ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ქვეყნებს (ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ინდოეთი) მოუწოდა, უარი თქვან დოლარზე დამოკიდებულებაზე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ამის ნაცვლად მან ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებაზე გადავიდნენ.
ბელარუსის ლიდერმა ეს თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) სამიტზე განაცხადა:
“ბოლო ხანს შექმნილი ვითარება წარმოაჩენს სულ უფრო მეტ მოწყვლადობას იმ ქვეყნებისა, რომლებიც მთლიანად ეყრდნობიან ყველასთვის ცნობილ ერთ ვალუტას. ამის გამო ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ კონკურენტულ ფინანსურ და ეკონომიკურ უპირატესობას, არამედ საფრთხე ექმნება ეროვნულ უსაფრთხოებას, მით უმეტეს, რომ ხშირად ამ ბერკეტს იარაღად იყენებენ”.
ბელარუსის ლიდერის თქმით, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის განვითარების ბანკისა და განვითარების ფონდის შექმნა შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს, მიიღონ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა და ამით უზრუნველყონ სუვერენული და ეკონომიკური განვითარება დასავლეთისგან დამოუკიდებლად.
რუსეთიც ცდილობს დოლარიდან გასვლას. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთის საექსპორტო ანგარიშებში დოლარის წილი 48%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე დოლარის კურსი დაეცა.
iz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