Home რუბრიკები სპორტი მარგარეტ კორტი _ ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი, რომელიც ლგბტ თემის მთავარ მტრად იქცა

მარგარეტ კორტი _ ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი, რომელიც ლგბტ თემის მთავარ მტრად იქცა

775
მარგარეტ კორტი

ავსტრალიელმა მარგარეტ ჯინ კორტმა (დაიბადა 1942 წლის 16 ივლისს) ჩოგბურთში მიაღწია ყველაფერს, რაზეც ოცნებობს ყველა გოგონა, მან 7 წლისამ აიღო ხელში ჩოგანი და კორტს მიაშურა.

მარგარეტ კორტმა “დიდი სლემის” 62 ტურნირი მოიგო და დაამყარა რამდენიმე რეკორდი, რომლებსაც, ჩანს, კარგა ხანს ვერავინ დაამხობს. იმდენი ტიტული, რამდენიც მარგარეტს აქვს, არავის მოუპოვებია. მან ერთეულთა თანრიგში 24 ჯილდო მოიგო, 19 ქალ წყვილთა და ამდენივე შერეული წყვილების თანრიგში. ამერიკელი სერენა უილიამსი ახლოს იყო ავსტრალიელი ჩოგბურთელის რეკორდთან ერთეულთა თანრიგში, მაგრამ 22 გამარჯვებაზე შეჩერდა. ამასთანავე, მარგარეტ კორტი ისტორიაში ერთადერთია, ვინც ორჯერ გაიმარჯვა ორ სხვადასხვა თანრიგში _ ქალთა და შერეულში. სწორედ ბრწყინვალე კარიერის გამო აქვს მარგარეტ კორტს უფლება, ილაპარაკოს ის, რაც მოესურვება. თუ უმცროს უილიამსს შეუძლია ილაპარაკოს შავკანიანთა უფლებების შელახვაზე, რატომ არ შეუძლია მარგარეტს ილაპარაკოს გეებსა და ლესბოსელებზე?

ამ წერილში ყურადღებას არ გავამახვილებთ ლეგენდარული ჩოგბურთელის კარიერაზე და პირდაპირ გადავალთ პრობლემის არსზე. მარგარეტ კორტი, დიდი ხანია, თანამიმდევრულად აკრიტიკებს მათ, ვინც, მისი აზრით, ანგრევს ტრადიციული ოჯახის საფუძველს და მიდის ბუნების კანონების წინააღმდეგ. მარგარეტი დარწმუნებულია, რომ გეები და ლესბოსელები ლახავენ ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს. პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელის განცხადებით, არატრადიციული ქორწინებები ეშმაკის ხრიკებია.

მარგარეტ კორტი
მარგარეტ კორტი

“ამჟამად ჩოგბურთში უამრავი ლესბოსელია, როცა მე ვთამაშობდი, მხოლოდ ორი იყო, მაგრამ ლიდერთა შორის, და ისინი ახალგაზრდა გოგონებს წვეულებებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე ეპატიჟებოდნენ. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ჯგუფში ლიდერები მაგალითს აძლევენ დანარჩენებს. ამჟამად ამ თემაზე ბევრი ლიტერატურაა. ბავშვებს თავს ახვევენ რაღაც-რაღაცებს. მედიცინამ უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანის ცნობიერება ბრძოლის ველია, ამიტომ დავწერე წიგნი “ავარჯიშე ტვინი”. ეს ყველაფერი ბიბლიიდან მოდის. უფალი ბევრს ლაპარაკობად იმაზე, რა გავლენას ახდენს ჩვენი ცნობიერება ემოციებზე, გრძნობებზე. გოგონას შეუძლია იფიქროს, რომ ის ბიჭია და ეს გავლენას ვერ იქონიებს მის ემოციებსა და გრძნობებზე. ეს ყველაფერი ეშმაკისეულია. ზუსტად ასე იქცეოდა ჰიტლერი _ იპყრობდა ბავშვების გონებას. ამჟამადაც ყველა ამის გაკეთებას ცდილობს”.

მარგარეტი მორწმუნეა. 1970-იან წლებში გატაცებული იყო ორმოცდაათიანელთა მოძღვრებით. ეს პროტესტანტიზმის განშტოებაა და XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა აშშ-ში. მოგვიანებით მარგარეტმა თვითონ გახსნა ეკლესია იდეური მიმდევრებისთვის. მას ახლა ვებგვერდიც აქვს, ტელეარხიც და იუთუბარხიც. შესაძლოა, სწორედ რელიგიურმა რწმენამ იქონია გავლენა კორტის დამოკიდებულებაზე სექსუალური უმცირესობების მიმართ, ის ხომ დაუნდობლად ბომბავდა საზოგადოებას მწვავე გამონათქვამებით მას შემდეგ, რაც ორმოცდაათიანელთა რიგებში გაწევრდა.

მარტინა ნავრატილოვამ და ჯონ მაკინროიმ მარგარეტ კორტის სახელობის კორტისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვეს
მარტინა ნავრატილოვამ და ჯონ მაკინროიმ მარგარეტ კორტის სახელობის კორტისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვეს

მარგარეტ კორტს მწვავედ უპირისპირდება “დიდი სლემის” ტურნირების 18-გზის გამარჯვებული, წარმოშობით ჩეხი ამერიკელი ჩოგბურთელი მარტინა ნავრატილოვა, რომელმაც პირველმა განაცხადა საჯაროდ, რომ ლესბოსელია. მარტინა წლების განმავლობაში ცხოვრობს ყოფილ “მის სსრკ”-თან _ იულია ლემიგოვასთან ერთად. მარტინამ ავსტრალიელებს მოუწოდა, ერთ-ერთი კორტისთვის, რომელიც 2003 წლიდან მარგარეტ კორტის სახელს ატარებს, სახელი შეეცვალათ.

კორტმა საპასუხო განცხადებაში მიწასთან გაასწორა ამერიკელთა ცხოვრების სტილი და მარტინა ნავრატილოვაც. მედიდი სლემისყველაზე მეტი ტურნირი მოვიგე, ვიდრე ნებისმიერმა ჩოგბურთელმა _ მამაკაცმა თუ ქალმა. თუ კორტს სახელს გადაარქმევენ, ეს უსამართლობა იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ პეტიციისთვის 100 ათას ხელმოწერას შეაგროვებენ, რადგან ამ ყველაფრის უკან დიდძალი ფული დგას და ეს მოდის ამერიკიდან. ვფიქრობ, იქ გეილობი არსებობს და, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობაში არიან, ფული საკმარისად აქვთ. მე თავდასხმის ობიექტად მაქციეს. ცდილობენ, გამანადგურონ სხვადასხვა გზით, მათ შორის ჩოგბურთის მეშვეობითაც. ჩემი ძმისშვილი, მარგარეტ კორტის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის მმართველი, უამრავ მუქარის წერილს იღებს ინტერნეტში. რაც შეეხება მარტინას, მას ურჩევნია, ყურადღება მიაპყროს იმას, რაც მის ქვეყანაში ხდება და ნუ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში. მან არ იცის, რას ვაკეთებ ახლა, რით ვარ დაკავებული. პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს _ ამ ვითარებაში მას, უბრალოდ, რუპორად იყენებენ, მაგრამ ის უნდა დაინტერესდეს თავისი ქვეყნის საქმეებით”.

სახელგანთქმულ ავსტრალიელ ჩოგბურთელს ე.წ. ტოლერანტულმა საჩოგბურთო საზოგადოებამაც შეუტია. მარგარეტის წინააღმდეგ ბუნტს შეუერთდნენ მისი თანამემამულეები _ სამანტა სტოსური და კეისი დელაკვა, რომელიც, უკვე კარგა ხანია, ცხოვრობს მეგობარ ქალ ამანდა ჯადთან და ზრდის 2 ბავშვს. დელაკვა და კორტი, დიდი ხანია, მტრობენ ერთმანეთს, მაგრამ დაპირისპირება მარგარეტმა დაიწყო. ერთერთ განცხადებაში მან უარყოფით მაგალითად დაასახელა დელაკვას ლესბოსური ოჯახი და განაცხადა, რომსწორედ ასეთი კავშირები წარმოშობს უმამო ბავშვებს და კლავს ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს”.

ავსტრალია განთქმულია შემწყნარებლობით ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების მიმართ და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გეებისა და ლესბოსელების ქორწინებას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ საზოგადოების რიგითმა წევრებმა (ავსტრალიელთა 60%-მა), არამედ ჩოგბურთელებმაც, მაგალითად, ნიკ კირიოსმა.

ცხადია, მარგარეტ კორტი დისკომფორტს განიცდის მშობლიურ ქვეყანაში, სადაც თამაშის წესები ისეთი არ არის, როგორც ჩოგბურთის კორტზე, სადაც ის იყო ბრწყინვალე სპორტსმენი, რომელსაც ბევრი ბაძავდა, მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ კი ყველას აღაფრთოვანებდა.

მარგარეტ კორტი ავსტრალიაში ახლა საკმაოდ ბევრს არ მოწონს მხოლოდ იმიტომ, რომ თავის აზრს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება სხვებისგან, დაუფარავად გამოხატავს, მაგრამ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი, 4 შვილის დედა, მზად არის თავისი თვალსაზრისისა და ტრადიციული ფასეულობების დასაცავად.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here