2021 წელი რამდენიმე დღეში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჯერ კიდევ მიმდინარე წელმა თავი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოსაც კვლავ კოვიდით დაამახსოვრა და მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო _ დაავადება, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა ვერავინ, გარდა ჩინეთისა _ სახელმწიფოსი, რომლიდანაც ეს უბედურება დაიწყო და ისე ჩანს, თავს არც 2022-ში დაგვანებებს. საქართველოში კი… საქართველოში, როგორც წესი, მთავარი თემა პოლიტიკაა და როგორც წინა, იმის წინა და იმის წინისწინა წელს, პოლიტიკოსები მხოლოდ სანახაობას გვთავაზობენ, პური კი… ყოველწლიურად ძვირდება. წელს რეკორდულად გაძვირდა. შესაბამისად, მხოლოდ სანახაობა შეგვრჩა, მაგრამ სანახაობასაც ჰყავს თავისი გმირები. ჰოდა, ახლა იმ ნომინაციებს შემოგთავაზებთ, რომლებშიც ამა თუ იმ პოლიტიკოსებმა ან, უბრალოდ, ცნობილმა ადამიანებმა გაიმარჯვეს. მაშ, ასე:
* “წლის ბეიბისიტერის” (ბავშვის მომვლელის) ნომინაციაში გაიმარჯვა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ყველას სთავაზობდა, _ ბავშვს მე დავიტოვებ, ოღონდ თქვენ არჩევნებზე წადითო. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ხაზარაძემ ხმების იმაზე ოდნავ მეტი რაოდენობა მოიპოვა, კოვიდამდე ქორწილებში მაყრიონი რომ დადიოდა.
* თუ ხაზარაძემ წლის “ბეიბისიტერის” წოდება არავის დაუთმო, “წლის ბეიბი” მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც საბავშვო ფაფების ჭამით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და, რაც მთავარია, მისი კუჭის მოქმედებას ისეთი აღტაცებით შეხვდა “ნაცმოძრაობის” ელიტა თუ ქველიტა, ნებისმიერ დედას შეშურდებოდა.
* მოგეხსენებათ, დემოგრაფიული საკითხი სერიოზულ პრობლემად გვექცა და ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოგვარებაზე ხელისუფლება ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ გაგიკვირდებათ და, სწორედ ამ ნომინაციაში, ანუ “დემოგრაფიაზე ზრუნვაში” გაიმარჯვა თაკო ჩარკვიანმა დევიზით “დავყაროთ ლეიბები რუსთაველზე და გავწვეთ”. მის მოწოდებაზე გაშალეს ნაციონალებმა ლეიბები და გაწვნენ. ამით ორ პრობლემას მოაგვარებენ: პირველი _ მსოფლიოს დაანახვებენ, რომ მასობრივად შიმშილობენ; და მეორე _ ნაციონალების კარავში დაბადებული ბავშვი უეჭველი ნაციონალი იქნება და შემცირებული მხარდამჭერების პრობლემაც მოგვარდება. ისე, რაღა აქცია და კარავი უნდოდა, მოსახლეობის ორი მესამედი ისედაც შიმშილობს?!
* ნომინაციას “გივი, ჩვენ ვართ, გივი” ერთბაშად ორი გამარჯვებული ჰყავს _ აბდულა ისმაილოვი და სუმბატ კიურეღიანი. პირველი პარლამენტის წევრია “ნაციონალური მოძრაობის” სიით, მეორე _ “ქართული ოცნების” და მერე რა, რომ მათი სახელი მოსახლეობის უმრავლესობას არაფერს ეუბნება და პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ. სამაგიეროდ, ხელფასი აქვთ დეპუტატის და წლიურად 60 ათას ლარამდე ისე იდებენ ჯიბეში, როგორც დაგიბარებიათ.
