პასუხებს დღევანდელობის საჭირბოროტო საკითხებზე.

თანაც _ საქმით, ჩვენ შემთხვევაში, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ავანგარდისტია, რაც თეორეტიკოსებს ფრიად პომპეზურად აქვთ განმარტებული: “კაცობრიობის ნათელი მომავლისთვის მებრძოლი”. ცოტა დავუწიოთ აღტაცების პათოსს და ვთქვათ _ რომანტიკოსია.

მოკლედ _ საკულტო ფიგურაა.

ვეუბნები ამ ყველაფერს საუბრის დასაწყისში ბატონ გოგის, რომელსაც სულ ახლახან 80 წელი შეუსრულდა.

ეუხერხულა.

_ ჩემი ამგვარად შეფასება მეტისმეტია, რადგან სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი. არიან გაცილებით დიდი მასშტაბის ფიგურები. მათ შორის, უპირველესად, ბიძინა ივანიშვილს დავასახელებ. მან სულ ახლახან დატოვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სარბიელი, წავიდა და თავისი ქონების 95 პროცენტი დაუტოვა ფონდ “ქართუს” საქველმოქმედო საქმიანობისთვის. მის მიერ გაკეთებულ საქმეებს არ ჩამოვთვლი, საყოველთაოდ არის ცნობილი. მხოლოდ ბაკურიანზე ვიტყვი ორ სიტყვას, რადგან ბაკურიანი ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა. ხომ გახსოვთ ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდში ბაკურიანის ლეგენდარული “ხიჟინა”… მივიწყებული ბაკურიანი თანამედროვე ზამთრის კურორტი გახადა, სამთო-სათხილამურო სპორტის თანამედროვე ბაზად ჩამოყალიბდა. ბიძინამ მილიონ დოლარზე მეტი ჩადო, ოთხი სათხილამურო ტრასა გაგვაკეთებინა, რომლებიც ყველა დღევანდელ პარამეტრს აკმაყოფილებს.

შესანიშნავი ლიტერატორი და მებრძოლი მოღვაწე თამაზ წივწივაძე სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად იმეორებდა _ ივანიშვილმა თავისი კაპიტალიდან ერთი მილიარდი ლარი ხალხს რომ დაურიგოს, გაჭირვებული საქართველო წელში გაიმართებაო. კეთილი გულის კაცი იყო თამაზ წივწივაძე.

მაგრამ არმად მიღებული ფული შარშანდელ თოვლზე უსწრაფესად დნება. ცნობილი ფაქტია, რომ საერთაშორისო კაპიტალის მიერ ამ პრინციპით დაფინანსებული აფრიკა უარესად გაღატაკდა.

ბიძინამ ასეთ პოპულიზმს თავი აარიდა.

იგი ეკამათებოდა ბიძინა ივანიშვილს

_ ბატონო გოგი, გიკამათიათ ბიძინა ივანიშვილთან?

_ კი. სოფლის მეურნეობამ ასე თუ ისე ძალა მოიკრიბა, მაგრამ წარმოებას მაინცდამაინც ვერ ეშველა. ასზე მეტი საკონსერვო ქარხანა გვქონდა საქართველოში, 102 თუ 104. ახლა, მგონი, მხოლოდ ორია. ოცდაათამდე ქარხანა ცეკავშირის იყო, დანარჩენი _ კვების მრეწველობის სამინისტროსი. გადიოდა ჩვენი პროდუქცია რუსეთში უდიდესი რაოდენობით. ახლა ეს ბაზარი, პრაქტიკულად, დაკარგულია. გადამმუშავებელი, საკონსერვო საწარმოების აღდგენა კი არც ერთ პროექტში, არც ერთ გეგმაში არ არის შეტანილი. ჩვენი ხელით გადავკეტეთ უზარმაზარი შემოსავლის წყარო. ჩაის ფაბრიკებიც გაგვიჩერდა, ბოთლებს ხუთი ქარხანა აწარმოებდა, ახლა მხოლოდ ერთი და ისიც თურქების.

ბოთლების მწარმოებელი, მინიმუმ, ორი ქარხანა მაინც გვჭირდება ბევრი ღვინის, ლუდის, ლიმონათის და ა.შ. ჩამოსასხმელად. მაშინ კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ.

(ეს თავისებური ამბოხის გამოხატულება იყო).

_ ბატონო გოგი, მოსული ვარ თქვენ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოდი, ახლა თქვენ მოღვაწეობაზე ვისაუბროთ.

ვიხსენებთ გარდასულ წლებს: იმას, მაგალითად, როგორ დაამკვიდრა თოფაძის დაარსებულმა კომპანიაყაზბეგმაახალი ტრადიცია მაშინ, როცა დედაქალაქში ბევრი ტრადიციული ადგილი მოიშალა და დავიწყებას მიეცა. აღარ არსებობდა მუშთაიდი თავისი რესტორნით, ყოფილი კიროვის პარკი (და უფრო ყოფილი სასაფლაო) ვერაზე _ ფეხბურთის თავგადაკლული მოყვარულებისდიდი კონფერენცდარბაზი”, ძველიგოფილექტისბაღი, “ვიწროპლეხანოვზე, ლუდხანა ველიამინოვზე და ..

ლუდის მოყვარულთა (ლუდისტებისო, _ ამბობდა ჯანსუღ ჩარკვიანი) საზაფხულო რეზიდენციად ჩამოყალიბდა თოფაძის ლუდის ქარხნის წინა სივრცე, რომელსაც მოედანს ვერ ეტყოდი, ტროტუარიც არ ეთქმოდა.

ძველს იოლად შელევია თბილისი, სიახლეს ძნელად შეგუებია. ეს ტირადა ბატონ გოგიზე არ ვრცელდება

პირადად მას დღემდე სხვა რამ აოცებს და პასუხი ვერ უპოვია.

_ საოცარია, დაუჯერებელი და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ისტორიული ფაქტია, რომ ახალი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა დავიწყეთ ნგრევით, ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების მოშლით, საქვეყნო სიმდიდრის _ ქარხნების, ფაბრიკების საწარმოო სიმძლავრეების საზღვარგარეთ, უწინარესად, თურქეთში ჯართად კაპიკებად გაყიდვით, სახალხო ქონების დატაცებით, ეროვნული სულისკვეთების და ერთად ყოფნის აუცილებლობა ცარიელ სიტყვებად ვაქციეთ, ჩავებით ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში, დაპატარავდა ქვეყანა შაგრენის ტყავივით.

გოგი თოფაძის ტრადიციული ქარხანა
გოგი თოფაძის ტრადიციული ქარხანა

აი, ასეთ პირობებში თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა, პროფესიონალიზმითა და ორგანიზატორული უნარით დაჯილდოვებულმა კაცმა დანგრეული და გაპარტახებული ქარხნის ადგილზე აამუშავა წარმატებული საწარმო. ვერავინ გადალახავდა უიმედობის, უპერსპექტივობის ეჭვის წინაღობას. ვერავინ _ გოგი თოფაძის გარდა.

_ როგორ მოახერხეთ ეს, ბატონო გოგი?

_ ცოტა _ იდეალისტობა, ცოტა _ იღბალი და ძალიან ბევრი _ შრომა. მოგეხსენებათ, რომ ვინც არ რისკავს, ის ლუდსაც ვერ სვამს (ეღიმება). ვრისკავდით, ძალიან ვრისკავდით, რა თქმა უნდა.

_ ორიოდ დღის წინათ ის თარიღი აღვნიშნეთ, ახლა რომ საქართველოს ოკუპაციის დღეს ეძახიან. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ ისტორიული თარიღის მიმართ?

_ ისეთივე, როგორიც ისტორიული თარიღის მიმართ უნდა მქონდეს, თუმცა ერთ მომენტს მაინც აღვნიშნავ. დღეს ისეთი ტენდენცია იკიდებს ფეხს, თითქოს 1921 წლიდან 1953 წლამდე საქართველოში მხოლოდ ნეგატიური მოვლენები ვითარდებოდა.

არადა, სტალინმა საბჭოთა კავშირი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ შექმნა.

ვიმედოვნებ, ეს ავანტიურისტული ცალმხრივობა მალე გადაივლის და წარსულს ობიექტური თვალით შევხედავთ. თორემ ჩვენი ისტორია ერთგვაროვანი რომ არ იყო, ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილია. ასეთი მიდგომით შევძლებთ, ჩემი აზრით, უახლესი ისტორიის ურთულეს პერიპეტიებში გარკვევას. თუნდაც, მაგალითად, ვასილ მჟავანაძის პირველი მდივნობის პერიოდის შეფასებას, რომელიც უსამართლოდ გვაქვს მივიწყებული. ჩემი აზრით, ე.წ. სოციალიზმი ადამიანური სახით სწორედ მის დროს იწყებდა დამკვიდრებას, ეკონომიკის სექტორში თავისუფლად მოქმედების ყველა პირობა იყო შექმნილი, რასაც სახალხო მეურნეობის რეალური მდგომარეობა ადასტურებდა, ეროვნული საწყისი და ინტერნაციონალიზმი დაბალანსებული იყო, ხალხი თანდათან წელში გაიმართა. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმის გახსენებაც არ გვაწყენდა, რომ სწორედ ვასილ მჟავანაძემ გადაარჩინა ქართველობა ცენტრალურ აზიაში გადასახლებას, რასაც გვიპირებდა ტვინგამორეცხილი და ბოროტი ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც სტალინის ხელისბიჭობა ვერ მოინელა, წარმოიდგინა, რომ თვითონ გახდა ხალხთა ბელადი და შურისძიება ჩვენზე ჰქონდა გადაწყვეტილი.

უნდა ვთქვა, რომ იმ დროს საზოგადოება შეკრული იყო, ტრადიციული ურთიერთობა ფასდებოდა, ადამიანური საწყისის გათელვა ყოვლად მიუღებელი იყო, კანონი კანონობდა და კანონზე მაღლა იდგა ზნეობა _ ორი საწყისის უნიკალური სინთეზი. შემდეგი 30 წელიწადი (შევარდნაძის ეპოქა) პრობლემური გვქონდა _ თითქოს ეროვნულ ნიადაგზე ვრჩებოდით, მაგრამ ხელოვნური ექსპერიმენტებით გაუცნობიერებელი მომავლისკენ ვისწრაფვოდით. ამან შეარყია ჩვენი იდენტურობის საფუძველი და ისტორის გზაჯვარედინზე მისულები ცოტა დაბნეული აღმოვჩნდით. ამ პერიოდის რამდენიმე წელიწადი, როცა ჯუმბერ პატიაშვილი ხელმძღვანელობდა, ურთულესი აღმოჩნდა, რადგან არსებული წყობილების ბზარები უფსკრულივით ჩაღრმავდა და გადაულახავი გახდა. ბევრი სასიკეთო ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა.

2003 წლიდან 9 წელიწადი ჩვენთვის ტრაგედია იყო. თუ რამ დაგვრჩა წინა ხელისუფლებების გადარჩენილი საბჭოთა მემკვიდრეობიდან _ ქარხნები, მეურნეობები, ყველაფერი გაცამტვერდა. საქართველო გასაწყლდა, ერთ მილიონამდე შრომისუნარიანი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში გაიხიზნა, სამუშაოს საშოვნელად გარბოდნენ აქედან. ბევრმა ნიჭიერმა მეცნიერმა დატოვა სამშობლო.

2012 წლიდან რადიკალურად შეიცვალა ვითარება, რომლის მოწმე ყველანი ვართ და ამიტომ სიტყვას არ გავაგრძელებ. მშვიდობიანი განვითარების ეტაპი არც ისე ილუზორულია, როგორიც აქამდე იყო.

(სიტყვას ჩამოვართმევ იუბილარს და შემოგთავაზებთ რამდენიმე ეპიზოდს მისი ბობოქარი ბიოგრაფიიდან)

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ

უსამართლობის წინააღმდეგ ამბოხებულ ადამიანს ყაჩაღს თუ ვუწოდებთ, ილიას პოემის ეს სათაური ზუსტად მიესადაგება გოგი თოფაძის მოღვაწეობის ეპიზოდებს.

ეპიზოდი პირველი. 1996 წელი. ქართული ლუდის ბიზნესმა ფეხის ადგმა მაშინ სცადა, როცა ბაზარი გაურკვეველი წარმოშობის, ხარისხისა და შემადგენლობის უცხოური ლუდით იყო გაჯერებული, უწინარეს ყოვლისა, მსოფლიოში ცნობილი “კასტელით” და ამ სარფიან საქმეს ზურგს უმაგრებდნენ ფინანსურად თუ პოლიტიკურად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ჯგუფები, მათ შორის, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც.

სწორედ ასეთ ფონზე, დიდი პაუზის შემდეგ ბაზარზე “ყაზბეგის” მარკით გამოჩენილმა პირველმა ქართულმა ლუდმა იმდენად შეავიწროვა ლუდის იმპორტს ჩაჭიდებული არაერთი კომპანია თუ კორუმპირებული მოხელე, რომ მოწინააღმდეგეთა გაერთიანებულმა ძალებმა ადგილობრივი წარმოების ჩანასახშივე ჩაკვლა სცადეს.

მას შემდეგ, რაც თოფაძესთან მოლაპარაკებამ, დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო, 40 შეიარაღებული სპეცრაზმელი ქარხანაში შევარდა, გოგი შვილთან და მოადგილესთან ერთად დააპატიმრეს და წარმოების გაჩერება მოსთხოვეს.

ამაოდ. თოფაძე ვერ შეაჩერეს.

ეპიზოდი მეორე. დაინტერესებული ჯგუფების მიერ განხორციელებული ფართო ლობისტური კამპანიის შედეგად, 1995 წლის ივნისში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ადგილობრივი მეწარმეებისთვის აქციზის გადასახადი, არც მეტი, არც ნაკლები, 1000 პროცენტით გაეზარდა. პრესაში აღინიშნა, რომ ამ საგადასახადო გილიოტინამ მომაკვდინებელი შედეგი 2-3 წელიწადში გამოიღო: სასმელის მწარმოებლებს ისეთი დავალიანებები დაუგროვდათ, რომ უმეტესობა ან გაკოტრების რეჟიმში მოექცა, ან წელში ვეღარ გასწორდა და ავად თუ კარგად მოპოვებული საბაზრო პოზიციები საბოლოოდ დაკარგა.

გამონაკლისი მხოლოდ “ყაზბეგი” აღმოჩნდა. და ამის მიზეზი იყო უკიდურესად რისკიანი, თუმცა, ბიზნესის ლოგიკიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გამართლებული და, საბოლოო ჯამში, წარმოების გადასარჩენად მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება _ თოფაძემ აბსურდულობამდე გაზრდილი აქციზის გადახდაზე უარი თქვა. განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ალოგიკური, უსამართლო და დარგის დამღუპველი იყო. ზოგიერთი კომპანია შეეგუა ასეთ უსამართლობას, თოფაძემ კი “ყაზბეგი” ძველი სააქციზო გადასახადის რეჟიმში ამუშავა: ეს იყო საჯარო დაუმორჩილებლობა, იგივე ამბოხი არაკომპეტენტურ მოხელეთა წინააღმდეგ. ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეცვალა აქციზის განაკვეთი.

ეს კანონდარღვევა ეკონომიკური მიზანშეწონილობით იმდენად ლოგიკური იყო, რომ “ყაზბეგის” წინააღმდეგ ჩასაფრებულმა მაკონტროლებლებმა ვერც გარისკეს თოფაძის შევიწროება. გადარჩა კომპანია, გადარჩა მთელი რიგი დარგებისა.

“ყაზბეგმა” გაამრავალფეროვნა წარმოებული პროდუქცია, გააფართოვა გასაღების ბაზარი. დღეს მას სხვა ქარხნებიც, სასტუმროებიც და რესტორნებიც აქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველ 10 წელიწადში თოფაძის კომპანიის მიერ განხორციელებული ბიზნესპროექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 70 მილიონზე მეტი ლარი შევიდა.

იმავე პერიოდში გოგი თოფაძის ფონდმა 17 მილიონი ლარის ქველმოქმედება განახორციელა სპორტის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, შეჭირვებული ადამიანებისთვის ხელის გასამართად, ნიჭიერი ახალგაზრდების წასახალისებლად: გოგი თოფაძის სტიპენდიით ათეულობით ქართველი სტუდენტი სწავლობს უთხოეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მისი სტიპენდიანტები არიან ჩვენი უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებლებიც.

ეს უკვე “რამდენიმე ეპიზოდი” არ არის, ეს თოფაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი მონაკვეთია.

მისი პოლიტეკონომიკა

_ თქვენი გაზეთის მკითხველები უთუოდ დამეთანხმებიან, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველო დამოუკიდელობის გზაზე შედგა, არც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის, არც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ცოდნა და გამოცდილება არავის არ გაგვაჩნდა, _ აგრძელებს საუბარს რესპონდენტი, _ მაშინ გამოეცხადნენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული უცხოელი მრჩევლები და ექსპერტები, რომელთა მოვალეობა, როგორც დღეს ყველამ იცის, განვითარებული ქვეყნების დანამატად, უუფლებო და სატელიტ ქვეყნად საქართველოს ჩამოყალიბება იყო.

იმ პერიოდში საქართველოს მრეწველთა კავშირის თავმჯდომარედ ვიყავი არჩეული. ბევრი ვიბრძოლეთ უცხოელიპარტნიორებისმარწუხებიდან თავის დასაღწევად, მაგრამ ჩვენს კავშირს არავითარი ბერკეტები არ გაგვაჩნდა ვითარების რადიკალურად შესაცვლელად. მაშინ გადავწყვიტეთ და დავაარსეთ პოლიტიკური პარტიამრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. შევძელით პარლამენტში შესასვლელი შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და, პირდაპირ გეტყვით, რომ იმ მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგაც “მრეწველები” ერთადერთი მეამბოხე ფრაქცია ვიყავით, რომელიც საქვეყნოდ აცხადებდა იმ ნეგატიური მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ, რომლებიც სერიოზულად აბრკოლებდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას.

