“ერთიანი ევროპა” არც ისე მთლიანი გამოდგა. კატალონიურმა პატრუქმა “ძველი სამყაროს” პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს
იტალიის ეს ორი პროვინცია კატალონიის გზას მიჰყვება. 22 ოქტომბერს ამ პროვინციებში კენჭს უყრიან მათი რეგიონებისთვის უფრო მეტი ავტონომიურობის მინიჭების საკითხს.
იტალიის მასმედიამ სასწრაფოდ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატალონიის რეფერენდუმი და ლომბარდიისა და ვენეციის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ერთმანეთისგან განსხვავდება: “კატალონიის რეფერენდუმზე, რომელიც ესპანეთს არალეგალურად მიაჩნია, ამომრჩევლებს ეკითხებოდნენ, სურთ თუ არა ესპანეთისგან გამოყოფა. ლომბარდიისა და ვენეციის მიზნები გაცილებით მოკრძალებულია. ამომრჩევლებს შეეკითხებიან: სურთ თუ არა, რეგიონების ადმინისტრაციებმა თხოვნით მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას, მისცენ მეტი ავტონომია იმ პროცედურის ჩარჩოებში, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის გათვალისწინებული”.
ავტონომიის გაფართოების ლოზუნგებით იტალიაში გამოდის “ჩრდილოეთის ლიგა”. მისი ლიდერი მატეო სალვინი ჩრდილოეთის ავტონომიებისთვის ითხოვს გაცილებით მაღალ დონეს _ იტალიის ფედერალიზაციამდეც კი, რათა უფრო მდიდარმა ჩრდილოელებმა აღარ არჩინონ უფრო ღარიბი სამხრეთელები. “ჩრდილოეთის ლიგა” მოითხოვს ხელისუფლების მმართველი სტრუქტურების ნაწილის რომიდან იტალიაში გადატანას და, აგრეთვე, იმას, რომ ლომბარდიელებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ ჯანდაცვის, უშიშროებისა და საგადასახადო პოლიტიკა ამ რეგიონში.
სალვინი იბრძვის იმისთვის, რათა თავისი პარტია, ფრანგული “ეროვნული ფრონტის” მსგავსად (რომლის ლიდერია მარინ ლე პენი), რეგიონულიდან საერთო-იტალიურ პარტიად გარდაიქმნას.
ლომბარდიისა და ვენეციის მსგავსი განწყობილებაა სამხრეთ ტიროლშიც (იტალიის გერმანულენოვან პროვინციაში), რომელსაც ავსტრიასთან შეერთება სურს. “სამხრეთ ტიროლის პარტიის” გამოქვეყნებულ მანიფესტში ნათქვამია: “დღეს _ კატალონია, ხვალ _ სამხრეთი ტიროლი!”. ამ მოძრაობამ ალტო–ადიჯეს პროვინციის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 7,2 პროცენტი მიიღო, სხვა ავტონომიის მომხრე ძალებთან ერთად ხმების 25 პროცენტი. მოთხოვნა ერთია: ფართო ავტონომიის მინიჭება ან იტალიიდან გასვლა.
მსგავსი განწყობილებებია ბელგიაშიც (კამათი ფლამანდიელებსა და ვალონელებს შორის), პოლონეთში (სილეზიელებისა და პოლონელების დაპირისპირება), დიდ ბრიტანეთში (შოტლანდიელები, ვალიელები და ინგლისელები), ესპანეთში, სადაც, კატალონიელების გარდა, ბასკებიც არიან.
“ერთიანი ევროპა” არც ისე მთლიანი გამოდგა. კატალონიურმა პატრუქმა “ძველი სამყაროს” პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.
fondsk.ru