* როგორც იქნა, მიხეილ სააკაშვილის დროც დადგა. უბრალოდ, ექსპრეზიდენტმა იმდენ ნომინაციაში გაიმარჯვა, რომლიდან დავიწყოთ, აღარ ვიცით. ნომინაციაში “წლის ვადაგასული არაჟანი”, რაღა თქმა უნდა, პირველობა არავის დაუთმო სააკაშვილმა. ალბათ, ყველას გახსოვთ ფილმი “მაცივარში ვიღაც იჯდა”. ამ ფილმის სახელწოდების ნომინაცია გვაქვს და, გამარჯვებული ვინც არის, ადვილად მიხვდებით.
* ნომინაციაში “სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა” გაიმარჯვა ლიზა იასკომ, რომელიც ისე მოულოდნელად შემოგვაჩეჩა თუ შემოგვასაღა მიხეილ სააკაშვილმა, სანდრამაც კი გაოცებისგან პირი დააღო.
* ნომინაციაში “წლის “ზაპასკა” უკონკურენციო იყო გიგი უგულავა. იმდენჯერ თქვა, ჩაგენაცვლები და ჩავენაცვლებიო, “ზაპასკას” ნომინაცია ალალად დაიმსახურა. ისე, რა უმადური ხალხია, კაცი ციხეში იჯდა და ერთხელ არ უთქვამს არავის, ჩაგენაცვლებიო. უფრო ზუსტად, ციხეში ჩაგენაცვლებიო, თორემ 48 მილიონ ლარში, იცოცხლე… თქვეს.
* წლეულს პირველად გვაქვს ნომინაცია “წლის დაზომება”. რა შეიძლება დააზომონ ერთმანეთს პოლიტიკოსებმა? საქართველოში აქაც ორიგინალურობით გამოვირჩევით და აქციები დავაზომეთ. ჯერ ოპოზიცამ გამართა აქცია, მერე _ ხელისუფლებამ და საბოლოოდ ხელისუფლების უფრო მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა და აგერ შედეგიც _ არიან ხელისუფლებაში მესამე ვადით.
* “წლის მკერდის” ნომინაციაზე ქალების რიგი დაგვიდგა, ბევრმა მოიშიშვლა 2021 წელს, მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, “წლის მკერდის” ტიტული უკონკურენციოდ მიიღო მერაბ სეფაშვილმა, როცა აცრისას გამოაჩინა ის, რაც აქამდე არასოდეს გამოუჩენია. ბატონი მერაბი კიდევ ერთ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული _ “წლის შეუსრულებელი ჰიტი”. სეფაშვილი მზად იყო, “ჩემი გმირი გიწოდე” ემღერა, მაგრამ ვინ დააცადა, არაჟანში ამოთხვრილი და განუბაჟებელი გმირი ციხეში წააბრძანეს.
* ნომინაციაში “რა საოცრად წავიდა” გაიმარჯვა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც გადადგა, მაგრამ მალევე გადმოდგა და გვახარა: წლის ბოლომდე ისევ მინისტრი ვიქნებიო. ქალბატონ ეკას ნომინაციაში ბოლო წამს გამოუჩნდა კონკურენტი კახა კუჭავას სახით, მაგრამ, ჯერ ერთი, კუჭავას წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა (მოსვლა უფრო გაგვიკვირდა) და მერე მეორეც, მაგ პოსტიდან ჯერ ირაკლი კობახიძე და შემდეგ არჩილ თალაკვაძე ისე მარტივად წავიდნენ, კუჭავას ნაბიჯი საერთოდ არ გაგვკვირვებია.
* ნომინაციას “საახალწლო სუფრის მშვენება” ერთბაშად რამდენიმე გამარჯვებული ჰყავს. ესენი არიან: ნინო ბურჯანაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი გუგავა და თაკო ჩარკვიანი. სწორედ მათ ჰკითხა ნიკა გვარამიამ: საცივიდან ამოყავით უკვე თავი თუ ისევ ჩაყოფილი გაქვთო?! ქალბატონი ნინო პირველ ადგილზე იმიტომ გვყავს, რომ მან პირველად დაადასტურა, _ საცივიდან თავი, დიდი ხანია, ამოვყავიო.
* ნომინაცია “წლის თანამედროვე აკაკი შანიძე” პირველად გვაქვს და სრულიად სამართლიანადაც. სწორედ წელს მოიგონეს ახალი ქართული სიტყვა და მისი შემოქმედი ნატო ჩხეიძე გახდა, რომელმაც ქართულ ენაში დაამკვიდრა სიტყვა “დაგვაქეციანეს”.
* ნომინაციაში “აქ რამ მოგიყვანა, შე ბარაქიანო, შენა” გაიმარჯვეს იმ პატიმრებმა, რომლებმაც ციხეში მიყვანილი მიხეილ სააკაშვილი დაინახეს და ამ ფრაზის შემდეგ ისეთებიც თქვეს, +35 რომ უნდა დავადოთ. რატომ +35? საპრეზიდენტო ასაკია მაინც.
* ნომინაციაში “წლის ახევა” უპირობოდ გაიმარჯვა თეა წულუკიანმა, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი “აახია” და მართალია, რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნა, მაგრამ “წლის დაბრუნებაში” მაინც “მაღალი” ლიდერობს.
* ფილმების თემა განვავრცოთ. ბევრი ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილთან მეუფე არ უნდა შესულიყო და არც აღსარება-ზიარება უნდა მიეღოო. რეალურად კი, მეუფე მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონ გიული ალასანიას თხოვნით შედიოდა საპატიმროში. მიზეზი მარტივია _ დაურეკავდა მიშას დედა მეუფეს, ეტყოდა, ისევ გაშტერდა, მამაო, შემოულაწუნე შენი მარჯვენის ჭირიმეო და მეუფეც უარს ვერ ეუბნებოდა. მერე, ამანაც რომ არ უშველა, ქალბატონ გიულის ვიღაცამ ურჩია: ნარგიზაა მაგის წამალი, ნარგიზაო, და სააკაშვილთან სიარულს ლიზა იასკომაც მოუხშირა, თუმცა უწამლა თუ არა, თავად განსაჯეთ.
* ნომინაციაში “რა კუშმა გამისხა” გაიმარჯვა გოგა გულორდავამ, რომელმაც წალენჯიხაში მერის არჩევნები ოპოზიციის კანდიდატ გიორგი ხარჩილავასთან წააგო.
* “ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო” _ ამ ნომინაციის გამარჯვებული მთლიანად “ქართული ოცნება” გახდა, რომელმაც წინასაარჩევნო დაპირებების შემდეგ სწორედ ეს ფრაზა თქვა და ისე მარტივად დაიბანა ხელი, პილატეს შეშურდებოდა.
* “ავია თუ კარგიაო, ქალო, შენი ქმარიაო” _ ამ ნომინაციაში გამარჯვებულია სანდრა რულოვსი. ქალბატონმა სანდრამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რატომ ეძახის მისი ქმარი სხვა ქალს ცოლს, მაგრამ არა უშავს, 9 წელი ვერ გავიგეთ, ეგ კაცი რას აკეთებდა და კიდევ ერთი გაუგებარი საქციელი კი უნდა ეპატიოს. ისე, თეა თუთბერიძემაც დაუწუნა ლიზა იასკოს საქციელი, _ არასწორად მოიქცაო და იასკომ შეუთვალა, “ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო”.
* ახლა ნომინაციას რომ დავასახელებთ, წესითა და რიგით, თაკო ჩარკვიანს უნდა გაემარჯვა, მაგრამ ეს ნიკა მელია ხომ არავის არაფერს დააცდის? ნომინაციაში “მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი, მტერს ავით თვალი დაენისლება, ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა, სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება” სწორედ მელიამ გაიმარჯვა, როცა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე თავში ისეთი დაჰკრეს, ტყაპანი ზუგდიდის შტაბში მამამისმა გაიგონა.
* ნიკა მელიამ, აგრეთვე, გაიმარჯვა ნომინაციაში “ტყეში ხარი შემივარდა, გამო, გამო, გიშერაო, ნაბდის ძველა იქ დააგდო, გამოვარდა შიშველაო”. პარლამენტში შესული ნიკანორი დიდხანს არ გაჩერდა და უკანვე გამოვარდა. ისე, ბატონ ნიკას იმდენი რამ აპატიეს, იმდენჯერ არ დასაჯეს, იმდენჯერ შეიწყალეს, რომ, საბოლოო ჯამში, მასვე ერგო პრიზი ნომინაციაში “აპატიეს მელასაო, მოუმატა კბენასაო”.
* ნომინაციაში “ამ საღამოს რას აკეთებ?!” უპირობოდ გაიმარჯვა გოგი წულაიამ, რომელმაც ეს კითხვა ერთ ქალბატონს დაუსვა და შემდეგ უკვე ყველამ ვიცოდით, რას აკეთებდა გოგი საღამოს _ ციხეში იჯდა. რა გითხრათ, აბა, ბატონო გოგი, “ქალი ვერ შეაბენ ამ შობელძაღლებმა…”
* ნომინაციაში “ეგ დოკუმენტი დაახვიე და…” გაიმარჯვა შარლ მიშელის იმ დოკუმენტმა, რომელსაც ჯერ ხელი ოპოზიციამ არ მოაწერა, შემდეგ კი “ქართულმა ოცნებამ” თავისი ხელმოწერა უკან წაიღო. მიშელმა, ასეთი არაფერი მინახავსო და სწორედ ეგაა, ბატონო შარლ, რაც ქართულ პოლიტიკაში გვჭირს, ანუ უნახავმა რა ნახა.
* რადგან მიშელი ვახსენეთ, ისე როგორ იქნება, კელი დეგნანზეც არ ვთქვათ. ამერიკის ელჩმა გაიმარჯვა ნომინაციაში “როცა შენს დალალებს ქარი შლის” (სწორედ მაშინ არის ჩვენი საქმე ხოლმე ჭაკად). იმდენჯერ არ მოეწონა დეგნანს რაღაცები და იმდენჯერ გაიშალა დალალები, ირაკლი კობახიძეს ნომინაციაში გამარჯვების შანსი არ დაუტოვა.
* რომ არა კახა კუჭავა, შალვა პაპუაშვილი ნომინაციის გარეშე რჩებოდა. პარლამენტის ახალგამომცხვარმა თავმჯდომარემ ჩაიბარა პრიზი სახელწოდებით “ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდეო”.
* ნომინაციაში “არ წახვიდე, არ დამტოვო, შენი სუნთქვა ჩემთვის ყველაფერია” გაიმარჯვა გიორგი გახარიამ, რომელმაც პრემიერის პოსტი დატოვა და იმდენი ადამიანი გაეტირა, ლამის “ქართული ოცნება” დაიშალა. საბოლოო ჯამში, გახარიას არ გაუმართლა და არჩევნების შემდეგ ნიშნისმოგებით მიაძახეს: “როგორ ხაარ?!”
* ნომინაციაში “სამტრედია, სამტრედია, მუდამ მზიანო” გაიმარჯვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ახლა იკითხავთ: სად სამტრედია და სად თბილისიო? მაგრამ ნურას უკაცრავად, სწორედ სამტრედიაა მთავარი თემა დედაქალაქში და, თუ არ გჯერათ, გადახედეთ იმ სამშენებლო კომპანიების მფლობელებს, რომლებიც დედაქალაქში აშენებენ სახლებს, და მიხვდებით. კალაძემ ისიც თქვა, საზეიმოდ მორთული თბილისი ბავშვივით მიხარიაო და თქვენც გაიხარეთ… ბავშვივით, რადგან ბავშვივით მოტყუვდით, როცა არც კი ფიქრობდით, რომ მგზავრობა გაგიორმაგდებოდათ და დაგაჯერებდნენ, რომ 50 თეთრი ერთ ლარზე მეტია.
* ნომინაციაში “ჩვენი ახალი ვახტიორია, მეხუთე კაცად წამოვიყვანეთ, კომისია გავაძლიერეთ” გაიმარჯვა პარლამენტარმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მორიგ წევრად დაემატა და, როგორც გვითხრეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ საბჭო გააძლიერეს. ახლა არ დამიწყოთ, ეგ ის ოხანაშვილი არ არის, პორტ-არტურიდან საკუთარ ცხენს რომ გამოასწროო? არა, ბატონებო, ის სხვა იყო, ამას ცხენი კი არა, იმხელა ჯიპი ჰყავს, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ გაასწრებს. ჰო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტსაბჭო სრულად დაკომპლექტდა პიკასოს ბიჭებით და სწორედ “ამით ერთობა პიკასო”.
* ნომინაციაში “წლის დასაქმება” გაიმარჯვა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გერმანიამ, რომელმაც საქართველოდან იაფი მუშახელი წაიყვანა და დაასაქმა კიდეც, ოღონდ ისე კი არ დაასაქმა, როგორც ველოდით, სხვანაირად… თავზე. რაღა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ამ ფაქტს წაუყრუა, აბა, სტრატეგიულ პარტნიორს ხომ არ გააკრიტიკებდა?! თანაც, ხელისუფლებაში ყველაზე კარგად იციან, როცა თავზე გასაქმებენ, პირი არ უნდა გააღო.
* “წლის დაბოლებაზე” ყველას, ალბათ, “გირჩი” და მისი წევრები გაგახსენდებათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. აღნიშნულ ნომინაციაში, წინა წლების მსგავსად, პირველობა არავის დაუთმო დასავლეთმა. კვლავ გვჯერა, რომ მიგვიღებენ ევროკავშირში, ნატოში და, რაც მთავარია, “ოქროს სარაიას აგვიშენებენ”, ოღონდ, საკუთარს რომ მორჩებიან, მერე.
* ნომინაციაში “რეიტინგთან ერთად ნამუსიც არ მაქვს” გაიმარჯვა გიგა ბოკერიამ. მისმა პარტიამ არჩევნებზე მხარდაჭერა ვერ მიიღო, ერთი წევრიც კი არ ჰყავთ 73 მუნიციპალიტეტის საკრებულოში და, ამის მიუხედავად, ბოკერია ხმამაღლა აცხადებს: ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეო.
* “აქა ვდგავარ და სხვაგვარადაც ძალმიძს” _ აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილია საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, პრიზი გადავცეთ თუ არა. სალომე ზურაბიშვილის მიერ ნათქვამი “არა და არასდროს” სერიოზული გამოცდის წინაშეა და, თუ ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნულ ნომინაციაშიც გაიმარჯვებს და ვინ იცის, ეგებ ისეთ ნომინაციებსაც გამოჰკრას ხელი, აქ რომ არ დაიწერება.
* ნომინაციაში “რწყილს ატყავებდნენ და ქონს არ აყოლებდნენო” გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელსაც, აგერ უკვე მერამდენე წელია, ატყავებენ, ქონს არ აყოლებენ და ეჭვი გვაქვს, უკვე ძვლამდეც დავიდნენ, თუმცა არა უშავს, ძვლის ფხეკას დაიწყებენ და ძვლის ტვინამდეც მივლენ. ჰო, ძვლის ტვინამდე, თორემ თავის ტვინი საკუთარ ფუნქციას რომ ასრულებდეს ჯეროვნად, არც ასეთი ხელისუფლება გვეყოლებოდა, არც ასეთი ოპოზიცია და, საზოგადოდ, გაცილებით უკეთესად უნდა ვცხოვრობდეთ.
* დასასრულ, ნომინაციაში “ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ცხარე ცრემლით სატირალი რომ არ იყოს” ყველამ ერთად გავიმარჯვეთ. ასეთი მძიმე სოციალური მდგომარეობა საქართველოში, ალბათ, არასდროს ყოფილა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ პოლიტიკოსებს ამის აღიარება არ სურთ და აღარც ხალხს შერჩა ძალა და უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს. უკვე ისიც დაგვიანონსეს, იანვრის შუა რიცხვებში გასააქტიურებელი “ომიკრონი” წლის განმავლობაში 15 ათას ადამიანს გამოასალმებს სიცოცხლესო და ერთი ამდენი ისედაც გარდაცვლილია. ჰო, ერთი ადამიანის გარდაცვალებაა ტრაგედია, თორემ ხომ ვხედავთ, ათასების სიკვდილი სტატისტიკად იქცა.
ბესო ბარბაქაძე