Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკმაპურის საშოვნელად გადაგებული ერი

ლუკმაპურის საშოვნელად გადაგებული ერი

გერმანიის მთავრობამ მკაფიოდ გვითხრა: ჩვენი მოქალაქეები მონურ მუშაობას ამ ფასად არ თანმხდებიან, მაგრამ მონები გვჭირდებაო და აგერ, ქართველები რიგში ჩადგნენ

441
ლუკმაპურის საშოვნელად გადაგებული ერი

თუ გახსოვთ, პოლიტიკიდან წასვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, _ მალე საქართველოს მოქალაქეები ოფიციალურად შეძლებენ ევროპაში დასაქმებას და საამისოდ ყველა წინაპირობა გვაქვსო. ხალხისა და ოპოზიციის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ოპოზიცია გაიძახოდა: ხომ ხედავთ, ემიგრანტების დაბრუნების ნაცვლად, საქართველოს დაცლას ფიქრობსო. მოსახლეობის ნაწილს ეს იდეა მოეწონა, ნაწილმა არ დაიჯერა, თუმცა, აჰა, აღსრულდა _ გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მზად არის, საქართველოს მოქალაქეები სამთვიან სამუშაოზე აიყვანოს სოფლის მეურნეობის სექტორში.

მოდი, ჯერ ოფიციალური მხარე ვნახოთ. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

* უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

* ასაკი _ 18 წლიდან 60 წლამდე;

* გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

* უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი;

* უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

* არ უნდა არსებობდეს ნებისმიერი მიზეზი (დარღვევა), რომელიც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

* გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, ერთ წევრს მაინც უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი”, _ განმარტავენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობა ერთიდან სამ თვემდეა;

სამუშაო დრო: ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში.

მინიმალური ხელფასი: 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების გამოკლებით, სამუშაოდ წასულ თითოეულ მოქალაქეს თვეში ათას ევროზე ოდნავ მეტი, დაახლოებით 4 ათასი ლარი დარჩება, რაც ქართული სინამდვილისთვის, კარგი კი არა, ძალიან კარგი ჯამაგირია. თუმცა, მოდი, საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ _ რატომ მიჰყავთ ქართველები სამუშაოდ გერმანიაში და რატომ არ ასაქმებენ ადგილობრივებს? მით უმეტეს, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის პრობლემა ყველას უდგას. საქმე ის არის, რომ მძიმე კრიზისის პერიოდშიც კი გერმანელები ამ ჯამაგირზე არ იმუშავებენ, იმიტომ, რომ ეს მათი გადმოსახედიდან მათხოვრული ანაზღაურებაა. სოფლის მეურნეობის სფეროში ვისაც უმუშავია, კარგად ეცოდინება, რომ ეს მარტივი არ არის და ფიზიკურ გამძლეობასთან ერთად მყარ ფსიქიკასაც მოითხოვს. სამუშაო მძიმეა და, ამ სიმძიმის მიუხედავად, საქართველოში რომ შესთავაზოთ იგივე სამსახური და ანაზღაურება _ 4 ათასი კი არა, თვეში 1000-1500 ლარი უთხრათ, ამ წინადადებას ძალიან ბევრი დათანხმდება. დათანხმდება იმიტომ, რომ მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა და გვერწმუნეთ, გერმანიაშიც, ოფიციალურ მონურ სამუშაოზე (გერმანელების გადმოსახედიდან) რიგი დადგება და, ვინც წასვლას ვერ მოახერხებს, გული ძალიან დასწყდება.

