Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): “დიდი თურანი” ისლამსა და ისლამურ დიქტატურას მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე...

მამა გიორგი (რაზმაძე): “დიდი თურანი” ისლამსა და ისლამურ დიქტატურას მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე განიხილავდა

რატომ არ იღებს ხმას მსოფლიო პატრიარქი, როცა ქრისტიანული სამყაროსთვის ასეთი საგანგაშო ფაქტი ხდება?

მამა გიორგი (რაზმაძე)

10 ივლისს თურქეთმა საბოლოოდ გააუქმა 1934 წელს ათათურქის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კონსტანტინოპოლში (ამჟამინდელ სტაბულში) მდებარე მეექვსე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ტაძარ აიასოფიას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და ნებისმიერ ტურისტსა თუ მომლოცველს შეეძლო მისი მონახულება. სასამართლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მცირე ხანში (იმავე დღეს) პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოსცა განკარგულება და ტაძარი მეჩეთად გამოცხადდა.

ერდოღანის განკარგულება აქტიური განხილვის საგანი შეიქნა მართლმადიდებელ სამყაროში და არა მხოლოდ. ოფიციალური ანკარა საერთაშორისო დონეზეც მწვავედ გააკრიტიკეს (მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, რომლის მოწოდებაც ტაძრის მუზეუმად დატოვებაზე თურქეთის ხელისუფლებამ არ შეისმინა). ერდოღანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა სრულიად თავისუფალია და მას ვერავინ უკარნახებს, რა ცვლილებები განახორციელოს…

რას მოასწავებს დღევანდელ ვითარებაში აიასოფიას მეჩეთად გადაკეთება ქრისტიანული სამყაროსთვის, განსაკუთრებით _ საქართველოსთვის, რომელსაც თანამედროვე თურქეთის იმპერიალისტური პოლიტიკა ერთერთ სამიზნედ აქცევს? გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, თურქეთის პრეზიდენტის მიერ აიასოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებამ მსოფლიო აღაშფოთა, განსაკუთრებით _ მართლმადიდებელი სამყარო. ოფიციალური ანკარა მწვავედ გააკრიტიკეს დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმა, რასაც ერდოღანმა თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ მას ვერავინ უკარნახებს, როდის რა გადაწყვეტილება მიიღოს. რას ნიშნავს ჩვენთვის ის, რომ თურქეთმა უგულებელყო დანარჩენი მსოფლიოს ინტერესები და აიასოფია მეჩეთად გადააკეთა?

_ ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ: პირველი, რომელიც რელიგიურ საკითხებს ეხება, და მეორე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ კონტექსტთან. დავიწყოთ პირველით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორია, პრაქტიკულად, მეორდება მოვლენათა ერთგვარი ქრონოლოგიით, ანუ ერთერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდე კვლავ არის აგრესიული მუსლიმანური იმპერიალიზმის სამიზნეში და ამით ისევ ხდება გარკვეული კულტურული თუ რელიგიური დომინაციის დემონსტრაცია კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ახლა _ რა კავშირშია ისტორიული ქრონოლოგია ამ ყველაფერთან: მოგეხსენებათ, აია-სოფია 1154 წლის 29 მაისს დაეცა და იმ დღიდან მისი კარი ყველა ქრისტიანისთვის დაიხურა. ვინც გაბედავდა და შევიდოდა ან შესვლას დააპირებდა, ფაქტობრივად, სიცოცხლეს ჩაიგდებდა საფრთხეში. სხვათა შორის, მეჰმედ II იყო იმხანად ოსმალეთის ბატონ-პატრონი, რომელიც კონსტანტინოპოლის აზიურ მხარეს ფლობდა და ევროპულ ნაწილში ვენეციელების დახმარებით შეძლო გადასვლა, რის შემდეგაც ქალაქი მიწასთან გაასწორა. შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, რაც საქრისტიანოსთვის, განსაკუთრებით მართლმადიდებლებისთვის, უდიდესი ტრაგედია იყო… ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისტორიის გამეორებაა ის, რომ ამდენი წლის შემდეგ ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთდა და არა მხოლოდ მართლმადიდებელ მომლოცველებს, ტურისტებსაც კი ჩაუკეტეს კარი. ეს არის თურქეთის ხელისუფლების პირდაპირი განაცხადი, რომ ის განაგრძობს იმპერიულ პოლიტიკას, რომლის იდეოლოგიური ორიენტირი ისლამური კულტურის გაბატონებაა მსოფლიოში

_ თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტზე რას იტყვით, რა ნაბიჯია ერდოღანის განკარგულება?

_ ერდოღანი თავიდანვე ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა იყო თურქეთის ნაციონალისტურ ბანაკში, მაგრამ მთავარია ის, რომ წლების განმავლობაში ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში გზა გაეხსნა პანთურქიზმს, რომელიც კარგად ჩამოყალიბებული და დეკლარირებული იმპერიული გეგმაა. ამ გეგმის მიზანი მსოფლიოში თურქი ხალხის კონსოლიდაციაა. სხვათა შორის, პანთურქიზმი, იგივე “თურანული საზოგადოება”, როგორც მოძრაობა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა პერიოდში გაჩნდა. მერე და მერე ეს მოძრაობა ისე გაძლიერდა, რომ მისი ხელმძღვანელები პირველი მსოფლიო ომის წინ ცდილობდნენ, ოსმალეთს რუსეთის წინააღმდეგ ომი დაეწყო. მიზანი გასაგებია _ რუსეთის დამარცხება ოსმალეთს საბოლოოდ გაუხსნიდა გზას აღმოსავლეთისკენ, რაც იდეის თუ გეგმის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენდა. ანუ, თურქი ხალხის ერთობით შექმნილი სახელმწიფოს საზღვრებს ისინი ბალკანეთიდან ციმბირამდე ხედავდნენ, ხოლო ისლამსა და ისლამურ დიქტატურას კიდევ უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალში, ფაქტობრივად, ევრაზიის კონტინენტზე განიხილავდნენ

_ გამოდის, ოსმალეთის იმპერიის დაშლის მიუხედავად, ეს იდეები ცოცხალია. დღევანდელი თურქეთი, თავის მასშტაბიდან და რესურსიდან გამომდინარე, არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი რეალურ პოლიტიკურ კონტექსტში განიხილოს?

_ თურქეთი საკმაოდ მძლავრი ეკონომიკის მქონე 80-მილიონიანი ქვეყანაა, რომელსაც ევროპაში რუსეთის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნატოს წევრიცაა და საკმაოდ კარგ შეიარაღებას ფლობს. თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნების განხორციელება აპრიორი საომარ მოქმედებებს არ გულისხმობს, არსებობს მიზნის მიღწევის სხვა საშუალებებიც. მაგალითად ის, რომ გქონდეს ეთნიკური და რელიგიური პლაცდარმი რომელიმე ქვეყანაში, როგორც, ვთქვათ, საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში, აქვს თურქეთს, ან განახორციელო ეკონომიკური ექსპანსია და გააკეთო ფართომასშტაბიანი კაპიტალდაბანდება, რაც, ასევე წლებია, საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს. კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ ყოველთვის, როცა იმპერია იშლება და მის ნანგრევებზე, როგორც სამართალმემკვიდრე, რჩება სახელმწიფო, ის ადრე თუ გვიან იმპერიულ კურსს უბრუნდება. ამას, როგორც წესი, ისტორიულ სამართლიანობას ეძახიან და ძველი დიდებისთვის ბრძოლაც ამ იდეის გარშემო მიდის, თუმცა თურქებს ისტორიულ სამართლიანობაზე აპელირება ხელს დიდად არ აძლევთ, იმიტომ, რომ ილაპარაკო ისტორიულ სამართლიანობაზე და თან აიასოფია მეჩეთად გადააკეთო, დიდი უსამართლობაა, ეს თურქეთის ხელისუფლებამაც კარგად იცის

_ ამ დღეებში აიასოფიას მეჩეთად გადაკეთებას ერთერთი თურქული სახელისუფლო მედია Haber 7 ასე გამოეხმაურა: “აიასოფია მზადაა, შემდეგი ათენია…”. როგორ ფიქრობთ, მზადაა დღეს ქრისტიანული სამყარო იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც თუნდაც ამ ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო?

_ მე-4 საუკუნეში, როცა კონსტანტინე დიდმა კონსტანტინოპოლი დააარსა და ქალაქის ტერიტორიას საზღვრავდა, ეკითხებოდნენ: სად იქნება ქალაქის საზღვარიო. პასუხად კი კონსტანტინე ეუბნებოდა: როცა გაჩერდება ის, ვინც წინ მიმიძღვის, მეც გავჩერდებიო. ღვთის ანგელოზი უძღოდა წინ იმპერატორს და მან შემოუსაზღვრა ტერიტორია.

მოკლედ, ყოველთვის, როცა ქრისტიანული სამყარო მყარად იდგა თავის სარწმუნოებრივ ფესვებზე, ძლიერდებოდა, მაგრამ, როგორც კი ამ ფესვებს კარგავდა და მწვალებლობაში ვარდებოდა, როგორც რომის იმპერიას დაემართა, სუსტდებოდა და დაშლას იწყებდა. გამოწვევებს რაც შეეხება, დღევანდელი დასავლეთი, რომელიც არათუ მოწყვეტილია თავის ისტორიულ ფესვებს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ცივილიზაციას, ცხადია, ქრისტიანულ სიწმინდეს ვერ დაიცავს. თანამედროვე დასავლეთი _ ეს არის იდეოლოგიურად დაავადებული სამყარო, რომელმაც დაკარგა კავშირი საკუთარ წარსულთან, დაკარგა პატივისცემა საკუთარი გმირებისა და ტრადიციული ღირებულებების, რომლებისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები ხმალამოღებული იბრძოდნენ.

