ევროსკეპტიკოსებსა და ნაციონალისტებს ორი ფრაქციიდან ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში 113 ადგილი ექნებათ. ეს მნიშვნელოვნად მეტია წინა პარლამენტში მათ მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობაზე. ადრე ხსენებულ ფრაქციებს _ “ევროპული ერები და თავისუფლება” და “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა”, შესაბამისად, 37 და 41 დეპუტატი ჰყავდათ (სულ 78).
სალვინის ალიანსმა, რომელიც აერთიანებს ევროსკეპტიკოსებს საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, შეიძლება მიიღოს 57 ადგილი (წინა პარლამენტში ჰქონდათ 37), ხოლო “ბრექსიტის” მომხრეებს “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის ევროპიდან” ექნებათ 56 მანდატი (ჰქონდათ 41). ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, შექმნიან თუ არა ეს ძალები ჯგუფს.
ევროპარლამენტის ამჟამინდელ არჩევნებში ბოლო წლებში სარეკორდო რაოდენობის (50%-ზე მეტი) ამომრჩეველი მონაწილეობდა.
“ევროპარლამენტის ამ არჩევნების წინ იტალიაში _ პარტია “ლიგის”, საფრანგეთში _ “ნაციონალური გაერთიანების”, ხოლო დიდ ბრიტანეთში ბრექსისტის მომხრეთა ლიდერობა ევროპაში ცვლილებებისა და “ახალი ევროპული აღორძინების” დაწყების ნიშანი იყო”, _ განაცხადა იტალიის ვიცეპრემიერმა, “ლიგის” ლიდერმა მატეო სალვინიმ.
“არა მსოლოდ “ლიგა” გახდა პირველი პარტია იტალიაში, მარინ ლე პენი პირველია საფრანგეთში, ნაიჯელ ფარაჯი _ დიდ ბრიტანეთში, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ევროპა დაიღალა ელიტების, კორპორაციებისა და გავლენიანი ძალების მონად ყოფნით. არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ ევროპული წესები იცვლება. იბადება ახალი ევროპა და მე ვამაყობ, რომ “ლიგა” მონაწილეა ამ ახალი ევროპული აღორძინებისა, რომლის საფუძველიც არის სამუშაო, თავისუფლება, ხალხები და უფლებები”, _ განაცხადა “ლიგის” ლიდერმა.
ლიბერალები კი პანიკაში არიან. ბრიტანეთის ისტებლიშმენტის მთავარმა მედიარუპორმა, გაზეთმა The Times-მა მკითხველებს აუწყა, რომ “დაიწყო ევროკავშირის განადგურების ორგანიზებული მცდელობები”, თანაც ეს გააკეთა რესპექტაბელურ წყაროზე მითითებით, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის პირამიდის წვერშია მოკალათებული. ეს წყაროა გი ვერჰოფსტადტი _ ბელგიის ყოფილი პრემიერი, ამჟამად გავლენიანი წევრი პანევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის”, ამ ალიანსის ხელმძღვანელი ევროპის პარლამენტში, აგრეთვე, მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე. სწორედ მას მიაჩნია, რომ “ევროპული პროექტის განადგურების ორგანიზებული მცდელობის უკან” დგას რუსეთი და ეს პოზიცია აძლევს შესაძლებლობას ბრიტანეთის მთავარ მედიასაშუალებას, გამოვიდეს სათაურით: “პუტინი, ჯონსონი და ფარაჯი გვანადგურებენ ჩვენ”, _ გვაფრთხილებს ევროკავშირის მეთაური”.
The Times-ის ამ პანიკური მასალის არსი დადის ერთ მკაცრ თეზისზე, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტები უაპელაციოდ წევენ წინა პლანზე: “მისტერ ვერჰოფსტადტმა განაცხადა, რომ, თუ ევროპელი ლიდერები ვერ შეძლებენ პოპულიზმის ტრენდის შეჩერებას, ეროკავშირი დაინგრევა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ნაციონალისტური გადატრიალების შედეგად 2024 წლის არჩევნებში”.
თვალში საცემია ის, რომ ევროპელი პოლიტიკოსი და “დემოკრატიის მედროშე” არჩევნებში ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვას “პუტინის მიერ ინსპირირებულ ნაციონალურ გადატრიალებას” ეძახის. ეს ფრიად ირონიულად გამოიყურება მაშინ, როცა ფრაქციას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ეწოდება “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის”. ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტის აზრით, ლიბერალიზმი და დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ ძალაუფლება სწორედ ლიბერალებს უნდა ეპყრათ ხელთ, ხოლო, თუ ამომრჩეველი მათ მიერ ყველაფრის ჩაფლავების გამო სხვაგვარად ფიქრობს, ამაში დამნაშავე ყოფილა პირადად პუტინი.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა