Home რუბრიკები ისტორია მარადიული საფიქრალი: ქართველი ერი, როგორც ისტორიული არსება, ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირი არ არის?

მარადიული საფიქრალი: ქართველი ერი, როგორც ისტორიული არსება, ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირი არ არის?

1644
გერონტი ქიქოძე

ჩვენ, ყველანი, მომავლის იდეალებით ვცხოვრობთ, წარსული კი ჩვენს წარმოდგენაში ხშირად სევდის მომგვრელ სასაფლაოს ჰგავს ან კიდევმიტოვებულ ქალაქს”, როგორც ერთმა მგოსანმა თქვა. მომავალი ოცნებაა, “მუდმივი ზღაპარი მზის სამეფოზედა საუკეთესო ნაწილი ჩვენი სულისა სწორედ ამ ოცნებაშია.

ადამიანი ან, მით უმეტეს, ხალხი უიდეალოდ რაღაც დაუმთავრებელ არსებად მიგვაჩნია, გაუგებრობად, შინაგან წინააღმდეგობად. ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ ადამიანისგან, რომ ყოველთვის ცხოვრების იდეით ხელმძღვანელობდეს და პირუტყვულად ვთვლით ისეთ ყოფაქცევას, რომელიც მომენტების მოთხოვნილებებს ვერ გასცილებია. ზნეობრივ პიროვნებასა და ზნეობრივ იდეალს ვეძებთ ადამიანში და მიზანთა წინ დაყენება ადამიანობის ყველაზე დამახასიათებელ თვისებად მიგვაჩნია, მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდებით ამ კეთილშობილ ნიჭს ადამიანისას, ადვილად დავინახავთ, რომ იგი დაფუძნებულია მის მეორე საყურადღებო მხარეზე, რომელიც არანაკლებ გარკვევით არჩევს მას ცხოველისგან: ადამიანი ისტორიული არსებაა

ეს აზრია გატარებული ქართველი მწერლის, პოლიტიკოსის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის _ გერონტი ქიქოძის ფილოსოფიურ წერილშიცხოვრება და ზნეობრივი იდეალი”. მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან.

ქართველ ფილოსოფოსს კაცობრიობის ისტორია დიდ ზნეობრივ ტრაგედიად მიაჩნია, თუმცა ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრება უფრო ხშირად უშინაარსო და ზნეობრივად უღირს ფარსს შეიძლება ჰგავდესო, ამბობს.

თვით ქართველი ერი, რომელსაცასე ნათლად ეტყობა დღეს მცონარობა, პასივობა, თავისი თავის უპატივცემლობა, რომელსაც ძვალსა და რბილში წამბაძველობა აქვს გამჯდარი და უკუღმართი მსახიობობა, მსახიობობა შინაც და გარეთაც, მხიარულებაშიც და მწუხარებაშიც, უმოქმედობაშიც და იდეალებისთვის ბრძოლაშიც, განა ეს, დღეს შინაურების და გარეულების მიერ ყბად აღებული ქართველი ერი, როგორც მთელი, როგორც ისტორიული არსება, ჭეშმარიტი ტრაგიკული გმირი არ არის? რა განსაცვიფრებელი ზნეობრივი ენერგია არ გამოააშკარავა მან საუკუნეთა განმავლობაში თავის დამოუკიდებელ ეროვნულ მეობის შესანახად. განა საფიქრებელია, რომ ეს ენერგია სამუდამოდ გაქრა, რომ ის ეხლა აღარ არსებობს? რასაკვირველია, არა! საჭიროა მხოლოდდაკარგული მთლიანობისაღდგენა, საჭიროა მხოლოდ პაწია, ხშირად სმენისათვის მიუწვდომელი ხმებისმწყობრ მელოდიაშიშეერთება”, მაგრამ როგორ?

აი სწორედ ეს არის დღეს წყევლაკრულვიანი საკითხავი.

* არსებობს ძლიერ მძიმე და სერიოზული ზნეობრივი ვალდებულება და, ვინც ამ პირდაპირ და მახლობელ ვალდებულებას ივიწყებს, ის ვერც იმ უდიდეს მოთხოვნილებათა სიმაღლეზე ავა, რომელთაც მას საზოგადოება უყენებს.

* როცა ჩვენი ინდივიდუალური ცხოვრების წყარო სჩქეფს და გადმოდუღს, როცა ჩვენი ფიზიკური, გონებრივი და ემოციონალური ძალნი მეტნი არიან, ვიდრე პირადად ჩვენთვისაა აუცილებლად საჭირო, მაშინ ჩვენში იბადება მოთხოვნილება სხვისთვის მოქმედებისა, ექსტენსიურად გაშლისა, თავგანწირულებისა.

