საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერს უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიული თვალსაზრისით უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. მათი აზრით, აღნიშნული ცვლილება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ასუსტებს, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სახელმწიფოსგან მის დამოუკიდებლობასთან ერთად, კიდევ უფრო აძლიერებს.
განცხადებაში, რომელიც ამ საკითხზე რამდენიმე “არასამთავრობო ორგანიზაციამ” გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ახალ კონსტიტუციაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი არ უნდა ჰქონდეს. ასევე, მას უნდა შეეზღუდოს სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლება და სხვა რელიგიურ კონფესიებს გაუთანაბრდეს… კონკრეტულად რა სახის ცვლილებები ხორციელდება კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების კუთხით, გააძლიერებს კი იგი მართლმადიდებელი ეკლესიის როლს მიმდინარე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებში და რატომ არის არასამთავრობო სექტორისთვის ეს ყველაფერი მიუღებელი? ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე) ესაუბრება.
_ მამაო, ზოგიერთი ჩვენი უფლებადამცველი შიშობს, რომ ახალი კონსტიტუციით მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იზრდება და მომავალში მას პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის უფრო მეტი საშუალება ექნება. მოდი, ჯერ ამ ცვლილებებზე ვისაუბროთ: რა უფლებები ენიჭება რეალურად ეკლესიას და რატომ აღიზიანებთ ეს ქართულ დემოკრატიაზე “გულდათუთქულ არასამთავრობოებს”?
_ დავიწყოთ იმით, რომ ამ კონსტიტუციით ადამიანისა თუ ეკლესიის ყველანაირი უფლება ფეხქვეშაა გათელილი და ის, რაც საფრთხედ მიაჩნიათ, პირიქით _ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მეტიც, კონსტიტუციის ახალ პროექტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხალხი, საერთოდ, არ არის გათვალისწინებული. იქ ასახულია მხოლოდ მათი მამის, ბუკიკიოს, აზრები და ყველაფერი გაკეთებულია ისე, რომ ხალხის ინტერესი კი არ იქნეს დაცული, არამედ _ მამათმავლებისა და მათი დამცველების.
რაც შეეხება შფოთსა და შიშს, რომ თურმე ეკლესიის როლი იზრდება და დემოკრატია საფრთხეშია, სინამდვილეში მათ კარგად იციან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი “საფრთხე” არ არსებობს. უბრალოდ, ფული აიღეს და უნდა იხმაურონ, რათა მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტება. აი, ეს არის მათი საქმე, მაგრამ მაგ საცოდავებს შევახსენებ ილია მართლის სიტყვებს: “საქართველოს ისტორიიდან რომ ამოვიღოთ ეკლესიის როლი, არაფერი დარჩება”. ვფიქრობ, ჭკუათმყოფელ ადამიანს ამაზე შიშები არ უნდა ჰქონდეს. პირიქით, საქართველოში ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ როდის იყო, ვინმეს უფლება შეზღუდულიყო ან ვინმეს დაჩაგრულად ეგრძნო თავი ამის გამო?! ეს არის, კიდევ ვიმეორებ, ხელოვნურად აგორებული თემა, რომელსაც დასავლელი ცისფერი კომისრები მართავენ და მიზეზი არის აშკარა: მათ აღიზიანებთ მართლმადიდებლობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ყველა ხერხს, ყველა საშუალებას იყენებენ, რათა ხალხს შეაძულონ ეკლესია, ადამიანები დააშორონ ღმერთს და მონებად აქციონ…
_ პროპაგანდა, რომელიც მიმართულია ეკლესიის დისკრედიტებისკენ, აღწევს თავის მიზანს? აისახება ის საზოგადოების განწყობაზე?
_ როდესაც ამა თუ იმ კამპანიაში მილიარდები იხარჯება და ჩართულია პროპაგანდისტული მანქანა, ის, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის. ამხელა თანხებს წყალში არავინ ჩაყრის და არ გაფლანგავს. მეორეც, მთელი პოლიტიკური სპექტრი, პოზიციაც და ოპოზიციაც, დღეს თვალებში შესციცინებს დასავლელ ცისფერ კომისრებს. ეს კუკავები და ვიღაც–ვიღაცები რიგში დგანან, რაღაც რომ დასცინცლონ თავიანთ პოლიტიკურ მამა–მარჩენლებს. ამ დროს აზრად არავის მოსვლია, პასუხი მოეთხოვა ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსნისთვის იმ განცხადების გამო, რომ თურმე საქართველოში ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა კანონით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მით უფრო, რომ ეს ჩვეულებრივი რეკომენდაცია კი არ იყო, როგორც ჩვევიათ ხოლმე მათ, არამედ პირდაპირი დირექტივა _ გინდათ, არ გინდათ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაშიო…
_ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს განცხადებას გულისხმობთ?
_ დიახ, სხვა ვინ უნდა ვიგულისხმო?! ის არის დღეს მათი მამა და მაჩენალი. მხოლოდ ხელისუფლება კი არა, სრულიად პოლიტიკური სპექტრი მყავს მხედველობაში. რაც შეეხება ე.წ. არასამთავრობო სექტორს, არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს პატრონი რომ ჰყავდეს, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის მათ საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, იმდენი დანაშაული და, მათ შორის, უმძიმესი დანაშაულებიც გამოიკვეთება, რომ ძალიან ბევრი ციხეში აღმოჩნდება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს სახელმწიფოც ბუკიკიოსია და ქართველ ხალხს არავინ არაფერს ეკითხება.