სანამ ივანიშვილი ევროპაში ლეგალურ დასაქმებაზე განაცხადებდა, მანამდე ისიც თქვა, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ორ მილიარდ ლარზე მეტს ჩავდებ, ეს სფერო უნდა განვავითაროთ, ადგილზე იმდენი უნდა ვაწარმოოთ, მოსახლეობამ ძირითადად ქართული ნაწარმი მიირთვას, ნატურალურიც იქნება და იაფიცო. ციფრებს თუ ვენდობით, სოფლის მეურნეობაში ორ მილიარდზე ბევრად მეტი ჩაიდო, შედეგი კი არ გვაქვს. ჰო, არ გვაქვს. ივანიშვილი ფიქრობდა, რომ 2 მილიარდი საკმარისი იქნებოდა და, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ბატონმა ბიძინამ, სხვა თუ არაფერი, ანგარიში ნამდვილად იცის. რატომ მოხდა ისე, რომ ორ მილიარდზე მეტი არ ეყო სფეროს, რომელიც, წესით, უფრო იაფად უნდა აღორძინებულიყო?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ არასწორად განისაზღვრა პრიორიტეტები. ფული ჩაყარეს იქ, სადაც პერსპექტივა არ იყო. ასეულ მილიონობით ლარი წავიდა უფასო საწვავსა და მინდვრების უფასოდ მოხვნაზე, მაგრამ სახელმწიფომ არ გააკეთა მთავარი _ არ უთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროგრამით ისარგებლეს, რომ მომდევნო წელს, სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე, იმის ნახევარი მაინც უნდა დაემუშავებინათ და მოსავალი მოეყვანათ, რაც სახელმწიფო სუბსიდიით გაკეთდა. შედეგად, სახელმწიფოს ხარჯზე დამუშავებული მიწიდან ადამიანების უმრავლესობამ მიიღო მოსავალი, ჩაიდო მოგება ჯიბეში და გაჩერდა, მაგრამ გაჩერება მხოლოდ მათი ბრალი არ იყო. საქართველოში მოწეულ პროდუქციას ფასი არ აქვს და ეს იმის მიუხედავად, რომ იდეალურთან ლამის ბოლომდე მიახლოებულია. საქართველოში მოწეული კარტოფილი 70 თეთრი ღირს, ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი კი 50 თეთრად იყიდება, რადგან იქ მოყვანა მარტივია _ შხამქიმიკატებით გაჯერებული პროდუქტი სწრაფად იზრდება. სწორედ ასეთ პროდუქტზე უნდა დაწესდეს უმკაცრესი კონტროლი, უნდა გაძვირდეს გადასახადი შემოტანაზე და ადგილობრივი პროდუქცია დაფასდება.

კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით და ამით მოვრჩეთ. ჩემი ოჯახის წევრმა ქათმების მცირე ფერმა გააკეთა, იყიდა ჯიშიანი წიწილები და დაიწყო გაზრდა. იქვე, ახლოს, ინდოეთის მოქალაქეებს ჰქონდათ ანლოგიური ფერმა. მათი წიწილები 45 დღეში 2.5 კილომდე ადიოდნენ, ანუ გამოჩეკვიდან 45- დღეს მათ უკვე ზრდასრული ქათმები ჰყავდათ, მაშინ, როცა სიმინდსა და ხორბალზე გაზრდილი ქათმები იმავე წონას 8 თვეში აღწევენ. ნატურალურ პროდუქტზე გაზრდილ ქათამს თვითღირებულება ეზრდებოდა დაგაჩერდა ეს ფერმა, ინდოელებისა კი გაფართოვდა და დღემდე მუშაობს. სხვა საკითხია, სასარგებლოა თუ არა ის, რასაც ინდოელები აწარმოებენ, მაგრამ ფაქტია: პროდუქცია ეყიდებათ იმიტომ, რომ იაფი ღირს და, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მოსახლეობის უმრავლესობა ხარისხზე მეტად იაფფასიანს ეძებს.

სად და როგორ გაქრა ქართულ სოფლის მეურნეობაში ჩადებული მილიარდები, არავინ გამოიძიებს და არც არავინ მოიკითხავს. ეს მილიარდები, ალბათ, რამდენიმე ადამიანის საბანკო ანგარიშებზე აისახა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. მთავარი კი ის არის, რომ გერმანიის მთავრობამ ხმამაღლა და მკაფიოდ გვითხრა: ჩვენი მოქალაქეები მონურ მუშაობას ამ ფასად არ თანმხდებიან, მონები გვჭირდებაო და აგერ ქართველების რიგიც დადგა. თანაც, ეს ამბავი გვიხარია, ძალიან გვიხარია, სოციალურ ქსელში ჟრიამულია ატეხილი, ერთმანეთს ასწრებენ ადამიანები მონობის უღლის საკუთარი ნებით დადგმას და ეს მაშინ, როცა მართლა მარტივად შეიძლება, საქართველოშიც იგივე გაკეთდეს და გერმანიაში დაპირებული ხელფასის მეოთხედზე აქ ადამიანები იშრომებენ და ეს ქვეყანასაც წაადგება.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველში დღეს 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ასევე ოფიციალურად, საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ბედის საძიებლად მხოლოდ რუსეთის ფედერაციაშია წასული, კიდევ ერთი მილიონი ევროპასა და ამერიკაშია მიმოფანტული და გვერწმუნეთ, მათგან ძალიან ცოტა იღებს შრომის შესაბამის ჯამაგირს, მაგრამ მაინც მიდიან. და მიდიან იმიტომ, რომ აქ იმის მეოთხედსაც არ აძლევენ. აქაც და იქაც ერი პრაქტიკულად მონობას ეჩვევა და, თუ მიხეილ სააკაშვილმა მთელი ერი კრიმინალად გამოგვაცხადა, ახლა უკვე ლუკმაპურის საშოვნელად გადაგებულ ერად ვიქეცით, რომელსაც პირში ეუბნებიან, მონა მჭირდებაო, და რიგი დგას. რაც ახლა ხდება, ეს არ არის ჩვენი ბრალი; ეს იმ ხელისუფლების ბრალია, რომელიც გვყავდა, გვყავს და მომავალში გვეყოლება, რადგან რეალურად, არავინ ფიქრობს რიგით ადამიანებზე, ჩვენზე, თქვენზე და არც იმაზე, რით და როგორ არსებობენ ისინი, ვისაც, წესით, საშუალო ფენა უნდა ერქვას, მაგრამ ცნება საშუალო ფენა გაქრა და საქართველოში დღეს მხოლოდ მდიდრები და ღარიბები არიან.

გაზაფხული მოდის და არაერთი ათეული თუ ასეული ჰექტარი მიწა საქართველოში დაუმუშავებელი დარჩება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ, სხვა თუ დაიწყებს მიწის დამუშავებას, მაშინვე პატრონი გამოჩნდება, _ ჩემს სავარგულს ხელს როგორ ჰკიდებ, ფული გადამიხადეო. ამიტომ ვამბობთ, რომ კანონია გასამკაცრებელი, ორი წელი თუ იქნება ხელუხლებელი სასოფლო-სამეურნეო მიწა, მესაკუთრემ ან ჯარიმა გადაიხადოს, ან გაფრთხილდეს, რომ მესამე წელს მიწას დაკარგავს. პარალელურად, საზღვარგარეთიდან შემოტანილ მოწამლულ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) პროდუქციაზე უმკაცრესი კონტროლი და საბაჟო გადასახადის გაზრდა უნდა დაწესდეს, რაც საქართველოში მოყვანილ პროდუქციას მეტ ფასს დაადებს და საკვებადაც უკეთესი იქნება. სხვანაირად, დღეს გერმანია დაგვიძახებს, ხვალ _ საფრანგეთი, იტალია ან ესპანეთი და ვივლით ასე კარდაკარ ხელგაშვერილი, ჩამოვიტანთ აქ იქ სისხლის ფასად ნაშოვნ თანხას და მერე იქ ჩვენ მიერვე აღებულ მოსავალს აქ ვიყიდით, საქართველოში, და გადახდილ ჯამაგირს ასე დავუბრუნებთ ევროპას.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here