საპრეზიდენტო მარათონი საფრანგეთში კულმინაციას უახლოვდება. ბევრისთვის მოულოდნელად მისი ლიდერი ემანუელ მაკრონი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ბედი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაკრონის შანსი, რესპუბლიკის 25-ე პრეზიდენტი გახდეს, საკმაოდ მაღალია. საინტერესოა, რამ განაპირობა ახალგაზრდა კანდიდატის წარმატება.
“ჰარის ინტერაქტივის” ინფორმაციით, პირველი ტურის წინ მაკრონს მხარს უჭერს გამოკითხულთა 26%, მარინ ლე პენს კი _ 25%, მესამე ადგილზე 18%-ით ფრანსუა ფიიონია. “ოპინიონ ვეის” გამოკითხვის თანახმად, მაკრონსა და ლე პენს 25-25% აქვთ, ფიიონს კი _ 20%. ორ ლიდერს 25% “იფოპ-ფიდუციალმაც” მიაკუთვნა, ხოლო ფიიონს მხოლოდ 17,5%. ამავე გამოკითხვის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 66% მივა, ხოლო 34% სახლში დარჩება.
მთავარი ინტრიგა ამ ეტაპზე ისაა, შეძლებს თუ არა ფრანსუა ფიიონი, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში შეამციროს დისტანცია, რომელიც ლიდერებს აშორებს. ექსპერტების უმრავლესობა მის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს, რადგან ცოლის ფიქტიურ დასაქმებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა და სხვა უხერხულმა ეპიზოდებმა ფიიონის რეიტინგს გამანადგურებელი ზიანი მიაყენა. თუ ის მესამე ადგილზე დარჩება, არჩევნების მეორე ტურში, დიდი ალბათობით, მოხდება იგივე, რაც 2002 წელს, როდესაც “ეროვნული ფრონტის” იმჟამინდელი ლიდერის _ მარინ ლე პენის მამის, ჟან-მარი ლე პენის, წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა, რომელმაც მის კონკურენტ ჟაკ შირაკს ხმათა 82% მოუტანა. 2017-ში სხვაობა ასეთი დრამატული, სავარაუდოდ, არ იქნება, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს. “ჰარის ინტერაქტივის” მონაცემებით, იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გავლენ, პირველი 65%-ს მიიღებს, ხოლო მეორე _ 35%-ს. “იფოპ–ფიდუციალის” გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 60,5% მეორე ტურში ხმას მაკრონს მისცემს, ხოლო 39,5% _ ლე პენს.
ფრანსუა ფიიონს ბოლო კვირებში დადებითი დინამიკა (+0,5-1%) აქვს. მან, ასე თუ ისე, კარგად ჩაატარა დებატები და “ყველაზე დამაჯერებელი კანდიდატების” რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, რადიკალი მემარცხენე კანდიდატ ჟან–ლიუკ მელანშონის (მას მეორე ტურში გასვლის პრაქტიკული შანსი არ აქვს) და ემანუელ მაკრონის შემდეგ, თუმცა ჩამორჩენის დასაძლევად ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.
ფართო საზოგადოება 39 წლის ემანუელ მაკრონს 2014 წლამდე არ იცნობდა. მან პარიზ-ნანტერის უნივერსიტეტი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი და ადმინისტრირების ეროვნული სკოლა დაამთავრა. 2004_2008 წლებში მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში, აგრეთვე, კომისიაში, რომელსაც გამოჩენილი ფრანგი ეკონომისტი ჟაკ ატალი ხელმძღვანელობდა. მაკრონი როტშილდის ბანკში წარმატებული მენეჯერი და საინვესტიციო ბანკირი იყო. 2006-2009 წლებში სოციალისტური პარტიის წევრი გახლდათ, მონაწილეობდა ფრანსუა ოლანდის საარჩევნო კამპანიაში, შემდგომ კი პრეზიდენტის სამდივნოში მუშაობდა. 2014 წელს მაკრონმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო 2016-ში გადადგა, ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და განაცხადა, რომ აპირებს, პრეზიდენტი გახდეს, რაც საფრანგეთის პოლიტიკური ტრადიციისთვის ერთობ უჩვეულოა. იქ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა გაცილებით მეტი კარიერული საფეხური უნდა გაიაროს და პრეზიდენტი მათ შედარებით ასაკოვან მოღვაწედ წარმოუდგენიათ. საინტერესოა, რომ ასაკის პრობლემას უკავშირდება ემანუელ მაკრონის ბიოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი _ 2007-ში მან იქორწინა თავის ყოფილ მასწავლებელზე, ბრიჯიტ ტრონიეზე, რომელიც მასზე 24 წლით უფროსია.
ემანუელ მაკრონი ასპარეზზე იმ დროს გამოვიდა, როდესაც ფრანგული პოლიტიკური სისტემა თავისი ტრადიციული დაყოფით მემარჯვენეებსა და მემარცხენეებზე ღრმა კრიზისს განიცდიდა; იმ მოქალაქეების ხვედრითი წილი, რომლებიც ძველ პოლიტიკურ პარტიებს ენდობოდნენ, 15%-ს ქვემოთ დაეცა. მაკრონმა ისარგებლა ამ გარემოებით და განაცხადა, რომ მისი მოძრაობა “წინ!” “არც მემარჯვენე და არც მემარცხენეა”.
როდესაც “ჟან ჟორესის ფონდმა” და სოციოლოგიურმა ცენტრმა “ცევიპოფმა” რესპონდენტებს სთხოვეს, პრეზიდენტობის კანდიდატები განელაგებინათ ათბალიან შკალაზე “მემარცხენე-მემარჯვენე”, აღმოჩნდა, რომ მარცხენა ფლანგს იკავებენ ჟან–ლიუკ მელანშონი 1,5 ბალით და სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ბენუა ამონი 2,8 ბალით, ხოლო მარჯვენა ფლანგს _ ფრანსუა ფიიონი (8,1) და მარინ ლე პენი (9,1). ისინი ერთმანეთს ამომრჩევლებს ართმევენ, განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს მემარცხენეების შემთხვევაშია. ამ დროს პირობითი “ცენტრი” ფაქტობრივად თავისუფალია, იქ უპირობოდ დომინირებს ემანუელ მაკრონი, რომელსაც გამოკითხულებმა 5,2 ბალი მიაკუთვნეს, შესაბამისად, საუბარია მემარჯვენე და მემარცხენე პოლუსებისგან თითქმის თანაბრად დაშორებულ პოზიციაზე. მაკრონმა შეთანხმება დადო ფრანსუა ბაირუსთან, ერთადერთ ცენტრისტთან, რომელსაც შეეძლო ამ ნიშაში მისთვის კონკურენცია გაეწია, და ბაირუმ მხარი მის კანდიდატურას დაუჭირა.
ემანუელ მაკრონი იყენებს, როგორც მემარცხენეების, ისე მემარჯვენეების ცალკეულ იდეებსა და ლოზუნგებს და ცდილობს, უთხრას ორივე “ფლანგის” ამომრჩეველს ის, რის მოსმენაც მას სურს. ეს არის საკმაოდ რთული თამაში დემაგოგიის ზღვარზე, თუმცა ჯერჯერობით ამართლებს. მაკრონი არა მხოლოდ ცენტრიზმისკენ მიდრეკილ ელექტორატს იპყრობს, არამედ კონკურენტებს თანმიმდევრულ მემარჯვენე და მემარცხენე ელექტორატს “ართმევს” (სხვადახვა გამოკითხვის თანახმად, საუბარია დაახლოებით 20%-ზე ორივე ფლანგიდან). მაკრონის კამპანია ძალიან მაღალტექნოლოგიურია. მას, როგორც ჩანს, ამ არჩევნებში საუკეთესო კონსულტანტები ჰყავს.
მეორე ფაქტორი, რომელმაც ემანუელ მაკრონის წინსვლა უზრუნველყო, გარემოებების თანხვედრაა. პრაიმერის ეტაპზე ასპარეზობას გამოეთიშა ორი კანდიდატი, რომელთაც შეეძლოთ მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული ელექტორატის მოწონება დაემსახურებინათ. ალენ ჟიუპემ, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა პოტენციურმა კანდიდატმა, წააგო წინასაარჩევნო პრაიმერი ფრანსუა ფიიონთან, რომლის პროგრამა (და რიტორიკაც) გაცილებით ხისტი და მოუქნელია. მონაწილეობა არჩევნებში ვერ მიიღეს მაკრონის ძველმა ხელმძღვანელებმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა _ მას პრაიმერში ბენუა ამონმა აჯობა, რომელიც შესაძლო კანდიდატებიდან ყველაზე მემარცხენე პოზიციებზე იდგა. ამგვარად, მაკრონს ყველაზე მოსახერხებელი კონკურენტები შეხვდა, რომელთაც ნაკლებად შეუძლიათ, თავიანთი იდეოლოგიური ნიშიდან გამოვიდნენ.