_ გაითვალისწინებენ ჩვენი კანონმდებლები ბუკიკიოს “რჩევა–დარიგებას” და გაკეთდება კონსტიტუციაში ჩანაწერი ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ თუ ხალხის აზრს უფრო გაუწევევნ ანგარიშს?
_ ამათთვის ერთი ბუკიკიო და მისნაირები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულიად ქართველი ერის აზრი და მოთხოვნა. შესაბამისად, ამთავითვე ცხადია, რომ ის ე.წ. რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ვენეციის კომისია პირწმინდად შესრულდება. სხვა გზა არც აქვთ. არ შესრულდება ბუკიკიოს მითითება _ “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებენ. მის ადგილას კი ან “ევროპული საქართველო” მოვა, ან “გირჩი”, ან ისევ “ნაციონალებს” დააბრუნებენ. აი ეს არის დღეს ჩვენი გულსაკლავი რეალობა და რომელ დემოკრატიაზეა აქ საუბარი? საქართველოში დემოკრატია საერთოდ არსებობს?! ან სად არის თავისუფალი საქართველო? საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება არ არსებობს, ეს არის ბუკიკიოს საქართველო…
_ გასაგებია, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის “რეკომენდაციებს” უსიტყვოდ ასრულებს. თქვენი აზრით, რა ბერკეტები აქვს დღეს საზოგადოებას ან თუნდაც ეკლესიას და სამღვდელოებას იმისთვის, რომ არ დაუშვას კონსტიტუციაში საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი ჩანაწერების გაკეთება?
_ სამწუხაროდ, დღეს პროპაგანდის ყველა საშუალება მათ ხელშია. მედიის უდიდეს ნაწილს ისინი აკონტროლებენ. სწორედ მედიის საშუალებით ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს არაფერი ხდება და ხალხის ყურადღება უმნიშვნელო საკითხებზე გადააქვთ. არადა, იღებენ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა, მაგალითად, “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. აგერ ახლა სამოქალაქო პარტნიორობაზე ალაპარაკდნენ, შემდეგ ქორწინებაზე იქნება საუბარი, მერე ამ ე.წ. ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვს მიაშვილებენ… ხომ ხვდებით, რა სიმახინჯეა. მედიის როლი არის ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გააგებინოს, რა უბედურება გვჭირს. ხალხი უკვე ნელ–ნელა იმ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომ მალე არავის გაუკვირდება, მამაკაცი თუ გამოაცხადებს, ქალი ვარო.
რაც შეეხება შეკითხვას, რა შეუძლია ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მედიასაშუალება და არასამთავრობოების მეხუთე კოლონა 24-საათიან რეჟიმში გაშმაგებით ებრძვის როგორც სამღვდელოებას, ისე პირადად მის უწმინდესობას, ეკლესია მაინც რჩება და ყოველთვის იქნება ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ყველა მათი მცდელობა დამთავრდება კრახით და, მერწმუნეთ, მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ, სანამ ეკლესია ფეხზე დგას, მიზანს ვერ მიაღწევენ, ამიტომ ებრძვიან პატრიარქს, სამღვდელოებას და ამიტომ ებრძვიან, საზოგადოდ, მართლმადიდებლობას. მაგრამ განწირულია ყველა მათი მცდელობა. უბრალოდ, ერთი კია, რომ ქვეყანა ზარალდება და საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მოწამლეს იმ ბინძური პროპაგანდით, რომელიც ნიაღვარივით მოედინება ყველა ტელეარხიდან…
_ როგორც ჩანს, ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერება ყველა ის ცვლილება, რომლებსაც დასავლეთი, უკვე წლებია, თავს გვახვევს და გვეუბნება, რომ ევროატლანტიკურ გეოპოლიტიკურ ოჯახში შესვლა ამ ცვლილებებს მოითხოვს. როგორ ფიქრობთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ხომ არ არის საჭირო?
_ ეს პარლამენტი რომ გასასტუმრებელია, რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ვინ არის მათი შემცვლელი _ ის ვაიოპოზიციური პარტიები, ბუკიკიოს რომ შესციცინებენ თვალებში და ვაშინგტონში დარბიან წარა-მარა ანგარიშების ჩასაბარებლად?! სწორად გამიგეთ, ერთი მოღალატე და გამყიდველი მეორემ რომ ჩაანაცვლოს, რას მივიღებთ?!
_ გინდათ, თქვათ, რომ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრში არ არიან საღი ძალები?
_ შეიძლება ერთი გამონაკლისი არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, სერიოზულად შეცვალოს ვითარება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში, მაგრამ, ძირითადად, კიდევ ვიმეორებ, ოპოზიციური სპექტრი გავსებულია პოლიტიკური სპეკულანტებით. სადაა ოპოზიცია, აბა, სად ჩანს, სად იყვნენ, ვთქვათ, 17 მაისს ან სხვა დროს, როცა ერისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა?! მხოლოდ ის არის ოპოზიციონერობა, ჩოხა ჩაიცვა და ქუჩაში იარო?!
_ ზოგი პარტია აპროტესტებდა და დღესაც აპროტესტებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს.
_ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გამონაკლისი შეიძლება იყოს-მეთქი, მაგრამ რეალური ოპოზიციური ძალა დღეს არ არსებობს ქვეყანაში. თუ არის ერთი-ორი ადამიანი და სიმართლეს მოურიდებლად ლაპარაკობს, მისთვის ყველა ტელევიზიის კარი დახურულია. ამ ადამიანებს სპეციალურად არ აჩენენ. შესაბამისად, ფართო საზოგადოება მათ არ ცნობს და მათი იდეები და თვალსაზრისი ხალხისთვის უცნობია…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია