Home რუბრიკები პოლიტიკა ლონდონის თავზე ჯიჰადის დროშა ფრიალებს

ლონდონის თავზე ჯიჰადის დროშა ფრიალებს

ლონდონი

22 მარტს, ზუსტად 4 წლის შემდეგ ბრიუსელის ცნობილი ტერაქტიდან, ლონდონის ვესტმინსტერის ხიდზე ტერორისტი ავტომობილით ათეულობით გამვლელს დაეჯახა. დაიღუპა 4 და დაშავდა 40 ადამიანი; დიდი ბრიტანეთის სახელგანთქმული სპეცსამსახურები, უსაფრთხოების დახვეწილი სისტემით, ისეთივე უძლურნი აღმოჩნდნენ, როგორც თავის დროზე მათი კოლეგები ბრიუსელიდან, პარიზიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტერორისტულ აქტს ერთი ადამიანი გეგმავს და ახორციელებს (წინასწარი ინფორმაციიდან ასე ჩანს). ექსპერტები წუხილით აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. სახელმწიფოს შეუძლია, მოიპოვოს ინფორმაცია და გაშიფროს ტერორისტული ქსელის ან იატაკქვეშა ჯგუფის მოქმედება, მაგრამ არ ძალუძს, ცალკე აღებული ექსტრემისტის “თავში ჩაიხედოს”, თუ ის საკუთარი განწყობისა და გეგმების შესახებ არავის ესაუბრება.

ტერაქტის შემდეგ ტერეზა მეის კაბინეტმა მიიღო დამატებითი არგუმენტი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისთვის და “ბრექსიტის” კურსის გამართლებისთვის. ამასთანავე, შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე მეორე რეფერენდუმის დანიშვნის საკითხის განხილვა გადადო, რამაც ლონდონს გარკვეული ტაქტიკური უპირატესობა მიანიჭა. თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ მეის კაბინეტს შესაძლებლობა მიეცა, მხარში ამოუდგეს აშშის ახალ ადმინისტრაციას, რომელიც აპირებს, გაამძაფროს ბრძოლაისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ სირიასა და ერაყში. ოპოზიციას არგუმენტები მოაკლდება, ხოლო ხელისუფლება დონალდ ტრამპის ახალ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში მხარს, სავარაუდოდ, ისევე თანმიმდევრულად დაუჭერს, როგორც ამას ტონი ბლერის მთავრობა აშშ-ის ერაყულ კამპანიასთან დაკავშირებით აკეთებდა. შეურიგებელი დამოკიდებულება ტერორიზმის მიმართ გამოიხატება ნატოს მორიგ სამიტზეც, რომელიც მაისში ბრიუსელში გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თქმით, იქ განიხილავენ ნატოს საქმიანობის აქტივიზაციას ერაყსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ არაპროპორციულად დიდი ქართული კონტინგენტი ისევ მიიღებს მონაწილეობას მისიაში ერაყში ან სირიაში. საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, არ გაუშვებს ხელიდან შანსს, დასავლელ პარტნიორებს ასიამოვნოს და ჩვენი სამხედროების გამოყენებას შესთავაზებს.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დასავლური სახელმწიფოების ზედმეტად ხისტი და ცუდად დაგეგმილი მოქმედება (ერაყი, ავღანეთი) ტერორისტულ საფრთხეს კი არ ამცირებს, არამედ, პირიქით, ზრდის. ასეთი სამხედრო კამპანიები კი არ ზღუდავს ტერორიზმის სოციალურ ბაზას, არამედ აფართოებს მას. გამოჩენილი რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრე ზინოვიევი წერდა: “ტერორიზმი არ არის უმიზეზო მოვლენა ან რაღაც ისეთი, რაც ადამიანის ბიოლოგიური ბუნების დეფექტებიდან გამომდინარეობს. ეს სოციალური მოვლენაა, რომელსაც ფესვები სოციალური ყოფის პირობებში აქვს გადგმული. დღეს კი საუბრობენ ტერორიზმზე ზოგადად და ამა თუ იმ ტერორისტული აქტების სოციალური ბუნების სრულ იგნორირებას ახდენენ. ამ გზით ცდილობენ, დაფარონ მიმდინარე მსოფლიო ომის სოციალური ბუნება და წარმოაჩენენ მას ისე, თითქოს ერთ მხარეს დგანან კეთილშობილი მებრძოლები კაცობრიობის ბედნიერებისთვის (აშშ და მათი მოკავშირეები), ხოლო მეორე მხარეს _ არაადამიანი ტერორისტები”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ მათთვის, ვინც ზინოვიევის მიერ ნახსენებმსოფლიო ომშითავსგლობალური დასავლეთისნაწილად მიიჩნევს, მოწინააღმდეგის სახე ძალზე ბუნდოვანია. მათი უმრავლესობა ვერ ამჩნევს სხვაობას ისლამურ აღორძინებასა და ისლამისტურ ექსტრემიზმს შორის, არ იცნობს აღმოსავლური ქვეყნების ისტორიასა და კულტურას და პროპაგანდის მსხვერპლი იოლად ხდება.

