თვეზე მეტია, რუბრიკა “კარდაკარი” დავიწყეთ. შეგნებულად არ გვიძებნია სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების მქონე ოჯახები და ადამიანები, არც ისეთები, ხელისუფლებით უკმაყოფილო რომ იქნებოდნენ, მაგრამ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, “ქართული ოცნებით” კმაყოფილ ერთ ადამიანსაც ვერ შევხვდით.
რუბრიკის სტუმრები, ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ სოციალურ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველების აზროვნება “კუჭზე” არ გადის, მათ სოცილურ პრობლემებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაც აწუხებს. ამ რუბრიკის მიზანია, ხალხის ხმა ხელისუფლების წევრებამდე მივტანოთ, კარგი იქნება, თუ ისინი მოისმენენ რიგითი მოქალაქეების სატკივარს და მათ რაღაცით მაინც დაეხმარებიან. გაზეთი მზადაა, მოუსმინოს ყველას, ვისაც სურს, თავის სატკივარსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ ილაპარაკოს. დღეს რუბრიკის სტუმარია თბილისელი მანია დულარიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ვიდრე ამის საშუალებას ასაკი და ჯანმრთელობა აძლევდა, ახლა კი მარტო ცხოვრობს, სულ რაღაც, 6 კვ.მ ოთახში:
_ 2012 წლის არჩევნებს ცის გახსნასავით ველოდი, ვიცოდი, სააკაშვილი უნდა მოეშორებინა ხალხს, მაგრამ რა ფორმით მოხდებოდა ეს, წარმოდგენა არ მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს შევიტყვე, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და ძალიან გამიხარდა, მივხვდი, სააკაშვილის მმართველობა დასრულებული იყო.
დღეს კი სამწუხაროა, რომ ხალხმა ივანიშვილს ამდენი რამ აპატია. თავდაპირველად, ვამბობდით, მიშას გაფუჭებულ საქმეებს ერთ და ორ წელიწადში ვერ გამოასწორებსო, შემდეგ _ დავაცადოთო, და ახლა სანანებელი გვაქვს ყველაფერი _ დაცდაც და მოთხოვნების წაუყენებლობაც.
დიდი ხანია, ხალხისთვის სასიკეთო საქმე არავის უკეთებია. ის, ვინც ამ გაჭირვებულ ხალხს დააღალატებს, ადამიანი არ არის, არადა, როგორი იმედი გვქონდა ბიძინასი. ხომ ეხმარებოდა სააკაშვილს, ხომ უკეთებდა საქმეებს, მაშ, რა მოხდა, ხალხი რატომ გაგვწირა? მას ქართველი ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია.
_ თქვენ როგორ ცხოვრობთ?
_ წინათ შევარდნაძის ცოლს ვაგინებდით, 7 ლარით იცხოვრეთო რომ გამოგვიცხადა, მაგრამ დღეს ანალოგიური რამ გვითხრა გუგული მაღრაძემაც,_ როგორ, დიასახლისმა 180 ლარით ვერ უნდა იცხოვროსო?!
რა უნდა ვქნათ 180 ლარით? კომუნალური გადასახადები გადასახდელი გვაქვს, თანაც გაორმაგებული, წამალი სჭირდება ადამიანს და საკვების ფული თითქმის აღარ რჩება. უნამუსოები არიან, თვითონ ათასობით ხელფასს, პრემია–დანამატს იღებენ და არ ჰყოფნით, ჩვენ კი 180 ლარი უნდა ვიმყოფინოთ?! რამდენჯერ მინატრია, ნეტავ, მქონდეს საშუალება, პარლამენტარებს დაველაპარაკო და, რაც სათქმელი დამიგროვდა, ყველაფერი მივახალო-მეთქი. მე კიდევ რაღაცით ვირჩენ თავს, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ნაგავში იქექებიან?
სხვა გზა რომ აღარ დამრჩა, ოთახის ნახევარი გადავტიხრე, მეორე ნახევარში, ვიფიქრე, მდგმურს დავაყენებ-მეთქი, მაგრამ სულ მატყუებენ და მეპარებიან ისე, რომ ფულს არ მიხდიან. დაწვეს ელექტროენერგია და გადასახადი მე დამიტოვეს. ამასაც ბედი უნდა, ალბათ…
მინდა, ჩვენი ქვეყნის ტკივილსაც შევეხო.
არჩევნებიდან არჩევნებამდე ველოდები, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ქვეყნის გაერთიანების შესახებ საინტერესო აზრს მოგვაწვდის, მაგრამ ამაოდ… ფიქრიც კი მიატოვეს ამ საკითხზე… ერგნეთის ბაზრობის გაუქმება დანაშაული იყო, ეს ბაზარი ჩვენ შეგვარიგებდა. ოსების უმრავლესობა საქართველოში ცხოვრობს.
ჩემი ქალიშვილობის გვარი თედეევია, ოსის ქალი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო საქართველოა, ქართველად გავიზარდე, ქართულად ვისწავლე ქართველი შვილები მყავს, ამჟამად ჩემი მეუღლის გვარს ვატარებ, მომწონს ამ გვარის ტარება… ძალიან მწყდება გული, რომ პრობლემა, რომელის მოგვარებაც შეიძლებოდა, ვერ მოვაგვარეთ. ვერ შევძელით ოსი და აფხაზი ძმების ჩვენკენ შემობრუნება. დღეს ამაზე ოცნებაც კი ზედმეტად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სიცოცხლეში ეს არ მოხდება.
_ როდის ცხოვრობდით ყველაზე კარგად?
_ კომუნისტების პერიოდში, შვილო, და ამის თქმის არასოდეს შემრცხვება. ვინც ის ეპოქა გამოიარა, ძალიან უნამუსო უნდა იყოს, არ აღიაროს, რომ კომუნისტების მმართველობის პერიოდში, ყველა კარგად ვცხოვრობდით. სავაჭრო სისტემაში ვმუშაობდი, მერე რენტგენის გაკეთება ვისწავლე და კარგა ხანს მედიცინის სფეროში ვსაქმიანობდი.
სამსახურიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, მაღაზიაში თამამად შევდიოდი, შემეძლო, მეყიდა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ცხოვრება გაჭირდა. საქართველომ დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით ვიდექი… სხვათა შორის, იმ ავტობუსებიდან ერთ-ერთში ვიჯექი, ცხინვალისკენ რომ დაიძრა _ ოსები გაგვიშვეს ოსებთან მოლაპარაკებაზე. როცა გზა გადაგვიღობეს, ბევრი ვიჩხუბე ოსებთან, ჩემს ტერიტორიაზე როგორ არ მიშვებთ, ეს საქართველოა, ჩვენ ქართველები ვართ და უნდა შევიდეთ-მეთქი. მილიციელი, რომელსაც ვედავებოდი, ჩემი მოგვარე იყო _ თედეევი… გვითხრეს, ქართველებმა ოსი ბიჭები აწამესო, მაგრამ გაირკვა, რომ ნაწამები არავინ იყო. ამის შემდეგ ოსებმა განაცხადეს, შევრიგდეთ, ძმები ვართო, მაგრამ ჩვენ არ დავთმეთ, ომით გადავწყვიტეთ პრობლემის მოგვარება. მახსოვს, ოსებმა გააპროტესტეს, ავტობუსებით მხოლოდ ოსები რომ ჩავედით, სურდათ, ქართველები ჩასულიყვნენ… იმხანად გვეგონა, პრობლემა მალე მოგვარდებოდა, მაგრამ ვცდებოდით. ეს პრობლემა სამუდამო აღმოჩნდა. ბევრი შეცდომაა დაშვებული, ძალიან ბევრი და შეცდომები ახლაც გრძელდება.
ტერიტორიების დასაბრუნებლად არაფერი გავგვიკეთებია, სადაც თავი უკეთესად იგრძნეს, იქ წავიდნენ მოძმე ოსები და აფხაზები. ქართველებს ვეღარ ინარჩუნებს დედა-სამშობლო, მისი შვილები უცხო ქვეყანაში გარბიან ლუკმაპურის საშოვნელად, მართლა ყველა ქურდი კი არ არის, შიათ და იმიტომ მიდიან, და ოსები ან აფხაზები როგორ მობრუნდებიან? 180 ლარს გვაყვედრის ვიღაც გუგული მაღრაძე და ასეთ პირობებში ჩვენთან დაბრუნება არავის მოუნდება. ორჯონიკიძეში, ალბათ, მიმიღებდნენ, ლუკმას არ დამამადლიდნენ, მაგრამ საქართველოს გარდა არსად მინდა ცხოვრება. უბრალოდ, იმის თქმა მსურს, ცხოვრების პირობები რომ გაგვეუმჯობესებინა, იქნებ ისინიც ჩვენთან მოსულიყვნენ…
_ საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, ვის ისურვებდით პრეზიდენტად?
_ ეს საცოდავი, ახლა რომ გვყავს, მისი ბრალია, მანდ რომ ზის? ვინც მოიყვანა, რისთვის მოიყვანა, რას ერჩოდა?.. მყავს რამდენიმე კანდიდატი, ვისაც ვისურვებდი, მაგრამ თქმას რა აზრი აქვს, ეს ხომ ქვეყანა აღარ არის?
სასურველია, მოვიდეს ახალი ხელისუფლება, ახალი პრეზიდენტითა და პრემიერით, მაგრამ მოვა? ადამიანებს ყელში ამოუვიდა ყველაფერი, მაგრამ ქუჩაში არავინ გამოდის, იმედი გაუცრუვდათ, არავის ენდობიან…
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
გულ სატკენია ოსებს როგორ არ რცხვენიათ რუსები ირჩიეს წამებით მოკლეს ვაჟ-კაცი და ცხედარსაც არ გვაძლევენ ქრისტიანები არიან? ამის შემდეგ რა შერიგებაზეა ლაპარაკი გამორიცხულია ისევ აიმღვრა ურთიერთობა ვინ შეარჩენს დაფიქრდნენ ჯობია დროზე გადმოგვცენ საცოდავი წესით დაიკრძალოს ვაჟ-კაცი
მალე მოუწევთ ოსებს ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების დატოვება. ვერ გრძნობენ დანაშაულს თავისას…მათთვის საქართველოს ბევრი აქვს გაკეთებული და ვერ დააგასეს…ასე რომ მოვა ის დრო როცა წავლენ ალანეთში…დაინახავენ საიდან მოვიდნენ და სად დაბრუნდნენ…მერე კი გვიან იქნება თითზე კბენა…მაგრამ რა დავაშავეთ ჩვენც???? ეთნიკური ნიშნით ჩვენ მათ არასოდეს ვასხვავებდით მაგრამ ეშმაკს არ სძინავს და აგერ ბატონო მიბრძანდნენ…