საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის საკითხზე მომზადებულ რეზოლუციაზე რუსეთის მიერ ვეტო-ს დადებას მხარი დაუჭირა,-ამის შესახებ პოლიტიკოსმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მომზადებულ რეზოლუცია ისეა შედგენილი, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას დაეკისროს. პოლიტიკოსის აზრით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი მიდგომა არასწორია.
ლე პენს მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ გამოიყენა რუსეთმა ვეტო-ს უფლება და ის რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ყოფილიყო, რუსეთის მსგავსად იმოქმედებდა. “საერთაშორისო გამოძიება საჭიროა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში შეხვედრა რომ მქონოდა, გამოძიების ჩატარებას მხარს დავუჭერდი”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოძიების დასრულებამდე მომხდარზე პასუხისმგებლობას არავის დააკისრებს.
12 აპრილს, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სირიაში ქიმიური თავდასხმის შესახებ მომზადებული რეზოლუცია დაბლოკა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 8 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის დაცვას განაგრძობს იმის მიუხედავად, რომ მან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ამა წლის 4 აპრილს გავრცელდა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც ცნობით, ინციდენტის შედეგად მინიმუმ 72 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი და 17 ქალი დაიღუპა.