აღმოსავლელი ინტელექტუალების, შემდგომ კი ფართო მასების დაბრუნება ისლამური ტრადიციის კალაპოტში თავიდან ანტიკოლონიურმა ბრძოლამ და მისი იდეოლოგიური უზრუნველყოფის აუცილებლობამ განაპირობა. ამ პროცესის მეორე ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც “დიდი ახლო აღმოსავლეთის” საერო რეჟიმები კრიზისმა მოიცვა, რომელიც “არაბული გაზაფხულით” დაგვირგვინდა, ხოლო აშშ-ის ცუდად გააზრებული მოქმედება ერაყსა და ავღანეთში მუსლიმანური საზოგადოების მზარდი გაღიზიანების მიზეზი გახდა. დაახლოებით ამ დროს გამოიკვეთა პრინციპულად მნიშვნელოვანი სხვაობა ისლამური აღორძინების იდეოლოგიასა და იმ ფსევდორელიგიურ ექსტრემიზმს შორის, რომელიც ტერორიზმს ასაზრდოებს. პირველი მათგანის ფარგლებში ისლამური ტრადიციების ერთგულება საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში _ ავტომატურად აუქმებს ყველა პრობლემას. ტრადიციული ისლამის მიმდევრებისთვის არ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც პოლიტიკურ პრობლემებს აგვარებს ან სახელმწიფო მოწყობის რომელიმე მოდელს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს; ექსტრემისტები კი თვლიან, რომ მმართველობის უზენაესი ფორმა ხალიფატია და მის შექმნას პრიორიტეტულ ამოცანად მიიჩნევენ. ეს მათ მმართველობის ტოტალიტარული მოდელებისკენ და, შესაბამისად, დემოკრატიის უარყოფისკენ უბიძგებს.

ისლამისტური ექსტრემიზმი მუსლიმების ლოიალურობას მხოლოდისლამური სახელმწიფოს” (რომლის იდეალურ ფორმად გლობალური ხალიფატი მიაჩნიათ) მიმართ ცნობს და არა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ. მათი გაგებით, მისი საზღვრები ამჟამად გადის იქ, სადაც მისი კანონები სრულდება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ კონცეფციის მიმდევრები არ ცნობენ “ჩვეულებრივი სახელმწიფოების” კანონებს, ხოლო ჯიჰადს განიხილავენ, როგორც ბრძოლას “ისლამური სახელმწიფოს” საზღვრების მუდმივი გაფართოებისთვის და ყველა სტრუქტურა (მათ შორის “ჩვეულებრივი სახელმწიფოები”), რომლებიც მას ხელს უშლის, მათ მიერ აღიქმება, როგორც ლეგიტიმური სამიზნე.