აქვე მინდა, მოკლედ ვთქვა მსოფლიო პატრიარქსა და საპატრიარქოზე: ეს დღეებია, ისინი საერთოდ არანაირ პოზიციას არ გამოხატავენ აია-სოფიას საკითხზე. თუ ისინი თავს მიიჩნევენ მართლმადიდებელი სამყაროს წინამძღოლად, და თავს უფლებას აძლევენ, ჩაერიონ სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების საშინაო საქმეებში, რატომ არ თვლიან თავს ვალდებულად, თუნდაც ორი სიტყვით გამოხატონ პოზიცია და თქვან სიმართლე? რატომ არ იღებს ხმას მსოფლიო პატრიარქი, როცა სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის ასეთი საგანგაშო ფაქტი ხდება?

_ რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

_ ამ საკითხზე საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები. მე, უბრალოდ, ერთს ვიტყვი: მე-6 საუკუნეში, როდესაც აია-სოფია აშენდა, თეოდოს დიდი გუმბათზე დადგა და ასე მიმართა იერუსალიმის უმშვენიერესი ტაძრის ამშენებელ სოლომონ მეფეს: “ახლა ხომ გაჯობე, სოლომონ?” ეს იყო ნიშანი, რომ ქრისტიანების ცხოვრებაში ახალი სულიერების ცენტრი გაჩნდა, რომელიც თავისთავად განსაკუთრებული მოვლენა იყო. მაგრამ მერე ბიზანტიელებმა ვეღარ შეძლეს ამ სიწმინდის შენარჩუნება, რადგან იმპერია დასუსტდა და დაიცალა სულიერებისგან, რომლის გამოვლინება ისიც იყო, რომ იმპერიის ხელმძღვანელობამ რომისგან დახმარების სანაცვლოდ კათოლიციზმი მიიღო. სხვათა შორის, აია-სოფიას მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ თავის დროზე, როცა ვლადიმერ მონომახმა რუსეთის დედაქალაქად მოსკოვი გამოაცხადა და ქვეყნის გაქრისტიანება დაიწყო, მსოფლიოში და მათ შორის საბერძნეთშიც, ხალხი გაგზავნა სიწმინდეების დასათვალიერებლად. როდესაც ელჩობა აია-სოფიაში შევიდა და გალობა მოისმინა, გაოცებისგან შეტორტმანდა, რადგან მსგავსი რამ არასოდეს ენახათ და მოესმინათ… ამის შემდეგ რუსეთი ქრისტიანულ რჯულზე მოექცა და ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო სრულიად საქრისტიანოსთვის.

_ გეთანხმებით, რომ ქრისტიანულ ფესვებს მოწყვეტილლიბერალურდასავლეთს აგრესიული ისლამური ექსპანსიის შეჩერება არ შეუძლია. ამ ვითარებაში საქართველოს რა გზა რჩება? ვინ ან რა დაგვიცავს კულტურული და რელიგიური პრესინგის საფრთხეებისგან, რომელიც თურქეთის იმპერიულმა პოლიტიკამ შეიძლება შეგვიქმნას უახლოეს მომავალში?

_ პირველი და უმთავრესი: დიდი შეცდომაა, როცა საქართველოსთვის .. უსაფრთხოების ქოლგად ევროკავშირი და ნატო ცხადდება. ჯერ ერთი, ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს; და მეორე _ რომც მიგვიღონ, ეს ნიშნავს, რომ აქ თურქეთის სამხედრო ბაზები განლაგდება, რაც კიდევ უფრო რეალურს გახდის ერდოღანის იმპერიულ ზრახვებს სამხრეთ კავკასიაში დომინირებაზე.

რაც შეეხება გამოსავალს, სანამ ქვეყანაში ძალაუფლება დასავლელი ცისფერი კომისრების მიერ მართულ მარიონეტებს უპყრიათ, რომლებიც პირად კეთილდღეობაზე ცვლიან ყველაფერს, მათ შორის ღირსებას, მანამდე გამოსავალზე ფიქრი უნაყოფო იქნება. მავნე “ლიბერალური” პოლიტიკა და მიდგომა უნდა დასამარდეს და დასამარდეს ისე, რომ არავინ ფიქრადაც არასოდეს გაივლოს თავში მისი დაბრუნება. აი, ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ გამოსავალზეც და იმაზეც, თუ რა პოლიტიკურ რელსებზე უნდა გადავიდეს ქვეყანა, ახლო მომავალში კიდევ უფრო ღრმა უფსკურლის პირას რომ არ აღმოვჩნდეთ და ჩვენივე შეცდომების გამო ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე არ დავდგეთ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here