საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს. ისინი არიან ფულზე გაყიდული მოღალატეები და, ეკლესიაში კი არა, საერთოდ, საქართველოში არ უნდა დაადგმევინო ფეხი!
გლობალისტური ძალების დეკლარირებული მიზნების შესრულებას, რომ ქრისტიანობა, როგორც რელიგია, მსოფლიოში ფორმალობად იქცეს, ხოლო ეროვნული თვითმყოფადობის ნებისმიერი გამოვლინება ძალადობად აღიქმებოდეს, საქართველოში მოქმედი უცხოეთიდან დაფინანსებული მესამე სექტორი განსაკუთრებული ძალისხმევით ცდილობს.
საკმარისია, მედიაში, სოციალურ ქსელში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ან მოქალაქეების ჯგუფმა ეროვნული ინიციატივა წამოაყენოს, ლიბერალიზმის პროპაგანდისტები მაშინვე თავდასხმას იწყებენ; შემდეგ ეს აგრესიული კამპანია ანტიეროვნულ-ანტიმართლმადიდებლურ შეტევაში გადაიზრდება და “ლიბერალური” ისტერიკა კარგა ხანს არ ცხრება. ახლახან ამ ძალების უკმაყოფილების მიზეზი სკოლებში რელიგიის სწავლებაზე განათლების მინისტრის განცხადება გახდა. ზოგმა მის ამ ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა და მმართველი გუნდი დასავლური ღირებულებების ღალატში დაადანაშაულა, ზოგი კი შეფასებებში უფრო მკაცრი იყო. მაგალითად, ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ საგნის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიძულვილს წაახალისებსო. მიზეზი თურმე შეიძლება ის გახდეს, რომ დღეს საქართველოში დომინანტი რელიგია მართლმადიდებლობაა. გარდა ამისა, მათივე აზრით, დღეს პატრიარქსა და საპატრიარქოს განათლების სამინისტროზე სერიოზული გავლენა აქვს, საზოგადოება კი “განსხვავებულის” მიმართ საკმარისად ტოლერანტული არ არის. ასეა თუ ისე, მინისტრის ინიციატივა დაიბლოკა და ამისთვის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის “შეშფოთება” აღმოჩნდა საკმარისი. მეტიც, ეს განუხორციელებელი ინიციატივა უკვე ფართომასშტაბიანი ანტიმართლმადიდებლური კამპანიის საბაბად იქცა _ “ლიბერალურმა” მედიამ მყისვე ატეხა ერთი ამბავი: ხელისუფლება გაჯერებულია რელიგიურად მოტივირებული სუბიექტებითო. რაც შეეხება პროპაგანდის სხვა საშუალებებს, ამას წინათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რუსუდან გოცირიძე, რომელსაც “ლიბერალური” მედია სასულიერო პირად, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსად მოიხსენიებს, ალაპარაკა, რომ თურმე “ქრისტემ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელთა რელიგიურ გრძნობებს”. მისი თქმით, ღმერთი ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებდა და სახარება სავსეა 300-ლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით…
გოცირიძის ადგილას რომელიმე მართლმადიდებელი სასულიერო პირი რომ ყოფილიყო და ანალოგიური რამ ეთქვა ალაჰზე, “ლიბერალური” პროპაგანდა მას ისლამოფობიაში დაადანაშაულებდა და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებდა. იგივე მოხდებოდა იუდაიზმის, ბუდიზმის, ინდუიზმისა და ნებისმიერი სხვა რელიგიის შეურაცხყოფის შემთხვევაში, თუმცა ამ კონკრეტულ განცხადებას ადამიანის უფლებებზე დამცველი არც ერთი “არასამთავრობო ორგანიზაციის” მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, თანამედროვე “ლიბერალური” გაგებით, ქრისტიანობის, განსაკუთრებით _ მართლმადიდებლობის, შეურაცხყოფა არის არა დისკრიმინაცია, არამედ გამოხატვის თავისუფლება და ამ უფლებით სარგებლობა ნებისმიერს შეუძლია. რატომ ითვლება დღეს საქართველოში მხოლოდ მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა დემოკრატიად და სიტყვის თავისუფლებად, სხვა კონფესიების მიმართ გამოვლენილი იგივე ქმედება კი ჩვეულებრივ რელიგიურ შოვინიზმად? ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი _ მამა გიორგი (რაზმაძე).
_ მამაო, განათლების მინისტრის განცხადებას, რომ, შესაძლოა, სკოლებში შემოიღონ რელიგიის ისტორიის, როგორც არჩევითი საგნის, სწავლება, არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება მოჰყვა. თქვეს, რომ დღეს საქართველოში დომინანტი რელიგია მართლმადიდებლობაა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ამ საგნის ობიექტურად სწავლებისთვის მზად არ არის…
_ სამწუხაროდ, დღეს ეს ქვეყანა ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებსაც არც ქართველობა სჭირდებათ და არც ქრისტიანობა. მათი მცდელობა და მოღვაწეობა მიმართულია იქით, რომ მართლმადიდებლობა როგორმე ამოძირკვონ, ახალგაზრდები ნარკოტიკით გააბრუონ და ღმერთი დაავიწყონ. რაც შეეხება განათლების მინისტრის განცხადებას რელიგიის სწავლებაზე, ეს რას ჰგავს, იცით? _ “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”. ამას წინათ მომიტანეს მეშვიდე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, რომელშიც შავით თეთრზე წერია, როგორ უნდა მიიღოს ბავშვმა სიამოვნება წებოთი. ამას სკოლაში რომ ასწავლი, განათლების მინისტრმა როგორ შეიძლება რელიგიის შემოღებაზე ისაუბროს?! თუმცა, როგორც ჩანს, ამ განცხადების მიღმა ისევ ცისფერი კომისრების ინტერესი დგას. ალბათ, მათ ათქმევინეს, რომ მერე “არასამთავრობო ორგანიზაციებს” ხმაური აეტეხათ. ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას ერთად, უნდა მოჰკიდო ხელი და, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, სხვა პლანეტაზე გაუშვა, იქ დაამყარონ თავიანთი კანონები და იყვნენ.
“ოცნებას” რაც შეეხება, ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს. ისინი არიან ფულზე გაყიდული მოღალატეები და, ეკლესიაში კი არა, საერთოდ, საქართველოში არ უნდა დაადგმევინო ფეხი.
_ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ხშირად არის განხილვის საგანი. ეკლესია ყოველთვის მწვავედ რეაგირებს, როცა ესა თუ ის რეფორმა რაიმე თვალსაზრისით მიუღებელია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქვთ მშობლებს ასეთივე პროტესტი, როცა მათ შვილებს სკოლაში წებოსგან სიამოვნების მიღების წესს ასწავლიან?
_ სამწუხაროდ, დღეს ქართველი ადამიანი ინდიფერენტულია. მისთვის მთავარია, თვითონ იყოს კარგად და სხვა არაფერი ადარდებს. ყველას ჰგონია, რომ სხვისი უბედურება არ შეეხება. ამიტომაა აქ ადვილი ყველაფრის დაკანონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ქმედება საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. სხვათა შორის, ამას წინათ ეკლესიაში მოვიდნენ წყალზე მრიცხველის დასაყენებლად. ანუ, როგორც რესტორნებს ბეგრავენ გადასახადებით, ეკლესიაც ასე უნდა იყოსო. მერე კიდევ იმ 25 მილიონს აყვედრიან საპატრიარქოს და ჯიპებზე საუბრობენ. ჯერ ერთი, ის 25 მილიონი უბრალო მღვდლამდე არ მოდის და პატრიარქმა ამაზე ადრე განაცხადა. ის ჯიპები კი ჩვენთვის არავის მოუცია; თუ ვინმეს მისცეს, იქაც მოსასმენი აპარატურა ჩაუყენეს, რომ გაეგოთ, ვინ რას ფიქრობს და რაზე საუბრობს.
_ ამას წინათ პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, შავი ჯიპების ეპოქა უნდა დასრულდესო. ნაწილობრივ ეკლესიაც ხომ არ იყო ამ განცხადების ადრესატი?
_ ასეთი გამოსვლები, როგორც წესი, კვირიკაშვილის კი არა, იმ ცისფერი კომისრების პოზიციაა, რომლებიც საქართველოს მარიონეტ ხელისუფლებას ჩასძახებენ, ესენი კი, უბრალოდ, ამოიძახებენ. კვირიკაშვილი არის მიკროფონი, სხვა არაფერი; რასაც ჩასჩურჩულებენ _ იმას იტყვის ხმამაღლა. რა გიკვირთ?! მათი დასავლელი მბრძანებლები იქამდე მივიდნენ, რომ უკვე სახარების შეცვლა უნდათ. მასში რაც წერია, ხელს აღარ აძლევთ. გამოჰყავთ ვიღაც გოცირიძე და ალაპარაკებენ, რომ ქრისტიანობა სწორად არ გვესმის, თურმე სხვანაირად უნდა გავიგოთ, სხვა კუთხით უნდა შევხედოთ…
_ სხვათა შორის, რუსუდან გოცირიძეს ისიც ათქმევინეს, რომ ქრისტემ შეურაცხყო ებრაელი ხალხის რელიგიურ გრძნობები და თურმე სახარება სავსეა 300-ლარიანი ჯარიმის საპირწონე ქმედებებით.
_ ამ გოცირიძესთან “ზიარებაზე” დადის გიგა ბოკერია, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მტერია, და სოზარ სუბარი. ისე, ეს სუბარი _ მინისტრი, ქართველ კაცი, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია და ამხელა თანამდებობა აქვს, “ეპისკოპოს” რუსუდანთან როგორ “ეზიარება”?! ან რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს კვირიკაშვილი, როცა გვერდით უზის სექტანტი მინისტრი?! თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდება. თქვენ ნახეთ, რა მოხდება 17 მაისს, როცა მამათმავლები ქუჩაში გამოვლენ და აღლუმის ჩატარებას მოინდომებენ.
_ რას გულისხმობთ, რა არის მოსალოდნელი?
_ ხელისუფლებას დავალებული აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, მამათმავლებს ორგიები ჩაატარებინოს. აი, მერე ნახეთ დაჭერები და ეკლესიასთან ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ესენი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დავალება პირნათლად შეასრულონ და დასავლელი პატრონები უკმაყოფილო არ დატოვონ.
რაც შეეხება განცხადებას, რომ ქართული განათლების სისტემა მზად არ არის სკოლებში რელიგიის სწავლებისთვის, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას რომ ითხოვენ და არა მხოლოდ მოხმარების, არამედ რეალიზაციის ლეგალიზებაც უნდათ, ამისთვის მზად ვართ?! ან ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს და ქართველ ერს თავზე გადაუარეს, მზად ვიყავით?! რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. უცხოელებს უფლებას აძლევენ, მიწა იყიდონ. არაბებს, თურქებს და, კაცმა არ იცის, კიდევ ვის, ქართულ პასპორტებს ურიგებენ, სადაცაა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზეც დაიწყებენ საუბარს… ვინმე იტყვის, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ან ოდესმე ვიქნებით?!
_ იქნებ სხვა რამ აქვთ მხედველობაში?
_ “ლიბერალები” ხშირად ამბობენ ასეთ ფრაზებს: “ჯერ საზოგადოების ცნობიერება აქამდე არ მისულა”, “ცნობიერება უნდა ამაღლდეს”, “განათლების დეფიციტია”… ანუ ისინი გულისხმობენ, რომ დროთა განმავლობაში მათი პროპაგანდის ზემოქმედების შედეგად ხალხის აზროვნება ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს, რაც, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობა და, საერთოდ, ქრისტიანული მოძღვრება უნდა გახდეს სრული ფორმალობა. ამის შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება ადამიანებისთვის იმ “მორალური” პრინციპების თავსმოხვევა, რომელთა მიხედვით სოდომია არც ავადმყოფობაა და არც ცოდვა, რომ ბუნებაში, ორი სქესი და გენდერი კი არა, სამოცზე მეტი არსებობს; რომ ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, უნდა მოისპოს. აი ამას გულისხმობენ ისინი მზადყოფნაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ქართველ ხალხს დღეს ეს “მზადყოფნა” არ აქვს და არც არასდროს ექნება…
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნესადმინისტრირების დარგში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას გეგმავს. ამის გამო მეუფე იაკობი აშშ–ში გაემგზავრა. სხვათა შორის, წინა ვიზიტისას მან ვაშინგტონში ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკა ჩვენი ყველაზე სანდო და ძლიერი პარტნიორია. ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული სასულიერო პირები უკვე პროდასავლური და, კონკრეტულად, პროამერიკული ორიენტაციისა გახდნენ?
_ რადგან ეს შეკითხვა დაისვა, ე.ი. ეჭვებიც გაჩნდა საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულმა სასულიერო პირებმა უნდა დააკონკრეტონ: როგორ, რის გამო არიან ამერიკელები ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორები და კეთილისმსურველები მეც სიამოვნებით მოვისმენ მათ აზრს. მაინტერესებს, რანაირად არიან ჩვენი მეგობრები დასავლური სამყაროს ეს წარმომადგენლები, რომლებიც დაუფარავად მტრობენ ეკლესიას და ებრძვიან სახარებას. ვფიქრობ, სასულიერო პირებმა ჩვენი სათქმელი პირდაპირ უნდა ვთქვათ. არ აქვს მნიშვნელობა, ეკლესიაში ვართ, ქუჩაში თუ საზღვარგარეთ. ჩვენც ვყოფილვართ ამერიკაშიც, სინგაპურშიც და სხვაგან, მაგრამ, სადაც უნდა მიდიოდე, იმის გონება უნდა გაგყვეს, რომ თეთრი და შავი გაარჩიო…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია