Home რუბრიკები საზოგადოება მარგველაშვილის კარტოფილი და ჩიჩუას მწვანე ბალახი

მარგველაშვილის კარტოფილი და ჩიჩუას მწვანე ბალახი

1753
მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინათ დაიწუწუნა, რომ წელს მის ბოსტანში, ფაქტობრივად, ვერაფერმა გაიხარა. “წელს საშინელი წელიწადი მქონდა, კარტოფილის მოსავლის გარდა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, ფაქტობრივად, არაფერი მოვიდა

პომიდორს რაღაც ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი, ფაქტობრივად, მთლიანად გაოხრებულია. ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამირღვევია: არც აგროვადები, არც მორწყვა დამიკლია, უბრალოდ, არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებთან შეხვედრისას.

არადა, პოლიტიკურ ბოსტანს გიორგი მარგველაშვილისა, რომლის პოლიტიკური კარიერა პრეზიდენტის რანგში ვერა და ვერ შედგა, დროდადრო მისი ოჯახის წევრებიც აზარალებენ. მაგალითად, მარგველაშვილის პოლიტიკურ ბოსტანს ასენიზაცია დასჭირდა რამდენიმე დღის წინათ, როდესაც პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მწვანე ბალახის პროპაგანდა ცუდი არ მგონიაო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნარკოტიკებთან ბრძოლის ახალი ტალღა გახსნილად გამოაცხადა, მის ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ასე გამოეხმაურა: “ნარკომანიამ, შესაძლოა, დაღუპოს თქვენი ოჯახი, მეგობრები, მეზობლები და ახლობელი ადამიანები. ეს არის სენი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ”… თუკი ამერიკა ნარკოტიკებთან ბრძოლის ახალ ტალღას იწყებს და იქ ნარკომანიას სენს უწოდებენ, ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი მწვანე ბალახის პროპაგანდას პირდაპირ ეთერში რომ ეწევა, ბოდიშის მოხდა მაინც არ ეგების?! ამაშიც რომ მიბაძონ საქართველოს პირველმა პირებმა აშშის ხელისუფლებას და საქართველოში აშშის ელჩისგან ითხოვონ ნებართვა (დამოუკიდებლად მოქმედება მათ ხშირად უჭირთ), რომ არათუ პროპაგანდა აიკრძალოს, არამედ საქართველოშიც გამოცხადდეს ბრძოლა ნარკოტიკის წინააღმდეგ, იქნებ ქართული გენოფონდი გადაურჩეს განადგურებას მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთდა საქართველოს პირველი ლედის ამ კანონსაწინააღმდეგო მოწოდების გამო, მოუსავლიან წელზე მოტირალმა პრეზიდენტმა ცოლის ნათქვამზე ერთი განმარტებაც კი არ გააკეთა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების აზრის უგულებელყოფაა.

პრეზიდენტის წუხილი, რომ წელს, კარტოფილის გარდა, არაფერი მოუვიდა, ძალიან კომიკურია იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით _ სამეგრელოსა და გურიაში, მოსახლეობას მოსავლის დიდი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ გაუნადგურა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თავის ბოსტანზე წუხს, ერთხელაც არ ჩასულა აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობასთან შესახვედრად, რათა ადგილზე ენახა, რას ნიშნავს “მოუსავლიანი წელიწადი” იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მართლა საკუთარ ბოსტანში მოწეულ პროდუქტზე არიან დამოკიდებულნი და სწორედ ამ მოსავლით გააქვთ თავი წლიდან წლამდე. პრეზიდენტი ერთხელაც არ შეხვედრია მოსახლეობას, რომელსაც შიმშილთან მოუწევს ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობა აღმოჩნდა უნიათო და დროულად არ დაიწყო ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. საკუთარ ბოსტანში მოუსავლიან წელიწადზე მოტირალ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მდგომარება ხელისუფლებისგან მიტოვებულ მოსახლეობას და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაეხმაროს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც შიმშილისგან თავის დასაღწევად უწევთ ბრძოლა. ეს პრეზიდენტის პოლიტიკურ ბოსტანს ცოტა მაინც გააკეთილშობილებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here