მსოფლიოში “კოვიდ-19”-ის პანდემიის მასშტაბის მატებასთან ერთად, რაც ახალ რეალობასა და ძირეულად შეცვლილ საერთაშორისო დღის წესრიგს გულისხმობს, საქართველოში ანტიმართლმადიდებლური კამპანიაც დღითიდღე ძლიერდება. მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ჩნდება ახალ–ახალი ბრალდებები, როგორც ეკლესიისა და საპატრიარქოს, ისე ცალკეული სასულიერო პირების მიმართ. მეტიც, მას შემდეგ, რაც აგრესიული ლიბერალური ელიტისა და მის მიერ მართული ტელემედიის აპოკალიფსური პროგნოზი ნააღდგომევს ე.წ. მრევლის კლასტერის გაჩენის თაობაზე არ გამართლდა და ეპიდემიის ახალმა ტალღამ არ იფეთქა, შეტევა უშუალოდ პატრიარქზე დაიწყო. ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ თურმე საპატრიარქო მიზანმიმართულად აქეზებს საზოგადოებაში სოციალურ აგრესიას, რომლის მიზანსაც ჯანდაცვის სისტემისადმი უნდობლობის გაღვივება და ვირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის (რომელიც ჯერ შექმნილი არ არის) მიუღებლობაა (ამ თემაზე უცხოეთიდან დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლევებს კვლევებზე აქვეყნებენ).
მთავარი საკითხი, რომელზეც ზემოაღნიშნული პროპაგანდა აპელირებს, არის მოსაზრებები კონკრეტული სასულიერო პირებისა, რომლებმაც მედიასთან განაცხადეს, რომ ვაქცინაცია აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს… მოკლედ “მრევლის კლასტერის” არგაჩენით იმედგაცრუებული ე,წ, ლიბერალური ისტებლიშმენტი ახალი გამოწვევის წინაშეა. “ანტივირუსულ ვაქცინაზე ნეგატიური განწყობების გამღვივებელი მართლმადიდებელი ეკლესია” კაცობრიობის და, პირველ რიგში, საქართველოს მტრად უნდა გამოცხადდეს, თუმცა იმ ფონზე, როცა იგივე ლიბერალები საგანგებო მდგომარეობით გამოცხადებულ კარანტინს ადამიანის “ფუნდამენტური უფლებების” შეზღუდვად აფასებდნენ, გაუგებარია, ვაქცინაციის ნებაყოფლობითობა რატომ უნდა აღიქმებოდეს არაკანონიერ მოთხოვნად.
ცნობისთვის: მსოფლიოში უკვე არსებობს ეჭვები და ვარაუდები, რომ “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოსახლეობის ე.წ. ჩიპიზაცია მოხდება. ამ ყველაფრის მიზანი კაცობრიობაზე ტოტალური კონტროლის დაწესება და ადამიანების ჯანმრთელობაზე (მათ შორის ფსიქიკაზეც) ზემოქმედებაა, შედეგად დედამიწის მოსახლეობამ ადამიანური სახე უნდა დაკარგოს და ბიორობოტებად იქცეს (პირუტყვებად, რა!).
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, რა ძალები უპირისპირდება ქვეყანაზე მზრუნველ, და, მაშასადამე, ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტს _ საპატრიარქოს და რა სირთულეები გველოდება მომავალში _ ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება დიღმის სამი მღვდელმთავრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამი (გამცემლიძე).
_ მამაო, ეპიდემიის ფონზე, რომელიც მსოფლიო მედიაში მძვინვარებს, საქართველოში ანტიმართლმადიდებლური კამპანია პიკს აღწევს. სამიზნეშია ამოღებული ეკლესია და სამღვდელოება, რომელთა მიმართაც მუდმივად ისმის სხვადასხვა ბრალდება. მაგალითად, ერთ–ერთი ბრალდებაა ის, რომ თურმე საპატრიარქო საზოგადოებას ანტიქრისტეს მოსვლის ჟამის მოახლოებით აშინებს და მიზანმიმართულად ცდილობს პანიკის დათესვას მოსახლეობაში. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? რა აზრის ხართ თუნდაც მოსახლეობის მასობრივ აცრაზე ვითომ “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომელიც, დიდი ალბათობით, სავალდებულო იქნება?
_ ვფიქრობ, მთავარი ამ ბრალდებებსა და ბინძურ ცილისწამებებში არის ის, რომ ეს კამპანია მიმართულია არა ერთი რომელიმე ინსტიტუტის, ვთქვათ, საპატრიარქოს ან ცალკეული სასულიერო პირების წინააღმდეგ, რომლებსაც შეიძლება, მართლა ცუდად გამოუვიდათ რომელიმე განცხადება, არამედ მიმართულია, საერთოდ, ქრისტიანული სწავლებისა და მორალის წინააღმდეგ. “არგუმენტი” მათი ის კი არ არის, რომ ვიღაც კონკრეტული პიროვნება ხალხს აშინებს და რომელიღაც თემით მანიპულირებს, არამედ პირდაპირ, დაუფარავად დასცინიან სახარებას. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა _ რას ნიშნავს ეს? ეს ხომ ბრძოლაა სარწმუნოების წინააღმდეგ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშორონ უფალს და არა მხოლოდ დააშორონ, განაწყონ ანტიმართლმადიდებლურად. საერთოდ, თანამედროვე დასავლური ნეოლიბერალური იდეოლოგია ვერ იტანს მორწმუნე ადამიანს, იმიტომ, რომ მორწმუნე ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება ძალიან ძლიერია. შეუძლებელია, მას თავს მოახვიო რაღაც ფორმით ლამაზად შეფუთული ცოდვა, რომელსაც იდეაში ვითომ ტოლერანტობასა და შემწყნარებლობას დაარქმევ, მაგრამ რეალურად იქნება უღმერთობა. ამიტომ არის ზუსტად მათი უპირველესი მიზანი ქრისტიანული სწავლების მარგინალიზაცია და მათი პოზიციიდან, მათი ინტერესების გადმოსახედიდან ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია.
პანიკასა და ადამიანების შეშინებას რაც შეეხება, პანიკას თესავდნენ თვითონ, როცა 24-საათიან რეჟიმში მოუწოდებდნენ საზოგადოებას, ტაძრებში არ წახვიდეთო. წარმოიდგინეთ, გამოდის კაცი, ამხელა თანამდებობის პირი და აცხადებს, კუბოებს ვერ დავითვლითო… სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ე.წ. ლიბერალური ელიტისთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ის, რომ აღდგომის შემდეგ ე.წ. ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდა. ეს ერთი. და მეორე _ მათთვის, რა თქმა უნდა, თავზარდამცემია ის, რომ ვერანაირი პროპაგანდითა და პანიკის მცდელობით მორწმუნე მრევლი ვერ შეაშინეს. პირიქით, უამრავი ადამიანი მივიდა სააღდგომო წირვაზე და ყველაფერი, ღვთის წყალობით, ნორმალურად ჩატარდა. საპატრიარქო მოიქცა აბსოლუტურად სწორად, როცა მან პრინციპული უარი თქვა ღვთისმსახურების შეჩერებაზე… ცხადია, ეს ჩვენი უწმინდესის დამსახურებაა.
_ სავალდებულო ვაქცინაციაზე რას ფიქრობთ?
_ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი იმ აზრზეა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მე უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ უარი ვთქვა. რატომ და რის გამო, ეს უკვე პიროვნული საკითხია, თუმცა აქაც უკვე ვხედავთ ჩვეულ “ლიბერალურ” ქილიკს იმის თაობაზე, რომ თურმე ადამიანებს ანტიქრისტე ელანდებათ და ვაქცინაციის ამიტომ ეშინიათ. ჯერ ერთი, სიფხიზლე შიში არ არის, კარგად გაერკვნენ; და მეორე _ ძალიან მაინტერესებს, ამ ათეულობით და ასეულობით მილიონს რომ ურიცხავს საქართველოს ხან სავალუტო ფონდი, ხან მსოფლიო ბანკი და ა.შ., რა მიზანი აქვთ? ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე ზრუნვით ხდება?!
_ ხელისუფლება ამას ფინანსურ დახმარებას ეძახის.
_ არანაირ დახმარებას ჩვენ არ გვიწევენ და არც გაგვიწევენ, არ დაიჯეროთ. ეს არის ჩვეულებრივი პროცენტიანი ვალი, რომელიც გვაწვება ჩვენ, რიგით მოქალაქეებს და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ქვეყანა იღებს სხვადასხვა ვალდებულებას. ეს ცნობილი სქემაა იმისთვის, რომ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნები მუდმივად აკონტროლონ.
რაც შეეხება ისევ იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომ თურმე ეკლესია მოსახლეობაში პანიკას თესავს და ადამიანებს მეორედ მოსვლის ჟამის მოახლოებით აშინებს, რა, ეკლესიის მოგონილია ის, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, შვედეთში) უკვე დაიწყეს ადამიანების “დაჩიპვა”?! ეკლესიის მოგონილია ის, რომ ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი გამოდის და დაუფარავად ამბობს: რელიგია შხამია, მართლმადიდებლობა კიდევ ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშიაო?!
_ როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერს რამე გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობაზე?
_ ცხადია, არის რაღაც ნაწილი ხალხისა, რომელიც მერყევია და მათზე, ალბათ, იოლია ზემოქმედება, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერანაირი პროპაგანდითა და სიცრუით შეცდომაში ვერ შეიყვან. სხვათა შორის, ეს ნათლად დავინახეთ აღდგომას, როცა, მიუხედავად აშკარად პროპაგანდისტული პროგნოზებისა უთვალავი კუბოების შესახებ, მორწმუნე მრევლი ტაძრებში მივიდა და მიზანს, რომ ქვეყანაში ღვთისმსახურება შეწყვეტილიყო და ტაძრები დაეკეტათ, ვერ მიაღწიეს, მრევლი არათუ ვერ დააშინეს, პირიქით _ განამტკიცეს და კიდევ უფრო გაუძლიერეს რწმენა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მთელი ეს ე.წ. ნეოლიბერალური პროპაგანდა, რომლის უპირველესი მიზანიც მართლმადიდებლობაა მსოფლიოში, არის გლობალიზმის ყველაზე მკაფიო ლუსტრაცია. ამ თვალსაზრისით ეს პროპაგანდა კარგია, იმიტომ, რომ იმაზე უკეთ მხილებას, როგორც თვითონ აკეთებენ, ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით…
_ ამ დღეებში ევროკავშირმა 150 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო საქართველოს, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევას მოხმარდება. როგორ ფიქრობთ, ესეც გარკვეულ ვალდებულებებს გულისხმობს?
_ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: დასავლეთის მიერ გაწეული ყოველი ფინანსური “დახმარება” საქართველოსთვის ახალი ვალდებულებების ყულფია, რომელშიც ქვეყანას თავს აყოფინებენ. მსგავსი “დახმარებების” შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს, როგორც ქვეყანას, ფაქტობრივად, არ გვიყურებენ და თითის ქნევით გვკარნახობენ ყველაფერს. მათ შორის, როგორი მართლმსაჯულება უნდა გვქონდეს და რომელი დამნაშავე უნდა გამოვუშვათ ციხიდან…
_ დავუბრუნდეთ ისევ ვაქცინაციის თემას. ვთქვათ, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა და, ვინც მასზე უარს იტყვის, კანონს დაარღვევს… რა გზა დარჩება საზოგადოებას საკუთარი თავის დასაცავად?
_ საზოგადოებას ვეტყვი ერთადერთ რამეს: მიენდონ უფალს, იარონ ტაძრებში, დაიცვან მარხვა, ეზიარონ, ილოცონ და იცხოვრონ ქრისტიანულად. მორჩა! სხვა გზა და სხვა ხსნა არ გაგვაჩნია! ისტორიულად ჩვენ ყოველთვის ვძლიერდებოდით მაშინ, როცა ხალხი უფალს ებარებოდა.
ვაქცინაციას რაც შეეხება, ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით, ვინ მუშაობს ამ ვაქცინაზე _ რა ძალებია და რა ინტერესები არსებობს; მეორეც, არავინ იცის, რეალურად როგორ იმოქმედებს ახალი პრეპარატი ადამიანების ჯანმრთელობაზე, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრი პირდაპირ შემიძლია, გითხრათ: ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს რამე წამლის გაკეთებას. ეს თუ ჩემს რწმენას ეწინააღმდეგება და ამ თვალსაზრისით ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, მასზე უარს ვიტყვი, თუნდაც სიცოცხლის ფასად. ისე, ფულს წყალში ტყუილუბრალოდ რომ არავინ გადაყრის და ჩვენთვის სასიკეთოს არაფერს არ დაგვაძალებს, ცხადზე ცხადია. ამიტომ, თუ იქნება დაძალება, გინდათ თუ არა, გაიკეთეთო, ეს ეჭვებს გააღრმავებს და ბევრ რამეს ფარდას ახდის…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია