Home რუბრიკები საზოგადოება მატერიალიზებული ლეგენდის უნიკალური ნიმუში

მატერიალიზებული ლეგენდის უნიკალური ნიმუში

3337
თემო გოცაძე

საქართველოს სახალხო მხატვარს, თემო გოცაძეს, 26 სექტემბერს შევხვდი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნაზე. ვკითხე: _ როგორ შეაფასებ-მეთქი ამ მნიშვნელოვან მოვლენას?

_ ჯერ არ ვიციო, _ მომიჭრა. მოკლე პაუზის შემდეგ დაამატა: _ დავათვალიერებ ექსპოზიციას და შემდეგ გეტყვიო.

ამაზე შევთანხმდით.

ორიოდ დღის შემდეგ შევახსენებ დანაპირებს და ბატონი თემო მიპასუხებს:

_ ბევრი ავტორი, ბევრი ნამუშევარი, რომლებიც წარმოდგენილი იყო ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ჩემთვის, ფაქტობრივად, აღმოჩენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურებოდი საგამოფენო საქმიანობას, როგორც მხატვართა კავშირის მდივანი და მხატვრის სახლის დირექტორი. აღმოვაჩინე, რომ 25 წელიწადი, როცა დახურულ სივრცეში ინფორმაციის სიმწირის გამო დარგის განვითარებისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელი იყო, არაფერი გაჩერებულა, რადგან ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს შემოქმედებით პროცესს. მიჩნეულია, რომ, როცა ზარბაზნები ქუხან, მუზები დუმან. სინამდვილეში პირიქითაა: მუზები არ დუმან. იმ ზარბაზნების ქუხილს ეწინააღმდეგებიან. წინააღმდეგობა კი ქმნის ჭეშმარიტ ხელოვნებას.

სამხატვრო აკადემიაში გამოცდები რომ ჩავაბარე და ჩავირიცხე, ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო: მივაღწიე ჩემს ნაოცნებარს! აკადემიის დამთავრებაც დიდი სიხარული იყო _ პირველი შემოქმედებითი ნამუშევარი “ლურჯა ცხენები” დავასრულე.

_ “ლურჯა ცხენები” შედევრია.

_ ეგ სხვამ თქვას… უდიდესი ბედნიერება იყო ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, დიდი გამოფენა მოსკოვში და ა.შ. სიხარული ბევრი მქონდა.

მაგრამ ვერც ერთი ვერ შეედრება იმ სიხარულსა და ბედნიერებას, იმ განცდას, რომელიც ამ მუზეუმის დათვალიერებისას ვიგრძენი.

_ საოცარია!

_ მსოფლიო მთლიანად მოვლილი არ მაქვს, მაგრამ იმ ქვეყნებში მაინც ვარ ნამყოფი, რომლებშიც სახვითი ხელოვნება პრიორიტეტული იყო და არის. იქაც კი ამ რანგის მუზეუმი შეიძლება ერთი ან ორი იყოს, მუზეუმი რასაც ჰქვია, თავმოყრილი ნაწარმოებებით. ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეის ამას იქით ქართული სახვითი ხელოვნება ერთობლიობაშია წარმოდგენილი. ქართული სახვითი ხელოვნება ერთობლიობაშია წარმოდგენილი.

მართალია, ამ კოლექციას ზოგი მხატვარი აკლია, მაგრამ ერთი კერძო კოლექცია, კერძო მუზეუმი სრულად ვერ აითვისებს ეროვნული კულტურის ისეთ ფენას, როგორიც სახვითი ხელოვნებაა. ამიტომ სწორედ ეს შემთხვევა მაგალითი უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის, თბილისის მერიისთვის მუნიციპალური მუზეუმის შესაქმნელად. უნდა არსებობდეს სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რომელშიც თავს მოიყრის არა მხოლოდ მხატვრების ნაწარმოებები, არამედ ყველაფერი ღირსეული, რაც კი შეიქმნა მოცემული პერიოდის განმავლობაში. სახელმწიფომ ერთ პიროვნებას არ უნდა აჰკიდოს ამ სახელმწიფოებრივი საქმისა და მოვალეობის უზარმაზარი ტვირთი.

დამიჯერეთ, ის რაც არის, მუზეუმზე მოგახსენებთ, აბსოლუტურად საკმარისია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ, ნებისმიერმა პიროვნებამ _ პროფესიონალებმა თუ საზოგადოებრიობის რიგითმა წევრებმა, თავიდან ბოლომდე დაინახონ თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება; ირწმუნონ, რომ ჩვენ ვართ უდიდესი კულტურის მქონე ერი; ის ქვეყანა, რომელმაც მართლმადიდებლობა, ქრისტეს ცხოვრება ეკლესიების კელდებზე აიტანა; მხატვრობის უძველესი და უდიდესი ტრადიციის ხალხი ვართ.

სიტყვები ვერ მომიძებნია, რომ გითხრათ, რა რანგის გვირგვინია ის, რაც 26 სექტემბერს გაიხსნა და ზეიმად იქცა.

ერთსაც დავუმატებ: ამის გაკეთება რომ ჩაიფიქრო და შემდეგ მისი შესრულება რომ მოახერხო, პირდაპირ გეტყვით, პიროვნება უნდა იყო, დიდად ნიჭიერი, განათლებული, დიდი უნარისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ნაწარმოებების შერჩევით დაწყებული, შეძენითა და გამოფენით დაგვირგვინებული, ეს მამულიშვილური საქმე ბოლომდე რომ მიიყვანო.

სხვა ისეთი ტანდემი, როგორიცაა მანანა შევარდნაძე და გია ჯოხთაბერიძე, ძნელად წარმოსადგენია. რაც მათ გააკეთეს საქართველოსთვის მიძღვნილი ამ შესანიშნავი საჩუქრით, უტოლდება ისეთი კოლექციების არსებობას, როგორიც, მაგალითად, ტრეტიაკოვის გალერეაა რუსეთში. ეს მუზეუმი დარჩება მომავალ თაობებს, როგორც მატერიალიზებული ლეგენდის უნიკალური ნიმუში.

იგი უტოლდება საქართველოს კულტურის ისტორიაში ისეთ მოვლენას, როგორიც, მაგალითად, თავის დროზე თბილისში ოპერის თეატრის დაარსება იყო…

მანანა შევარდნაძე, ლევან ცუცქირიძე, რადიშ თორდია, დიმიტრი ერისთავი და გია ჯოხთაბერიძე მუზეუმის გახსნის დროს. სერგო ედიშერაშვილის ფოტო
მანანა შევარდნაძე, ლევან ცუცქირიძე, რადიშ თორდია, დიმიტრი ერისთავი და გია ჯოხთაბერიძე მუზეუმის გახსნის დროს. სერგო ედიშერაშვილის ფოტო

მესამე-მეხუთე სართულების საგამოფენო სივრცის სრულად აღსაქმელად ერთი კვირაც არ გეყოფა. შესწავლასა და გააზრებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. წლების წინათ ქართული სახვითი ხელოვნების გრანდიოზული გამოფენა გავაკეთე მოსკოვში. თითქოს ყველაფერი იყო იმ ექსპოზიციაში წარმოდგენილი, მაგრამ ის გამოფენაც კი არ იძლეოდა ისეთ სრულყოფილ ინფორმაციას, რომელსაც ახალი მუზეუმის გახსნილი გამოფენა იძლევა.

ჩვენი უახლესი ისტორიის ურთულესმა პერიპეტიებმა, როცა ბევრი რამ გაქრა და განიავდა, ვერ ჩაკლა სახვითი შემოქმედება. “მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!” _ ასეთი დასკვნის შესაძლებლობას გვაძლევს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი ეროვნული განძი.

განძია, აბა, რაა ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების დარბაზი, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავის, დიმიტრი ცუცქირიძის ექსპოზიციები. ეს არის თაობა, რომელმაც განაახლა ქართული სახვითი ხელოვნება. ორმოცდაათიანელები არიან ესენი, ომისშემდგომი თაობა. ძალიან მინდოდა, რომ მათ შორის ხიტა ქუთათელაძის ნახატებიც მეხილა, უბრწყინვალესი ფერმწერი იყო და უდიდესი გავლენაც ჰქონდა.

არ არის კი იმიტომ, რომ ნამუშევრების შეძენა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, დავით კაკაბაძეს სახლიდან ვერ გამოიტან. არ იყიდება. თუ მუზეუმს გაუკეთებ, მუზეუმში დადებს, მაგრამ არა საერთო ექსპოზიციაში. არის ასეთი ვერშელოვის ტენდენცია.

ამას გარდა, არის ძალიან საინტერესო კერძო კოლექციები, ძალიან დიდი კულტურული ფენა, შრე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უცნობია ფართო საზოგადოებისთვის.

_ ბატონმა გია ჯოხთაბერიძემ მოახერხა ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა.

_ მაგრამ ცხრაკლიტულში გარკვეული ნაწილი მაინც დარჩა. და ეჭვი მეპარება, ოდესმე გაიხსნას. კერძო საკუთრებაა.

_ახალგაზრდების ნამუშევრების თაობაზე რას მეტყვით?

_ ნუ მომთხოვთ გამოწვლილვულ პასუხს. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ, რაც ერთხელ ჩამოვლით, თანაც პირველად, ვნახე, შესანიშნავია. ჩემი აზრით, ამ სივრცეში სერიოზული სამუშაო უნდა ჩაატარონ ხელოვნებათმცოდნეებმა. რამდენიმე კონფერენცია, შეკერება უნდა მიუძღვნან ამ კოლექციის გარჩევას. სამომავლო საქმეა, სამუზეუმო სამუშაოა და, დარწმუნებული ვარ, განხორციელდება კიდეც.

_ თქვენი თაობა როგორაა წარმოდგენილი?

_ მაქსიმალურად სრულად. ვინც მუშაობდა, ქმნიდა და, რაც ფასეული იყო, ყველაფერი შეძენილია და გამოფენილი. ნეოსტუდიის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მუზეუმის შექმნაზეა გადაღებული, ვიგებთ, რა დიდი ძალისხმევა დასჭირდა ბატონ გია ჯოხთაბერიძეს, მხატვრების ნამუშევრების საქართველოდან გადინების გზა რომ გადაეღობა _ შეეძინა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის შემოენახა. ეს ხდებოდა უმძიმეს, მშიერ-მწყურვალ 90-იან წლებში, როცა, ერთი ხალხური ლექსის გულდაწყვეტილი ავტორის სიტყვების პერიფრაზირებით, დამშრალი იყო ღარიბების ოხერი ბედის წყარო და მის ამოქუხებას პირი არ უჩანდა.

ბოლოთქმის ნაცვლად:

მხატვრების განწყობილებაზე რომ შევეკითხე, ბატონმა თემო გოცაძემ ასე მიპასუხა:

_ ყველა თაობის მხატვრის ოცნება იყო, გვქონოდა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

_ ახდა ეს ოცნება?

_ ის, რისი მოწმენიც ვართ, მარტო ოცნების ახდენა არ არის. ეს არის ახალი, გრანდიოზული კულტურული ცენტრის დაბადება.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here