საქმით დავამტკიცეთ, რომ უცხოელ მრჩეველთა თეორიებით გატაცება-აღფრთოვანება უპერსპექტივოა.

“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იდეოლოგია კი ჭეშმარიტად პატრიოტული და პრაგმატული იყო. პარლამენტში ოთხჯერ ვმონაწილეობდით და ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს ვიცავდით. ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნის განვითარების უფრო მკაფიო, რეალისტური, კონკრეტული და საქმით დამტკიცებული პოლიტიკური ალგორითმი ქართული საზოგადოებისთვის არც ერთ სხვა პოლიტიკოსსა თუ პარტიას არ შეუთავაზებია.

_ რას გამოყოფდით განსაკუთრებულად?

_ რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. ჩვენს მეზობელ რუსეთს კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს. რომ არ ჰქონდეს, ის იქნებოდა გასაკვირი. ცხადია, რომ საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს საკუთარი ინტერესები, მაგრამ ამ შემთხვევაში კონფრონტაცია ცუდი მრჩეველივითაა. ხომ ფაქტია, რომ რამდენჯერაც გავააქტიურეთ დასავლური კურსის პროპაგანდა, ჩრდილოატლანტიკური ბლოკისკენ სწრაფვა, იმდენჯერ გადმოწიეს აქეთ საზღვარი. გვისიგნალებენ, მიგვანიშნებენ _ “გაჩერდით, დაფიქრდით, არ გინდათ”. ხომ ვიცით, რომ ნატოში არ გვიღებენ. რამდენი წელიწადია, დაპირებებით გვკვებავენ თავიანთი ოპონენტების ჯინაზე, იმისთვის, რომ მიმართულება არ შევიცვალოთ და, ღმერთმა არ ქნას, სოროსის თუ მისნაირი სხვა ავანტიურისტის პროექტი არ ჩავაგდოთ. აპირებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რომ ნებისმიერი ომი მშვიდობით მთავრდება. ძალიან ხომ არ ვაგვიანებთ?

სახიფათოა მხოლოდ ამერიკელების იმედად ყოფნა. ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთ ვარიანტად ურთიერთობათა ნორმალიზაცია მიმაჩნია ყველასთან, უწინარესად კი _ რუსეთთან. უნდა მოვნახოთ რუსეთთან დიალოგის გზები.

მე ჩემი სამშობლო მტკივა და მადარდებს.

* * *
ჩემო ბატონო გოგი, პატარა ბიჭობიდან ჩვენ ჩვენი გზებით ერთად მოვსულვართ დღემდე, 80 წლის მიჯნა ისე გადაგვილახავს, დაბერება არ შეგვიმჩნევია.

ეს ერთი ინტერვიუც ჩავათავეთ, _ სათქმელმოსასმენი კიდევ ბევრი დაგვრჩა. ეჭვი არ მეპარება, რომ შენი მეამბოხე სულისა და გაუტეხელი ჯანის პატრონი სასაუბროდ კვლავაც გამონახავ დროს, რომელიც ჟამთა სვლის უსასრულობას ჩვენთვის გამოუყვია.

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ბატონ გოგი თოფაძეს პირადად ვიცნობ და ბრწყინვალე ბიზნესმენობასთან ერთად იგი გამოირჩევა უდიდესი პატრიოტიზმით. მან საკუთარი სახსრებით ათარგმნინა და გამოაქვეყნა ამერიკელი დიპლომატის ჯონ სპენსერის წიგნი “ეკონომიკური მკვლელი”, რომელშიც ღიად არის აღწერილი თუ როგორ ქრთამავენ ამერიკის ხელისუფალნი პატარა ქვეყნების ლიდერებს და ჩალის ფასად ხეში იგდებენ მათი ქვეყნების აქტივებს. სამწუხაროდ, ამ წიგნმა საქართველოში უფრო უკუეფექტი გამოიწვია – ქრთამის აღების მსურველთა რიგი დადგა ამერიკის საელჩოსთან, ხოლო შალვა ნათელაშვილი სასწრაფოდ ჩაფრინდა ნიუიორკში თავისი ცნობილი ფრაზით ”Daun the diqteited”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here