Home რუბრიკები საზოგადოება მაყვლის კულტურის აგროტექნოლოგია

მაყვლის კულტურის აგროტექნოლოგია

მაყვალი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

დარგვის სქემა

მაყვლის დარგვის სქემა და რიგებს შორის რეკომენდებული მანძილი განსხვავებულია ნერგის ტიპის, ფორმირების მეთოდებისა და ხელმისაწვდომი სასოფლოსამეურნეო ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე.

ნერგებს შორის მანძილი რიგებში 0,9-1,2 მეტრია. ახალ ღეროებს, რომლებიც ამოდის ვარჯიდან ან ფესვთა სისტემიდან, ეძლევა ბუჩქების უწყვეტი რიგის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ნახევრად ამართული მაყვლის ჯიშებს შორის დისტანცია რიგში 1,2-1,8 მეტრია. მთავარი ნარგავის ვარჯიდან ამოსული ღეროები მოგვიანებით შეირჩევა ბუჩქების რიგის შესავსებად. მხვიარა მაყვლის ნარგავებს შორის საჭიროა რიგში 2,4 მეტრი დისტანციის შენარჩუნება, რათა მცენარეს ჰქონდეს სათანადო სივრცე. მაყვლის ყველა ტიპისთვის რიგის ცენტრებს შორის მანძილი უნდა იყოს, სულ მცირე, 3,0 მეტრი, დიდ ნაკვეთებზე შეიძლება _ 3,6 მეტრამდე, რაც ხელს შეუწყობს დამუშავებისა და შესასხური ტექნიკის გამოყენებას.

Floricane ტიპის ჯიშებში რიგის სიგანე 75-100 სმ-ის ფარგლებში უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო ვეგეტატიური ამონაყარი, რომელიც ბუჩქების რიგის სიგანის 100 სმ-ზე მეტად ვითარდება, უნდა ამოიჭრას. ამასთანავე, უნდა მოცილდეს დაზიანებული, დამჭკნარი ან აშკარად სუსტი ღეროები.

მცენარეთა გასხვლაფორმირება

სწორმდგომი და ნახევრად სწორმდგომი მაყვლისთვის პირველ წელს ვარჯიდან გამოზრდილი 6-7 ყველაზე ძლიერი ღერო უნდა შევარჩიოთ და მარაოს მსგავსად მოვაწყოთ, ვარჯიდან დამატებით გამოზრდილი ღეროები გავსხლათ, რითაც შევინარჩუნებთ მცენარის ღეროს სათანადო სიმჭიდროვეს და თავიდან ავიცილებთ ჭარბ ზრდას.

მთავარი მცენარის ვარჯიდან განვითარებული ახალი ყლორტი იზრდება უფრო ჰორიზონტალური, ვიდრე ვერტიკალური მიმართულებით. ეს უფრო აშკარაა სწორმდგომი ტიპის ჯიშებში. ამდენად, ღეროების გასამყარებლად და ვერტიკალური ზრდის შესანარჩუნებლად საჭიროა საყრდენი სისტემა.

საყრდენი სისტემა

საყრდენი სისტემა გაზრდის მოვლის ოპერაციების ეფექტიანობას, მათ შორის, ხელს შეუწყობს რიგების კულტივაციას, გასხვლის, მცენარეთა დაცვისა და მოსავლის აღების პროცესებს.

საჭიროა, რომ ეს სისტემა მოეწყოს ნერგის დარგვისას, ან დარგვიდან მოკლე ხანში. იგი, როგორც წესი, შედგება 2,0 მეტრი სიმაღლის ხის ან ლითონის საყრდენი ბოძებისგან, რომლებიც განთავსებულია ყოველ 4,0-5,0 მეტრში და ორიარუსიანი სქელი მოთუთიებული მავთულებისგან, რომლებიც რიგის სიგრძეს გასდევს. თითოეული ბოძი ჩასმულია ნიადაგში დაახლოებით 30 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო მიწისზედა სიმაღლე დაახლოებით 1,7 მეტრს შეადგენს. ქვედა საყრდენი მავთულები უნდა მივამაგროთ რიგის ბოძებს ნიადაგის დონიდან 75 სმ-ზე. ზედა საყრდენი მავთულები ნიდაგის დონეს 135 სმ-ით უნდა იყოს დაცილებული. საყრდენ სისტემაში თითოეული ნერგი ორივე მავთულზე ცალ-ცალკეა დამაგრებული.

განოყიერება

მცენარის კვება უაღრესად მნიშვნელოვანია მაყვლის ზრდის, მაღალი მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხის უზრუნველსაყოფად. ამაზე, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნიადაგის სტრუქტურა, pH დონე, ორგანული ნივთიერებების პროცენტული შემცველობა. დარგვამდე საჭიროა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს ყველა მაკრო და მიკრო საკვები ნივთიერება და ნიადაგის pH. სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში პერიოდულად უნდა ჩატარდეს ფოთლის ანალიზი ყველა საკვებ ნივთიერებაზე და წვენის ანალიზი N-ის და K-ს შემცველობაზე, რათა უფრო ზუსტად განისაზღვროს მაყვლის განოყიერების საჭიროება. მცენარის სიძლიერე, ღეროს სისქე, ფოთლის ზომა და მისი ფერი მცენარეთა ჯანმრთელობისა და განოყიერების პროგრამის სათანადოობის სასარგებლო მაჩვენებლებია.

მაყვლის განოყიერება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით:

1) ნაკელით, 2) გრანულირებული სასუქით, 3) თხევადი სასუქის შეტანით წვეთოვანი სარწყავი სისტემით (ფერტიგატიონ) და 4) მიკროელემენტების ფოთლებზე შეფრქვევით.

მორწყვა

მაყვლის ნორმალური მოსავლის მისაღებად საჭიროა საკმარისი რაოდენობით წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება ნაყოფის ზომა. წყალი თანაბრად უნდა განაწილდეს მთელი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში. მაყვლის მორწყვა განსხვავებულია ამინდის, მცენარეთა დარგვის სიხშირისა და სიძლიერის მიხედვით.

მორწყვა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც ნიადაგში ხელმისაწვდომი ტენის 50 პროცენტი გამოყენებულია. პიკური გამოყენების შემთხვევაში ეს მოხდება წინა ირიგაციიდან 5-10 დღეში, ნიადაგის ტიპისა და წვიმის ფაქტორების მიხედვით.

მორწყვის სასურველი მეთოდია წვეთოვანი სისტემა. საშუალოდ, მაყვლისთვის საჭიროა 25-38 მმ წყალი კვირაში, წვიმის ან მორწყვის სახით, აყვავებიდან მოსავლის აღების დასრულებამდე. თუმცა, ივნისსა და ივლისში, ნაყოფის განვითარების პერიოდში, აუცილებელია უფრო მეტი მოცულობა _ 38 მმ კვირაში. საჭიროა ვიცოდეთ, რომ სათბურებში მოყვანილ მაყვალს ესაჭიროება მეტი წყალი, ვიდრე ღია გრუნტში გაშენებულს. საერთოდ, არ არის სასურველი ფლორიცანე ტიპის ჯიშების მორწყვა ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე, რადგან ეს აფერხებს ზამთრისთვის გაძლიერების უნარს.

მორწყვის ინტენსივობა არ უნდა იყოს ნიადაგის შეწოვის უნარზე მაღალი. ჭარბი ირიგაცია არაეკონომიურია, შეიძლება საზიანო იყოს მაყვლისთვის და უნდა მოერიდოთ. ჭარბმა მორწყვამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნაკლებად მყარი ნაყოფის ჩამოყალიბება, რომელიც დაკრეფისა და ტრანსპორტირებისას იოლად დაზიანდება. ზედმეტად მორწყვის შედეგად შეიძლება გამოირეცხოს საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით, უშუალოდ ფესვთა ზონის ქვემოთ. ამას გარდა, ნიადაგის ჭარბი ტენიანობა ამცირებს ნიადაგის აერაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვთა პათოლოგიური ზრდა და ფესვთა სერიოზული დაავადებები.

სარეველებთან ბრძოლა

სარეველები კონკურენციას უწევს მაყვლის ნარგავებს სინათლის, წყლის და ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების მიღებაში. ისინი შეიძლება წარმოგვიდგეს მწერების დაბუდებისა და დაავადებების კერებად. სარეველებთან ბრძოლა უნდა დაიწყოს მაყვლის დარგვამდე კარგა ხნით ადრე. რთულად საკონტროლო მრავალწლიანი სარეველების ამოძირკვა შესაძლებელია სისტემური ჰერბიციდით _ glyphosate-ით (Round-Up).

რიგში არსებული სარეველების მოცილება ჩვეულებრივ ხდება ხელით ან თოხით.

მაყვლის რიგებს შორის ფართობი სარეველებისგან ზედაპირული კულტივაციის, ან დაბალი ბალახის საფარის საშუალებით უნდა გავათავისუფლოთ.

სათბურში წარმოება

სათბურში მაყვლის გაშენება (პოლიეთილენით დაფარული მაღალი გვირაბები გათბობის სისტემის გარეშე) სულ უფრო ხშირად გამოიყენება მსოფლიოში. სათბური ყინვისგან გარკვეულწილად იცავს ნარგავებს, მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულებაა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ტემპერატურის მომატება გარკვეულ ნიშნულამდე. ტემპერატურის კონტროლის გარდა, სათბური უზრუნველყოფს ქარისა და წვიმისგან დაცვას, ნიადაგის გათბობას და, ზოგიერთ შემთხვევაში, მწერების, დაავადებების, მღრღნელებისა და ფრინველისგან დაცვასა და კონტროლს.

სათბურების გამოყენებით შესაძლებელია მცენარის უფრო ეფექტიანი ზრდის მიღწევა. შედეგად მოიმატებს მოსავალი და ნაყოფიც ხარისხიანი იქნება, ნაყოფის სიდამპლეც მნიშვნელოვნად შემცირდება. სათბურების გამოყენების დადებითი შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ წლებში, როდესაც მოსავლის აღების პერიოდში ხშირი წვიმიანობაა. საქართველოში მაყვლის სათბურებში მოყვანის კიდევ ერთი ძირითადი უპირატესობაა მოსავლის სეზონის გახანგრძლივება. Floriance ტიპის ჯიშების მოსავლის აღება შეიძლება 3 კვირამდე უფრო ადრე, ხოლო შემოდგომაზე promocane ტიპის ჯიშების მოსავლის აღება შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით ერთი თვით, ანუ ნოემბრამდე. ეს უზრუნველყოფს მაყვლის რეალიზაციის პერიოდის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას.

გვირაბებში მაყვლის მოყვანა შეიძლება წვეთოვანი სარწყავი სისტემით ან კონტეინერებში, ნიადაგის სუბსტრატის სახით გამოყენებით.

მაღალი გვირაბები, საზოგადოდ, ლითონის რკალებისგან აგებული კონსტრუქციებია; მიმაგრებულია ლითონის ბოძებზე, რომლებიც ნიადაგში 60-სმ-ზეა ჩასმული, დაფარულია ერთი ფენა 0,6 მმ სისქის სასათბურე პოლიეთილენის აპკით. განიავება ხდება ყოველ დილით გაზაფხულზე საფარის აწევით და შებინდებისას _ ჩამოშვებით. მუდმივი გათბობის სისტემა არ არის, თუმცა სასურველია, იყოს სათადარიგო პორტატული გათბობის დანადგარი მოულოდნელი ყინვისგან დასაცავად.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მაღალია მაყვლის სათბურებში მოყვანის პოტენციური უპირატესობა, არსებობს რამდენიმე უარყოფითი მხარე, რომლებიც არ ახასიათებს ღია გრუნტში მოყვანას. ესაა დაავადება ნაცარი, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს მშრალი ფოთლები და მაღალი ტენიანობა. მაღალ გვირაბებში არსებობს ეს ორივე პირობა. გვირაბში ჰაერის მოძრაობის უზრუნველყოფა შეამცირებს დაავადების განვითარებას.

აბლაბუდიანი ტკიპა, როგორც წესი, მაყვლის მაღალ გვირაბებში წარმოებისას ყველაზე საშიში მავნებელია. მასთან ბრძოლა შესაძლებელია მტაცებელი ტკიპის, პერსილისის, გაშვებით. დაცულ სტრუქტურებში შეიძლება სწრაფად გაიზარდოს ტკიპების რაოდენობა, ამდენად მტაცებელი ტკიპების გაშვება უნდა მოხდეს აბლაბუდა ტკიპას შემჩნევიდან მოკლე ხანში. ამას გარდა, მაღალ გვირაბებში შეიძლება რთული იყოს ყვავილების დამტვერვა, ვინაიდან აქ თავისუფლად ვერ აღწევს ფუტკარი. მაღალი გვირაბული ტიპის სათბურებში სკების დადგმით გადაიჭრება დამტვერვის პრობლემა.

მოსავლის აღება

მაყვალი უნდა დავკრიფოთ, როცა ნაყოფი შავია. ფრთხილად უნდა ჩავაწყოთ კონტეინერში. მკრეფავებს ურიგებენ ყუთებს, რომელშიც ჩალაგებულია კონტეინერები საცალო ბაზარზე სარეალიზაციოდ. ყუთების გავსების შემდეგ საჭიროა მათი დროულად გადატანა ნაყოფის დასაფასოებელ გადახურულ პუნქტში, სადაც ხდება მათი ხელახლა შემოწმება და დაფასოება ბაზარზე გასატანად. კრეფის პერიოდში, მოსავლის ასაღებად საჭირო იქნება ორი მკრეფავი ყოველ 0,1 ჰა ფართობზე (20 მკრეფავი ჰექტარზე). ევროკავშირში საექსპორტოდ გამიზნული კენკრის დაკრეფა ჩვეულებრივ ხდება გამჭვირვალე პატარა კონტეინერებში, რომლებშიც ეტევა დაახლოებით 125-160 გრამი.

მაყვალი უნდა მოიკრიფოს დღის ყველაზე გრილ პერიოდში, ჩვეულებრივ _ დილით. მოსავლის აღება არ შეიძლება მაშინ, როდესაც ნაყოფი სველია, რადგან მაშინ გაიზრდება ობის განვითარების რისკი. ზაფხულში მოსავლის აღება ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს. გამოცდილი მკრეფავები ჩვეულებრივ კრეფენ 3,0 კგ-დან _ 6,0 კგ-მდე საათში. მაყვალი მალფუჭებადი პროდუქტია და კრეფის შემდეგ მისი ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 3-5 დღეა. ამასთანავე, უნდა გავაცივოთ დაკრეფიდან რაც შეიძლება მალე და რბილობის ტემპერატურა 0-1? ჩ-მდე უნდა დავიყვანოთ.

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი;

ნარგიზა ალასანია,

ლამზირა გორგილაძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here