ექსტრემისტები, “ზომიერებთან” შედარებით, ცოტანი არიან, მაგრამ საკმაო გავლენით სარგებლობენ იმ ქვეყნებში (ერაყი, სირია, ლიბია და ა.შ.), რომლებშიც დასავლეთის უხეში მოქმედების გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ მხრივ ერაყია. ამასთანავე, ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა ექსტრემისტების გავლენა დასავლეთში მცხოვრებ ახალგაზრდა მუსლიმებზე, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან. ამის მთავარი მიზეზი ექსტრემისტული რეცეპტების მოჩვენებითი სიმარტივე და უნივერსალურობაა.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ ყალიბდება რადიკალური იდეოლოგია ისლამის ნიადაგზე, შეიძლება ცნობილი ისტორიული მაგალითი გავიხსენოთ. 1963 წელს ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევიმ მასშტაბური რეფორმების პროგრამა, ე.წ. თეთრი რევოლუცია დაიწყო, რომლის განხორციელების შესაძლებლობა ნავთობის ექსპორტისგან მიღებულმა დიდმა შემოსავალმა მისცა. სახელმწიფომ მსხვილი მესაკუთრეებისგან გამოისყიდა 7 მილიონამდე ჰექტარი მიწა (ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნახევარზე მეტი) და 9 მილიონ გლეხს (მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს) დაურიგა. მათ მიწის საფასური 25 წლის შემდეგ უნდა დაეფარათ, თანაც საბაზრო ღირებულებაზე დაახლოებით 30%-ით ნაკლებს იხდიდნენ. ერთი შეხედვით, ეს იყო ნამდვილი საჩუქარი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ორი გარემოება _ მიწა გადაეცემოდა მხოლოდ მათ, ვინც მზად იყო, ის დაემუშავებინა; ამასთანავე, ნაკვეთების დაახლოებით 50% 2 ჰექტარს არ აღემატებოდა, ამიტომ გლეხების უმრავლესობა ამჯობინებდა, მიწა გაეყიდა და ქალაქში გადასახლებულიყო. იქ 1966 წელს ქვეყნის მოსახლეობის 31% ცხოვრობდა, 1978 წელს კი _ 50%-ზე მეტი. ესოდენ სწრაფმა ურბანიზაციამ ხელი შეუწყო დემოგრაფიულ აფეთქებას _ 1956_1976 წლებში ირანის მოსახლეობა 19 მილიონიდან 34 მილიონამდე გაიზარდა.

შეიქმნა მრეწველობის ახალი დარგები, გაიხსნა მეტალურგიული, ნავთობქიმიური, გემთმშენებელი საწარმოები. ირანმა წელიწადში 200 ათასი ავტომობილის გამოშვება დაიწყო. მრეწველობის წილი მშპ-ში 27-დან 72 პროცენტამდე გაიზარდა, ეკონომიკის მხრივ ირანი მსოფლიოს მე-14 ქვეყანა გახდა, მაგრამ რეფორმებს მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. მაგალითად, პლასტმასის ჭურჭლის მასიურმა წარმოებამ უმუშევრად უამრავი მეთუნე დატოვა, ფეხსაცმლის ქარხნების ამოქმედებამ კი _ უამრავი მეწაღე და ა.შ. ამავე დროს გადამზადების პროგრამების რეალიზება არადამაკმაყოფილებელი იყო, გუშინდელი გლეხები ინდუსტრიული ეპოქის მუშებად ვერ ყალიბდებოდნენ და ლუმპენიზაციას განიცდიდნენ. სასულიერო პირები წუხდნენ იმის გამო, რომ ირანში სწრაფად მკვიდრდებოდა ლიბერალური ღირებულებები; ამასთანავე, აგრარული რეფორმების დროს შაჰმა მათ ჩამოართვა მმართველობაში გადაცემული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო 1978 წელს დოტაცია შეუწყვიტა.

ამის შემდეგ ერთ წელიწადში ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა. მას ხშირად წარმოაჩენენ მხოლოდ, როგორც კონსერვატიული საზოგადოების რეაქციას სწრაფ მოდერნიზაციაზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შაჰმა მართლაც ვერ მოახერხა რეფორმების ადაპტირება ქვეყნის მდგომარეობის მიმართ, დაკვირვება ცხადყოფს, რომ რევოლუციის უკან კონკრეტული ადამიანებისა და ჯგუფების სოციალური ინტერესები და პრობლემები იდგა; ბევრი მათგანისთვის ისლამისტურმა ლოზუნგებმა დასკვნით ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ გამაერთიანებელი დროშის როლი შეასრულა.

ალბათ, დღესაც უნდა შევეცადოთ, ახლო აღმოსავლეთში აფრიალებული მწვანე და შავი დროშების უკან კონკრეტული სოციალური ქვეტექსტი დავინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავიგებთ, რა და რატომ ხდება რეგიონში და მანკიერ წრეს თავს ვერ დავაღწევთ _ ექსტრემისტები კვლავინდებურად მოაწყობენ ტერაქტებს, რომელთა გამო ევროპელები თავიანთი მთავრობებისგან რადიკალური ზომების გატარებას მოითხოვენ. ეს ზომები, თავის მხრივ, ისლამური საზოგადოებების რადიკალიზაციასა და ექსტრემისტების მხარდაჭერას გაზრდის და ეს პროცესი, დიდი ალბათობით, მართლაც გადაიქცევა მესამე მსოფლიო ომად, რომელშიც მილიონები ჩაერთვებიან.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here