ემანუელ მაკრონმა გამოიყენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ამომრჩეველს აღიზიანებს და, ისევე, როგორც დონალდ ტრამპმა ამერიკაში, განაცხადა, რომ უპირისპირდება არა რომელიმე კანდიდატს, არამედ მთელ სისტემას და ფრანგული ისტებლიშმენტისთვის დამახასიათებელ მანკიერებებს. ამასთანავე, მან თქვა, რომ მისი მიზანია, გააერთიანოს ორად გახლეჩილი საზოგადოება და შეარიგოს ევროპულ ინტეგრაციაზე, გლობალიზაციასა და კულტურულ გახსნილობაზე ორიენტირებული საფრანგეთი ნაციონალისტურ, ევროსკეპტიკურ საფრანგეთთან, რომელსაც ამ არჩევნებზე მარინ ლე პენი წარმოადგენს. შემრიგებლური პოზიციის მიუხედავად, ეს, ალბათ, ერთადერთი საკითხია, რომლის მიმართ ემანუელ მაკრონს არ შეუძლია შუალედური პოზიცია დაიკავოს _ ის აშკარად გლობალისტურ შეხედულებებს ახმოვანებს. გასათვალისწინებელია, რომ მაკრონი თანმიმდევრულად იცავს ლტოლვილების უფლებებს და მხარს რბილი საიმიგრაციო წესების შემოღებას უჭერს. მას მიაჩნია, რომ სანიმუშო პოლიტიკას ამ მხრივ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ატარებს. ეს გარემოება უზღუდავს შესაძლებლობას, მარინ ლე პენის “ნიშაში” შეიჭრას და მისი ამომრჩევლები გადმოიბიროს, როგორც ამას სხვა ძირითადი კანდიდატების მიმართ აკეთებს.
ყველაზე საინტერესო და ერთობ პარადოქსულიც კი, ალბათ, ისაა, რომ მარინ ლე პენმა და “ეროვნულმა ფრონტმა” ირიბად ხელი შეუწყვეს მაკრონის გაძლიერებას. ძველი, ფაქტობრივად ორპოლუსიანი სისტემა “მემარჯვენეები-მემარცხენეები” ტრადიციულად ნაკლებ შანსს უტოვებდა ცენტრისტ კანდიდატებს, ადრე ხმათა 20%-ის მოგროვებაც კი მათთვის აუხდენელი ოცნება იყო. ლე პენმა კი აქტუალური გახადა ახალი დაყოფა “გლობალისტები – ეროვნულები”, რომელმაც ძველი სისტემა შეარყია (მაგრამ არ გაანადგურა), რომელმაც გამოიწვია ფლანგებზე კონცენტრირებული ელექტორატის გათავისუფლება ძველი სტერეოტიპებისგან და მისი ნაწილის გადასვლა ცენტრისტულ პოზიციებზე. ახლა ამით მარინ ლე პენის მთავარი კონკურენტი, ემანუელ მაკრონი, სარგებლობს.
დღეს მაკრონი ახლოს არის გამარჯვებასთან და მისი შეჩერება მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანსუა ფიიონი არჩევნებამდე დარჩენილ დროში სასწაულებრივად გაზრდის თავის რეიტინგს 5-7%-ით, რაც საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, ხოლო მაკრონი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ის კომპრომატთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდება. თუმცა გავლენიანმა ჯგუფებმა, რომლებიც ახალგაზრდა კანდიდატის ზურგს უკან დგანან, სავარაუდოდ, წინასწარ იზრუნეს იმაზე, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს.
ემანუელ მაკრონმა ნამდვილად შეიძლება მოიგოს არჩევნები, თუმცა საფრანგეთის მთავარი პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ წარმოდგენილთაგან ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება, არათუ შეარბილებს წინააღმდეგობებს “ეროვნულ საფრანგეთსა” და “გლობალისტურ საფრანგეთს” შორის, არამედ, დიდი ალბათობით, გააღრმავებს მათ.
ლუკა ნემსაძე