Home რუბრიკები საზოგადოება “მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა”, რაც...

“მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა”, რაც არც ერთ ჩვენს მთავრობას არ გაუთვალისწინებია

არა ერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სინამდვილის გაანალიზებისას ილია ჭავჭავაძე ეხება ერის წინაშე არსებულ ისეთ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვისაც. ილიამ ქართველ ხალხს განუსაზღვრა ზნეობრივი, ეროვნული და პიროვნული ფასეულობების ირგვლივ გაერთიანების, მსოფლიოს ცვალებად, განვითარებად სინამდვილეში ერისა და ქვეყნის სახით დამკვიდრების, პროგრესული საზოგადოების ფორმირების, საკუთარი მიზნებისა და ამოცანების დასახვის შესაძლებლობები, რომელთა შედეგადაც ილიასეული პრინციპები მუდამ თანამედროვეა და დაეხმარება საქართველოს თვითგადარჩენისა და თვითგანვითარების გზების პოვნაში, თუ, რა თქმა უნდა, მათ ხელისუფლებები გაითვალისწინებენ.

დღეს კი აი როგორი სურათი გვაქვს:

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა მწარე სიმართლე დაგვიდო წინ _ ეს არის ხალხის, ანუ ამომრჩევლების პესიმისტური დამოკიდებულება როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური ძალებისადმი და, რამდენიც უნდა იძახონ, ასე არ არისო, რეალობას ვერავინ გაექცევა. დიახ, რეალური სურათი არასასიამოვნოა: დღევანდელი ქართული სახელმწიფო სუსტია და უღონო, სხვის ხელებში შემყურე და სხვისი კარნახით მოქმედი. ამდენად, საკითხავიც კი არ არის, ამ მთავრობამაც რატომ ვერ დათესა ხალხში ის სიყვარული, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს გააღონიერებს. ილიას თუ დავუჯერებთ, “მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა”, რაც არც ერთ ჩვენს მთავრობას არ გაუთვალისწინებია.

გულმოგებული და ფეხგამაგრებულიორასაც, ცხადია, ცრუ დაპირებებითა და თვალში ნაცრის შეყრით ვერ მიაღწევ.

ჯერ კიდევ 1879 წლის თებერვალში ილიამ თავისი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა საკითხებზე: რით იცნობს მთავრობას ხალხი, რა არის არსებითი ნაკლი ადმინისტრაციისა, რატომ არის უენობა და სიყრუე, კანონმდებლობა კი ოთხ კედელ შუა მოქცეული, ცხოვრება, კანონი და შუა _ ცარიელი.

ეს ის საკითხებია, რომლებსაც აქტუალობა არ დაუკარგავს და, შეიძლება ითქვას, სწორედ დღეს, როგორც არასდროს, თუ უნდა მხარდაჭერა დაიმსახუროს, მთავრობამ ხალხს უნდა დაანახვოს თავისი უკეთესი მხარე; აგრძნობინოს, რომ თავის უწმინდეს მოვალეობად აღიარებსხალხის შველას ყოველთვის და გაჭირვების დროს ხომ უფრო”.

მოვუსმინოთ ერის მამას:

“თუ მთავრობას ჰსურს, დაანახვოს ხალხსა თვისი უკეთესი მხარე, რომლითაც იგი მართლა-და სანატრელია ყოველის კაცისათვის, სახელდობრ _ ის მხარე, რომლითაც სახელმწიფო თავის უწმინდაეს მოვალეობად უნდა აღიარებდეს ხალხის შველას ყოველთვის და გაჭირვების დროს ხომ უფრო, მის კეთილდღეობისათვის წადილს, მზრუნველობას და მხურვალე გულდადებას, და ამ შემთხვევაში ზოგვა და ძუნწობა საბოლოოდ საქმის წახდენაა და ღალატი სახელმწიფო საქმისა. ეგ შველა და ხელუხვობა სახელმწიფოსი მით უფრო არის სასარგებლო, რომ თითონ სახელმწიფო არასფერს დაჰკარგავს: ხალხი, ფეხზედ წარმომდგარი, უფრო უკეთესი ღონეა სახელმწიფოსათვის, ვიდრე დავრდომილი და სულით და ხორცით გათახსირებული; მარტო გულმოგებული და ფეხგამაგრებული ხალხია უშრეტი წყარო სახელმწიფოს სიმდიდრისა და ძალისა. აქ ყოველივე შესაწირავი, ყოველივე სანთელ-საკმეველი გზას იპოვის, გლეხისა არ იყოს, და სახელმწიფოს გარდამეტებით დაუბრუნდება…

ღირსება და სიკეთე რომელიმე მთავრობისა, ხალხისაგან ცნობილი და აღიარებული, სთესავს ხალხში იმ სიყვარულის თესლს, რომელიც მეტად სანატრელი უნდა იყოს ცნობიერად მომართულ და მიმართულ სახელმწიფოსათვის; და მარტო ეს სიყვარულია სათავედ ყოველ იმისა, რაც კი შეადგენს სახელმწიფოს ძალასა და ღონეს, იმიტომ რომ მარტო სიყვარულით აღფრთოვანებული ხალხია საიმედო ყოველს განსაცდელში, რაც-კი სახელმწიფოს ისტორიის გზაზედ შეემთხვევა ხოლმე, მარტო სიყვარულით გულგამთბარს ხალხს შეუძლიან სიცოცხლისა და ქონების გაწირვა სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, მარტო სიყვარულით გაძლიერებულის ხალხით შეიძლება იმისთანა სასწაულები მოახდინოს სახელმწიფომ, რომლის მაგალითები ბევრია ისტორიაში და რომელიც დღესაც გვიკვირს და გვაოცებს. საცა ეს სიყვარული არ არის, ის სახელმწიფო ფუღუროა, ფუყეა, ერთი ლაზათიანის ქარის შემობერვა და იმისი გადამსხვრევა ერთია

უმაღლესი სფერა მთავრობისა საზოგადოდ მეტად მიუწვდომელია ხალხის თვალისათვის. ისე შორსა სდგას იგი ხალხზედ, ისე იშვიათად დაენახვება ხოლმე ხალხის თვალს, რომ ძნელად თუ ხალხი მას პირისპირ გაიცნობს, და თუნდ ძალიან კარგიც იყოს, მისი სიკარგე, მინამ ხალხამდე ჩავა, მრავალ ხელში გაივლის ხოლმე და ამის გამო, ვინ იცის, რა სახით ეჩვენება. თითონ ხალხიც საზოგადოდ, და დაბალი საკუთრივ, ისე მომწყვდეულია თავის ვიწრო ავ-კარგიანობაში, მისი ყოველდღიური საჭიროება ზედ-გამობმულია ისეთს წვრილმანს საგანზედ, რომ ძნელად თუ მიეცემა მიზეზი, პირისპირ შეხვდეს მთავრობას და მით იხელთოს შემთხვევა, მისი ავ-კარგიანობა აწყოს. ყველგან უმაღლეს მთავრობის და ხალხის შორის სდგას ხოლმე მთელი რაზმი მოხელეებისა, რომელნიც მახლობელნი გამომთქმელნი არიან უმაღლესის მთავრობის წადილისა, მიმართულებისა და ავკარგიანობისა, ხალხი თუ იცნობს მთავრობას, ამ მოხელეებით იცნობს, რადგანაც იგინი არიან მისდა მახლობლად, მათ უდგათ მის ცხოვრების დირეზედ ფეხი, იგინი განაგებენ ყოველდღეს მის ავსა და კარგსა და ყოველდღე თვალწინ ტრიალებენ. უმაღლესი მთავრობა თუნდ კარგიც იყოს, შესაძლოა, მოხელეების წყალობით ხალხმა აითვალწუნოს იგი და იმდენად დაფრთხეს, რომ მამა-პაპეული ბინაც მოიშალოს და ცხრა მთას იქით გადავარდეს, ოღონდ თავი ცოცხალი დააღწიოს. ამიტომაც კეთილად, გონიერად და ცნობიერად აგება ხალხის მახლობელ მმართველობისა, კაი კაცების შერჩევა, _ შეადგენს ერთს იმისთანა უპირველეს და აუცილებელს საჭიროებას, ურომლისოდაც მთავრობა მთავრობა კი არ არის, წეწვაგლეჯაა, ზედმისევაა, თავზარია ხალხისათვის. ამის შემდეგ ნუღარ ჰკვირობთ, რომ დღეს, მეცხრამეტე საუკუნეში, რამოდენიმე მაგალითი ვნახეთ ხალხის მამა-პაპეულ ბინიდამ აყრისა და გარდახვეწისა… დეე, ამაზედ ჩვენს შემდეგი ისტორიკოსი განცვიფრდეს, ჩვენ კი ეს გულის-ტკივილით შევნიშნოთ და შევიტანოთ ჩვენს მატიანეში…

ზევითა ვსთქვით, რომ ხალხის მახლობელნი მოხელენი პირველსახენი არიან უმაღლესის მთავრობისა, იგინი არიან მაგ მთავრობის წადილისა და მიმართულების გამომთქმელნი. აქედამ ცხადია, რამოდენად გულით და ჭკუით განვითარებულნი უნდა იყვნენ ის მოხელენი, რომ მათაც, _ როგორც ერთგვარ ძალთა სახელმწიფო წყობისათა, _ გააგნებინონ ხალხს გზა საზოგადო ცხოვრებისა, თვალი აუხილონ იმ საგანზედ, რომელიც ყოველს წყობას ადამიანისას მისაღწევად დანიშნული უნდა ჰქონდეს საყოველთაო საკეთილოდ; მათ უნდა ამცნონ ის საყოველთაო საკეთილო საგანი, რომლისაკენაც უნდა მიიზიდებოდეს ყოვლის ძალითა და ღონით ყოველივე სახელმწიფო, თუ მართლა სახელმწიფოა საქმით და არა მარტო სახელითა. ამ მხრით, მოხელეობა მმართველობისა მარტო მშვიდობიანობის მცველი კი არ არის, მარტო დარაჯი კი არ არის, არამედ მწვრთნელიც უნდა იყოს ხალხისა, მასთან ერთად ჩაბმული და ერთად მოღვაწე. უნდა იყოს-მეთქი, და არის თუ არა, _ ეგ ღმერთმა იცის.

ხალხის მახლობლად მყოფი მთავრობითი ორღანო ორგვარია: პოლიცია და სამმართველო. ამათ უჭირავთ უპირატესი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული ჩვენში ხალხის გულის მოგებაც, ხალხის გულის აყრაც და იმ დანიშნულების აღსრულებაც, რომელიც ზევით აღვნიშნეთ. ამიტომაც აშკარაა, რა არის საჭირო აქაურ მოხელეებისათვის გარდა საზოგადო თვისებისა, სახელდობრ, ჭკუისა და ზნეობის სიმაღლისა. საჭიროა, მოხელემ კარგად იცოდეს აქაურის ხალხის ვითარება, ჩვეულება, ტკივილი და სიხარული და ღონე ჰქონდეს ხალხს უშუამავლოდ ელაპარაკოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დავიწყებულია დღევანდლამდე ჩვენში და თითქმის უარყოფილიც. ხალხის სამართლის გამძღოლს, ხალხის სამართლის აღმადგენელს და დამდგენელს რომ კაცმა ენა მოსჭრას და ყური დაუხშოს, _ რაღას უნდა გამოელოდეთ მისგან კარგს და კეთილს, თუნდა სხვაში ყოველფერში ციდამ ჩამოსულიც იყოს. მოსამართლეს რომ თავის ყურით არ ესმოდეს მოჩივარის საჩივარი და გულისტკივილი, რა მოსამართლეა? მოსამართლემ რომ თავის ყურით არ მოისმინოს მოწმის ჩვენება, საცა ხშირად ერთი სიტყვა, ასე თუ ისე გამოთქმული, უფრო დიდის და ცხოველის ნათელით მოჰფენს ყოველს საქმის გარემოებას, ვიდრე მთელი ლაქლაქი უვიცისა და ბრიყვის მთარგმნელისა, ის რა მოსამართლეა?მოხელე, რომელსაც მე ჩემსას ვერ გავაგებინებ და ის თავისას, ის რა ჩემი მომვლელია? აქ მარტო სახეა და არა სული და ხორცი. ამ უენობას დაუმატეთ ისიც, რომ ხშირად სრულიად უცხო კაცია მოსამართლედ თუ მოხელედ, სრულიად უცნობი ჩვენის ჩვეულებისა, ჩვენის მიდრეკილებისა, ზნეობისა, ჭირისა თუ ლხინისა, და მაშინ ცხადი იქნება, რათ მიაჩნია ხალხს ჭირად, როცა საქმე ან სამოხელოდ, ან სასამართლოდ გაუხდება ხოლმე. მაშინ ცხადი იქნება, რათ იმდურება ხალხი და რათ არის კანონზედ და მმართველობაზედაც გულდაწყვეტილი და გულაყრილი. შორს რათ მივალთ! აი, ცხენების ჩუქება ავიღოთ თუნდა მაგალითად. ჩუქება ხომ კეთილი საქმეა, მაგრამ აქაც კი ხალხი დაფრთხა, ნამეტნავად, საცა მაზრის უფროსად უენო კაცი იჯდა, დაფრთხა, არ მიეკარა ცხენებს, რადგან ეს მთავრობის წყალობა სულ სხვაფრად დაანახვეს ხალხსა, _ კაცი არ იყო, კაცი, რომ ხალხისათვის წყალობა წყალობად გამოესახა და პირდაპირ აეხსნა მთავრობის განზრახვა. რამდენი ბოროტმოქმედება მოჰყვა ამ განზრახვით კეთილს საქმეს, მკითხველმა ზოგი იცის ჩვენებურ გაზეთიდამ და ზოგი კი დავიწყებას მიეცა, როგორც სხვა რამ მრავალი. როცა მოხელეები იმ ჯურიდამ ამორჩეულნი არიან, რომელიც სრულიად უცნობია ხალხისა, მისის ცხოვრებისა, სრულიად უცოდინარი ენისა, _ ამას აუცილებლად ის მოსდევს, რომ მათ ხალხისა არა გაეგებათ რა და ხალხს კიდევ მათი. არიან ესე, ხშირად ერთი აღმა მიდის და მეორე წაღმა, უყურებენ ერთმანეთს და ჰკვირობენ, ან მე რად უნდივარ ამასაო, ან მე იგი რად მინდაო, ეს ჩემთვის მუნჯი და ყრუიაო, მე _ იმისათვისაო; და თუ მოხელე კაი კაცია, მარტო იმას ფიქრობს, რომ არა ვავნო რა ხალხსაო, და ხალხი კიდევ იმოდენად არის ხოლმე მადლობელი მოხელისა, რამოდენადაც იგი უფრო ნაკლებ მავნებელია. ამისთანა ყოფაში სხვა საწყაოთი მიდგომა შეუძლებელია: მმართველობას სიკეთის უპირატესი ღონე ჩამორთმეული აქვს, სახელდობრ ენა და ყური. ანდრეევსკის ქალის საქმემ აშკარად გამოჰფინა საქვეყნოდ ის სასაცილობა, რომელიც მოსდევს ხოლმე ენის არ-ცოდნას. ამას გარდა ამ ყრუ-მუნჯობას ერთი დიდი ვნებაც სხვა დაჰყვება ხოლმე: ხალხის ცხოვრებას არც პატივი აქვს და არც ზედ-მოქმედება არასფერზედ. მრავალ-სახისა და მრავალ-გვარი საჭიროება ხალხისა, რაც მის ყოველდღიურ ცხოვრების დენაში აღმოჩნდება ხოლმე, და აქედამ წარმომდგარი ვითარება, რომელიც ზოგჯერ კანონმდებლობის ღვაწლსა თხოულობს და რომელიც ყოველთვის საჭიროებს ყურადღებით გასინჯვას და გულმტკივნეულს შეწყნარებას, _ რჩებიან არამც თუ უყურადღებოდ, არამედ იქავე სულსა ლევენ, საცა იბადებიან, რადგანაც მთავრობის აგენტი ყრუა და მუნჯი უენობის გამო. სულს ლევენ-მეთქი და ამით გულსა სწყვეტენ ხალხსაც, და თითონ მთავრობასაც ხელიდამ აცლიან იმ ძვირფასს მასალას, რომელზედაც დამყარებული უნდა იყოს ყოველივე მისი განკარგულება და კანონმდებლობა. ამიტომაც ჩვენში კანონი თუ იბადება, ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი. ეს არის, ჩვენის ფიქრით, იმ ყოფის მიზეზი, რომ ჩვენი ცხოვრება ძირს მიდის თავისთვის, ზემოდამ დაჰფარფარებს აჭრელებული ქაღალდი, საცა სუფევს კანონი, და შუაში კი ცარიელია. ამ ცარიელში დახტიან, ცხოვრების ზემოთ და კანონქვეშ, ჩვენი მოხელეები. ხალხი მათ ერიდება და ხალხს ისინი ერიდებიან”.

ამას ემატება ისიც, რომ ქართველები ერთმანეთის შეურაცხყოფითა და გულის ტკენით არ ვიღლებით, სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ ამქვეყნად სიყვარულია მთავარი. ჩვენ კი “გათითოკაცება გვაოხერტიალებს!” _ ეს მწერალ გიზო ნიშნიანიძის სიტყვებია, რომელიც, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება:

გათითოკაცება გვაოხერტიალებს,

ვიცი ამ ცხოვრების მე ავანჩავანი.

რაცა გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს,

ეს არის, ეს არის, ეს არის მთვარი!

თუ ასე არ ფიქრობ, ძალიანაც ცდები!

ცუდად გამსარჯე და მრუდად გაისარჯე,

შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები,

ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ”.

სანამ თითოეული ჩვენგანი არ აღიარებს ამ ჭეშმარიტებას, უპირველესად კი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ხარობენ ერთმანეთის შეცდომებით, თუნდაც ეს შეცდომები ქვეყანას ძვირად უჯდებოდეს, ხალხს კი ცხოვრებას ურთულებდეს, შეუძლებელიაკეთილად, გონიერად და ცნობიერად აგება ხალხის მახლობელ მმართველობისა”, რაც გულით სწადდა ჯერ კიდევ დიდ ილიას.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here