ზიგმუნდ ფროიდის ერთი საინტერესო ნაშრომი „Unbehagen in der Kultur” 1929 წელს არის დაწერილი. მას თარგმნიან, როგორც „უკმაყოფილება კულტურით” ან „უბედურება კულტურით”. ფროიდის აზრით, ყოველგვარი რელიგიური აღმსარებლობა ილუზიაა, მაგრამ მისი წყარო არის „მარადიულობის“ (მუდმივის) და „ოკეანურის“ (უსაზღვროს) განცდა. ფროიდი წერს, რომ ფსიქოანალიზს ძალუძს, ახსნას მისი წარმოშობა. ამ „ოკეანური“ განცდის წყაროდ იგი ე.წ. ინფანტილურ ნარცისიზმს ასახელებს. ადრეულ ასაკში ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დაშორებული გარე სამყაროს, მაგრამ მისი „მე“ მოგვიანებით ყალიბდება. იმ ინფანტილურ განცდასთან დაბრუნება, რომელიც ზრდასრულთა ფსიქიკის შორეულ კუთხეებშია შემორჩენილი, იწვევს კიდეც რელიგიური გრძნობების წარმოქმნას.
ფროიდის ზემოაღნიშნული ნაშრომი ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს და ადამიანის სულის ლაბირინთებში შეღწევასთან ერთად სოციუმის პულსის მიყურადებასაც ცდილობს, მაგრამ ჩვენ ასე შორს არ წავალთ, რადგან ის, რამაც ეს ნაშრომი გამახსენა, შესავალშივეა ნახსენები – „ინფანტილური ნარცისიზმი”.
ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ თავისუფლდებიან ბავშვური ტკბობისგან საკუთარი პიროვნებით. მათთვის უმაღლეს ღირებულებას „მე” წარმოადგენს. ამგვარ ადამიანთა ერთი თავისებურება არის ის, რომ ყველაფერს საკუთარი კმაყოფილებისა და უკმაყოფილების სასწორზე წონიან. მათთვის საგანთა და მოვლენათა უმაღლესი (დადებითი) შეფასება კმაყოფილებაა, უმაღლესი (უარყოფითი) შეფასება კი – უკმაყოფილება.
ახლა კი ნება მიბოძეთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზოგიერთი შეფასება შეგახსენოთ:
*„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინაში მეომარ მხარეთა ლიდერების – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებებით, – ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა”;
*„ასეთი რამ არასდროს მინახავს. ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი გვინახავს. ისრაელით უკმაყოფილო ვარ. არც ირანით ვარ კმაყოფილი. ჩვენ გვყავს ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ არ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ, – აღნიშნა ტრამპმა”;
*„არ ვარ კმაყოფილი პუტინის ქმედებებით. ის ბევრ ადამიანს ხოცავს და არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა. დიდი ხანია, ვიცნობ. მასთან ყოველთვის კარგად ვთანხმდებოდი, მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს ისვრის, ხალხს ხოცავს და ეს საერთოდ არ მომწონს. ის, საერთოდ, გაგიჟდა. უმიზეზოდ ხოცავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვლაპარაკობ, – განაცხადა ტრამპმა”;
*„დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა საკუთარი პორტრეტით კოლორადოს კაპიტოლიუმში”;
*„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის შემოთავაზების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა”;
*„აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მთავრობის ხელახალი დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1,4 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, რომელიც ტეხასში საზღვარზე არსებული ლითონის ღობის დამატებით 90 კილომეტრით გაგრძელებას მოხმარდება. პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა, რადგან იგი 5,7 მილიარდს ითხოვდა”;
*„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული კინოაკადემია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოსკარი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულ ფილმ „პარაზიტს”გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა კოლორადოში ერთ-ერთი მიტინგის დროს ისაუბრა: ხედავდით, რამდენად საშინელი იყო კინოაკადემიის დაჯილდოება წელს? მე უკმაყოფილო ვარ, გაიმარჯვა ფილმმა სამხრეთ კორეიდან. რა ჯანდაბა მოხდა? ჩვენ საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან. და ამის შემდეგ ისინი მას წლის საუკეთესო ფილმს ანიჭებენ? ეს ნორმალურია? – განაცხადა ტრამპმა. მის ამ სიტყვებს მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა”;
*„დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთის გამოძიებით უკმაყოფილოა”;
*„ტრამპი სპაისერის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ ტელეკომპანია სი-ენ-ენი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი საკუთარი პრესმდივნის მუშაობით უკმაყოფილოა. შონ სპაისერი თეთრი სახლის პრესსპიკერის პოსტის გარდა კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. სი-ენ-ენის ინფორმაციით, ტრამპი პრესმდივნის პოსტზე მისი შემცვლელის კანდიდატურას არჩევს”;
*„აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით. ამის შესახებ მან მიჩიგანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა”;
*„ევროპამ დრაკონული „ლოკდაუნები“ ადრეც დააწესა, მაგრამ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მაინც იზრდებოდა. ახლა ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაიმეორონ. რა ჯანდაბას აკეთებენ?! ალბათ, სჯობს, წავიდე და ჩემი უკმაყოფილების შესახებ დაველაპარაკო, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა”;
*„წყაროების ცნობით, ტრამპი კმაყოფილია მასკითა და მისი “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივენი შეთანხმდნენ, რომ დროა, მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი აიღოს. მათი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს თავის შიგა წრეს, მათ შორის, თავისი კაბინეტის წევრებს გაუზიარა. მასკი თავის ამჟამინდელ როლს მომდევნო კვირებში ჩამოშორდება”;
*„დონალდ ტრამპი „სუპერსამშაბათის“ შედეგებით კმაყოფილია და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერსამშაბათი ამერიკის 15 შტატში ჩატარდა”;
* “შეხვედრები მიდის ორივე მხრიდან კეთილი ნებით და კარგი სულისკვეთებით, – დაწერა ტრამპმა ორმხრივი მოლაპარაკების მეორე დღეს, მე კმაყოფილი ვარ”.
აი, მისი „ინფანტილური ნარცისიზმის” ბოლო „შედევრი”: ტრამპმა მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე ძიება. მან ობიექტური გამოძიებისკენ კი არ მოუწოდა, პირდაპირ ვერდიქტი დადო: „ისრაელის ისტორიაში არავინ არის, ვინც უფრო ძლიერად და კომპეტენტურად იბრძოდა, ვიდრე ბიბი ნეთანიაჰუ. სასამართლო განხილვა უნდა გაუქმდეს ან დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალონ უდიდესი გმირი, რომელმაც ასე ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის”.
ათასობით ამგვარი ამონაწერის გაკეთება შეგვიძლია. ტრამპისთვის დამოკიდებულებათა გრადაცია ერთ შკალაზე მდებარეობს – კმაყოფილიდან უკმაყოფილომდე ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საგანთა და მოვლენათა შეფასების ტრამპისეული კრიტერიუმი მხოლოდ ისაა, რომ რაღაც მასში კმაყოფილების განცდას აჩენს, რაღაც კი პირიქით – უკმაყოფილების. იგი თითქოს არც ფიქრობს (ვერც ხვდება), რომ ეს უკიდურესი სუბიექტივიზმია, რომ ასეთი მიდგომის შედეგად მთლიანად გამქრალია ის, რაც მას, როგორც პრეზიდენტს, ყველაზე მეტად მოეთხოვება –ობიექტურობა,
ტრამპმა წააქეზა ისრაელი, რომ ირანზე სარაკეტო იერიში მიეტანა, რომელსაც ირანმა, ბენებრივია, სარკისებურად უპასუხა. მერე ტრამპმა თვითონ დაბომბა ირანი, ამის შემდეგ გაკვირვებული ადამიანის პოზა დიჭირა და წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც მსოფლიო პრესა შემოირბინა: „ჩვენ ორი მხარე გვყავს, რომლებიც ასე დიდხანს და ასე ჯიუტად ომობენ და არ ესმით, რა ჯანდაბას აკეთებენ”. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ჰააგაში გამართულ სამიტზე ტრამპს მამიკო უწოდა. მან ეს იმ მომენტში გააკეთა, როდესაც ირანისა და ისრაელის შესახებ ტრამპის ნათქვამ სიტყვებს განიხილავდა, რომლებიც ეს-ესაა მოვიხმეთ. ტრამპის სიტყვები რუტემ ასე შეაფასა: „მამიკოს ზოგჯერ უწევს მკაცრი გამოთქმების გამოყენება, რათა მსგავსი ქმედებები შეაჩეროს”. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს: „არ არის ეს პირფერობა და მლიქვნელობა?” რუტემ თქვა, რომ თვითონ ასე არ მიიჩნევს. ბატონ რუტეს როგორც უნდა მიაჩნდეს, მის ამ სიტყვებში უდავოდ არის პირფერობისა და მლიქვნელობის ელემენტები, მაგრამ ეს არ არის მთავარი. საქმე ის არის, რომ ეს ნათქვამი მთქმელზე მეტად ნათქვამის ობიექტის დახასიათებას შეიცავს. ამგვარი ენის მოჩლექა, შენ ხარ მამა და მარჩენალი, ანუ შენ ხარ ერთადერთი, ვისაც გაღმერთებთ, სწორედ „ინფანტილური ნარცისიზმის” აღიარებაა, რომელიც იმ პიროვნებაში უდავოდ არსებობს, რომლის მიმართაც ამგვარ დამოკიდებულებას ავლენენ.
ტრამპის განცხადებით, მისი სამშვიდობო სტრატეგია ოთხ მთავარ ფუნდამენტზე დგას: “სამშობლოს დაცვა, ამერიკული კეთილდღეობის განვითარების ხელშეწყობა, მსოფლიოს კონკურენციაში ამერიკის გავლენის გაძლიერება და მშვიდობის იძულება”. მიაქციეთ ყურადღება ბოლო პუნქტს – მშვიდობის იძულება. ტრამპის განცხადებაში, „მე ყოველთვის ვიქნები მშვიდობისმყოფელი, თუმცა ზოგჯერ მშვიდობის დასამყარებლად სიმკაცრეა საჭირო“, დიალექტიკურ მთლიანობაზე მეტად „ინფანტილური ნარცისიზმი” გამოსჭვივის, რადგან წინა პლანზე მისი სუბიექტური ეგოა წამოწეული. ტრამპი საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რისი უფლებაც, მისი აზრით, სხვებს არ უნდა ჰქონდეთ. ის ერთადერთია, ვინც მიზნის მისაღწევ საშუალებას თავადვე განსაზღვრავს, თუმცა სხვებს ამ უფლებას არ უტოვებს. ტრამპი საკუთარ თავს ასე განიხილავს, იგი ერთადერთია, ზემდგომია, მბრძანებელია, წესთა დამწესებელია და სხვათა საქციელის განმსჯელ–შემფასებელია. იგი ასე მიუდგა კრიზისებს უკრაინაშიც და ახლო აღმოსავლეთშიც. მან ჩათვალა, რომ აშშ-ის შემადგენლობაში უნდა შევიდეს კანადა, გრენლანდია, პანამის არხი. ვლადიმერ პუტინს არ აქვს უფლება, რომ ასევე იმსჯელოს უკრაინის ტერიტორიებზე, სი ძინპინის არ აქვს უფლება, ასევე იმსჯელოს ტაივანის შესახებ, მას კი, რატომღაც, გააჩნია სახელმწიფოთა და ხალხთა ბედის გადაწყვეტის ერთპიროვნული უფლებამოსილება. ეს „რატომღაც” სხვა არაფერია, თუ არა „ინფანტილური ნარცისიზმი”, რომლითაც შეპყრობილია ეს ფიზიკურად უზარმაზარი და სოლიდური ასაკის მამაკაცი.
საბოლოო ჯამში, რა არის ეს? რთული შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს. ამ შეკითხვის პასუხად პირველ რიგში ის უნდა ვთქვა, რომ ამ ამბავში კარგი არაფერია. აშშ ის მონსტრია, რომელიც სისტემურ კრიზისშია ჩაძირული. იგი მძიმე კატაკლიზმების გზით, ალბათ, შობს ახალ რეალობას, რომელიც განწმენდილი იქნება წარსულის მძიმე ცოდვებისგან და ახალ, შედარებით სამართლიან მომავალზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ, სანამ ეს განხორციელდება, რომელიმე ნაღმზე აფეთქებაც არ არის გამორიცხული. ისტორიამ ის მაინც გვასწავლა, რომ ბოლოს ყველა იმპერია ინგრევა. ამ წესისგან არც აშშ იქნება გამონაკლისი, მაგრამ, ეს უკვე სხვა თემაა. რაც შეეხება ტრამპის პიროვნებას, იგი ცნობილია, როგორც არათანმიმდევრული აზროვნებისა და მოქმედებების ადამიანი, რომელიც წარა-მარა იცვლის პოზიციას, თვალსაზრისს, დამოკიდებულებას… ამიტომ იგი ვერ იქნება საიმედო პარტნიორი ვერც პარტნიორებისა და ვერც მოწინააღმდეგეებისთვის. იგი ვერც მშვიდობისმყოფელი იქნება და ვერც ახალი, მსოფლიო მნიშვნელობის აზრისა და იდეის გენერატორი, რადგან ვერასოდეს გათავისუფლდება „ინფანტილური ნარცისიზმის” ტყვეობიდან. სანამ იგი უზარმაზარი ზესახელმწიფოს პრეზიდენტია, მისი „ინფანტილური ნარცისიზმი”, რომელიც მამიკოს როლში ვლინდება, მსოფლიო პრობლემაა, მას შემდეგ კი, რაც თანამდებობას დატოვებს, ეს პრობლემა არავის გაახსენდება, ისევე, როგორც არ ახსოვთ კლინტონის, ობამას, ბუშის, ბაიდენისა და სხვათა ფსიქოლოგიური პრობლემები.
ვალერი კვარაცხელია