ზნეობრივი არსების სიღრმეშია ვალდებულების შეგნება ჩამარხული და იმ მწვავე კონფლიქტებით და წინააღმდეგობებით საზრდოობს, რომელიც ადამიანობის მუდმივ განუყრელ ხვრელს შეადგენს.

* რაც უნდა განვითარებული იყოს პიროვნება, მასში აუცილებლად მდაბალი და ნაკლებ ფასიანი ფსიქიკური მოტივებიც მოქმედებს. კიდევ მეტი: რაც უფრო განვითარებული და მდიდარია სულიერად პიროვნება, მით უფრო მოსალოდნელია, რომ იმის ბუნებაში აღმოჩნდება ყოველგვარი ადამიანური განცდა, როგორც შესაძლებლობა ან როგორც რეალობა.

* სულიერი განვითარება სრულიადაც არ ნიშნავს ყველა მდაბალი და საძრახისი ინსტინქტის მოსპობას; პირიქით, ის უწინარეს ყოვლისა, ინსტინქტთა, გრძნობათა, აზრთა და შეხედულებათა გამრავალფერებას მოასწავებს. კულტურული წინსვლა აძლიერებს როგორც ეგოისტურს, ისე უფრო მაღალ ინდივიდუალურ და სოციალურ გრძნობებს, როგორც ბოროტების და დანაშაულობის, ისე კეთილ და სასიქადულო მოქმედების ნიჭს და ზნეობრივი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ მრავალმხრივ ერთიმეორეს მოწინააღმდეგე ძალთა შორის სათანადო ურთიერთობა დაამკვიდრდეს; საჭიროა ეგოისტური მოტივები უფრო სპეტაკ ინდივიდუალისტურ მოტივებს დაექვემდებაროს, ხოლო ეს უკანასკნელნი _ სოციალურ გრძნობებს და ადამიანობის იდეას. დიდბუნებოვანობა სწორედ ამ სახიფათო შინაგან ბრძოლაში და საბოლოო გამარჯვებაში აშკარავდება. პირიქით, ძლიერ იაფად ფასობს იმ უსუსურ არსებათა ზნეობრივი მოქმედება, რომელთაც დანაშაულობის ჩადენა მხოლოდ იმიტომ არ ძალუძთ, რომ მათი ღარიბი სული ძლიერ ვიწროა, რათა ბოროტების და შეცოდების გულისთქმანი დაიტიოს თავის საზღვრებში.

* შინაგანი დიფერენციაციის ზრდაშია მტკიცე საძირკველი ზნეობრივი ამაღლებისა, მოტივთა კონფლიქტში, უზენაეს გულისთქმათა შეგნებულ ან შეუგნებელ დღესასწაულობაში, მარტო დიდი მიზნის დასახვა, მარტო ცხოვრების გაფართოებისათვის ზრუნვა ვერასოდეს ვერ მიანიჭებს ადამიანის მოქმედებას იმ გამოუთქმელ ფსიქიკურ თვისებას, რომლიდანაც მისი ზნეობრივი ფასი გამომდინარეობს, უეჭველია, რომ ის ადამიანი, რომელიც დიდ სიკეთეს მოიმოქმედებს, რომელიც ცხოვრებას თავისი ნიჭითა და შრომით ბევრ მატერიალურ და სულიერ ღირებულებას მატებს, მაგრამ ყოველთვის ფარულ ეგოიზმით, პირად სარგებლობით გაუმაძღარი ბედნიერების მოთხოვნილებით ხელმძღვანელობს, ბევრად დაბლა დგას ეთიკურად, ვიდრე ის, რომელიც შეიძლება დიდი მიზნებისაკენ არ ილტვოდეს და არც ძალა შესწევდეს ზეციდან ვარსკვლავების საკრეფად, მაგრამ სამაგიეროდ თავის მოქმედებაში ყოველთვის სპეტაკი გრძნობისა და მოსაზრებებისაგან გამოდიოდეს. ზნეობრივი მოქმედების ღირსება მარტო შინაგან მოტივებზე არ არი დამოკიდებული, როგორც ეს უკიდურეს ინტუიტიციონურ მორალს ჰგონია, მაგრამ ის არც მარტო გარეგნული მიზეზებით და შედეგებით განისაზღვრება. პიროვნება, რომელიც სიკეთეს ყოველთვის ცუდის განზრახვით შვრება, სწორედ იმდენსავე ფასობს ეთიკურად, რამდენსაც მისი მოპირდაპირე ცალი, რომელიც არაფერს აკეთებს, თუმცა ყოველთვისსაუკეთესო ზრახვით და სათნოებითააგამსჭვალული.

* ადამიანური ცხოვრების თვალსაზრისით შეგნებული პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე უსიცოცხლო საგანი, ეროვნება კიდევ უფრო მაღლა, ვიდრე თუნდ უძვირფასესი პიროვნება, კაცობრიობის სიდიადე კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იმის წინაშე თავი უნდა მოიხაროს უძლიერესმა და უკულტურესმა ერმაც; მის წინაშე უნდა დადუმდეს ყოველი ვიწრო ინდივიდუალისტური და ნაციონალისტური ინტერესი, რომელიც ადამიანობის ამაღლებულ იდეალს ეწინააღმდეგება.

აქ ვხვდებით ჩვენ სინდისის ფენომენს, როგორც აუცილებელ ზნეობრივ ძალას. შინაგანი ხმაა ის იდუმალიდემონი”, რომელიც მოგვიწოდებს, საზოგადოებას მის წინაშე უპირატესობა მივანიჭოთ, ხოლო პიროვნება უპიროვნო ნივთზე მაღლა დავაყენოთ, და გვქენჯნის უწყალოდ, როცა ამ სავალდებულო ურთიერთობას ვარღვევთ მოქმედების მოტივთა შორის.

* ყოველ პიროვნებაში, ხშირად სუსტად და შეუგნებლად, ხშირად მძაფრად და შეგნებულად ცხოვრობს ლტოლვა, რომელმაც უნდა, გაარღვიოს და გააფართოოს თავისი ინდივიდუალური საზღვრები, უნივერსალურ პრინციპად აქციოს თავისი ინდივიდუალური პრინციპი. ძლიერ შინაგან დრამას შობს განვითარებულ პიროვნებაში ამ ლტოლვის შეტაკება სოციალურ ინსტინქტთან, ძლიერ ფსიქიკურ და ეთიკურ საფრთხეს წარმოადგენს ის ადამიანისათვის.

მართალია, სოციალური ინსტინქტი ძლიერდება კულტურულ განვითარებასთან ერთად, სწავლა, კვლევა-ძიება, მეცნიერება, ხელოვნება და საზოგადოდ ყოველგვარი სულიერი შემოქმედება, ერთის მხრით, უეჭველად აახლოვებს ადამიანთ ურთიერთს შორის.

* როგორც კულტურული კაცობრიობა წარმოუდგენელია ეროვნულ განსხვავებათა გარეშე, ისე განვითარებული საზოგადოებაც შეუძლებელია იქ, სადაც ძლიერი ინდივიდუალური თავისებურება, განუმეორებლობა და ბრძოლა არ არსებობს.

* კონკურენციას, შეტაკებას, დიფერენციაციას და დისჰარმონიას მოკლებული საზოგადოება უთვითმოქმედო და უსუსურია, როგორც ერთფეროვანი, მოსაწყენი სპარსული მუსიკალური მელოდია.

ესაა უბედურება თანამედროვე ადამიანისა, რომ მისივე ცხოვრების კულტურული სიმდიდრე და მრავალმხრივობა მისი ტრაგიკული კონფლიქტების დაუშრეტელ წყაროდ გარდაიქცა.

* უბადრუკი და შესაბრალისი ის პიროვნება თუ ეროვნებაა, რომელმაც არა თუ სხვისი, თავისი საკუთარი ისტორიულად განმტკიცებული სულიერიმედაკარგა, რომელმაც თვით აღარ იცის თავისი ვინაობა და რომელიც ყოველ მომენტში ანდრეევის ლორენცოსავით მზადაა, თავისივე თავი განგმიროს. ეს უკვე ნამდვილი ტრაგიზმი არაა; ეს ფარსია, რომელიც მხოლოდ ძლიერ სამწუხაროდ თავდება.

* ცხოვრება სახუმარო ვოდევილი კი არ არი, რომელიც ინტრიგებით იწყება და ყველასათვის სასიამოვნო მხიარულებით თავდება, არამედ დიადი დრამა, რომლის თვითეული მომენტი უძლიერესი თვითმოქმედების, უფართოესი შესაძლებლობის გამოაშკარავებას მოითხოვს. საჭიროა, თავი დავანებოთ სასწაულის ლოდინს და ვიწამოთ, რომმკვდრეთით აღდგომაამავე ცხოვრებაშია შესაძლებელი და ზნეობრივად სავალდებულო

გაზეთიდროება”, 1910 .

დასასრული შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here