Home რუბრიკები საზოგადოება მგლის რიცხოვნობის ევროპული სტანდარტები და საქართველოს მწარე სინამდვილე

მგლის რიცხოვნობის ევროპული სტანდარტები და საქართველოს მწარე სინამდვილე

4202
მგელი

პატივცემულო ბატონებო! 2017 წლის იანვარში სატელევიზიო ეთერში გამოვიდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ზაზა ხუციშვილი და განაცხადა, რომ მგლებმა ძალზე შეაწუხა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და აუცილებელია აღნიშნული პრობლემის საკანონმდებლო ცვლილების გზით დარეგულირება. პარლამენტარის ამ გამოსვლას მაშინვე მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია სახეობათა კონსერვაციის სამეცნიეროკვლევითი ცენტრინაკრესისხელმძღვანელის, ბატონი ირაკლი შავგულიძის პროტესტი და ვეტერანი ნაკრესელის, თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ბატონი ზურაბ გურიელიძის მკაცრი ინტერვიუ სათაურით: “მგელს ასე ტოტალურად მსოფლიოში არსად სდევნიან”.

უნდა ითქვას, რომ ნაკრესელთა ეს პროტესტი უსაფუძვლოა. ამის დასტურია თუნდაც სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმენია თუდეის” მიერ 2012 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც მეზობელ სომხეთში არსებულ ვითარებას ასახავს. ამ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მგლების მომრავლებისა და მოსახლეობისთვის მიყენებული დიდი ზარალის გამო მგლების რაოდენობის 200 ერთეულით შესამცირებლად გამოიყო 20 მლნ დრამი (50 000 დოლარი, ანუ ერთი მგლის სალიკვიდაციოდ პრემია _ 250 დოლარი). 2015 წლის აპრილისთვის კი, მგლების რაოდენობის რეგულაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, სომხეთის ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოყო 24 669 200 დრამი, ხოლო ამ მომენტისთვის მოკლული მგლების რაოდენობა 434 შეადგენს.

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენი ქვეყნის მწარე სინამდვილეს: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ბატონი კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, 2013-2016 წლებში გაფორმდა მგლის 363 ინდივიდის “ამოღების” ხელშეკრულება, ოფიციალური მონაცემებით კი “ამოღებულია” (მოკლულია) 63 მგელი (გაზეთი “კვირის პალიტრა”, 16–22 იანვარი, 2017 წ.). სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დროის თითქმის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მეზობელ სომხეთში მოკლულია 7-ჯერ მეტი მგელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნაკრესელთა დებულებები მცდარია.

ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში მგელი აწიოკებს მოსახლეობას, განადგურებულია ათეულათასობით სული შინაური პირუტყვი. მედიის მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი და დაკბენილია გაცილებით მეტი. ქვემოთ მოცემულია მგლისგან დახოცილი ადამიანების არასრული სია:

  • გიორგი ბადაგაძე _ 12 წლის, დუშეთის სოფელ გრემისხევის მკვიდრი;
  • უცნობი მამაკაცი _ ცხინვალის მმოსაზღვრე სოფლის მკვიდრი;
  • ვერა ფეზუაშვილი _ დუშეთის სოფელ ქაისხევის მკვიდრი;
  • მარგებაძე (ქალბატონი) _ საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდის მკვიდრი;
  • გია კაკაშვილი _ 26 წლის, სიღნაღის სოფელ საქობოს მკვიდრი;
  • გიგა ელიზბარაშვილი _ 17 წლის, გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრი;
  • მარკოზ მანაგაძე _ წყალტუბოს სოფელ საჩხეურის მკვიდრი;
  • ვიაჩესლავ ბრუშკოვი _ სამტრედიის მკვიდრი;
  • უცნობი მამაკაცი _ გურჯაანის მკვიდრი;
  • მწყემსი მამაკაცი _ გურჯაანის სოფელ ნავთისხევის მკვიდრი;
  • სკოლის დარაჯი _ სურამის სოფელ ნარვანას მკვიდრი;
  • ვალიკო თაგვიაშვილი _ დუშეთის სოფელ ინოს მკვიდრი (უფრო დაწვრილებით იხ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, 2015 წ. 24 ივნისი. ინტერნეტვერსია: http://geworld.ge/ge/6825/).

ზემოაღნიშნული უბედურების იდეური მოთავეა ორგანიზაციანაკრესი”, რომელიც წლების განმავლობაში იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მთავარი კონსულტანტი. ამ ორგანიზაციის “დამსახურებაა”, რომ საქართველოში შეწყდა მგლის რაოდენობის რეგულირება, მგლის მოკვლაზე, წამახალისებელი პრემიის ნაცვლად, დაწესდა ჯარიმა და საერთაშორისო კონვენციაში მგელი შეიტანეს, როგორც გადაშენების პირას მისული ცხოველი(?!). პრესაში არაერთხელ დაიბეჭდა “ნაკრესელთა” მამხილებელი წერილები. მათი პასუხები კი ყოველთვის არაადეკვატური და მწარე სინამდვილის დაფარვის ამაო მცდელობა იყო. ნიმუშად ერთის დასახელებაც კმარა _ “ჩვენ გრანტიჭამია მგლები ვართ”(იხ. გაზეთი “24 საათი”, #303, 2003 წლის 21 ნოემბერი).

ქართველ მეცნიერთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი ჯგუფის (ხელს აწერს 23 პიროვნება) მიმართვისა და პრობლემის კომპლექსური შესწავლის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებულმა ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უწყებათაშორისმა კომისიამ 2015 წელს შეიმუშავა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგინა რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების მეორე მუხლში წერია: მიახლოებითი გათვლებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მგლის რიცხოვნობის რეგულირებისთვის უახლოეს 3-5 წელიწადში აუცილებელია ყოველწლიურად, არანაკლებ 600-700 მგლის ნეიტრალიზება (საერთო რაოდენობის არანაკლები 30%-ის)”. საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს, ამავე აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების საერთო კრების დადგენილებით, შექმნილი ავტორიტეტული კომისიის მიერ შემუშავებული ანალოგიური რეკომენდაციები წარედგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ორივე რეკომენდაციაში გათვალისწინებულია, რომ მგლის ყოველწლიური ბუნებრივი ნამატი, სულ ცოტა, 30 პროცენტია. ამიტომ, მგლის რაოდენობა რომ არ გაზრდილიყო, საქართველოში 1931-დან 1986 წლამდე ყოველწლიურად, საშუალოდ, 600 მგელს კლავდნენ.

ვეკითხებით ბატონ ზურაბ გურიელიძეს: თუკი 1986 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად 600 მგლის ლიკვიდაცია ითვლებოდა ამ ცხოველის რაოდენობის რეგულირებად, ახლა რა მოსაზრებით მიიჩნევთ მსოფლიოში ყველაზე ტოტალურ დევნად მხოლოდ 21 მგლის ლიკვიდირებას?! მსგავსი უზუსტობა, სამწუხაროდ, მეორდება, უკვე 20 წელიწადია. აი, მაგალითები:

* ირაკლი შავგულიძე: “პირუტყვს მტაცებლები თავს ესხმიან არათუ მათი სიმრავლის გამო, არამედ ტყეში ტრადიციული საკვების _ შვლის, ირმის, ღორისა და კურდღლის გაწყვეტის გამო…” (გაზეთი “ვერსია” #331, 2005 წ. 30-31 მაისი);

* ნათია კოპალიანი: “შინაურ საქონელზე თავდასხმების გახშირება (ბუნებრივი პოტენციალური მსხვერპლის შემცირების შედეგად) მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი გახდა”… (იხ. შესავალი კონსერვაციულ ბიოლოგიაში, თბილისი, 2009, გვ.110);

* ზურაბ გურიელიძე: “ადამიანი შეიჭრა მგლების ჰაბიტატში. გარდა ამისა ტყეში საკვები აღარ არის. საუბარი იმაზე, რომ ჩლიქოსნების შემცირება მგლების ბრალია, სიმართლეს არ შეესაბამება” (დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემა “მთის ამბები”).

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში მგლებზე ფაქტობრივი მასალის ანალიზი სულ სხვა სურათს იძლევა:

ფაქტი პირველი: 1896 წელს თბილისის გუბერნიაში მგლებმა იმსხვერპლეს 3 კაცი, 610 ცხენი, 1290 ძროხა და 8109 წვრილფეხა საქონელი; ხოლო ქუთაისის გუბერნიაში _ 4 კაცი, 1940 ცხენი, 3745 ძროხა და 12053 წვრილფეხა საქონელი. ეს საზარელი სტატისტიკა მოცემულია რუსეთის იმპერიაში მტაცებელ ცხოველთა მიერ მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის მაუწყებელ ნაშრომში, რომლის ავტორია .. ტურკინი (კრებული “Природа и охота”, 1901, გვერდი 40-50). და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც გამოჩენილი ნატურალისტის _ ანატოლი კალინოვსკის მიხედვით, საქართველოს არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში, არამედ ევროპაში გარეული ცხოველების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით პირველი ადგილი უკავია (წყარო: “Очерк кавказской фауны“,…Тифлис”, 1900, გვერდი 5).

ფაქტი მეორე: XX საუკუნის 80-იან წლებში ბორჯომის ნაკრძალში გაცილებით მეტი გარეული ჩლიქოსანი იყო, ვიდრე საქართველოს სხვა ნებისმიერ ტყეში. მიუხედავად ამისა, ზამთარში მგლების რაციონის 28,9%, ხოლო ზაფხულში 60-70% აღნიშნული ნაკრძალის მოსაზღვრე სოფლების შინაურის პირუტყვის ხორცისაგან შედგებოდა (იხ. წიგნი «Волк», Москва, 1985, გვ. 499; ავტორი თ. ბარათაშვილი).

ფაქტი მესამე: ზემოაღწერილ პერიოდში შვეიცარიაში მხოლოდ 15 მგელი ბინადრობდა, ხოლო ტყეში მის “სანიტრობას” 35 ათასი ირემი და 100 ათასი შველი “ელოდა”, ეს 15 მგელი ტყიდან გამოვიდა და 1 წელიწადში 65 ცხვარი შეჭამა.

ფაქტი მეოთხე: ნორვეგიასა და შვედეთში არც ერთი მგელი არ ყოფილა, მაგრამ 1983-85 წლებში მეზობელი ფინეთიდან მგლების ხროვამ სასაზღვრო არეალში შეაღწია. მალე მათმა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და ერთ წელიწადში 600 ცხვარი დაგლიჯა. არადა, იმ პერიოდში ორივე ქვეყნის ტყეებში 500 ათასამდე გარეული ჩლიქოსანი ბინადრობდა.

ფაქტი მეხუთე: საფრანგეთში 1990 წელს მხოლოდ 5 მგელი იყო აღრიცხული. მათ სწრაფ გამრავლებას მალე მოჰყვა მძიმე შედეგები: 1993 წელს მგლებმა დაგლიჯეს 36 ცხვარი, 1994 წელს _ 140, 1995 წელს _ 400, ხოლო 1996 წელს _ 800. რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, საფრანგეთში 2014 წელს მგლებმა დაგლიჯეს 8500 ცხვარი (წინა წელთან შედარებით 20% მეტი), ხოლო ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის გაღებული ზარალის კომპენსაციამ 2 მილიონი ევრო შეადგინა.

ამრიგად, მნიშვნელობა არ ჰქონია, ქვეყანაში 500 ირემი ბინადრობს, 50 000 თუ 500 000. მგელი მაინც არ მოიშლის მგლობას _ გამოვა ტყიდან და თავს დაესხმება შინაურ პირუტყვს. და განა ძნელი მისახვედრია რატომ? ცხვარი და ძროხა მგლისთვის გაცილებით ადვილი დასამორჩილებელია, ვიდრე ირემი და შველი. ასე რომ, ის, რაც საქართველოსა და ევროპაში ხდებოდა და ხდება, მგლის სიმრავლით ყოფილა გამოწვეული და არა ტყეში გარეული ჩლიქოსნების სიმცირით, ამიტომაა მტაცებლის რაოდენობის შემცირება აუცილებელი, ხოლო ამის გაკეთება შესაძლებელია მგლის ყოველწლიური ბუნებრივი ნამატის შემცირებით, ანუ 500-ზე მეტი მგლის ლიკვიდაციით.

სომხეთში მოსახლეობაზე მგლების თავდასხმის მატების გამო ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ საპრემიო სისტემის შემოღებას 434 მგლის ლიკვიდაცია მოჰყვა. საქართველოში კი მგლების თავდასხმა ისე გახშირდა, რომ 12 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ ხელისუფლებამ ბუნებრივი წლიური ნამატის, ანუ 500 მგლის ლიკვიდაციის ნაცვლად, მხოლოდ 21 ინდივიდის ლიკვიდაცია მოახდინა. ჩნდება კითხვა, რომლითაც კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ _ რა მოსაზრებით ეძახის ბატონი ზურაბ გურიელიძე ასეთ ქმედებას მგლის ტოტალურ დევნას? ეს ხომ პირიქით _ ხელშეწყობაა სოფლის მოსახლეობის ტოტალური დევნისა, რომელსაც იგი რატომღაცსტაბილურსუწოდებს?! ახლა ვნახოთ, როგორი სტაბილურია ის, რაც მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ სამოთხ თვეში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოხდა _ პოზიტიურად სტაბილური თუ ნეგატიურად სტაბილური?

* ასპინძა. კახაბერ ბერიძე, ფერმერი: _ მგლების ხროვის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი დიდია. აი, მარტო ერთი სოფლის – ოთას მაგალითი: გივი ნემსაძეს მგლებმა დაუგლიჯეს 5 ძროხა; ავთანდილ სვანიძეს _ დეკეული; ჯონი კორდს – ცხენი; ზაქრო ტივაძისა და ფრიდონ მექოშვილის თვალწინ მგლებმა დაგლიჯეს ძროხა…

* ახალციხე. ნოდარ ქოზაშვილი, მექანიზატორი: _ სოფელ ფესაში ჩემ თვალწინ ოთხი ნაგაზით დაცულ 200 ცხვრის ფარას დაეცნენ მგლები და დაგლიჯეს 5 ცხვარი. წლეულს ეს მეოთხე შემთხვევა იყო…

* ახმეტა. ბელა ბიტარიშვილი, ჟურნალისტი: _ 25 იანვარს სოფელ ხალაწანში მგლებმა დაგლიჯეს 17 სული პირუტყვი, ასეთი განცხადებით წარსდგა ახმეტის საკრებულოს წინაშე სოფლის რწმუნებული თამარ მარგოშვილი…

* თელავი. ვანო გიგიტელაშვილი, ინჟინერი: _ სოფელ გულგულას ჭალაში მოზამთრე მწყემსებს თავს დაესხნენ მგლები… კოდალანთახოში კი დაგლიჯეს 4 დეკეული…

* თიანეთი. არნოლდ გეგეჭკორი, პროფესორი: _ სოფელ თრანში, ჩემი სახლიდან 100 მეტრის დაშორებით, საღამო ხანს ტყიდან გამოვარდნილ მგელს მეზობლის, წიკლაურების, ნაგაზები დაედევნენ, მაგრამ მტაცებელმა ორივე მოგუდა და შეჭამა. ამავე სოფელში ხშირია მგლის მიერ პირუტყვის დაგლეჯის შემთხვევები, ამიტომ მოსახლეობა ერიდება ტყეში შესვლას _ კენკრისა და სოკოს შეგროვებას, ხოლო საღამოს საათებში _ მისვლა-მოსვლას, განსაკუთრებით უფრთხილდებიან ბავშვებს, მეზობლებთანაც აღარ უშვებენ…

* მცხეთა. გელა გარაყანიძე, სპორტის პიარმენეჯერი: _ წიწამურიდან ერწოსა და საგურამოდან ცხვარიჭამიამდე ვირებისა და ძაღლების ჭაჭანება აღარ არის – მგლებმა შეჭამეს. სოფელ გალავანში, მხოლოდ ჩემი მეზობლების – დათო გვრიტიშვილის, ვაჟა დორეულის, გიორგი ყველაშვილისა და მიხეილ წიკლაურის ზარალი ათეულობით ცხვარი, ძროხა და ღორია…

* ონი. თინათინ გაგნიძე, ეთნოგრაფი: _ სოფელ ხირხონისში მხოლოდ სამ მცხოვრებს შერჩა საქონელი. მგლების შიშით ხირხონისსა და მის მეზობელ ქრისტესში პირუტყვის მომრავლებას ვერავინ ბედავს…

* ჩოხატაური. ნატო გოგელია, ჟურნალისტი: _ ქვენობანელ ზურაბ თავბერიძეს მგლებმა დაუგლიჯეს ცხენი, ხოლო ხიდისთაველ ომარ ჟღენტსა და ვალერიან კალანდაძეს _ თხები. ბადრი ვასაძისა და ელენე ზაქარეიშვილის დაკვირვებით დიდ ვანში, თავპანტაში, ნაბეღლავსა და ხევში არ არის კომლი, მგლისაგან არ იყოს დაზარალებული…

* წალენჯიხა. ლეონტი ქუხილავა, მათემატიკის მასწავლებელი: _ სოფელ ჩქვალერში ტარიელ ქუხილავას მგლებმა დაუგლიჯეს 3 მეწველი ძროხა, ოჯახს ერთადერთი დეკეულიღა დარჩა, ზარალი ოთხი ათას ლარს აღემატება;

* გიგლა აბრალავა, გეოგრაფი, პედაგოგი: _ ჩქვალერის მეზობელ სამ სოფელ ლარა-მედანში, ნაგურუსა და კუხეშში მგლისაგან მიყენებული ზარალი ასეთია: გულად აბრალავა _ 1 ცხენი; მელორ აბრალავა _ 4 თხა; ნუგზარ გეთია _ 1 ძროხა; რეზო გვილავა _ 5 თხა; ომეხ კაკალია _ 3 ძროხა; გივი კატუკია _ 1 მოზვერი; გურამ მიქავა _ 7 ცხვარი; ფირუზ მიქავა _ 6 თხა; საჩინო ქარდავა _ 1 მოზვერი; კორნელ ძაძამია _ 1 ღორი; ომარ წულაია _1 ცხენი; გიორგი ჭანტურია _ 1 ძროხა; თენგიზ ჭიჭაღუა _ 3 თხა; ოთარ ჭკადუა _ 2 ძროხა და 4 თხა; გოჩა ჯანჯღავა _ 1 ჯორი…

* ჭიათურა. ნესტორ ნოზაძე, მონკავშირის თავმჯდომარე: _ მგლების ხროვამ დიდად დააზარალა ჩვენი მოსახლეობა; მაგალითად, სოფელ უსახელოში გოჩა პაპიძეს მგლებმა დაუგლიჯეს მეწველი ძროხა; სოფელ ჩხირაულში ბორის კაპანაძეს _ 1 ძროხა და 4 ღორი; სოფელ ხრეითში ტარიელ შერგელაშვილს _ 1 მოზვერი; სოფელ ჯაჯანიძეების უბანში იროდი ჯაჯანიძეს _ ცხენი და კვიცი…

საქართველოს მთასა და ბარში მგლების თარეში, ოცი წელია, მგლური სტაბილურობით ხასიათდება, რაც, ვიმეორებთ, ბატონ ზურაბ გურიელიძეს პოზიტიურ სტაბილურობად მიაჩნია(?!).

(იხ. ცხრილი)

ახლა მთავარი კითხვა: რამდენი მგელი უნდა იყოს საქართველოში ევროპული სტანდარტებით?

1979 წელს ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველოსა და მონადირეთა კავშირის მონაცემებით, საქართველოში ბინადრობდა 3975 მგელი; 1989 წელს _ 3590. მგლის ასეთი რიცხოვრობა საეჭვოდ იყო მიჩნეული და არაერთხელ გამხდარა მკვლევართა განსჯის საგანი (იხ. ჟურნ. “ნიანგი”, 1980, #11, გვ. 7; კრებული “მონადირე და მეთევზე”, 1989, გვ. 5 და სხვ.).

ამჟამად, ნაკრესელთა მონაცემებით, საქართველოში მგლების რაოდენობა არის 1500 (იხ. გაზ. “ბათუმელები”, ნათია კოპალიანი, 29.09.2014 წ.). ამ მაჩვენებლით საქართველოს ტერიტორიის ყოველ 1000 კვ. კმ-ზე მოდის 26 მგელი, რაც ევროპის ქვეყნებთან შედარებით შემდეგ სურათს იძლევა: საქართველოში მგლის რაოდენობა 1000 კვ. კმ-ზე გერმანიასთან შედარებით 216-ჯერ მეტია, ჩეხეთსა და შვეიცარიაზე _ 65-ჯერ მეტი, ნორვეგიასა და შვედეთზე _ 57-ჯერ, უნგრეთზე _ 52-ჯერ, საფრანგეთზე _ 48-ჯერ, ფინეთზე _ 32-ჯერ, პორტუგალიაზე _ 8-ჯერ, იტალიაზე _ 7,8-ჯერ, პოლონეთზე _ 7,4-ჯერ, ესპანეთზე _ 6,5-ჯერ, საბერძნეთზე _ 5,6-ჯერ… ამრიგად, თუ ევროპული სტანდარტებით მგლის რაოდენობის საშუალო სიმჭიდროვედ ყოველ 1000 კვადრატულ კილომეტრზე 3 სულს მივიჩნევთ, მაშინ ცხადია, რომ, საქართველოში ევროპული სტანდარტების მიხედვით, მგლის რაოდენობა 200-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამჟამინდელი თუნდაც 1500 მგელი – ეს უკვე ეკოლოგიური კატასტროფაა, რასაც ჩვენი მწარე სინამდვილე ადასტურებს.

ევროპაში მგლის რაოდენობის რამდენიმე ათეულამდე ან ასეულამდე შემცირება ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებისა და ქვეყნის მატერიალური ზარალის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობითაა ნაკარნახევი და არა ბუნებაში მგლის როლის იგნორირებითა და უცოდინარობით. მიუხედავად მგლის რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანისა, ევროპაში (ყოფილი სსრკის ნაწილის გარეშე), რომლის მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით, 532 მილიონს აღემატება, ბოლო 50 წლის განმავლობაში მგელმა იმსხვერპლა 9 კაცი, ხოლო 3,7-მილიონიან საქართველოში ბოლო 10 წელიწადში _ 12 კაცი. მსოფლიოს ისტორია გვასწავლის, რომ ომებსა და არეულობებს ყოველთვის სდევს მგლის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტება და ამის გამო მათი რაოდენობის მკვეთრი ზრდა. გაგანია ომის პერიოდში, 1942-44 წლებში, საქართველოში მგლის პოპულაციის რეგულირების შესუსტებას მათი რაოდენობის ისეთი ზრდა მოჰყოლია, რომ შემდეგი 6 წლის განმავლობაში საჭირო იყო ყოველწლიურად საშუალოდ 1036 მგლის ლიკვიდაცია(!). ასეთია ისტორიის გაკვეთილები, რომელთა გათვალისწინება ჩვენი მოვალეობაა და უტყუარი ორიენტირი იმისა, რომ ამჟამად საქართველოს სოფლებში შექმნილი კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა 21 მგლის ლიკვიდაციით არ გამოსწორდება.

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რითაც ვალდებულება იკისრა, თავისი კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები ევროსტანდარტებს შეუსაბამოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროსტანდარტის მიხედვით, სახელმწიფომ დაზარალებულ მოქალაქეს უნდა გადაუხადოს საკომპენსაციო თანხა. ჩვენთან, საქართველოში, მგლისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ვინ ჩივის, ამ ზარალის აღრიცხვაც კი არ ხდება.

ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს უფლებას, მოვუწოდოთ ხელისუფლებას _ დაიყვანოს საქართველოში მგლის რაოდენობა საშუალო ევროპულ სტანდარტამდე, ანუ ქვეყნის ტერიტორიის ყოველ 1000 კვადრატულ კილომეტრზე 3 სულამდე, რაც იქნება სულ 200 სული.

წერილს ხელს აწერენ:

არნოლდ გეგეჭკორი,

ბიოლოგი, ბიოგეოგრაფი, მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების კათედრის გამგე, მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 8 უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;

ბიძინა თავაძე,

მეტყევე ფიტოპათოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს ბუნებისა და ისტორიულ ფასეულებათა დაცვის ასოციაციის _ “ფესვებისპრეზიდენტი;

გვანჯი მანია,

ჟურნალისტი, ეკოლოგი, მხარეთმცოდნე, საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირის _ “გიორგისთავმჯდომარე;

ქეთევან მგალობლიშვილი,

გეოგრაფი, კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივანი;

მარატ ციცქიშვილი,

ეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დარგთაშორისი საპრობლემო კომისიების წევრი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

P.S. ძვირფასო მკითხველო, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ. ველით თქვენგან ახალ ინფორმაციას მგლის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესახებ.

დაგვიკავშირდით:

ტელ: 555-207-591; 593-512-747;

ელფოსტა: giorgiunion@gmail.com;ketevanmgaloblishvili@yahoo.com;

1 COMMENT

  1. ირალნდიაში ბოლო მგელი 100 წლის წინ მოკლეს… ინგლისშიც აღარაა მგლები და რა!? დაიქცა ქვეყანა ? ვერ ცხოვრობენ? წაიღეს ტვინი ამ გრანტიჭამიებმა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here