Home ახალი ამბები საქართველო „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ…

„მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ…

პანკისი

საქართველოს სურს, დაიბრუნოს ისტორიული სახელწოდება – საქართველო! ქვეყანაში არ დარჩა სხვა არანაირი პრობლემა, გარდა არაბულ-თურქულ-რუსული საოკუპაციო დანატოვარის ამოძირკვისა, რომელსაც «Грузия» ეწოდება. უკვე აღარ არსებობს ქვეყნის ისლამიზაციის საფრთხე, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინათ ხმაურობდა ყველა გაზეთი. არც ოკუპირებული ტერიტორიებია, არც სეპარატისტული განწყობები სომხებით და აზერბაიჯანლებით დასახლებულ რაიონებში, და არც აჭარას ემუქრება მორიგი გათურქება.

უკვე მრავალი წელია, ვიხვეწებით, რომ შეგვიშვან ნატოსა და ევროპაში. ჩვენ ამერიკის საუკეთესო მეგობრები ვართ. მაგრამ ისინი რატომღაც არ ჩქარობენ ჩვენს მიღებას. ყოველ წელს (მიმდინარე წელსაც) ველით ევროპის სახელმწიფოთა მორიგ გადამწყვეტ სამიტს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახლა კი ნამდვილად მიგვიღებენ ევროპაში. მაგრამ…

მაგრამ არ გვინდა, დავინახოთ, რომ უკვე დღეს და ახლა მუსლიმთა მზარდი, ნახევარმილიონიანი არმია სწრაფად მიდის რადიკალიზაციის გზით, კარნახობს ქრისტიანულ უმრავლესობას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს და რა ტანსაცმლით უნდა შევიმოსოთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში.

არავინ უარყოფს, რომ ისლამი წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე რელიგიას, ხოლო ზოგიერთ რეგიონში მუსლიმები რაოდენობრივად უმრავლესობაში არიან. საქართველოს მუსლიმთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი აზერბაიჯანლები შეადგენენ, რომელთა შორის შიიტებიცა და სუნიტებიც არიან. მათ სოციალური ხასიათის პრობლემები საკმარისად აქვთ, მათ შორის, ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფო ენის უცოდინრობის გამო სრულფასოვანი ინტეგრაციის შეუძლებლობა.

დღედღეობით, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს მუსლიმები ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხე ჩვენს ერთ დოვლათიან ხეობაში – პანკისშია დამალული. აქ, სადაც ჯერ კიდევ ახლო წარსულში სახელგანთქმული ვენახები ხარობდნენ, გაიფურჩქნენ და ყოველდღურად ძლიერდებიან ვაჰაბიზმის ყლორტები.

უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გვესმის დამამშვიდებელი განცხადებები. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვითარებას პანკისში ფლობენ და აკონტროლებენ. მათ სახელობით იციან და აკვირდებიან ყველას, ვინც სირიაში წავიდა საომრად, იციან მათი გადამბირებლების და დამქირავებლების ვინაობა, რომლებიც უნერგავენ მათ უცხო და საქართველოსთვის მიუღებელი იდეების გამო ბრძოლას. ასახელებენ ქისტებს შორის არსებული დაქირავებული მებრძოლების ზუსტ ციფრებსაც. ცვლილებები შეიტანეს სისხლის სამართლის კოდექსში, რათა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მონაწილეები მკაცრად იქნან დასჯილნი.

გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია,  მშვიდად ვიძინოთ და გავიღვიძოთ ბავშვობის დროიდან ნაცნობი ხმაურისგან, ნაცვლად თბილისის მეჩეთის მინარეთიდან მუეძინის მიერ დილის ლოცვისკენ მოწოდებით გამოწვეული ხმაურისა.

მაგრამ 21-22 ნოემბერს მომხდარმა მოვლენებმა ხელისუფლების მიერ დახატული სურათი გადახაზა. ჩვენ, მთელ მსოფლიოსთან ერთად, წლების მანძილზე გვარწმუნებდნენ, რომ პანკისში არ არის და ვერც იქნება ბანდიტური იატაკქვეშეთი. იქ არც „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშემწყობი ბაზა უნდა ყოფილიყო. რა მოხდა, მერე, სირიაში 10-20 ვიგინდარა წავიდა, დანარჩენები კი მშვიდობიანი გლეხები არიან, რომლებიც საქართველოს აყვავებაზე ოცნებობენო.

ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები პანკისში დამკვიდრდნენ? რას ბრძანებთ?! ესენი საბრალო ლტოლვილები არიან, რომლებსაც პუტინი და ყადიროვი ავიწროებდნენ! აჰმედ ჩატაევი ბანდიტია? ეს ხომ უბედური ინვალიდია, რუსეთის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი! თანაც, 2012 წელს იგი უდანაშაულოდ დაჭრეს ლოპოტაში და კინაღამ ციხეში ჩასვეს, დემოკრატიულ საქართველოში! კიდევ კარგი, რომ ქართველები მიხვედრილი ხალხია და აჰმედ ჩატაევში მონათესავე სული დაინახეს, უმკურნალეს მას და პატივით გაისტუმრეს ციხიდან თურქეთში.

ნათქვამია: ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი. რით გვიპასუხა აჰმედ ჩატაევმა? თითქმის 24-საათიანი სროლებით დედაქალაქში? სპეცსამსახურის მოკლული თანამშრომლითა და მისი დაჭრილი კოლეგებით? დანგრეული ბინებით, რომელთა მცხოვრებნი ზამთარში უჭეროდ დარჩნენ?

დროა, რომ ღიად  განვაცხადოთ ის, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ რაზეც ჩვენი ხელისუფლება სდუმს: პანკისის ხეობა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ კეთილდღეობისა და სიმშვიდისათვის, არამედ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობისათვის. თაობები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წამოიზარდნენ, არ მიგვიჩნევენ თავიანთ თანამემამულეებად. ჩვენ მათთვის მტრები ვართ! მხოლოდ ჩვენი ფიზიკური არსებობით ეშლებათ მათ ხელი, ჩვენს ქვეყანაში ხალიფატი ააშენონ.

ჩვენმა ხელისუფლებამ ენერგიულად ჩაგვაბარა ანგარიში, რომ თურმე სალაფიტების ამირამ, აბდურაჰმან ფარეულიძემ საჯაროდ თქვა უარი „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებზე. მორჩა! ახლა კი შეგვიძლია, ვიძინოთ მშვიდად!

მაგრამ აბდურაჰმანსა და ჩვენს უშიშროებას დაავიწყდათ, ეთქვათ, რომ ეს განცხადება მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რომ ფარეულიძეს არ უნდა, დაკარგოს თავისი გაფურჩქნილი ბიზნესი თბილისში. აბდურაჰმანმა ისიც არ თქვა, რომ მისი ჯამაათი ექსტრემისტულ აზრებს ავრცელებს და თან „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბოევიკების, მათ შორის, არასრულწლოვანების, მიმწოდებელია. არც ის იქნა გაჟღერებული, რომ იარაღისა და ამუნიციის უზარმაზარი რაოდენობა ინახება პანკისის მცხოვრებთა სამალავებში. სავსებით შემთხვევით დაავიწყდა აბდურაჰმანს, ეთქვა, პანკისში თითქმის ღიად ატარებენ ავტომატებსა და პისტოლეტებს პანკისური ჯამაათის წევრები – განსაკუთრებით ისინი, ვინც მეჩეთებში ღამის მორიგეობაზე დგანან, და ეს მაშინ, როდესაც ხეობაში არა თუ არაქისტი, არამედ თვით პოლიციის თანამშრომლებიც ვერ ბედავენ შესვლას.

„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო“ – კიდევ ერთი ქართული ანდაზა. მიუხედავად ხელისუფლების  მცდელობებისა, რომ ამ რეგიონში შეიტანოს კულტურისა და კეთილმეზობლური თანაცხოვრების საფუძვლები, ყოველი ასეთი მცდელობა სუსტი სახელმწიფოს პირობებში განწირული იქნება. სახელმწიფომ ისევე დაუნდობლად უნდა ამოძირკვოს სარეველა და დამპალი ფესვები, როგორც ბაღზე მზრუნველმა მებაღემ. ეს თვით იმ შემთხვევაშიც, თუ სარეველა საღი მცენარის ფესვებიდან ამოიზარდა. ამის დასტურად გამოდგებიან პატივცემული ქისტი პოეტის, სულეიმან გუმაშვილის შთამომავლები. ის, რომ მისი შვილი გურამი ვაჰაბიზმით გახდა გატაცებული და მთელი თავისი ოჯახიც ჩაითრია, ნოემბრის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. არც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მისი კავშირები წარმოადგენდა დიდ საიდუმლოს. მაგრამ, რაღაც საშუალებით, იგი კვლავ საქართველოში აღმოჩნდა, თანაც კბილებამდე შეიარაღებული. სად იყვნენ მაშინ ჩვენი მამაცი სპესამსახურები, როდესაც იგი საზღვარს კვეთდა? როდესაც ბინაში იარაღი შეჰქონდა? კითხვები კიდევ არის, საკმაო რაოდენობით, მაგრამ პასუხები – არა.

რევაზ გიორხელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here